სხეულს ახსოვს განგაში
ავტორი: მ.
შინაარსობრივი რედაქტორი: ლიკა გულბანი
სერია: სხეული, განცდა და გამოცდილება
ერთხელ თუ გაითავისე, ვერსად გაექცევი. ბალანსის შენარჩუნების უნარი, მიხრა-მოხრა, მოხვევა, პედალის ტრიალი, კიდურების, ძვლების და კუნთების ტანდემი რომელიც სიჩქარეს გაკრეფინებს.
…
ერთხელ თუ დაისწავლე, არასოდეს დაგავიწყდება.
არსებობს რაღაც გამორჩეული, მეხსიერებაში ფუნდამენტურად გამჯდარი ქმედებების ნუსხა - იქნება ეს ველოსიპედის ტარება თუ ნებისმიერი სხვა. ყველაზე მეტად ის მაკვირვებს, რომ ამ სიაში გაერთიანებული ცოდნის ბუნებაზე, მის საიმედო მუდმივობაზე, ერთიანად ვთანხმდებით. სხვა შემთხვევებში, ძნელია გაითავისო, რომ სხეულებრივი მახსოვრობა ცნობიერ მახსოვრობაზეა გადაჯაჭვული, და პირიქით. თითქოს ყოველდღიური არსებობისას, ეს ორი გამოცდილებითი განზომილება სრულიად განცალკევებულად და განყენებულად განიხილება და შეიგრძნობა. თითქოს, ის რაც შეგემთხვა ან გამოსცადე მხოლოდ ფსიქოლოგიურ დაღს ტოვებს შენზე. თითქოს, ჩვენში ყველა ემოციური გამოცდილების შედეგად დატოვებული იმპულსები არ ბუდობდეს - ველოსიპედის ტარების არ იყოს. თითქოს, ეს ყველაფერი ერთი წრის (არა, სპირალის) ნაწილი არ იყოს.
…….
ზოგი კვალი შეუმჩნევლად სახლდება შენში. სადღაც, ჩაბნელებულ კუთხეში. თავიდან ვერც ხვდები, რომ კონკრეტულმა მოვლენამ ნაწიბური დატოვა. შეიძლება ცნობიერად და ემოციურად ხვდებოდე კიდეც, იმუშაო ამაზე, ცხრა მთა გადაიარო, გადააგორო. მაინც ერთ გაელვებაში მოგიწევს გაიაზრო, რომ ქარმა ზუსტად ისე დაუბერა როგორც იმ დღეს, ზუსტად ის სუნი მოიტანა, რომელიც მაშინ და ახლა შენს სხეულს ჰგონია რომ კვლავ იქ არის, რომ კვლავ ისე უნდა მოიქცეს როგორც ადრე მოიქცა ან როგორც ჰგონია, რომ უნდა მოქცეულიყო.
….
აქ განვრცობითად არც დასავლურ ფილოსოფიაში დამკვიდრებულ გონების აღმატებულობის კულტზე ვაპირებ საუბარს და არც სპირიტუალიზმით შეფერილი (ფსევდო) მეცნიერული ფაქტების ჩამოთვლას. უბრალოდ, ეს ბოლო დროა მიწევს ცნობიერად მოვიხელთო ის ფაქტი, რომ ყოველ წვიმიან დილას, სხეულს მაინც ერთად გაღვიძება ახსენდება. მერე მიწევს ამ დანაკლისის, ნაპრალიანობის შეგრძნებით შევუდგე დღეს და საკუთარი უჯრედები ახლიდან დავშალო და ავაწყო.
სხეულს სამწუხაროდ ახსოვს ის სიმშვიდე და დაცულობა შენთან რომ გრძნობდა. ტვინის და გულის უკვე კარგა ხნის გაცნობიერებული სიშორე წყალში იყრება. ვხვდები, რომ როგორც კი რაღაც ამაღელვებელი ხდება, მაინც შენ ხარ ის, ვინც პირველი მახსენდება - ვინც მინდა, რომ დამიჭიროს.
…
სხეულს ახსოვს განგაში. პირველი, სხეული ერთვება კანიდან ამოძვრომის, გაქცევის, ყვირილის, გულისრევის გაუსაძლის კარუსელში - ყოველთვის მგონია, რომ როგორც იქნა, აი ახლა, აი ამჯერად, უკანა ფონზე გადავიდა, მაგრამ ყოველ ჯერზე ახლიდან იმღვრევა დალექილი ტკივილი, ახლიდან ეჭირება ღილაკს. საშველი მხოლოდ დავიწყებაშია. დავიწყება, კი - თითქოს დროებითი ფუფუნებაა, მაშინ როდესაც ყოველი დღე ახალი შეჯახების დაპირებაა.
…
მიწევს მჯეროდეს სხეულის და გონების ინტერაქციული ჯაჭვის - მიწევს, ყველა წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მჯეროდეს, რომ ზოგჯერ, სხეულში ჩაშენებული ინტუიცია უფრო ადრე ეწევა მოვლენებს და თუ ეგრევე არა, რაღაც მომენტში უდავოდ გასცემს ყველაფერს საკუთარ პასუხს.
პასუხი ნებისმიერ კონკრეტულ მოცემულობაზე წარსულ გამოცდილებებს უკავშირდება - წარსულს მიბარებულ, სულაც მხოლოდ ერთი ელფერით მიმსგავსებულ მომენტებს.
