ახალგაზრდა მწვანეები



პუბლიკაციები

ბლოგები

︎︎︎Ზოგჯერ სხეული, უბრალოდ სხეულია, რომელიც შეგიძლია მოხატო კიდეც
︎︎︎პოლიტიკური ნების იარაღად გარდაქმნილი სხეული
︎︎︎სხეულს ახსოვს განგაში
︎︎︎მტეხს, მაგრამ აჩრდილი აღარ არის!
︎︎︎ტკივილსა და თანაგრძნობაზე: ემოციები, როგორც პოლიტიკური
გამაერთიანებელი
︎︎︎ფემინისტური თეატრი, როგორც პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი ︎︎︎ფემინურობა ციფრულ ველში: რეალობით ნაწარმოები თამაში, თუ თამაშით ნაწარმოები რეალობა?
︎︎︎Homo-Economicus: ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ

სრული სია︎


ორგანიზაციის
შესახებ —
  1. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
  2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

Mark

ვიზუალური ნამუშევრები -
სხეული განცდა და გამოცდილება






ავტორი: გიკა მიქაბაძე

ავტორის შესახებ:

გიკა მიქაბაძე ინტერდისციპლინარული არტისტია. მუშაობს ვიდეო, ფოტოგრაფიისა და ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით. ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კინომცოდნეობის პროგრამის სამაგისტრო საფეხურზე. მისი ნამუშევრების სტილი მკვეთრი, მჭახე და მკაფიოა, ხოლო ხასიათი ერთდროულად ბავშვური და დრამატული. სამუშაო გამოცდილება მოიცავს ნამუშევრებს სამეფო უბნის თეატრისთვის (თბილისი), გოეთეს ინსტიტუტისთვის და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი, კოლაბორაციული პროექტისთვის. ამჟამად მუშაობს საერთაშორისო კრეატიულ სააგენტო JWT METRO-ში, ფოტო და ვიდეო კონტენტზე.


Ნამუშევრის შესახებ:

ფოტოზე ასახულია სოფიო ზერაგია, მსახიობი, ტადეუშ სლობოჯანეკის პიესის „ჩვენი კლასი“ (რეჟ. თემურ ჩხეიძე. სამეფო უბნის თეატრი) დადგმაში. ფოტო გადაღებულია ცალკე, თამაშის დაწყებამდე. პერსონაჟი დორას განსახიერებისას, სოფიო აღბეჭდილია მკვეთრ შუქში და კონტრასტულ ფონზე. მუქი ჩრდილი, რომელიც მის ხელებსა და ქვედატანს ერტყმის, დორას ტრაგიკულ ამბავსა და ტანჯვას სიმბოლირებს. თავდაჭერის და მორიდების მიუხედავად, მისი სხეული ამაღელვებლად ამჟღავნებს გმირის მძაფრ ტკივილსა და წუხილს.



ავტორი: ელენე დუდუჩავა

ავტორის შესახებ:

ძირითადად ვმუშაობ ფოტო და ვიდეო მედიუმში, თუმცა, ჩემს ნამუშევრებში ხშირად შეხვდებით მხატვრულ ტექსტს, როგორც პროექტის ერთ-ერთ მთავარ ასპექტს.

ხშირად ვიყენებ პერსონალურ გამოცდილებებს და დაკვირვებებს საზოგადო კონტექსტებზე და პოლიტიკურობაზე სალაპარაკოდ. განსაკუთრებით დაინტერესებული ვარ და ვიკვლევ ისეთ თემებს, როგორიცაა: გენდერი, ზრუნვა, ურთიერთობები, მეხსიერება, მიგრაცია, გლოვა, ბრაზი და, ზოგადად, ემოციათა მრავალფეროვნება თუ კომპლექსურობა ადამიანებში. ჩემი ბოლო ნამუშევარი (გამოფენა) "ასე ახლოს, ასე შორს" ზრუნვის ქოლგის ქვეშ აერთიანებდა 2 მიმართულებას: გერმანიაში მიგრაციას ოპერად, ანუ 1 წლიან ზრუნვის შრომაში ჩართულობას და ამასთან ერთად, იმავე პერიოდში არსებულ სხვა ზრუნვის ტიპზე - სასიყვარულო ურთიერთობაზეც გვიყვებოდა


