ზღვარ-აბნეულო
საქართველო, სად ხარ?
ავტორი: ელისაბედ გედევანიშვილი
ზღვარი მოქალაქესა და გარემოს შორის ნელ-ნელა იშლება. ორი ათას ოცდაოთხი წლის კანონების ერთობლიობამ და ოქტომბრის არჩევნებმა ხალხს შეჩვეული ნაჭუჭი -„შინ ევროპისკენ“ - გამოაცალა და გააღიზიანა. ეს მუხტი ყველაზე თვალსაჩინო თავშეყრის ადგილებშია: მაღაზია, ტრანსპორტი, ქუჩა. ასეთი კრიზისი მოსახლეობას მოქალაქეობრივ პოზიციას ახსენებს. საქართველოს სუსტი დემოკრატიული ინსტიტუციების პირობებში მოქალაქეობრიობა, ხშირად პოლიტიკაზე უსიამოვნო საუბარს, გარეთ გამოსვლას და ქუჩაში პოზიციის დაფიქსირებას საჭიროებს. ერთი მხრივ, თავშეყრა და პროტესტი თანაგრძნობას და კოლექტიურობას აღვივებს. მეორე მხრივ, რეპრეზენტაციული დემოკრატიის უკვე აღქმული კრახი გაღიზიანებას იწვევს, რადგან მოსახლეობისგან ითხოვს ისეთ მოქალაქეობრივ პასუხსიმგებლობას, რომელიც გადაფარავს რუტინულ მოვალეობებს და საფრთხეს შეუქმნის ყოველდღიურობის კვლავწარმოებას.
პოლიტიკურ და მის თანმდევ, ეკონომიკურ კრიზისს, წარმოებული კულტურული კრიზისიც ემატება, ფონად კი კლიმატის მძაფრი ცვლილება გასდევს. გადაუდებელი კრიზისები პირადსა და გარეს, შინაურს და უცხოს, ეროვნულ და უცხოურ გეოპოლიტიკურ ძალებს შორის არსებულ და მიღებულ საზღვრებს შლიან. ამ გაუცხოებულ გარემო პირობებში, პირველადი გრძნობები შფოთად იქცევა და აწმყოსა და მომავალზე ნერვიულობაში ილექება (Batiashvili 2024). სად ვართ? სად არის საქართველო? ისმის რიტორიკული კითხვა.
კითხვაზე პასუხი იცვლება იმის მიხედვით, თუ ვინ პასუხობს. დარგობრივი და მიზნობრივი ანალიზი დისკუსიისა და კრიტიკისთვის შეიძლება უპრიანი იყოს, მაგრამ ყოველდღიურობაში, მღელვარების ფონზე, სად არის საქართველო? - გააჩნია.... - არ კმარობს. რეალობა დატვირთულია — ფიზიკურ, პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ და კულტურულ რუკებზე საქართველოს ზღვრები მუდმივი დისკუსიის საკითხია. სახელმწიფო მუდმივად აბნეულია სხვებში, სახელმწიფოზე-დიდ-წარმონაქმნებში, და, შესაბამისად, უკურეაქციით, თავის შესანარჩუნებლად გაცხადებულად ცდილობს თავი შემოისაზღვროს (Balibar 2002).
საბჭოთა კავშირის ჩამოშლის შემდეგ, სახელმწიფო და ეკონომიკური სტრუქტურების გაქრობის გარდა, გლობალურ შკალაზეც წაიშალა დიდი პოლიტიკური წარმონაქმნი, რამაც დემოკრატიზაციის მესამე ტალღა გაამძაფრა (Haggard and Kaufman 2016). ფრენსის ფუკუიამამ ამ პერიოდის ტალღას „ისტორიის დასასრული“ (Fukuyama 2006) უწოდა. მის მიხედვით, საბჭოთა კავშირის ჩამოშლისას ლიბერალურმა დღის წესრიგმა გაიმარჯვა და ახლა ამ დღის წესრიგის აღსრულებას უნდა დათმობოდა დრო, განსაკუთრებით ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც ამ სამყაროს ახლახან შემოერთებოდნენ. ისტორიის დასასრულს ნათელი იყო გეოპოლიტიკურად სად უნდა ყოფილიყო საქართველო, რომ თვითონ არ დასრულებულიყო და გამქრალიყო რუკიდან.
