უანარეკლოდ
(ლოცვა - ხმამაღლა წასაკითხი)
ავტორი: წიწკვი ჭაბუკი
შინაარსობრივი რედაქტორი: ლიკა გულბანი
დადგება დღე, როცა განიწმინდები, როცა უფერული, უსუნო, განუსაზღვრელი ფორმის წვეთები აღარ გაჩერდებიან და მათში არეკლილი მაინც დაინახავ შენს თავს. წყლის ზედაპირის დაჭიმულობა საკუთარ სიმკვრივეს გაგააზრებინებს. სხვისი თვალები აგირეკლავენ, თუმცა შენ აღარ იქნები მათი ტყვე, აღარ დაელოდები მათ წყალობას.
დადგება დღე, როცა გაიაზრებ, შენი ბურუსით სავსე მზერაზე ნამდვილი არაფერი გქონია. სხვანაირად გეგონა, სხვანაირად ისწავლე. ყველა სარკე, რომელიც ვერ გირეკლავდა ერთიანად ჩამოიმსხვრევა. გამრუდებული, დაბრეცილი წარმოდგენები ვეღარ შეავსებს სიცარიელეს.
წვიმა მოგთხოვს თავშესაფრის არსებობას და მასთან შეთამაშებით, უსაფრთხოების განსაკუთრებულ გრძნობას მოგცემს. იდგები ზღურბლზე, ცხადსა და ბუნდოვანს შორის, ახლასა და მომავალს შორის, ბინდში, დღესა და ღამეს შორის, არეკლილსა და ანარეკლს შორის.
მაშინ, როცა ალპების გავლით, სარკეები ზურგზემოკიდებულებს გადაჰქონდათ*, ზურგით დაატარებდი არეკლილ სამყაროს.
შენი ყველა კუთხე, შენი ყველა გვერდი, უკვე თავმოყრილია, ის ერთი მრავალკუთხედია, აირეკლავს და გარდატეხს სხივებს, როგორც ძვირფასი ქვა. საფრთხილო, მაგრამ არა მყიფე. გამჭვირვალე, მაგრამ შეუღწევადი.
გაიმეორე: როცა სხვებს არ აკვირდები, თვალთახედვიდან გრჩება ის, თუ როგორ გაკვირდებიან გარშემომყოფები.
გაიმეორე, ხმამაღლა: გხედავ, არეკლილს, თუ ნამდვილს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია - გხედავ.
შენს თავს უსმინე, შენი გჯეროდეს. მაშინ იქნები მშვიდად, და იქნებ გაბედო, შენს თავს აჩუქო შენი სიტყვები - სხვას არავის.
იქნებ თქვა: მე ვხედავ, ჩემს თავს. ასე დავთმობ უანარეკლობას.
დროა, მოვიტოვო სივრცე შექმნილის პირის ასალესად, სწორად მოსაჭიმად, არეკლილის დასაჭერად, ამის გასათავისებლად - ეს იქნება ჩემი ამბოხი.
და ლამაზი სიტყვაა - ამბოხი.
* ეს მანამ, სანამ დიდი ზომის სარკის დამზადების ტექნიკა უფრო ხელმისაწვდომი გახდებოდა.