ახალგაზრდა მწვანეები



პუბლიკაციები

ბლოგები

︎︎︎Ზოგჯერ სხეული, უბრალოდ სხეულია, რომელიც შეგიძლია მოხატო კიდეც
︎︎︎პოლიტიკური ნების იარაღად გარდაქმნილი სხეული
︎︎︎სხეულს ახსოვს განგაში
︎︎︎მტეხს, მაგრამ აჩრდილი აღარ არის!
︎︎︎ტკივილსა და თანაგრძნობაზე: ემოციები, როგორც პოლიტიკური
გამაერთიანებელი
︎︎︎ფემინისტური თეატრი, როგორც პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი ︎︎︎ფემინურობა ციფრულ ველში: რეალობით ნაწარმოები თამაში, თუ თამაშით ნაწარმოები რეალობა?
︎︎︎Homo-Economicus: ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ

სრული სია︎


ორგანიზაციის
შესახებ —
  1. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
  2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

Mark

Homo-Economicus:
ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ




ფემინისტური ისტორია: მეხსიერების აღდგენა და შეკავშირება დღევანდელობასთან / 2023
ავტორი: ელენე ბურჭულაძე
რედაქტორი: ლიკა გულბანი
ფოტო: ეროვნული არქივი - უცნობი ქალბატონი ქვანახშირის ცენტრალურ გამამდიდრებელ ქარხანაში



“ჩვენ არ უნდა გადავრჩენილიყავით”
- ოდრი ლორდი

“ეს წიგნი შეეხება მუშაობას და, შესაბამისად - ძალადობასაც” - ასე იწყებს სტადს ტერკელი თავისი მოცულობითი ნაშრომის შესავალ თავს, 800 გვერდზე გადაშლილ ტექსტში გვამეგობრებს მძღოლებთან, მცხობელებთან, მუშებთან და საშუალებას გვაძლევს ჩავიხედოთ მათ ყოველდღიურობაში - სამსახუროებრივი ვალდებულებებით განსაზღვრულ, თანმხლები განცდებითა და წუხილით შელესილ რვა საათში. რას აღარ ყვება 70-იანი წლების ამერიკის მუშათა კლასი, მაგრამ ტანჯვა არც ერთ კადრს არ ტოვებს.


მუშაობა შედარებით ახალი ფენომენია. ის არჩევანის სახით კი არ არის მოვლენილი, როგორც ხეივანში ჩარგული ყველაზე განიერი და დაფოთლილი ხე, რომლის ქვეშაც ადამიანი სურვილისამებრ, ან წამოგორდება, ან - არა, არამედ როგორც ნორმატიული წესრიგი, მთელი მწვანე საფარველივით - აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე გადაბიბინებული და დაუღწეველი. თუ კი ვიტყვით, რომ არსებული სოციო-ეკონომიკური სისტემა და მისი განუყრელი შრომის წესრიგი, ერთეულების გარდა, ტრაქტორივით უვლის ყველას და ყველაფერს, რაც საბაზრო ღირებულების გაზრდისთვის სჭირდება, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ის განსაკუთრებული ვნებით სრესს ქალებს, ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც “ობიექტური რეალობის” წესების განსაზღვრაში არც თავად მიუღია მონაწილეობა და არც სხვების მიერ ყოფილა გათვალისწინებული აღნიშნული წესებისა და ნორმების ფორმირების პროცესში.


მენტალური აშლილობების დამდგენი დეტექტორი გამოგონილია და გაზომვით სამუშაოებსაც წარმატებით უმკლავდება. ეს არის შკალა იმის, თუ რამდენად აქვს ადამიანს შესაძლებლობა, რომ მოიხელთოს ყოველდღიურობა. როცა ადამიანი ვეღარ ახერხებს შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები, შეინარჩუნოს სამსახური, გაქცევაც მოასწროს და გამოქცევაც, შეეგუოს უკვე განსაზღვრულ ტემპს და არ ჩამორჩეს მას, დიაგნოზიც სწორედ მაშინ ისმება.