ქვეყნის შემოსაზღვრის პროცესს სარჩულად ედო კულტურული ნაციონალიზმი, რომელიც საქართველოს სამართლიანობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ პროექტად ქცევის ნაცვლად, ქვეყანას იდეალიზებული, ნოსტალგიური ბრწყინვალების წარსულ ხატში აბრუნებდა (Jones 2015)[1]. არსებობის გასამართლებლად წარსულს ისეთ კანონიკურ მოვლენებს უტოლებდა, როგორიც ევროპის დასაბამი (ზეზვა და მზია) და ბერძნების თანამედროვეობაა (მედეა და კოლხეთი).[2] ყალიბდებოდა საქართველოს მითი, რომელშიც მისი ეროვნული კულტურის გამარტივებული ხატი ჭარბობდა (Khalvashi 2018). წარსული ბრწყინვალების იდეა აწარმოებდა მომავლის სპეკულაციურ ხედვას; გამოტოვებული იყო აწმყოს მდგომარეობა და, შესაბამისად, ხალხის ყოველდღიურობაში არსებული დარდი. საბჭოთა ჩაკეტილობის გამოცდილება და რუსეთის ჩრდილიდან გამოსვლის სურვილი დემოკრატიის მცდელობაში იტოტებოდა. დემოკრატიის ეგიდით და მისივე იდეის მოხელთებით, მოსახელობას პირდებოდნენ საქართველოს პირვანდელი, გაბრწყინებული სახის დაბრუნებას.
პოსტ-საბჭოთა სივრცეს, განსაკუთრებით იმ კონტექსტებს, სადაც რევოლუცია მოხდა, დემოკრატიის და ავტორიტარიზმის ორობის ანალიზისთვის იხელთებენ ხოლმე. მათზე დაკვირვებით, რეჟიმების განვითარების ტრაექტორიის მოხაზვა შეიძლება (მაგ., Levitsky and Way 2010). ორობითი მზერის ანახსლეტია უცხოური ლიტერატურაც, რომელშიც საქართველოს პერიოდიზაცია ორობით შკალაზე ხდებოდა და თითქმის ყოველთვის თან ახლდა ნაციონალიზმი: საბჭოთა / პოსტ-საბჭოთა, დემოკრატია / ავტორიტარიზმი, ლიბერალიზმი / კონსერვატიზმი. კმარობდა კი ეს ლიტერატურა? აქ იყო საქართველო? შეიძლება, აკადემიური ლიტერატურის ღრიჭოების ამოსავსებად საკმარისია პოლიტიკური სისტემის მონიშვნა დემოკრატიულად, ავტორიტარულად ან, საქართველოს შემთხვევაში - ჰიბრიდულად. მაგრამ განმარტების გარეშე, უპასუხოდ დატოვებული კითხვებით - რატომ, რა მიზნისთვის და როგორ - ასეთი ანალიზი და მისგან წარმოებული პოლიტიკა ზედმეტად ვიწრო და ზედაპირულია. ცალკე მდგომ სიტყვას, დემოკრატიას, საზრისი ეცლება, იფიტება. მეტიც, გადამეტებული აქცენტი დემოკრატიაზე ხელს აფარებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებს; ხალხის იმ ჯგუფებს, რომლებიც დემოკრატიის ხარისხის მიუხედავად, ერთმანეთსაა გადაჯაჭვული და სახელმწიფოებრივ ფიზიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ საზღვრებს თავის სასარგებლოდ ატრიალებს, მოქალაქეების ყოველდღიურობაზე ყურსაც არ იბერტყავს და მათ წარსულის ნოსტალგიით, მომავლის დანაპირებში აცხოვრებს.