ნამუშევრის შესახებ:

ეს ნამუშევარი საკმაოდ სპონტანურია და მთლიანად აგებულია იმ სხეულებრივ განცდებზე რაც ამ პერიოდში მახლდა თან. განსაკუთრებული დისკომფორტის თუ ტრანსფორმაციის გამოცდილება ემიგრაციამ გამოიწვია, იმ გაუცხოებამ რაც არა თუ გარემოსთან, არამედ საკუთარ თავთან და სხეულთანაც კი გვემართება, როცა რაღაცა ძალიან ნაცნობს ვშორდებით. ძველი "ფოტო ავტომატის" პორტრეტიც არ არის შემთხვევითი, მთელი წლის მანძილზე, ძალიან ხშირად ვიღებდი ჩემს თავს, იმის დასაკვირვებლად თუ როგორ ვიცვლები ან ვრჩები იგივე. ეს ავტოპორტრეტები ყველაზე მარტივი გზა აღმოჩნდა ჩემთვის ჩემივე თავის მოსახელთებლად და იმის დასანახად და სადემონსტრაციოდ, რაც ამ პერიოდში ემოციურად თუ ფიზიკურად გადავიტანე. სხვადასხვა ტექსტურები, მასალები და სტიქიები იმ გამოცდილების უტრირებული ფორმაა რაც გადამხდა. თვითონ ნამუშევარიც ძალიან აფექტურია, დაუგეგმავი და ნაჩქარევი, რადგან იმ მომენტში როცა გადავიღე ჰაერივით მჭირდებოდა ვიზუალურად იმის გამოხატვა თუ რას ვგრძნობდი ამ ცვლილებებისას. შესაბამისად ეს პატარა პროექტი თან ძალიან ინტიმური და პერსონალურია, მაგრამ, თან უნივერსალური, რადგან დარწმუნებული ვარ, აფექტურ მდგომარეობაში ბევრ ჩვენთაგანს ნდომებია მიწაში ჩაფლობა, წყალში უწონადობა თუ საკუთარი თავისთვის ბოლომდე აალების უფლების მიცემა.





ავტორი: KOI (Kerosene on ice)

ავტორის შესახებ:

KOI (Kerosene on ice) ფოტოგრაფი, ვიზუალური ხელოვანი და კურატორია თბილისიდან. სახელოვნებო და ფოტო პროექტებში იკვლევს ცისჰეტერონორმატიულობისა და კაპიტალიზმის სისტემური ჩაგვრებს ქვეშ ქვიარობის სოციო-პოლიტიკურ მნიშვნელობას და მისთვის დამახასიათებელ წინააღმდეგობრიობის ფორმებს.


ნამუშევარის შესახებ:

ნამუშევარი ტრანს პორტრეტების და ქართულ დრეგ სცენაზე გენდერის პერფორმანსის შესახებ შექმნილი სერიის ნაწილია, რომელიც ტრანს და არაკონფორმულ სხეულებს და მათ გამოცდილებებს ეძღვნება. სერიები ცდილობს გაცდეს სხეულის ამა თუ იმ ნიშნით ბინარულ სისტემაში მონიშვნის იდეას და წინააღმდეგობრიობაში მოვიდეს არა მხოლოდ თემს გარეთ, არამედ თემს შიგნითაც არსებულ სტერეოტიპებთან.

პორტრეტები მცდელობაა სხეული აღიქვას არა მუდმივ მოცემულობად, არამედ საკვლევ, ცვალებად სუბიექტად და ამასთანავე მონიშნოს იგი როგორც ინდივიდუალური, სახელოვნებო, სოციალური და პოლიტიკური მედიუმი.






ავტორი: მარიამ საკნელაშვილი

ავტორის შესახებ:

ბავშვობიდან მიტაცებს ხელოვნება,პროფესიონალურად ამ სფეროში მუშაობა 2019 წლიდან დავიწყე, პირველი სოლო გამოფენა კი 2022 წელს მქონდა.


ნამუშევრის შესახებ:

ეს ნამუშევარი ასახავს ცვლილებებს,რომელიც ყოველდღიურად ხდება ჩვენს თავს და ამიტომაც ვერ ვამჩნევთ.მაგრამ რაღაც დროის მერე თუ უკან მოვიხედავთ ვნახავთ რომ "გამოვიცვალეთ",თითქოს კანი ვიცვალეთ და ფიქრი: რა გრჩება ხელში მაშინ როცა შენი სხეული იცვლება დროში და გამოცდილებებში?






