ზოგჯერ სხეული, უბრალოდ
სხეულია, რომელიც შეგიძლია
მოხატო კიდეც
ავტორი: მარიამ ჩალიგავა
შინაარსობრივი რედაქტორი: ლიკა გულბანი
სერია: სხეული, განცდა და გამოცდილება
სახატავი სივრცის მოწესრიგება ხანგრძლივი პროცესია, საშუალოდ, 15-20 წუთი მაინც არის ხოლმე საჭირო. ეს დრო საკმარისია იმაზე დასაფიქრებლად, თუ რას ვხატავ და როგორ. საკმარისია, ტატუსთვის მოსულ სტუმართან პატარა, ტექნიკური დიალოგის წამოსაწყებად - რატომ იხატავს, ხომ არ ნერვიულობს, რომ შეუძლია გადაიფიქროს და ასე, დაუსრულებლად - უამრავი წვრილმანი დეტალის გამოსარკვევად. შემდეგ შევაკოწიწებ ხოლმე დაგროვილ ინფორმაციას და წინასწარი წარმოდგენით, თითქოს უკვე ვიცნობდე ადამიანს, ვიწყებ ხატვას. ბოლოს კანს კარგად ჩამოვწმენდ ზედმეტი საღებავისგან, თვითონაც დააკვირდება, ერთმანეთში რამდენიმე სასიამოვნო ეპითეტს გავცვლით და დავიშლებით.
დიდი ხნის განმავლობაში, ეს რიტუალი ემოციურად მფიტავდა და ტვინს ბურუსში ახვევდა, თითქოს, უცხო ადამიანებთან ინტერაქციებისა და მათ შესახებ გამოკვლეული ამბების დახარისხებას ითხოვდა. ორი წლის წინ, ჯერ კიდევ ტატუს ხატვას, რომ ვსწავლობდი, არავის გავუფრთხილებივარ იმ რამდენიმე გვერდითი მოვლენის შესახებ, რომელიც, თურმე, ამ საქმიანობას თან ახლავს. ხატვის დაწყებიდან რამდენიმე თვე ამ საქმის მხოლოდ ტექნიკური და კრეატიული მხარე მთრგუნავდა, მერე ხელიც გამეწაფა და სულ სხვა ჟანრის შფოთვებმა იჩინა თავი…
პირველი ყოვლისმომცველი შფოთვა მოულოდნელად დამატყდა თავს, როდესაც “დუდა” დამადგა და შრამების მოხატვა მთხოვა. მცირე დიალოგის შემდეგ გაირკვა, რომ თვითდაზიანებისგან დარჩენილი ეს ნაწიბურები უკვე 3 წელიწადს ითვლიდა და ფეხის ზედა ნაწილს მთლიანად ფარავდა. ნახატი ზედ კანზევე უნდა მომეხაზა კალმით, ჩემი გემოვნებითა და უმეტესად იმპროვიზაციით. ამ დამთრგუნველ მოცემულობას შრამების რელიეფურობაც დაემატა და საბოლოოდ, თითქმის უსიტყვო და ორმხრივად დაძაბული, რამდენიმე საათიანი სეანსი გამოგვივიდა. თურმე თვითონაც ძალიან შეშინებული ყოფილა და საკუთარი გადაწყვეტილების მიმართ გაჩენილ ეჭვებს ებრძოდა. მე კი, ხსენებული დღიდან მოყოლებული დავიწყე გადააზრება, რომ ტატუ მხოლოდ ნახატი არ არის და ბევრად დიდი პასუხისმგებლობა ავიკიდე, ვიდრე მეგონა.
პირველ ყოვლისა, უნდა შევგუებოდი, რომ უცხო ადამიანსა და ჩემ შორის არსებული უხილავი საზღვრები ირღვევა (ორმხრივი თანხმობით), მათი ამბების და ტრავმების მოსასმენად მზად ვარ, მათ ემოციურ გაშიშვლებასაც უნდა მოველოდე, თუ ეშინიათ ან ტკივათ უნდა ვანუგეშო და დავეხმარო, რისი ემოციური რესურსიც, შეიძლება, არც კი მქონდეს. ამისდა მიუხედავად, აღმომაჩნდა საკმარისი ცნობისმოყვარეობა და ინტერესი ადამიანების მიმართ, რის გამოც ხატვის პროცესი მოუბეზრებელი გახდა.