ინვესტიციებისთვის შემამზადებელი პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები წამყვანი ანალიტიკური მზერის მიღმა რჩებოდა. აქა-იქ თუ შევხვდებით სტატიებსა და წიგნებს, რომლებიც რუკაზე საქართველოს მოსაზღვრას საგარეო პოლიტიკის ორობითი გაგების მიღმა კითხულობენ და ამ პროცესს აანალიზებენ სახელმწიფოებრივი მითის ჩამოყალიბების პროცესში (მაგ., Khalvashi 2018), ან ყურადღებას აქცევენ გეოპოლიტიკური წყობის განმტკიცებას და მას მოყოლილ უკურეაქციას ქვეყნის ფიზიკურ რეალობაში (მაგ., Barry 2013; Gambino 2021). დროთა განმავლობაში ეს პროცესები გამძაფრდა. საქართველოს სერვისების და საქონლის გლობალურ მიმოქცევაში ჩართულობას კრიტიკის ზრდა მოყვა, გამძაფრდა წინააღმდეგობაც. ამ მიმოქცევისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა საქართველოს მასშტაბით ეგება და თავს გზებში, ენერგოინფრასტრუქტურაში, წიაღისეულის მომპოვებელ კარიერებში, ტურიზმის ინფრასტრუქტურაში პოულობს. ხშირად, ადამიანების საარსებო გარემოს კვეთს და ანადგურებს. გარემოში ჩარევითი პროექტის მახლობლად მცხოვრებნი საარსებო გარემოსთვის იბრძვიან. წლების განმავლობაში, ლიბერალური დემოკრატიის იდეალების გადმოქართულების შედეგად საზოგადოებრივი პრობლემის ცნების დამკვიდრებულ, მიღებულ გაგებასა და ამ ადამიანების რეალურ წუხილებს შორის ნაპრალი დიდია (Rekhviashvili 2023). თანმიმდევრული სოციალური პოლიტიკის არარსებობას და მისგან გამოწვეულ ზიანს მოქალაქეები ნაკლებად გამოჰყავს პარლამენტის წინ სააქციოდ. ამავდროულად, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების ხელში დოვლათის შექუჩებისგან გამოწვეული ზიანი მრავლდება და ნელ-ნელა ცენტრს უახლოვდება. შუქრუთელების ერთ-ერთ აქციაზე ისმის, რომ “ეს ამბავი ყველას კარამდე მოვა…(რომ) მცოცავია პრობლემა.”[3] ხელშეუხებელ და გაპარტახებულ გარემოს შორის საზღვრები იშლება. გარემო იფიტება და მისი გამოშიგვნა უფრო და უფრო მეტ მოსახლეს ეხება. ამას საქართველოს განვითარების მოდელი და მისი ნაწარმოები უთანასწორობები სააშკარაოზე გამოაქვს. ჩიხში შეჰყავს როგორც მიღებული მოქალაქეობრივი ცნობიერება და ქვეყნიერების შინაური, ერთობლივი აღქმა, ასევე სახელმწიფოს ადგილი გეოპოლიტიკურ ველზე.
