რაზე ვლაპარაკობთ,
როცა ვლაპარაკობთ
დეპრესიაზე
ფსიქიკური ჯანმრთელობა გამოცდილება / 2022
ავტორი: ხათუნა ჯაკონია
ფოტო: ეროვნული არქივი - ოთახი სასტუმრო "ფრანციაში" (ბათუმში)
Მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, დეპრესია პიროვნების სიზარმაცესთან, უხასიათობასთან ასოცირდება და იგივდება.შესაბამისად, დეპრესიის მქონე ადამიანები ხშირ შემთხვევაში მოკლებულნი არიან სათანადო ყურადღებასა და მხარდაჭერას.
ვინ შეიძლება მიმართოს ექიმს უბრალოდ იმის გამო, რომ მუდმივი “სიზარმაცის” განცდა აქვს, დაკარგული აქვს ყველანაირი ინტერესი და არაფერი აღარ აღძრავს მასში სიხარულის განცდას? ან კი ვინ ეტყვის მას, რომ შეუძლია მიმართოს სპეციალისტს და მისგან საჭირო დახმარება მიიღოს?
***
- “საიდან გაჩნდი ასეთი ზარმაცი?”
- “ახალგაზრდა ქალს ასე რამ წაგართვა ნება და ყველაფერი გეზარება?.”
- “როგორი უხასიათო ხარ?”
- “სულ დაღვრემილი სახით ჩემი მტერი იყოს, გაიღიმე ცოტა.”
- “ასეთი უმიზნო და უინტერესო საიდან მოხვედი?.”
- “სულ ცუდ ხასიათზე ყოფნა გაგიგია?.”
- “ასეთი ბინძური და მოუვლელი შეიძლება ქალი იყოს?.”
- “ასეთი დაულაგებელი სახლი შეშვენის ქალს?.”
საკუთარ მდგომარეობაზე მსგავსი შეძახილების და კომენტარების მოსმენის შემდეგ შენც იჯერებ და გწამს, რომ უბრალოდ ზარმაცი ხარ, ბინძური, უხასიათო, მუდამ უმიზეზოდ სევდიანი და ყველაფერი ამის გამო კიდევ და კიდევ უფრო ღრმად ეფლობი ჭაობში, რომლიდანაც ხსნა არ მოჩანს.
***
რა არის ეს? რაღაც თავში მირტყამს. აჰჰჰჰ… გასკდა თავი.ტელეფონია. ვინაა ამ დილა უთენია?.
- ჰო
- დღე მშვიდობისა, დედა. გეძინა? არ გამაგიჟო, 2 საათია. წუხელ გვიანობამდე არ გეძინა ისევ? ტანსაცმლით გძინავს?
- არა დედა. ადრე ვიყავი საქმეზე გასული და მერე წამოვწექი და ჩამძინებია. რა გინდოდა თქვი მალე,ზარს ველოდები.
(ოსტატურად ვიტყუები, უკვე ისე, რომ თავადაც მჯერა. სხვა რა გზა მაქვს. აბა რომ ვუთხრა, არ მინდა არც მზე,არც მთვარე და საერთოდ არაფერი არ მაინტერესებს-მეთქი,. იმხელა ლექციას მოაყოლებს, სად მაქვს მაგისი ნერვები. ასე ჯობია. ტყუილი იდეალური გამოსავალია.)
- ძალიან კარგი მარტის ამინდი გამოვიდა დე. ნახე, რა მზეა, ქარიც ჩადგა და ვიფიქრე, ხომ არ გაგვესეირნა ცოტა, სადმე კაფეშიც დავჯდებოდით.
- არა,არ მცალია დღეს. ზარს ველოდები და მერე ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წავიდე, როდის, არ ვიცი.ზუსტი დრო არ დაგვინიშნავს.
- კარგი დე. თუ ადრე განთავისუფლდი, დამირეკე. ხომ იცი საღამოს არ მიყვარს სიარული
- კაი, კაი.კარგად აბა.
მერამდენედ მაღვიძებს და მერამდენედ ვატყუებ და მაინც რომ არ მანებებს თავს. ნეტავ ყველა დედა ასეთია? დავიძინებ კიდევ ცოტა ხანი, თუ შევძელი თავში ფიქრების გაჩერება და თან ჩემი მეზობლის ბავშვიც თუ ოდესმე გაჩერდება. ეს ჩიტებიც მოფრენილან, ისე ჭიკჭიკებენ, დაკეტილ ფანჯარაშიც კი აღწევს მათი ხმა. გაზაფხული მოსულა. ალბათ, კარგია ახლა გარეთ. ორი კვირის წინ ვიყავი ბოლოს, ნაგვის ჩატანა კი დამავიწყდა, მაგრამ საჭმელი ვიყიდე ცოტა, ბევრი სიარულის და არც ბევრის ზიდვის თავი არ მქონდა. მაშინ ციოდა, აბა ეს როლინგი ტყუილად ხომ არ მაცვია?! სახლში ჯერ კიდევ ცივა. მორჩა. ძილიც გამიქრა, აწი სანამ ბოლომდე არ გადაიღლება ტვინი, არ ჩამეძინება. ტელეფონს ვიღებ. 50 პროცენტზეა.
