ახალგაზრდა მწვანეები



პუბლიკაციები

ბლოგები

︎︎︎Ზოგჯერ სხეული, უბრალოდ სხეულია, რომელიც შეგიძლია მოხატო კიდეც
︎︎︎პოლიტიკური ნების იარაღად გარდაქმნილი სხეული
︎︎︎სხეულს ახსოვს განგაში
︎︎︎მტეხს, მაგრამ აჩრდილი აღარ არის!
︎︎︎ტკივილსა და თანაგრძნობაზე: ემოციები, როგორც პოლიტიკური
გამაერთიანებელი
︎︎︎ფემინისტური თეატრი, როგორც პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი ︎︎︎ფემინურობა ციფრულ ველში: რეალობით ნაწარმოები თამაში, თუ თამაშით ნაწარმოები რეალობა?
︎︎︎Homo-Economicus: ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ

სრული სია︎


ორგანიზაციის
შესახებ —
  1. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
  2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

Mark

ერთხელ
ფსიქიატრიულში




ფსიქიკური ჯანმრთელობა გამოცდილება / 2022
ავტორი: ანონიმური
ფოტო: ეროვნული არქივი - ქუთაისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს თანამშრომლები


დილას ლექციას ვატარებ სტუდენტებთან. უკვე კარგა გვარიანად „აწეული“ ვარ. მე ქრისტე მგონია თავი, უფრო სწორად - ქრისტეა ჩემში, ჩემი თვალებით იყურება. სტუდენტები კი მოციქულები მგონია. მეფეც ვარ, დიდი დავით მეფე. სტუდენტებს კლუბური ნარკოტიკების სიბოროტეზე ვესაუბრები, მერე ჩემთან ვპატიჟებ ხვანჭკარაზე. მპირდებიან, მოვალთო. ყველას მეგობრულად ვეხვევი და ვემშვიდობები.

მამა ქუჩაში მელოდება მანქანით. ვჯდები და ვაკეში, დეიდაჩემის ქმართან მივდივართ. მიზეზს არ ვკითხულობ, დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ ადგილას უნდა მივიდეთ, საიდანაც ციხეში მჯდომ ჩემს დეიდაშვილს სკაიპით დაველაპარაკები. მანქანაში ხულიო იგლესიასის სიმღერაა ჩართული, ბაბუას რომ ძალიან უყვარდა.

რაღაც შენობების კომპლექსის ეზოში შევდივართ. დეიდაჩემის ქმარი სწრაფად გადადის მანქანიდან და შენობაში შერბის. მე გარემოს თვალს ვავლებ და მამაკაცს ვხედავ, რომელიც უცნაურ მოძრაობებს აკეთებს. გულში ვრწმუნდები, რომ თუ შევეხები, განიკურნება. მანქანიდან გადმოვდივარ და მისკენ მივიწევ, ხელს ვუწვდი ჩამოსართმევად, მაგრამ მამა მაჩერებს და მანქანაში მაბრუნებს.

    - კაი, დათო, არ გინდა.

დეიდაჩემის ქმარი ჩამოდის და ამბობს, წავედითო. ჩვენც მივყვებით. კიბით მეორე სართულზე ავდივართ და კაბინეტში შევდივართ, სადაც ხალათიანი ქალი ზის და სანდომიანი ღიმილით მიყურებს. ჩემები ქალთან მარტოს მტოვებენ და კაბინეტიდან გადიან.

    - აბა, დავით, მომიყევი, რატომ გადახტი მტკვარში ?მეკითხება ქალბატონი.
    - იმიტომ, რომ ოჯახში აღარ ვსაუბრობთ. - დარწმუნებით ვეუბნები ქალბატონს.
    - ვერ გავიგე?
    - აღარ ვსაუბრობთ, ურთიერთობა აღარ გვაქვს ოჯახის წევრებს. მე ჩემს ოთახში ვზივარ, კომპიუტერს ვარ მიშტერებული, მამაჩემი ტელევიზორს უყურებს. როცა ის უყურებს, ბებიას მაშინ უნდება ჭურჭლის დარეცხვა. ამაზე მამა ბრაზდება და ყვირილს იწყებს. საერთოდ აღარ ვლაპარაკობთ ერთმანეთში. უცხოები ვართ, გესმით? უცხოები. ცხოვრება ცდილობს, რომ ოჯახის წევრები გააუცხოვოს ერთმანეთისგან, რომ საერთო აღარაფერი გვქონდეს, რომ ვეღარაფერზე დავილაპარაკოთ, რომ სატკივარი არ გავუზიაროთ ერთმანეთს, რომ ჩვენში ჩავიხშოთ ტკივილი, რომ ერთმანეთის იმედი აღარ გვქონდეს. ოჯახს ებრძვის დღევანდელი ცხოვრება, გესმით?

