ახალგაზრდა მწვანეები



პუბლიკაციები

ბლოგები

︎︎︎Ზოგჯერ სხეული, უბრალოდ სხეულია, რომელიც შეგიძლია მოხატო კიდეც
︎︎︎პოლიტიკური ნების იარაღად გარდაქმნილი სხეული
︎︎︎სხეულს ახსოვს განგაში
︎︎︎მტეხს, მაგრამ აჩრდილი აღარ არის!
︎︎︎ტკივილსა და თანაგრძნობაზე: ემოციები, როგორც პოლიტიკური
გამაერთიანებელი
︎︎︎ფემინისტური თეატრი, როგორც პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი ︎︎︎ფემინურობა ციფრულ ველში: რეალობით ნაწარმოები თამაში, თუ თამაშით ნაწარმოები რეალობა?
︎︎︎Homo-Economicus: ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ

სრული სია︎


ორგანიზაციის
შესახებ —
  1. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
  2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

Mark

დედის წერილი





ფსიქიკური ჯანმრთელობა გამოცდილება / 2022
ავტორი: ანონიმური

ფოტო: ეროვნული არქივი - წერილი ფრონტიდან მეორე მსოფლიო ომი
           
ყოველთვის მეგონა, რომ საკმაოდ ძლიერი ვიყავი და რაღაც სირთულე არც არასოდეს დამაბრკოლებდა. ეს მხოლოდ მეგონა. ან იქნებ იმიტომ ვგრძნობდი ამ სიძლიერეს, რომ მერე დასაყრდენი ისევ ჩემ თავში მეპოვა და  მებრძოლა ჩემი შვილისთვის...

გამარჯობა,

მე ატიპიური განვითარების მქონე ბავშვის დედა ვარ. იცით, ეს რას ნიშნავს?

განვითარებულ სოციუმში ეს დიდ სირთულეს,  ჩვენს ქვეყანაში კი ჯოჯოხეთს უდრის.

ჩემი ბიჭი პატარაობიდან ხასიათების იყო, ლაპარაკი ძალიან გვიან დაიწყო. ადრე მის ახირებებს და ამოჩემებებს  ხასიათს ვეძახდი, ლაპარაკი კიდე ამის პაპამაც გვიან დაიწყო. ჰოდა, ვიცდიდი უაზროდ იმ იმედით, რომ ყველაფერი ერთ დღეს თავისით დალაგდებოდა.

რას ველოდებოდი, ნეტა? უმოქმედობა პირველი ყველაზე ვერაგი მტერი აღმოჩნდა ჩვენთვის. როცა სპეციალისტთან მივიყვანე, უკვე სერიოზული დარღვევები აღმოაჩნდა და დაგვიანებულიც იყო. თურმე ახლა 6 თვის ასაკიდან იწყება ბავშვზე დაკვირვება, თუ როგორ ამყარებს ბავშვი თვალით კონტაქტს, აყოლებს სასურველ ნივთებს თვალს, რეაგირებს დაძახებაზე და ა.შ. ჩემთვის რომ ეს ცნობილი ყოფილიყო დასაწყისშივე, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა. ალბათ, მკითხავთ: ნუთუ ექიმთან არ წამიყვანია? რა თქმა უნდა, წამიყვანია და ყველა აცრაც თავის დროზე მაქვს გაკეთებული, მაგრამ მაშინ,  როგორც ჩანს, ამაზე ყურადღება არავინ გაამახვილა.  ინფორმაციის ნაკლებობიდან დაიწყო რაც დაიწყო, შემდეგ კი შვილის პრობლემის აღიარების დაგვიანებით, გვიან დაწყებული ფსიქოლოგიური მუშაობითა და თერაპიებით გაგრძელდა.

ძალიან გამიჭირდა პრობლემის აღიარება, რომ ეს მართლა ჩემს შვილს სჭირდა, რომ ჩემი ცხოვრება ძველებური ვეღარ იქნებოდა, რომ მე ვიქნებოდი ატიპიური ბავშვის მშობელი,  რომელსაც  გარიყავდა საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ასე გამალებით ვესწრაფვით; რომ მეგობრებიც მოარიდებდნენ თავის შვილებს ჩემსას, არათუ უცხოები. მაგრამ ეს სულისშემხუთველი ფიქრი მხოლოდ ბავშვის  წინსვლის შემაფერხებელი იყო. მერე რა, რომ  წინ დიდი ომი მქონდა მოსაგები.