ავტორი: სალომე ბუკია

ავტორის შესახებ:

სალომე ბუკია, 29 წლის, ინტერდისციპლინარული არტისტი. ამჟამად ვცხოვრობ და ვმუშაობ თბილისში. ხელოვნების თეორიისა და კრიტიკის ისტორიას გავეცანი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. სწავლების პარალელურად დავინტერესდი პრაქტიკული საქმიანობითაც, დავიწყე მოკლე ვიდეო ჩანახატებისა და ფოტოების გადაღება, აგრეთვე მხატვრული ლიტერატურის წერაც. "ჰორიზონტები და ვერტიკალები" გამოქვეყნდა, როგორც ფიზიკურად "ავტოპილოტში", აგრეთვე ონლაინ გამოცემაშიც "სიტყვები". 2021 წლის გაზაფხულზე, ავსტრიაში, სახელოვნებო სივრცეში "Insel" სოლო შოუმ, სადაც გამოფენილი იყო პანდემიის პერიოდში ბერლინში ცხოვრებისას შექმნილი ფოტოპროექტი, ბიძგი და მოტივაცია მომცა ფოტოგრაფიაში უფრო ინტენსიურად და თამამად მემუშავა. ამჟამად, პრაქტილულადაც ვცდი და დაინტერესებული ვარ ფოტოგრაფიისა და სხვადასხვა შერეული ტექნიკის მეშვეობით ობიექტების შექმნით. სწავლების ბოლო პერიოდი იყო არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა - “შემოქმედებითი მედიაცია” - თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-თბილისი CCA, 2022 წელს და ასევე ფოტოგრაფია - მხატვრული სპექტრი. - CES შემოქმედებითი განათლების სტუდია 2022. პარალელურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში და აგრეთვე საერთაშორისო სახელოვნებო რეზიდენციაში, ფოტოხელოვნების საერთაშორის ფესტივალის „შავი ზღვა 2022“, „შავი ზღვა 2023“ ქალაქ ფოთში.


ნამუშევრის შესახებ:

ფაილში წარმოდგენილია ავტოპოტრეტი და მიმდინარე სერიიდან, "ჰელიოსისტემის ცენტრი", ორი ნამუშევარი და გზაზე შემხვედრი ობიექტი  „სხეულის გარეშე, სულის გარეშე“. ჰელიოსისტემის ცენტრი - ეს არის მიმდინარე და დაუსრულებელი პროექტის სახელი. ფოტო პროექტის მიზანია კვლევის შედეგად, ქალების სხეულების შესწავლა სტრესისა და სხვდასხვა აშლილობის შემდეგ, მისი წარმოჩენა ფოტოგრაფიის საშუალებით, მხატვრული ძიებებითა და ექსპერიმენტებით სარელაქსაციო გარემოში. პირველ ეტაპზე, მოცემულ ფაილში, თბილისში, გოგირდის ერთ-ერთ აბანოში გადაღებული ნამუშევრებია. ბიუჯეტის სიმცირისა და ერთი და იგივე ფსიქო-მოციური მდგომარეობის უქონლობის გამო ფოტო პროექტზე პრაქტიკული მუშაობა ამჟამად შეჩერებულია. ავტოპორტრეტებს პანდემიის პერიოდში ვიღებდი, დროთა განმავლობაში ჩემს თავს დამჭკნარ, მკვდარ, მაგრამ ფუნქციურ ყვავილებთან ვაიგივებდი, ერთ ჩემთვის მშვენიერ დღეს ტელეფონის გალერეაში ფოტოთა ეს წყება ვიპოვე, დავქრინე და შევინახე, როგორც ერთიანი, ცოცხალი ფსიქიკური სხეული. „სხეულის გარეშე, სულის გარეშე“ წარმოადგენს, როგორც ძალიან მძიმე ასევე უწონადო მდგომარეობას.





ავტორი: ტ.

ნამუშევრის შესახებ:

ამ ნიღბის ქვეშ კიდევ ერთი ნიღბით. არასდროს მოვრჩები სახეთა ცვლას. დანაკლისის მანია მიპყრობს დილითვე, სანამ შებოჭილ გრძნობას არ გავყვები დაღამებისას.