როგორც ანთროპოლოგები იკვლევდნენ სხვადასხვა კულტურაში მოქცეულ მცირე საზოგადოებებს, აკვირდებოდნენ მათ ქცევას და ა.შ, ასეთივე, ახალ, დასაკვირვებელ მასალას წარმოადგენს ადამიანების ურთიერთობა ტატუსთან. ტატუებიანი/მოხატული სხეული საინფორმაციო დაფას წააგავს, რომელიც ამჟღავნებს ადამიანის წარსულ ამბებს ისევე, როგორც პოლიტიკური გრაფიტები გამყოფ კედლებზე (მასშტაბური და ამაღელვებელი პროტესტის შედეგად წარწერებითა და ნახატებით, რომ გადაივსება ხოლმე შენობების კედლები, თითქოს ადამიანებიც ასევე ექცევიან საკუთარ სხეულს, გარდამტეხი გამოცდილების მიღების შემდეგ). ერთხელ, ძალადობის მსხვერპლი ქალი მოვიდა ჩემთან ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, იმპულსურად მიუღია გადაწყვეტილება, რომ ძველი ტატუ გადაეხატა. Ნახატის გადაფარვა ახალი ნახატით, მისთვის თითქოს სხეულის დაბრუნების აქტი იყო, რადგან თვითონ რიტუალი მასზე კონტროლისა და ძალაუფლების კვლავმოპოვებას ჰგავს. ამ, ერთი შეხედვით მიკროსკოპულ პროტესტსაც აქვს თავისი სილამაზე და ისტორია.
არსებული კულტურული ნორმების სისტემა, სხეულისა თუ სილამაზის სტანდარტები და წნეხები, რომელსაც ის შობს, იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ტატუს დასახატად მოსული ადამიანი უნებლიეთ ემოციურად შიშვლდება. უმეტესად, მსგავსი სესიების მთავარი პერსონაჟები ქალები არიან. პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ხსენებული სისტემა ზუსტად ქალის ჩაგვრისკენაა მიმართული და ამასთან, მას საკუთარი სენსიტიურობის გამოაშკარავების ნაკლებად ეშინია - გაუცნობიერებლად ამჟღავნებს ზუსტად იმ ხელოვნურად შექმნილ ნორმებს, რომელიც ქალებს სულს გვიხუთავს და ნორმალურად ფუნქციონირების სივრცეს არ გვიტოვებს. ჩემი გამოცდილებით, ყველაზე ხშირი შემთხვევაა წონაზე ხაზგასმა ან კანის “დეფექტების” გადაფარვა. სხეულის ნაწილებთან მიმართებით არსებული შერეული განცდები და შიშები, ხშირად ვლინდება ნახატის ადგილმდებარეობის შერჩევისას. ზოგ შემთხვევაში, ქალისთვის საჭიროა, რომ დაიფაროს “ნაკლოვანება”, როგორც უცხო თვალისთვის ისე, საკუთარი თავისთვის. ზოგჯერ კი პირიქით, გამოკვეთოს სხეულის კონკრეტული მონაკვეთი და ჩარჩოში ჩასვას ის, როგორც საკუთარ დაუცველობაზე გამარჯვების სიმბოლო.
ყველანაირი კანი მომისინჯავს სახატავ ტილოდ - სენსიტიური, გლუვი, რელიეფური, ნაზი, უხეში, თმიანი, ნაოჭებიანი, ასაკოვანი, დაზიანებული, კვლავ თმიანი და ასე უსასრულოდ. შესაბამისად, მომისმენია ადამიანების წუხილი, განცდების აღრევა და პროტესტი საკუთარი სხეულების მიმართ, რომელიც კანთან ერთად, სხეულის ფორმასა და წონასაც მიემართებოდა. ამ გამოცდილებებმა, დროთა განმავლობაში, ჩემშივე მოარყია ზუსტად იმავე პრობლემების საფუძველი. თუ სხვა ადამიანების მიმართ მქონდა ის გამოუთქმელი შენიშვნა, რომ უსამართლოდ ექცეოდნენ თავიანთ სხეულებს, ნელ-ნელა თავადვე დავიწყე გადააზრება, უჯრედ-უჯრედ რომ არ უნდა ვაკვირდებოდე საკუთარ თავს. საბოლოოდ, ტატუების ხატვის ყველაზე სასარგებლო სიმპტომმა მე და ორგანიზმი ერთმანეთთან დაგვაზავა, შეიძლება ეს ზავი დროებითია, თუმცა ჩემი აღქმა ე.წ. ჭურჭლის და მისი მნიშვნელობის მიმართ საიმედოდ შეცვლილია. Ზოგჯერ სხეული, უბრალოდ სხეულია, რომელიც შეგიძლია მოხატო კიდეც.