ახალგაზრდა მწვანეები



პუბლიკაციები

ბლოგები

︎︎︎Ზოგჯერ სხეული, უბრალოდ სხეულია, რომელიც შეგიძლია მოხატო კიდეც
︎︎︎პოლიტიკური ნების იარაღად გარდაქმნილი სხეული
︎︎︎სხეულს ახსოვს განგაში
︎︎︎მტეხს, მაგრამ აჩრდილი აღარ არის!
︎︎︎ტკივილსა და თანაგრძნობაზე: ემოციები, როგორც პოლიტიკური
გამაერთიანებელი
︎︎︎ფემინისტური თეატრი, როგორც პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი ︎︎︎ფემინურობა ციფრულ ველში: რეალობით ნაწარმოები თამაში, თუ თამაშით ნაწარმოები რეალობა?
︎︎︎Homo-Economicus: ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ

სრული სია︎


ორგანიზაციის
შესახებ —
  1. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
  2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

Mark

ტკივილსა და თანაგრძნობაზე:
ემოციები, როგორც პოლიტიკური
გამაერთიანებელი




ავტორი: ქეთევან ლაფაჩი
შინაარსობრივი რედაქტორი: ლიკა გულბანი
სერია: სხეული, განცდა და გამოცდილება


რას ეფუძნება ჩვენი ერთობა თუ არა იდეებს, რომლებიც უკეთეს სამყაროს წარმოგვადგენინებენ და სხეულებრივ გამოცდილებებს, რომლებიც არსებული სამყაროს ნაკლოვანებებს განგვაცდევინებენ და ჩვენში დაბადებენ ტკივილს, ბრაზს და თანაგრძნობას.  ამ ორ გრძნობას: ტკივილსა და თანაგრძნობას შეიძლება განსხვავებული კონოტაციები ჰქონდეთ. პირველი უარყოფით ჭრილში განიხილებოდეს, მეორე კი დადებითში. თუმცა, ისინი ურთიერთგადაჯაჭვულნი არიან და ხშირად პირველი მეორეს წარმოშობს, რაც შემდგომში  შეიძლება ხალხის მობილიზების და საერთო წინააღმდეგობის საფუძვლადაც იქცეს. მიუხედავად ამისა, საპროტესტო მოძრაობებში  ემოეციების როლის კვლევა  დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფილი იყო (Goodwin et al. 2001: 1-2),  რაც რამდენიმე მიზეზით აიხსნება. პირველ რიგში, ემოციები ირაციონალურობასა და სისუსტესთან ასოცირდებოდა, რადგან კარტეზიანულ სხეული-გონების დიქოტომიაში გონება ყოველთვის სხეულზე მაღლა იდგა (Lutz, 1986:290).  გარდა ამისა, ემოციურობა აღიქმებოდა, როგორც  სუბიექტურობის საფუძველი, რადგან სწორედ ემოციები აყალიბებენ ადამიანის წარმოდგენას მოვლენაზე, ემოციების ნიადაგზე მოქმედება კი პირადი ინტერესების საფუძველზე მოქმედებად ითვლებოდა (Lutz, 1986, 298). მაშინ როცა, პროტესტი განიხილებოდა, როგორც ობიექტურ მოცემულობებზე დამყარებული, რაციონალური მოქმედება და თავისი თავიდან ემოციურობას, შესაბამისად, სუბიქტურობას გამორიცხავდა.

თუმცა, რაციონალური პოლიტიკის წარმოება დიდწილად მათი პრეროგატივაა ვის ხელშიც  ძალაუფლებაა.  რუსოს მიხედვით, ისეთი იდეების მხარდაჭერა როგორიცაა: თანასწორობა, თავისუფლება, ძმობა სწორედ საერთო გასაჭირისა თუ ტკვილის განცდას ემყარება (Rousseau 1974[1762} როგორც ეს მითითებულია Ure, Frost, 2014: 2). მეტაფორულად, საზოგადოება უსამართლობისგან იტანჯება, როგორც ერთი სხეული. ტკივილი, რომელიც თავიდან მხოლოდ ადამიანის შიგნით არსებობს საერთო ხდება და ჩაგრულთა მიერ სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. უსამართლობასთან საბრძოლველად  ტკივილის განცდამ შიდა სივრციდან საჯარო სივრცეში უნდა გადაინაცვლოს, რათა გამოხატვა ჰპოვოს.  საჯაროდ განცხადებული და გაზიარებული ტკივილის დასაძლევად, მისგან გასათავისუფლებად   საზოგადოებას უკვე ერთობლივად შეუძლია ბრძოლა (Jallad, 2016: 161-163).

