ახალგაზრდა მწვანეები



პუბლიკაციები

ბლოგები

︎︎︎Ზოგჯერ სხეული, უბრალოდ სხეულია, რომელიც შეგიძლია მოხატო კიდეც
︎︎︎პოლიტიკური ნების იარაღად გარდაქმნილი სხეული
︎︎︎სხეულს ახსოვს განგაში
︎︎︎მტეხს, მაგრამ აჩრდილი აღარ არის!
︎︎︎ტკივილსა და თანაგრძნობაზე: ემოციები, როგორც პოლიტიკური
გამაერთიანებელი
︎︎︎ფემინისტური თეატრი, როგორც პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი ︎︎︎ფემინურობა ციფრულ ველში: რეალობით ნაწარმოები თამაში, თუ თამაშით ნაწარმოები რეალობა?
︎︎︎Homo-Economicus: ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ

სრული სია︎


ორგანიზაციის
შესახებ —
  1. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
  2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

Mark

პოლიტიკური ნების
იარაღად გარდაქმნილი სხეული




ავტორი: ქ. ოდოელი
შინაარსობრივი რედაქტორი: ლიკა გულბანი
სერია: სხეული, განცდა და გამოცდილება


სხეულის ის ფორმა და ხაზი, რომელიც მას თან გასდევს,  საზღვარია საკუთარ თავსა და სხვებს შორის, ამავდროულად ის არის უნებლიედ გავლებული საზღვარი სასურველსა და მოცემულს შორის.


რისთვის არსებობს სხეული და რისთვის მაქვს ის მე?
სხეული როგორც ინსტრუმენტი, სხეული როგორც ესთეტიკა, სხეული როგორც... მე...

სხეულთან დაკავშირებით, ჩემი პირადი პრობლემა, ხანგრძლივი დროის მანძილზე მის იარაღად, ხელსაწყოდ განხილვას უკავშირდება. თუ კი სხეული იარაღია, რატომაც არ უნდა გამოვიყენო ის პოლიტიკურ იარაღად? ყოველი ნატკენი ქვიარ ადამიანი - ყოველი დაჩაგრული და გადავლილი ადამიანის დანახვა რისხვით მავსებდა და დღემდე მავსებს. ამ რისხვით სავსემ და პანდემიის ფარგლებში მსუბუქი სიგიჟით მოცულმა, ავიღე განტელები და თანდათან დავიწყე სხეულის ტრანსფორმაცია.

როგორც ასეთი,  ფიზიკური ძალის აკუმულირება და სხეულის ზრდა პოლიტიკური აქტი არ არის. ერთი ადამიანის მუშტით დომინაციას ვერ დაამსხვრევ, ვერც იერარქიას და ჩაგვრას აღმოფხვრი, მგავსად ფიქრი ამპარტავნებაცაა და დელუზიაც. სხეულს ავარჯიშებ სიტუაციის გაუარესების მზადებისთვის, სამყაროსთვის რომელიც ნელნელა იშლება, ფაშისტურ ფორმაციებს იღებს. ტყვიას ვერ გააჩერებ, მაგრამ ჩაგრულს ხელს გაუწოდებ, ფეხზე წამოდგომაში დაეხმარები. ბოლო-ბოლო საკუთარ დიდ სხეულს წინა ხაზებზე განათავსებ, თუ კი  პოლიტიკური წინააღმდეგობა ფიზიკურ დაპირისპირებამდე დავა. ამისთვის ვაგროვებ ძალს და გამძლეობას, არავის აქვს ვალდებულება, რომ ან ერთის ან მეორეს განვითარება საკუთარ მიზნად აქციოს, ეს არის არჩევანი, რომელიც საკუთარი თავისთვის მივიღე და გადავწყვიტე, რომ შემიძლია ეს ფუნქცია შევითვისო.

ქვიარ სივრცეებში როცა ვმოძრაობ ერთგვარი მიტოვებულობის განცდა მრჩება, არავის ვაღელვებთ, პოლიტიკურ აქტორებს და ძალაუფლების მქონეებს მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, როცა საკუთარი მიზნებისთვის, წმინდად ინსტრუმენტული დანიშნულებით ვჭირდებით. ქვიარფობია სტატუს ქვოა. ჩემი ლოგიკა სწორედ იმ მოცემულობის დანახვიდან ამოდის, სადაც არ გვეგულება არავინ, რომ დაგვიცვას, მოცემულობიდან, რომელშიც  საკუთარი თავის დაცვა ისევ ჩვენ გვაკისრია.

რეალურად,  არ ვიტყოდი, რომ ცუდია ის, რაც საკუთარ სხეულს ვუქენი,  მეტი ენერგია, მეტი გამძლეობა, მეტი ძალა. ბოლო-ბოლო მძიმე ნივთების თრევის უნარი სხვების დასახმარებლად მაინც არის გამოსადეგი.