ქალი ყურადღებით მისმენს და ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ საკუთარ ოჯახზე, საკუთარ შვილზე ფიქრობს. მადლობას მიხდის და კაბინეტიდან გამოვდივარ. დიდი კარის მიღმა ადამიანები დასეირნობენ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, სად ვარ.

    - დაათვალიერებ? - მეკითხება მამა.
    - კი. - ვამბობ და გაბედულად შევდივარ კარში.
მე ხომ მესია ვარ? ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი მისია, ამ ხალხის გადარჩენაა. შევდივარ ერთ პალატაში, სადაც მოხუცი ქალი წევს და თვალები აქვს დახუჭული. ხელს ხელზე ვკიდებ და თვალებს ახელს.
    - ნუ გეშინია, აქ ვარ. - ვეუბნები და ვუღიმი. ქალს თვალები უცრემლიანდება.

მერე გამოვდივარ და სხვას ვუვარდები პალატაში. აქ ცოტა რთულად არის საქმე: კედელზე გოგონა ხატია, საწოლზე კი მოხუცი კაცი წამომჯდარა და სევდიანად ჩაშტერებია იატაკს. მგონია, რომ ნახატზე ასახული გოგონა ამ კაცის შვილიშვილია, რომელმაც თავი მოიკლა, ხოლო ეს კაცი შვილიშვილის სიკვდილში საკუთარ თავს ადანაშაულებს.

    - დარჩები? - დერეფანში მეკითხება მამა.
    - დავრჩები! – მტკიცედ ვამბობ. მგონია, რომ რამდენიმე საათით მტოვებენ ჩემი მისიის შესასრულებლად.

შევდივარ მოსაწევ ოთახში - ჩოჩქოლია. ვიღაც უცხოელს შემოხვევია რამდენიმე ქართველი და ეჩხუბება. შუაში ვდგები, ვაშველებ.

    - რა ხდება, რა გაყვირებთ? -  ვკითხულობ.
    - სიგარეტს გვართმევს და აფუჭებს, ტეხავს, ძმაო, არ ეწევა.
    - მერე რა მოხდა?! სიგარეტია, შხამია!
    - ჩემო ძმაო, მაგ სიგარეტი რომ შემომიგზავნოს, დედაჩემი მთელი დღე ბაზარში დგას.
ვჩუმდები, ვეღარაფერს ვპასუხობ. სიტუაცია მშვიდდება. გამოვდივარ მოსაწევი ოთახიდან და დერეფანში ვიწყებ სიარულს.

რა ხდება? სად ვარ? ვინ ვარ? რამდენი ხნით დამტოვეს აქ? სად წავიდა მამაჩემი?  - ეს კითხვები ირევა თავში. ვიჯერებ, რომ ეს ფორმიანი თანამშრომლები ეტყობა, ცუდად ექცევიან აქ მყოფ ადამიანებს და მე ამათ უნდა ვუშველო.

ტელეფონს ვიღებ და სანდროს ვურეკავ, ჩემს მეგობარს, რომელსაც მგონია, რომ უსიტყვოდ ვესაუბრები.

    - სანდრო, ხოო? - ვეკითხები.
    - რა „ხო“?
    - ვაგინო ამათ? - უხმოდ ვეკითხები სანდროს.
    - ალო, აქ ხარ? ალო.
    - ხო თუ არა? - ვეკითხები ხმამაღლა.   
    - რა ხო თუ არა, გადაირიე? - მეკითხება სიცილით სანდრო.
    - ვაგინო ხო? - უხმოდ ვკითხულობ და თითქოს უხმო პასუხიც მოვიდაო, ტელეფონს ვთიშავ და ვიწყებ გინებით წინ და უკან სიარულს.

თქვენი დედა!... - ვღრიალებ მთელ ხმაზე. ყურადღებას არავინ მაქცევს, არც სანიტარი მეჩხუბება, არც პაციენტი. კაი ხანი დავდივარ წინ და უკან და ნელ-ნელა ჩემი ხმაც სიმძლავრეს კარგავს. ვხვდები, რომ რაღაცას არასწორს ვაკეთებ. ბოლოს ერთ ბიჭს ვამჩნევ, ყურადღებით რომ მიყურებს, თან ღუმელთან ზის და წინდებს აშრობს. თვალები ისეთი აქვს - სანდო და სიკეთით სავსე.