საქართველო დიდწილად გამოტოვებულია იმ კრიტიკული ლიტერატურიდან, რომელიც გლობალურ შკალაზე უსწორებს უთანასწორობებს თვალს და ამ აბლაბუდაში გამორკვევას ცდილობს. ლიტერატურის უმეტესობაში, მსოფლიო გლობალურ ჩრდილოეთად (Global North) და სამხრეთად (Global South) არის დაყოფილი. ჩრდილოეთი კოლონიალისტ, ევროპულ და დასავლურ ქვეყნებს აღნიშნავს. სამხრეთი - კოლონიალიზმის მარწუხებიდან დაღწეულ სამხრეთ ამერიკის, აზიის და აფრიკის ქვეყნებს, რომლებიც დღემდე უთანასწორო ურთერითმიმართებაში არიან ჩრდილოეთთან. იქ დღემდე იგრძნობა კოლონიალიზმის გავლენა პოლიტიკურ სტრუქტურებზე. ეკონომიკა დამოკიდებული და გამოფიტულია. ზოგი ამას ნეო-კოლონიალიზმსაც კი უწოდებს. კოლონიალიზმის პროექტში ერთმნიშვნელოვნად ვერ ეწერება საქართველო. პირველ, მეორე და მესამე სამყაროდ დაყოფილ იერარქიაში, მისნაირი ქვეყნები, რომლებიც ჩრდილოეთს და სამხრეთს შორის მოქცეულან, უთანასწორობის ანალიზის ველიდან ქრებიან. იდეაში, მეორე სამყარო და მისმიერი საქართველო საკმარისად ახლოს არის პირველ სამყაროსთან, რომ გამორიცხოს ექსტრაქტივიზმისთვის და ექსპლუატაციისთვის საჭირო, მესამე სამყაროსეული მსხვერპლშეწირვა, მაგრამ საკმარისად შორს არის ჩრდილოეთისგან იმისთვის, რომ ინტეგრაციის, დემოკრატიის და ნაციონალიზმის კითხვები იყოს რელევანტური. გლობალური ჩრდილოეთის და სამხრეთის საპირწონედ, საქართველოსებრი ნაცრსიფერი ტერიტორიის წინ წამოსაწევად და სამხილებლად შეიქმნა გლობალური აღმოსავლეთის ცნება (Müller 2020), რომელიც მეორე მსოფლიოს პერიფერიების ანალიტიკურ კატეგორიას ერგება.
ევროპასთან დაახლოებისას მის პერიფერიად ვიქცევით. მსგავსი გამოცდილება აქვთ კავშირის გაფართოებაში შესულ ბოლო ქვეყნებს. ისინი ინსტიტუციურად ჰარმონიულ, ახალ საექსპორტო ბაზრად და ევროპის გამწვანებისთვის საჭირო ინვესტიციების სივრცედ მოინიშნენ (Vukov 2023). ევროპას დამატებული აზიის ქვეყნები ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის განვითარებით ცდილობენ განამტკიცონ და გააფართოონ საკუთარი საერთაშორისო გავლენა. ამავდროულად, საქართველოს პოლიტიკური სისტემები რუსეთის და სხვა აღმოსავლეთ ევროპული და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეპრესიულ, ავტორიტარიზმის ხასიათის მატარებელ სტრუქტურებს ემსგავსება. ასეთი პოლიტიკური სისტემები შეიძლება ზემოდან წამოსულ ინფრასტრუქტურულ განვითარებას ამარტივებდნენ კიდეც. თუკი „ისტორიის დასასრული“ საქართველოში ადრე უფრო ცალსახა იყო, ახლა, ამ გეოპოლიტიკური ძვრების და თვითონ საქართველოს შიდა ტრანსფორმაციების ფონზე, ზღვრების გამორკვევა უფრო რთულია; რთულია გაიგო სად იწყება და მთავრდება ლიბერალიზმი, დემოკრატია და კონსერვატიზმი და ზუსტად როგორ ებმით მათ ექსპლუატაცია, ექსტრაქტივიზმი და გამოშიგვნა.