ერთერთი ფაქტორი, რატომაც სამყაროში კაცებისა და ქალების სოციალური პოზიციები განსხვავდება - ქალების მიმართებები, გამოცდილებები და სოციალური სამყაროს აღქმა კაცების იდეოლოგიურ კონსტრუქციაში ვერ თავსდება. შეუთავსებლობის მიუხედავად, მოცემულობა ასეთია: ქალებისთვის არასტუმართმოყვარე რეალობა სხვაგან გამგზავრების ბილეთსაც არ ბეჭდავს მათთვის. ამ ჩახუთულ უსასრულობაში გამომწყვდეული ქალი კი რეაგირებს და ეს რეაქცია რიგ შემთხვევაში დეპრესიაში ვლინდება, მაგრამ თითქმის ყოველ ჯერზე განყენებულად აღქმული და სისტემის მარწუხების უგულებელმყოფელი არის. ჩვეულებისამებრ, ეს დამოკიდებულება ისევ პასუხისმგებლობის ლოკალიზებაზეა ორიენტირებული და რა დროსაც სისტემას შეეძლება პასუხისმგებლობა აირიდოს, ასეც მოიქცევა; როგორ შეიძლება ნაკლი ჰქონდეს მოცემულობას, რომელიც მოწესრიგებულია, ნაფიქრი, ნამსჯელი და ცივი გონებით მიღებულ-დამტკიცებული. ნაკლებისთვის ქაოტური, ემოციური და ისტერიკული ქალები არსებობენ.


“საღი” ფსიქიკური მდგომარეობა სუბიექტურია. სუბიექტურობის დასამტკიცებლად შეურაცხადობაზე წარსულის წარმოდგენების გახსენებაც გამოდგება. იყო დრო, ქალები მუშაობის სურვილის არსებობის გამო ხდებოდნენ “შეშლილის” იარლიყის მიწებების ტერიტორია; იალიყი და დანიშნულების ადგილი არ იცვლება, მაგრამ ობიექტურობად შეფუთული დომინირებული სუბიექტურობა ფლუიდურია. ასე ეხვევა ქალი დაბნეულობის, უიმედობის, სასოწარკვეთის სპირალში, საკუთარი თავისგან გაუცხოებულ მდგომარეობაში მყოფი, იძინებს და რამდენიმე საათში ისევ დგება უკან - სამსახურში დასაბრუნებლად. ისევ იკრებს ძალას, რომ ჩაერთოს კაცების მიერ კაცებისთვისვე შექმნილ ფერხულში, მისი სინამდვილის უარმყოფელი ლოჟისთვის თავის შესაწირად - რომ იმავე წრეზე სიარულის ‘პრივილეგია’ უკან არავინ წაიღოს. შემდეგ, ამ წრიდან გაუსვლელად, ქალი დეპრესიის, შფოთვისა და სხვა პიროვნული აშლილობის დიაგნოზს ისმენს. მის სხეულზე და ყოფაზე გაბატონებული ერთობა კი კიდევ ერთი იარლიყისთვის ადგილს ყოველთვის გამოძებნის.


დეპრესიის პირველი ნიშნები მაშინ გამოჩნდა, როცა მუშაობა დავიწყე. როცა მიწევდა, რომ მევაჭრა ემოციების დათრგუნვით და ამავდროულად ვყოფილიყავი უკიდურესად მადლიერი ამ შესაძლებლობისთვის. თავისუფალ დროს, სამეგობროს შეკრებებზეც სამსახურზე დაუსრულებლად ვწუწუნებდით; ისე, თითქოს ქართულ პოლიფონიურ სიმღერას ვასრულებდით. ეს მოგონებაც წარსულ დროში მხოლოდ იმიტომაა, რომ ახლა, ნებისმიერი ქმედება უკვე არასასურველ ქმედებებთან ასოცირდება - ქმედებებთან, რომლებიც ყოველდღიური შრომის რუტინის ნაწილია და რომელთა სიჭარბეც ყველაფერ სხვას ფარავს - შედეგად კი თავისუფალი დროის გატარება უმოქმედობაში, ანუ არასასურველის ნაკლებობაში, მის თავიდან არიდებაში გადის.