    - ეს რამეს მეტყვის. - ვფიქრობ და წინ ვუჯდები.

ბიჭი მშვიდად მიყურებს და იწყებს:

    - ჩვენც კი ვიცით, ძმაო, მაგრამ რა ვქნათ აბა? - წინდებს იცვამს.  - კაცი გვჭირდება, რომელსაც გავყვებით!
    - საჭმელზე გამოვიდეთ, ბიჭებოოოოოოოოოო! - იძახის სანიტარი.
    - წამო, ვჭამოთ. - მეუბნება ბიჭი.

სამი დღე გათიშული ვიყავი, არ მახსოვს არაფერი. ჩემები მოდიოდნენ. ოჯახის წევრები, მეგობრები, პაციენტებიც თბილად მექცეოდნენ. სანიტრებისგანაც არ მახსოვს ცუდი. ამან გამაძლებინა, ამან გადამატანინა პირველი მძიმე დღეები, როცა გონება ამღვრეული გაქვს, ვერ ხვდები რა გჭირს, რა დაგემართა, ამ გაუგებრობაში რატომ მოხვდი.

    - წელში გაიმართე, გვირგვინი არ დაგივარდეს. - მითხრა მეოთხე დღეს მშვენიერმა გოგონამ, რომელმაც ამ სიტყვებით გამაცოცხლა. დღეს ეს გოგონა მიყვარს.
მე ამ გოგონას და სხვა პაციენტების წყალობით, ჩემი მშობლების, ოჯახის წევრების და მეგობრების წყალობით, ყოველდღე რომ მნახულობდნენ -  ნელ-ნელა მდგომარეობიდან გამოვედი და რამდენიმე დღეში უკვე მე ვეხმარებოდი ახლად შემოსულ პაციენტებს იმედიანად და ხალისიანად ყოფნაში.

მიზეზი ჩემი სტაციონარში მოხვედრისა? ალბათ, მთელი ცხოვრების ნაგროვებმა ერთბაშად ამოხეთქა. ასე ხომ არ ხდება: დავიძინე, გავიღვიძე და ცუდად ვარ? პირად ცხოვრებაში წარუმატებლობა, შემდეგ საკუთარი თავისგან გაქცევა, რომელიც კითხვებს გისვამს და აუცილებელია მისთვის პასუხების გაცემა, გაქცევა საშინელი კლუბური ნარკოტიკებით და ორგანიზმის და ფსიქიკის მოწამვლა; შემდეგ ცხოვრების წესის რადიკალური შეცვლა და თვითნებურად, მოძღვრის მეთვალყურეობის გარეშე - ზღვარგადასული ლოცვა (ღმერთს ზომიერება უყვარს). ამ ყველაფერმა მიმიყვანა ფსიქიატრიულამდე და ახლა, 5 წლის შემდეგ ვფიქრობ: იქნებ იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი, რომ შემდეგში ამაზე რომანი დავწერო ან ფილმი გადავიღო, ან ჩემი გამოცდილებით სხვა ადამიანებს დავხმარებოდი, ან თავი უკეთ გამეცნო, ან საერთოდ, იმიტომ მოხდა, რომ იმ გოგონას შევხვედროდი, რომელიც მიყვარს? ღმერთი სულ გვესაუბრება: ზოგს - გარემოებებით, ზოგს - ადამიანების პირით და ასე შემდეგ. მთავარია, მოვუსმინოთ. ის ხომ ჩვენთვის სასარგებლოს გვეუბნება?

ახლა ჩემი სტაციონირების იმ 15 დღეს საღი გონებით და ხალისით ვიგონებ, როგორც დიდ თავგადასავალს, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, საინტერესო და ნაირფერი მოვლენებით დატვირთულ ეპიზოდს. მთავარია, ადამიანმა მოითმინოს, არ გაბოროტდეს და ყველაფერს გაეცემა პასუხი, რა რატომ მოხდა. ტყუილად ხომ არაფერი ხდება ცხოვრებაში? ყველა მტკივანი ჭრილობა შეხორცდება, ყველა დადენილი ცრემლი მოიწმინდება და ის კაციც გამოჩნდება, რომელსაც  გავყვებით!


დ.ფ.   35 წლის


პროექტი ხორციელდება Global Fund for Women-ის მხარდაჭერით

2022
Mark