სწორედ ერთი ადამიანის ტკივილის გაზიარება დაედო საფუძვლად არაბულ გაზაფხულს, რომელიც 2010-იანების დასაწყისში ახლო აღმოსავლეთს მოედო. ტარეკ მოჰამმედ ბუაზიზი ახალგაზრდა ქუჩის მოვაჭრე იყო ტუნისში, რომელსაც მუშაობის დაწყება ადრეულ ასაკში მოუწია. ამ დროის განმავალობაში ის არაერთხელ გამხდარა პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. პოლიცია მას ზოგჯერ ფიზიკურად უსწორდებოდა,  ზოგჯერ კი ქრთამს სთხოვდა, რაც ბუაზიზისთვის, უფრო და უფრო ძნელს ხდიდა შეენახა ოჯახი, რომლის ერთადერთი მარჩენალიც თვითონ იყო, და გაეძლო იმ ეკონომიკურ-სოციალური ოპრესიისთვის, რომლითაც  მისი ყოველდღიურობა იყო სავსე. ყოველივე ამან მანიფესტაცია 2010 წლის 17 დეკემებერს ჰპოვა, როდესაც მან საჯაროდ თავი დაიწვა (Jallad, 2016: 152-153).

ტკივილის თანაგანცდა საფუძველი ხდება თანაგრძნობის, რომელიც შეიძლება გაგებული იყოს როგორც სხვისი ტკივილის, ტანჯვის გათავისების უნარი. ის ემპათიისაგან იმით განსხვავდება, რომ როდესაც ვუთანაგრძნობთ, არა მხოლოდ ვწუხვართ სხვისი  გასაჭირის გამო, არამედ ასევე ვუშვებთ, რომ ჩვენმა სოლიდარულობამ ჩვენც იგივე სიტუაციაში შეიძლება ჩაგვაყენოს. თანგრძნობა უბიძგებს ადამიანებს იმოქმედონ სანამ რაციონალურ არჩევანს გააკეთებენ (Ure, 2014: 4). თანაგრძნობა მოტივაციას აძლევს ხალხს, რომ იზრუნონ და პასუხისმგებელნი გახდნენ  დაუმსახურებელი ჩაგვრისგან მათთვის უცხო პირთა გათავისუფლებაზე, რასაც  ახალი სახის საზოგადოებრივი გაერთიანების ჩამოყალიბება შეიძლება დაეფუძნოს (Frost, 2014: 52).

ამიტომ ტკივილი, რომელსაც ჩვენი სხეულები ყოველდღიურობაში განიცდიან ყოველთვის შეიძლება გახდეს რაღაც უფრო დიდის საფუძველი. ტკივილის თანაგანცდას ყოველთვის შეუძლია გაგვაერთიანოს და მისგან გათავისუფლების ახალი გზები გვაპოვნინოს. აქედან გამომდინარე, ემოციები შეიძლება იქცეს ახალი პოლიტიკის წარმოების იარაღად, ხალხის მობილიზებისა და გაერთიანების საშუალებად პროტესტის დროს.  თუმცა, განცდებიდან ამოზრდილი პოლიტიკა და წინააღმდეგობა ყოველთვის თან ატარებს განსჯის, კრიტიკის ობიექტად ქცევის საფრთხეს, რამდენადაც მისი ფუნდამენტი რაციონალურობის საზღვრებში არ ეწერება.



გამოყენებული ლიტერატურა

Frost, Lola. “Compassion as risk”, In The Politics of Compassion. ed. Michael Ure, Mervyn Frost (New York: Routledge, 2014), 51-63.

Goodwin, Jeff, James M. Jasper, Francesca Polletta “Introduction: Why Emotions Matter”, In Passionate Politics: Emotions and social movements. ed. Jeff Goodwin, James M. Jasper, Francesca Polletta (Chicago: The University of Chicago Press, 2001), 1-17.

Jallad, Zeina. “The Power of the Body: Analyzing the Logic of Law and Social Change in the Arab Spring”, Columbia Journal of Race and Law, 6, no 2(2016):139-168.

Lutz, Catherine. “Emotion, Thought, and Estrangement: Emotion as a Cultural Category”. Cultural Anthropology, 1, no 3(1986): 287-309.

Ure, Michael, Mervyn Frost. “Introduction”. In The Politics of Compassion. ed. Michael Ure, Mervyn Frost (New York: Routledge, 2014), 1-19.


Mark