რა გეგმები მაქვს დღეს? იგივე, რაც ყველა დღეს. წოლა, წოლა და წოლა. ტიკტოკს ჩავსქროლავ, ცოტას ინსტაგრამს, ცოტას ფეიქბუკს. იქნება რამე კინოც ჩავრთო ყველანაირ აზრსა და შინაარსს მოკლებული, რომ არაფერი ვიგრძნო და არაფერზე დავფიქრდე. ჭამა? რამდენი ხანია არ მიჭამია? მგონი ბოლოს გუშინ შუადღეზე ვჭამე ნახევარი ქილა ცოტა ამჟავებული მაწონი. მაქვს რამე? გაკეთების თავი არ მაქვს. ვნახავ, როცა ავდგები. ჯერ არ მეფსია. ტუალეტისთვის რომ ავდგები, ბარემ იქვე შევალ სამზარეულოში და ვნახავ რამეს საჭმელად. იმედია, არ მომიწევს მაღაზიაში ჩასვლა. ძალიან მეზარება. ერთადერთი ამ მოფსმას ვერ მოვუხერხე ვერაფერი, თორემ დანარჩენი ყველაფრის გადადება შეიძლება. აუჰ, აი, ესეც ახსენე და ჯოხი ხელში მოიმარჯვეო. ჯერ 30 პროცენტზეა ტელეფონი, როცა ბოლომდე დაჯდება, მაშინ ავდგები, იქამდე შემიძლია ჯერ მოთმენა, ბარემ მერე საწოლიდან გადმოვარდნილ დამტენშიც შევაერთებ ტელეფონს.
ბოლოს როდის გაიღიმე? მიყურებს ტიკტოკიდან ვიღაც მიხატული ღიმილით და მეკითხება ცარიელი თვალებით. ნეტავ რას გავხარ შე უბედურო, ვფიქრობ და ვსქროლავ, როგორ აშენებს ხის სახლებს ვიღაც.
მართლა ისე, როდის გავიღიმე ბოლოს? სულ არ ვიღიმი, როცა რამე სასაცილოს ვუყურებ? თუ არა, ეს სიცილია, ღიმილი სხვაა. თუმცა როდის გავიცინე ბოლოს? უბრალოდ ვუყურებ და ვსქროლავ. გამახსენდა. ბოლოს თარგმანზე რომ გავყევი პაკისტანელებს იუსტიციის სახლში, მაშინ გავუღიმე. როდის იყო ეგ? 1 თვის წინ დაახლოებით. თარგმანში რასაც მიხდიან, ის მყოფნის თვე-ნახევარი და ჯერ კიდევ 2 კვირის სამყოფი მაქვს. ე.ი. 1 თვის წინ. ოღონდ ვის გავუღიმე? არ მახსოვს.
გავუღიმე კი? არა, არავისთვის არ გამიღიმია. არაფერი იყო გასაღიმებელი და ტიკტოკზე დებილივით რომ იღიმის ყველა, ისე ხომ არ გავიღიმებდი. ბოლო-ბოლო ამდენი იმიტომ არ მისწავლია, რომ ვიღაცას დებილი ვეგონო. ოხხხხ.. უნდა ავდგე, ძალიან მტკივა უკვე შარდის ბუშტი, არადა ტელეფონი ჯერ კიდევ 10 პროცენტზეა….
***
დეპრესიის დიაგნოზი რამდენიმე წლის წინ დამიდგინდა, როცა ყველასგან და ყველაფრისგან შეწუხებული ერთხელ ჩამწერა დედამ ფსიქოლოგთან, უბრალოდ ნახე, იქნება მოგეწონოს, ფულს მე გადაგიხდიო. ვიარე 6 თვე, მაშინ თითქოს უკეთ ვიყავი მაგრამ…
ერთი ის ჰქონდა ამ ფსიქოლოგთან წასვლას კარგი, რომ მივხვდი, ისეთი არ ვიყავი, როგორსაც ყველა ირგვლივ მხატავდა: არ ვიყავი ზარმაცი, უემოციო. უბრალოდ ცოტა გაგება და დახმარების ხელი მჭირდებოდა. და არა “მიდი გოგო, ნუ გეზარება”.
- “უბრალოდ ზარმაცი ხარ და ეგაა”
- “ვის დაემსგავსე ასეთი ზარმაცი?”
- “რატომ ხარ სულ უხასიათო?”
- “შენ ხომ არაფერი გახარებს”
- “შეგიყვარდება და გაგივლის “
როგორ, როგორ გავაგებინო მათ, რომ უბრალოდ არ შემწევს ძალა ავდგე, ტანთ გავიხადო, ვიბანაო, თავი მოვიწესრიგო, ჩავიდე, საჭმელი ვიყიდო, მერე გავიმზადო, ვჭამო და ეს ყველაფერი მივალაგო. ეს ყველაფერი რომ გავაკეთო, ამისთვის წინასწარ ერთი კვირა ვემზადები მორალურად. როცა სხვა გზა არაა, ვდგები, ამოვაგდებ რომელიმე პუნქტს, ძირითადად ეს არის დაბანა, საჭმლის მომზადება (მზას ვყიდულობ რამეს ან ისეთს, პირდაპირ რომ იჭმევა) და მილაგება, რა თქმა უნდა, პარკებითვე ვყრი ძირს ან მაგიდაზე, ან თუ მაცივარი უნდა, პარკითვე ვდებ შიგნით, შესანიშნავად ინახება. და მერე მთელი დღეები და ზოგჯერ კვირები ვუნდები იმ ძალის აღდგენას, რომელიც ამ ყველაფერზე დამეხარჯა.
იქნება ერთ დღეს შევძლო და ყველაფერი თანმიმდევრობით გავაკეთო, იქნება ერთ დღეს არავინ დამიძახოს ზარმაცი, სევდიანი, უხასიათო. მაგრამ ახლა, ახლა ვწევარ და ხმელ ორცხობილას ვჭამ, ხვალ კი ალბათ გავალ, ვიყიდი რამეს.
პროექტი ხორციელდება Global Fund for Women-ის მხარდაჭერით
2022