და კვლავ ეს მაგრამ... იცოდით,  რომ სხეულის  რეაქცია და შეხების განცდა ფუნდამენტურად იცვლება ვარჯიშის შედეგად? მაშინ, როცა შეჩვეული ხარ, რომ რბილი და შედარებით ნაზი ხარ, უცებ სხეული მყარდება და ამის განცდა სწორედ შეხებისას იბადება.. სხეული კარგად დაჭიმული მატრასივით იქცევა, კანი უხეშდება იმ ადგილებში სადაც ვარჯიშისას რკინას ეხება, მადა გეცვლება და აშ.

რაღაც მხრივ, ფუნდამენტურად გამოვცვალე ის, თუ ვინ ვარ სხეულებრივ და შეგრძნების დონეზე. სხვანაირად ვმოძრაობ, სხვა დასვენების და დაღლის საზომები მაქვს, ჩემ ვიზუალს სხვა ეფექტი აქვს ხალხზე... სხეულებრივი, მეხსიერებაში ჩაწერილი მოლოდინი, რომ პატარა სივრცეებში მარტივად გავალ და დავეტევი - ფიზიკურად შეუძლებელია, ქუჩაში სიარულისას უფრო ვფრთხილობ, რომ ვინმეს არ დავეჯახო. ახალი სხეული, არსებობის ახალი ფორმატი - ამ სიახლესთან და საკუთარი თავის ახალ ვერსიასთან შეგუების მიუხედავად, ძველი ჩვევები და საკუთარი სხეულის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მოლოდინები, ზოგჯერ ისევ მახსენებენ თავს.

გვიან მივხდი, რომ დისფორია დავმართე ან გავუმწვავე საკუთარ თავს, სხეული ჩავსვი მყარად მასკულინურად წაკითხვად ფორმატში, რაც დისკომფორტს ქმნის. ჩემნაირებს ისედაც შეზღუდული გვაქვს რესურსი და ხელმისაწვდომობა ტრანზიციის საშუალებებზე, მითუმეტეს როცა არც კაცი გინდა იყო და არც ქალი - ვინ მოგცემს საშუალებას რომ უსასრულო ექსპერიმენტები ატარო საკუთარი თავის/ტანის საპოვნელად? არსებული წესრიგის თვალში მხოლოდ გამოსასწორებელი ავადმყოფები ვართ.

ვიყურები სარკეში და ვხედავ დიდ სხეულს, ხანდახან დამაკმაყოფილებელია, ხანდახან ცუდად მხდის. გარეგნობა ჩემივე ქმედებით ჩავკეტე ვიწრო აღქმის ჭრილში მე ვარ ის, რაც ვუქენი საკუთარ თავს, ხანდახან ეს ცუდია, მაგრამ ყოველთვის არა. მერჩივნა არჩევანი მქონოდა, მერჩივნა საშუალებები და ვარიაციები ყოფილიყო იმგვარი თვით-ტრანსფორმაციის, რომელიც საკუთარ კანში უფრო კომფორტულად მაგრძნობინებდა თავს.

და ვარ აქ, ვიყურები სარკეში და ვხედავ სხეულს, სხეულს, როგორც პოლიტიკური ნების ინსტრუმენტს, სხეულს როგორც ესთეტიურად შებოჭილ არსებობას... სხეულს,  როგორც სოციალური როლის მუდმივ მახეს... არ ვაღიარებ და არ მჯერა იმედის, მაგრამ ეს, ასევე გულისხმობს, რომ არ ვაღიარებ უიმედობას, ერთ დღეს სარკეში ჩავიხედები და დავინახავ მხოლოდ საკუთარ თავს - არანაირი შიში, ეჭვი, რისხვა, თვით-ინსტრუმენტალიზაცია და თვით-გვემა, მხოლოდ მე.

და თუ ჩემნაირი ქაოტური არსება ფიქრობს ასე და აკეთებს დაშვებას, რომ სხეულის მატერიალური საზღვრების მიუხედავად, შესაძლებელია იგრძნო შვება, მაშინ ძვირფასო მკითხველო,  რომელიც საკუთარ კანში იხუთები, შენც მიაღწევ ამ კომფორტის მომენტს, გარდაუვლად. როგორი რთულიც არ უნდა იყოს საკუთარ სხეულთან ჩვენი ურთიერთობა და როგორც არ უნდა გვზღუდავდეს ამ ურთიერთობაში შემოჭრილი, იძულებითი საზღვრები და არსებობის ფორმულები, ამ ყველაფერში მაინც არსებობს ნაპრალი, რომელშიც შეგვიძლია ვიპოვოთ სხეულებრივი კომფორტის განცდა.



Mark