დგომა, ნაბიჯები - ნებისმიერი ქმედება სხეულის არქივს ემატება. არქივის ყველა ქვე- თავს კი თავისი ემოციური მახსოვრობა მოჰყვება.
მიწევს მჯეროდეს, რომ ნებისმიერ ტალღასთან გამკლავება ახლებურადაა შესაძლებელი. მთავარია იმ დასწავლილ ცოდნასა და გათავისებულ რეაქციებს გაუსწორო თვალი, რომლებიც წლების განმავლობაში ფესვებს იდგამდა შენში. თვალის გადავლება, მათთან მიბრუნება ხდება მნიშვნელოვანი, რომ საკუთარი გამოცდილებების არქივი მოიხელთო, რომ კატეგორიებად დაანაწილო და ალბათ, უმთავრესად, მისი შესწავლით დაინტერესდე.
…..
სხეულის კლასიკური იდეალი ქორფა და უნაიარევოა, ფიზიკურ სამყაროში არსებობის ნაკვალევებისგან სრულიად დაცლილი. კანის უსასრულო, უნაკლო ექსპანსია. გლუვი, მუდმივად განახლებადი მოლეკულები - ერთიანი ტონალობის და ფერის. მხოლოდ დროებითი შეწითლებაა დაშვებული, ეგეც იმისთვის, რომ ცხადყოს როგორ გიჩქეფს სისხლი, რამდენი სიცოცხლეა შენში.
ჩემი სხეული ერთი ნაიარევიდან მეორემდე დისტანციით შეგიძლია გაზომო. წლების წინ ფეხსაცმლით გახეხილი კოჭები, წარსული დაცემებით მოხეხილი მუხლები, ერთ მუხლთან კატის ნაკაწრი, მეორესთან კი გაპარსვის დროს მიღებული ჭრილობის ნაწიბური, ბარძაყები, ჭიპი, მკერდი, არასწორად შეხორცებული ძვლები…აღარ გავაგრძელებ.
ზოგი თვითდაზიანების შედეგია, ზოგი - თავდასხმის, სხვასთან, გარე სამყაროსთან ინტერაქციის. აქედან ზოგის გამოჩენა არაფერს მაგრძნობინებს, ყოველდღიურობის ნაწილია. ზოგი კი - ჩემი ცხოვრებისეული ნარატივის განვითარების მთავარ საფეხურად მევლინება.
რაღაცის შეხორცების ლოდინით ცხოვრების თავებად დანაწევრება შესისხლხორცებული ჩვევაა. სასაცილოა, რომ ეს უბრალოდ ჩვევაა. რაღაც, რაც სხეულმა მექანიკური ქმედებების და რეაქციების ჯაჭვში ჩასვა, კონკრეტული გარე სტიმულაციის საპასუხოდ. უბრალოდ მახსოვრობაა რომელიც გამოიმუშავა, რომელიც ოდესღაც სხვა ტკივილთან გამკლავების გზა იყო და რომელიც ახლა განაგებს ჩემი ქმედებების ტრაექტორიას. თითქოს საკუთარ თავს კი არა, ყველა ჩემს წარსულ, ახლანდელობაში (მიფარული გზებით) აღმოცენებულ ჩვევას ვეკუთვნი. აქაც მხოლოდ იმის იმედად თუ ვიქნები, რომ სხვა გათავისებული ჩვევებისგან განსხვავებით, ეს მაინც წარმავალი იქნება.
…….
ერთი რამ, რასაც ვერ გავექცევით - მეხსიერება დრეკადია. ალბათ შვებაც არის, რომ შეიძლება თვეების, წლების განმავლობაში გიწევდეს ჩასაფრება, დაყურადება, ყველა პირველად რეაქციაზე და ინტუიციურ ბიძგზე დაკვირვება, მაგრამ ერთ დღესაც მაინც მეხივით გეცემა ის გააზრება, რომ სუნთქავ, ცხოვრობ, აქ ხარ და უკვე რა ხანია არ გაგხსენებია. თუმცა, არც ის გახსოვს დავიწყება ზუსტად როდის ან როგორ შეძელი. მიხვდები, რომ გინდაც ის ინტუიციური რეაქცია კვლავ ცხოვრობდეს სადღაც შენში, მას ყველაფრის ნისლში მოცვის უნარი დაკარგული აქვს. დამჩატებულია.
(რაც არანაირად გულისხმობს პირადი არქივიდან მის სრულიად ამოშლას, უმიზეზო პატიებას, და არც იმას გულისხმობს რომ გამომწვევი მოვლენები საჭირო, დამსახურებული ან ნორმალური იყო.)
ვერ გავექცევით იმას, რომ როგორც დამახსოვრება, დავიწყებაც ფუნდამენტურად ჩაშენებულია ჩვენში. საპირწონე, ბუნებრივი, თანდაყოლილი თვისება, რომელიც ადრე თუ გვიან გამოავლენს თავს.
ვერ იწინასწარმეტყველებ - ჯერ მუდმივად განახლებადი ნეირონები იმუშავებენ თუ ცნობიერი ცვლილებები გამოიღებს შედეგს, ჯაჭვს ჯერ ემოციური მახსოვრობა ჩაეხსნება თუ ქმედებითი. ადრე თუ გვიან, სექციები გადალადგება, ზოგი მოგონება წინა თაროზე გადმოინაცვლებს, ზოგი კვლავ და კვლავ კატეგორიის გარეშე დარჩება, ერთმანეთს ფენებად დაედება, ზოგი კი - ხედვის მიღმა გადაინაცვლებს.