ყველგან შემოვიხვევ წელვად ნაჭერს, სახეზეც კი: სანამ შვებას არ ვიგრძნობ ამ გადამოძერწილ სხეულში.

ყველგან შემოვიხვევ წელვად ნაჭერს, კისერზეც კი: სანამ უჰაერობა არ მაიძულებს ფილტვებით სუნთქვას.


ჯვარსაც ჩამოვიკიდებ, ჩემს თვალის წინ, რომ ასე ვიპოვო გზა ჩემი წმიდა.


1 Corinthians 3:16


აღმატებულად მოვირგებ ფაფახს.


თუ სიხარული მეწვევა ისევ, ჯერ გავიხსენებ მის წინა ღალატს.


დროთადრო ღვთის მიერ დამცირებას დავეძებ, რათა დავრჩე ხსნის გზაზე.

Jude 1:23




ავტორი:  Ethernet _011

Ნამუშევარი: The Fool, Card 0


ავტორის შესახებ:

მანანიკო კობახიძე/ Ethernet (დაიბადა 1991 წელს, თბილისი, საქართველო), არის ციფრული ხელოვანი და ილუსტრატორი, ამჟამად ცხოვრობს თბილისში.

2017 წელს მან დაამთავრა სახვითი ხელოვნების, გრაფიკის ბაკალავრიატი თბილისში, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.

არის DAAD სტიპენდიანტი, დაამთავრა ბრემენის ხელოვნების უნივერსიტეტი,  მაგისტრის ხარისხით ციფრულ მედიაში, 2021 წელს.

მისი ნამუშევრები ფოკუსირდება თამაშების თეორიაზე და მათ გავლენაზე სოციუმში, მუშაობს 3D-ში, VR, AR, ქმნის თამაშებს.


Ნამუშევრის შესახებ:

The Fool/ სულელი დანომრილია 0-ით - მას აქვს შეუზღუდავი პოტენციალი,  ამიტომ მას არ აქვს კონკრეტული ადგილი ტაროს კარტების თანმიმდევრობაში. სულელი შეიძლება განთავსდეს  Major Arcana - ის დასაწყისში ან ბოლოში. Major Arcana-ში ეს კარტი ხშირად განიხილება როგორც  სულელის მოგზაურობა ცხოვრებაში, ის ყოველთვის იმყოფება/არსებობს და არ სჭირდება ნომერი.





ავტორი: ქეთა ბახტაძე

ავტორის შესახებ:

გამოფენებში მონაწილეობის და რაც არტისტის ბიოგრაფიას შეშვენის, იმ კუთხით ყველაზე აქტიური ბავშვობაში ვიყავი.  ახლადგასრულწლოვნებისას ცოტა თუ ბევრი ფიქრის შემდეგ,  ისე მოხდა, რომ მთელი ჩემი ყურადღება ფსიქოლოგიის შესწავლაზე გადაერთო და ჩემი “არტისტობა” პატარა სქეჩბუქის ამარად დარჩა, მაგრამ საბოლოოდ მაინც  პატარა ქეთას გატაცებებს მივუბრუნდი და ბოლო ორი წელია ილუსტრატორად და გრაფიკოს დიზაინერად ვმუშაობ კრეატიულ სააგენტო “Tetragon”-ში. ცოტა ხნის წინ ფრილანსერის ამპლუაში ზღაპრების კრებულის ილუსტრირების სიამოვნებაც მხვდა წილად. და რა ვიცი… იმედი მაქვს, დროის მანქანით ჩვენს დროში ჩამოსული მე მეტი რამის დაწერას შეძლებდა ამ გრაფაში.


ნამუშევრის შესახებ:

ეს კონკრეტული ალმური, რომელსაც მიეძღვნა ნამუშევარი, გამოძახილია არა სირცვილის, არამედ სასიამოვნო ამაღელვებელი განცდების, რომელიც შეყვარების დროს გვეუფლება. ეს სიყვარული შეიძლება მიემართებოდეს როგორც სხვა ადამიანს, ისე ადამიანთა ჯგუფს ან საერთოდაც, ზოგადად  სამყაროს, სამყაროსთან ერთად კი საკუთარ თავს.




Mark