აღმოჩნდა, რომ ბავშვის განვითარებისთვის განსაკუთრებული პირობებია საჭირო და ეს მისი ყოველდღიურობის ყველა სფეროს ეხება. წარმოიდგინეთ, ხუთსულიან ოჯახში ყვირილი, დაძაბულობა, ჩხუბი არ უნდა არსებობდეს, უბრალოდ უნდა გაქრეს აგდებული საუბარი, უპატივცემულო გამონათქვამები, შიშისა და ელდის რაიმენაირი შეგრძნება; თუნდაც ტელევიზორის ხმა, რომელიც შეიძლება ასეთად მიიჩნიოს ბავშვმა, უბრალოდ უნდა გამოირიცხოს.

ბავშვს სჭირდება უწყვეტი პოზიტიური გარემო, მუდმივი მხარდაჭერა და ჩართულობა უფროსის მხრიდან. ამის უზრუნველყოფა ისე უნდა მოხდეს, რომ მისი „მეს“ შეგრძნება განვითარდეს და არ დაითრგუნოს, რასაც მუდმივად წახალისება და ასევე დამოუკიდებლად მოქმედების სწავლება სჭირდება.

თუ სხვა მისი თანატოლი ბავშვები დედის დავალებებს ასრულებენ, მას დედის დაძახება უჭირს.

თუ ერთხელ ხმას ავუწიე ან თუნდაც არამეგობრული ტონი შემომეპარა, ქცევა ერევა, უფუჭდება განწყობა და დესტრუქციული ხდება. თუ აქამდე მივიდა საქმე, ორმაგი შრომაა საჭირო, რომ კვლავ გაწონასწორებულ მდგომარეობამდე დავაბრუნო.

საბედნიეროდ, თანამედროვე ფსიქოთერაპიას აქვს პასუხები, თუ როგორ ვმართო ბავშვის ფსიქიკა აუღელვებლად, როგორ ვეცადო შევთავაზო ის, რაც არ მოსწონს, როგორ ვიყო პრინციპული, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში ეს შეუძლებელია. მშობელს ისედაც ძალიან დიდი ნებისყოფა მართებს, მუდმივი თავშეკავება და ფსიქოლოგების ინსტრუქციების მიყოლა.

ბავშვისთვის აუცილებელია ხალხმრავალ გარემოში ადაპტაცია, რომ თავადაც საზოგადოების წევრად იგრძნოს თავი, მაგრამ ეს როგორ მოვახერხო, როცა ორი დღის წინ მგზავრებმა მაიძულეს, მიკროავტობუსიდან ნაადრევად ჩამოვსულიყავი ბავშვთან ერთად. მიზეზი კი იმ  მგზავრების დაჟინებული მოთხოვნა იყო,  რომლებმაც ჩათვალეს, რომ ბავშვს რაღაც ახირების გამო კალთაში არ ვისვამდი. სინამდვილეში კი, ამის გამო ბავშვს ქცევა ერევა: მას აუცილებლად საკუთარი სკამი სჭირდება თვითშეფასების შესანარჩუნებლად

თუ ბიჭმა უნებლიე ტირილი დაიწყო, ზოგჯერ მრისხანედ მომმართავენ - “არ აჩუმებთ ბავშვს, ვერ ხედავთ, დაღლილები ვართ ყველა. სამარცხვინო დედა ხართ,  ბავშვი ტირის, თქვენ კი არც იმჩნევთ”. ჩვენ კი ამ დროს შესაბამისი ქმედებების ცხრილი გვაქვს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ კონკრეტულ შემთხვევაში და მივყვები დასწავლილ ინსტრუქციას...

ახლა, როცა ჩემი ცხოვრების წარსულ ეტაპებს  ვიხსენებ, აი, მაშინდელს, სანამ ჩემიც გახდებოდა ეს პრობლემა,  თუ რა დამოკიდებულება მქონდა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებზე, მრცხვენია ჩემი ფიქრების.

ვფიქრობ, ბავშვთა ადრეულ განვითარებაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა  უფრო მეტადაა გასაძლიერებელი, როგორც ნებისმიერი მშობლისათვის, ასევე ფართო საზოგადოებისათვის, რადგან ნებით ნუ უნებლიეთ, ერთმანეთის წარმატებას განვსაზღვრავთ.

ცხადია, სახელმწიფო გვეხმარება ასეთ ოჯახებს, თუმცა საერთო შედეგის გამოსწორებას თან უნდა ახლდეს გამომწვევი მიზეზების დადგენა, რათა მომავალმა მშობლებმა მაინც აიცილონ ეს განსაცდელი ან შეამცირონ  მაინც მისი შედეგების სიმწვავე.


პროექტი ხორციელდება Global Fund for Women-ის მხარდაჭერით

2022
Mark