და მაინც, სად არის საქართველო? საქართველოს მზარდ პერიფერიულობას და მის ტრანს-სოციალისტურ მდგომარეობას (Krёlex zentr, Pagulich, and Shchurko 2021) მრავალი ურთიერთგამომრიცხავი ქვაკუთხედი აქვს. ასეთი გარემო პირობები მომავლის მკვეთრი მიმართულების გამოსახვის ნიადაგს არ იძლევა. სახელმწიფოებრივი და მასში შემავალი მოსახლეობის ზღვრები აღრეულია კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ წარმონაქმნებს შორის. მაგრამ საზღვრებზე მეტად, მათი განმაპირობებელი პროცესების გამორკვევა და ამ პროცესების წარსულისთვის, აწმყოსთვის და მომავლისთვის ამოყენებაა წინაპირობა იმისა, რომ გაგვეგოს—სად იყავი? სადა ხარ? და სად მიდიხარ, საქართველო.
გამოყენებული ლიტერატურა:
Balibar, Étienne. 2002. Politics and the Other Scene. London: Verso.
Barry, Andrew. 2013. Material Politics: Disputes along the Pipeline. Chichester, West Sussex: Wiley-Blackwell.
Batiashvili, Nutsa. 2024. ‘Anxiety of Treason in a Small Country: “Russian Agents” and Disturbed Identities in Georgia’. History and Anthropology 35(3): 394–414. doi:10.1080/02757206.2022.2116018.
Fukuyama, Francis. 2006. The End of History and the Last Man: With a New Afterword. 1. Free Press trade paperback ed., [Nachdr.]. New York, NY: Free Press.
Gambino, Evelina. 2021. ‘(RE)PRODUCING THE LOGISTICAL FUTURE: ETHNOGRAPHY, INFRASTRUCTURE AND THE MAKING OF GEORGIA’S GLOBAL CONNECTIONS’. University College London.
Haggard, Stephan, and Robert R. Kaufman. 2016. ‘Democratization During the Third Wave’. Annual Review of Political Science 19(Volume 19, 2016): 125–44. doi:10.1146/annurev-polisci-042114-015137.
Jones, Stephen F. 2015. Georgia: A Political History since Independence. New paperback edition. London New York: I.B.Tauris.
Khalvashi, Tamta. 2018. ‘The Horizons of Medea: Economies and Cosmologies of Dispossession in Georgia’. Journal of the Royal Anthropological Institute 24(4): 804–25. doi:10.1111/1467-9655.12918.
Krёlex zentr, Lesia Pagulich, and Tatsiana Shchurko. 2021. ‘Postsocialist Poetics Interview with Kre ̈lex Zentr’. In Postcolonial and Postsocialist Dialogues: Intersections, Opacities, Challenges in Feminist Theorizing and Practice, Routledge advances in feminist studies and intersectionality, eds. Redi Koobak, Madina Vladimirovna Tlostanova, and Suruchi Thapar-Björkert. Abingdon New York (N.Y.): Routledge, Taylor & Francis Group.
Levitsky, Steven, and Lucan Way. 2010. Competitive Authoritarianism: Hybrid Regimes after the Cold War. New York: Cambridge University Press.
Müller, Martin. 2020. ‘In Search of the Global East: Thinking between North and South’. Geopolitics 25(3): 734–55. doi:10.1080/14650045.2018.1477757.
Rekhviashvili, Lela. 2023. ‘We Need to Talk about Political Society: Subaltern Resistances beyond Civil Society in Eastern Europe and Eurasia’. Central Asian Survey 42(2): 219–37. doi:10.1080/02634937.2022.2113033.
Vukov, Visnja. 2023. ‘Growth Models in Europe’s Eastern and Southern Peripheries: Between National and EU Politics’. New Political Economy 28(5): 832–48. doi:10.1080/13563467.2023.2189695.
[1] შეიძლება ითქვას, რომ კულტურული ნაციონალიზმი საბჭოთა კავშირის ნაკვები იყო (Jones 2015)
[2] ეს ორი მაგალითია სხვა, ზღვა ალეგორიებიდან.
[3] პარლამენტის წინ გამართული აქცია, 26 სექტემბერი, 2024.
პროექტის მხარდამჭერია დალანის ფონდი