ახალგაზრდა მწვანეები



პუბლიკაციები

ბლოგები

︎︎︎Ზოგჯერ სხეული, უბრალოდ სხეულია, რომელიც შეგიძლია მოხატო კიდეც
︎︎︎პოლიტიკური ნების იარაღად გარდაქმნილი სხეული
︎︎︎სხეულს ახსოვს განგაში
︎︎︎მტეხს, მაგრამ აჩრდილი აღარ არის!
︎︎︎ტკივილსა და თანაგრძნობაზე: ემოციები, როგორც პოლიტიკური
გამაერთიანებელი
︎︎︎ფემინისტური თეატრი, როგორც პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი ︎︎︎ფემინურობა ციფრულ ველში: რეალობით ნაწარმოები თამაში, თუ თამაშით ნაწარმოები რეალობა?
︎︎︎Homo-Economicus: ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ

სრული სია︎


ორგანიზაციის
შესახებ —
  1. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
  2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

Mark

მტეხს, მაგრამ
აჩრდილი აღარ არის!




ავტორი: ქეთი კაპანაძე
შინაარსობრივი რედაქტორი: ლიკა გულბანი
სერია: სხეული, განცდა და გამოცდილება


რომ წარმოიდგინო სურათი: მოძრავი, გრადაციული ნათებით.

ნათებით, რომელიც სხეულის მხოლოდ კონკრეტული ნაწილებიდან იღვრება.

ალბათ, შენ, წარმოიდგინე:

ერთი, ორი მაქსიმუმ ათი. არა?

გონებიდან ამოშალე ეგ სურათი.

და დაინახე სხეული, რომელიც მთლიანად ნათებით არის მოცული.

სხეული, რომელზეც არ არის მაქსიმუმ ათი კონკრეტული ნაწილი, არამედ სხეული რომელიც თითქმის მთლიანად ნაირევია.

--------

არ იფიქრო, რომ მტკივა. ჭრილობის სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მწირია ჩემში. პარადოქსული თვისება გასდევს ჩემს სხეულს: ერთი მხრივ, ყოველი პატარა იარა სამუდამოდ რჩება კანზე, მაგრამ მეორე მხრივ უკვე შეჩვეულ, მაღალი ტოლერანტობის მქონე სხეულის მატარებელს - წამიერად მესახება ტკივილი. შემდეგ ქრება და აღარ არის აქტიურ ფორმაში.

მხოლოდ, მაშინ როდესაც სტრატეგიულად ეცემა მზის შუქი კონკრეტულ ნაიარევს, მახსენდება ის. შეგრძნება მრჩება, რომ სინათლე არჩევანს აკეთებს - მეხსიერების რომელ წერტილში დამარტყას, პანდორას ყუთს დაუფიქრებლად ხსნის და ბერძნული მითოლოგიისგან განსხვავებით, იმედის გარეშე მტოვებს წარსულისა თუ აწმყოს ჭრილობებთან. ალბათ შეამჩნიე, რომ ვახსენე ჭრილობა და არა ნაირევი. დაკვირვებული თვალი გაქვს და სწორად შეჩერდი:

ყოველი ნაიარევი ხდება ჭრილობა, როდესაც მას ვიხსენებთ თავიდან.

როდესაც, თვალ წინ გვიდგება ის, თუ როგორ დაიბადა, როგორ აღიბეჭდა, რომელ გეომეტრიულ ფიგურას დაემსგავსა. ხანდახან, თითქოს ბუნების ყველაზე არა-სწორ ხაზოვან, დატვირთულ და გადაჯაჭვულ რელიეფს იმიტირებს. ამ შემთხვევაში, დრო - არა კალენდარული, არამედ სუბიექტურად კონსტრუქციული - უკან იხევს, სწრაფი ხმოვანებით (ისეთით, მხოლოდ ხის მძიმე საათებს რომ აქვს).

უკან იხევს გუშინ - ერთი კვირის წინ - ცხრა დღის წინ - ერთი წლის წინ - ხუთი წლის წინ.

უკან იხევს, როდესაც დავტოვე - როდესაც დამტოვეს - როდესაც გავიქეცი - როდესაც გამალებული, ფრჩხილის ჩარჭობით ვაჩერებდი თავს ტირილისგან, ყვირილისგან.

უკან იხევს, იქ სადაც პირველი იმედი იყო - იქ, სადაც სიჩუმე გულრწფელ მზერას ჩაენაცვლა - იქ, სადაც დილა აღარ დადგა - იქ, სადაც დავნებდი. 

რთულია, ჭრილობების შემორჩენილმა რელიეფმა ატაროს ეს ყოველივე. მსურს, შემომასკდეს ხოლმე კანი - გავწელო, შორს ძალიან შორს. წაიღოს ის რაც ყოფილა, რაც უნდა მომხდარიყო და რაც არასოდეს აღარ მოხდება. გულახდილად გეტყვი, ნახსენები შეგრძნება ძალიან მომენტალურია. რომ წავიდეს ჩემი კანი და თან წაიღოს ყოველი ნაირევი, მაშინ ვინ ვიქნები მე?

დროს მოკლებული, სივრცეში დაკარგული სუბსტანცია, რომელსაც გრავიტაცია არსად ამიწებს. და მაშინ, არც ტკივილი იარსებებს ჩემში და არც ღიმილი. თვალი ნაპერწკალსაც დაკარგავს და მზის სინათლეც აღარ მოვა ჩემთან. პრინციპში, ის ხომ ჩემთან არც არასოდეს მოდიოდა - არამედ მოდიოდა ნაიარევთან, სტრატეგიულად - გულდამწვარი სიახლოვით. ამიტომ, დაე არსად წავიდნენ.

მსურს, დადგეს საათი, როდესაც მეორე ადამიანს ჩემი არსებობის ისტორიას ნაიერევის ენით მოვუყვები. მაგ მომენტში, ალბათ სპეციალურად შერჩეული ტანის სამოსით არ მექნება დამალული ის, რაც მტკენია. თუმცა, არაუშავს თუ არ დადგება. მთავარია მე ვგრძნობდე მათ დიალექტიკურ სიმართლეს - მტეხიარების და შვების თანაარსებობას, წრიულ ცეკვას.

ზუსტად დღეს, რამდენიმე საათის წინ - მაისის დილის მზემ, შემახსენა მარცხენა ხელის კუთხეში არსებული ნაიარევი, რომელსაც გატეხილი გულის ფორმა აქვს. თუ ჩაგეცინა ამის წაკითხვისას, მეც შენთან ვარ. თორმეტი წლის ასაკში, როდესაც გარკვეულ ამბივალენტურობას პირველად შევეფეთე მაშინ აღვიბეჭდე.

დასაწყისში, დავმალავდი, არ გეტყოდი ჩემს სანუკვარ გულის ნაიარევზე - ახლა, მოდი, არ მოგერიდოს - შენც ძალიან ახლოს გაჩვენებ!


Mark