ქალების მორღვეული მენტალური ჯანმრთელობა განასახიერებს ადამიანურობის იმ სიბრტყეს, რომლის ექსპლუატაცირებას, დაპყრობას და საბაზრო ერთეულად გარდაქმნასაც მასკულინური სისტემა ცდილობს. თავის ნაშრომში “ქალების დეპრესიის სოციალურ-სტრუქტურული წყაროები: შეხვედრა პატრიარქატთან და კაპიტალიზმთან” ჯული ბრანდტი დეპრესიას გარკვეულ პროცესში ჩართულობად განსაზღვრავს. ეს პროცესი უსიამოვნო, დამამცირებელ და საფრთხის შემცველ მოცემულობებში აღმოჩენა და შესაბამისი ფრუსტრაციების ჩამოყალიბებაა. ბრანდტის მიხედვით, ქალებს ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, რომელიც ჩვენ უსუსურობით, დამცირებითა და უთანასწორობით შემოსაზღვრულ პოზიციებს გვიდგენს.


მარგინალიზებულ პოზიციაში მყოფი ქალების წარსული, მემკვიდრეობა და თანამედროვე გამოცდილებები გაჟღერებული არ არის. ქალებს გვიჭირს, მოვკალათდეთ იმ სამყაროში, რომელიც კაცებმა თავიანთი თავისთვის მოიწყეს და მოკალათებაც მხოლოდ თავადვე მოახერხეს. წესრიგისა და მართვის მასკულინური პრაქტიკა ქალებს არ ითვალისწინებს, უფრო მეტიც, ისეთ სისტემას ნიღბავს უნივერსალურ გონივრულობად, რომელიც არამხოლოდ მრავალმხრივად დაწინაურების უფლებას უზღუდავს ქალებს, არამედ მათ ფიზიკურ და მენტალურ კეთილდღეობას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. ეს გონივრულობად გადაცმული ობი საფუარად გამომშრალ ფაქტებს, მონაცემებს და უგზოუკვლო შეხედულებებს იყენებს, რომლებიც ექსკლუზიურად ისევ გაბატონებულ ჯგუფს მატებს ძალაუფლებას და თვითუპირატესობის უწყვეტ დადასტურებას ემსახურება.


ტანჯვა გასარომანტიზირებელი არ არის, ამ შრეზე დაკვირვება ვრცელი თემისკენ მიმართულ რელსებზე გადაგვსხამს. ქალების ეს ტანჯვა არის შეურიგებლობის გაფორმება, რომელიც არ უნდა წარმოვიდგინოთ ინდივიდის ფიზიკურ და მენტალურ საზღვრებში მოქცეულ, პერსონალურ სიმპტომად, არამედ იმ მოქმედი სისტემის ტოქსიკურობის ხელწერად,, რომელიც ხუთავს და ალპობს. ჩვენ ყოყმანის გარეშე უნდა გავიშვიროთ თითი მასკულინური სისტემისკენ და რამდენადაც მოგვცემს დაზიანებული მდგომარეობა შესაძლებლობას, ამოვიგმინოთ, ვინ არის სინმდვილეში ავად. ტარტრუმიც უნდა მოვაწყოთ, როგორც განმწმენდი რიტუალი და თვითდესტრუქციის ნაცვლად, უნდა ამოვგლიჯოთ ნამდვილი სარეველები.


როგორც დეპრესიას უპრისპირდება იმედი, იმავენაირად უნდა წარმოვიდგინოთ ამ წუხილის უპირტესობები და გავაიგივოთ ადამიანურ წინააღმდეგობასთან. ეს წინააღმდეგობა გამბედაობისა და გაძალიანების აღმნიშვნელია და თუ ეს წინააღმდეგობა არსებობს, არსებობს იმედიც.

ეს იმედი ალესავს ხმლებს, რომლებიც ხელში დიდი ხანია, გვიჭირავს.


სტატია მომზადებულია პროექტის “ფემინისტური ისტორია: მეხსიერების აღდგენა და შეკავშირება დღევანდელობასთან” ფარგლებში, ორგანიზაციის “ქალთა ფონდი საქართველოში” მხარდაჭერით.


Mark