ახალგაზრდა მწვანეები



პუბლიკაციები

ბლოგები

︎︎︎Ზოგჯერ სხეული, უბრალოდ სხეულია, რომელიც შეგიძლია მოხატო კიდეც
︎︎︎პოლიტიკური ნების იარაღად გარდაქმნილი სხეული
︎︎︎სხეულს ახსოვს განგაში
︎︎︎მტეხს, მაგრამ აჩრდილი აღარ არის!
︎︎︎ტკივილსა და თანაგრძნობაზე: ემოციები, როგორც პოლიტიკური
გამაერთიანებელი
︎︎︎ფემინისტური თეატრი, როგორც პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი ︎︎︎ფემინურობა ციფრულ ველში: რეალობით ნაწარმოები თამაში, თუ თამაშით ნაწარმოები რეალობა?
︎︎︎Homo-Economicus: ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ

სრული სია︎


ორგანიზაციის
შესახებ —
  1. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
  2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

Mark

შინაგანი მდგომარეობის გარემოებრივი განზომილებები



ფსიქიკური ჯანმრთელობა გამოცდილება / 2022
ავტორი: ანა აფაქიძე


ფოტო: ეროვნული არქივი - ინდუსტრია, დავით კაკაბაძე
           
როგორც ამბობენ, ადამიანების ცხოვრება ძალიან გამარტივდა - ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილება სამეცნიერო თუ ტექნოლოგიური აღმასვლის მთავარი და საკმაოდ წარმატებული სამიზნეც აღმოჩნდა, რისი დამსახურებითაც, დღეს თანამედროვე ადამიანი წინა საუკუნეების ვერსიასთან შედარებით ბევრად უფრო პრივილეგირებულად მიიჩნევს თავს; ამაყობს, რომ განვითარების ყველა შესაძლო საფეხურზე აღმასვლა მის სიცოცხლეს დაემთხვა. ამაყობს და, უნებურად, უხარია კიდეც - შეუძლია გაცილებით უკეთ იყოს, ვიდრე  საუკუნეების წინანდელ სამყაროში იქნებოდა. თუმცა, ჩვენი ცხოვრების ზოგიერთი მონაკვეთი და კონკრეტული დღეების განწყობა ძირს უთხრის ამ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ, ლოგიკურ მოცემულობას.


მოკლედ რომ ითქვას, ჩვენი დღევანდელი საარსებო გარემო ფიზიკური კეთილმოწყობის (რომელსაც თითქოსდა სულიერიც თან უნდა ერთოდეს) შეუდარებლად მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს. თუმცაღა, მიუხედავად ამ შესაძლებლობებისა, მთლად დარწმუნებულნი კიდევ არ ვართ - აქვს კი დღევანდელ ადამიანს ბედნიერების მეტი საფუძველი, ვიდრე წარსულში ჰქონდა?! იქნებ მეტით სარგებლობისა და მიღების პოტენციალმა ამდენივე იმედგაცრუების შესაძლებლობას დაუდო საფუძველი და თავი იმ ბავშვად აგრძნობინა, ტკბილეულით გამოტენილი მაღაზიიდან დედას რომ ძალდატანებით,  ხელცარიელი გაჰყავს ხოლმე. ყველაფერი ხელის ერთ გაწვდენაზე იყო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მაინც ძალიან შორს და იმედგაცრუებულის ტირილმაც არ დააყოვნა.  

 ამით ვგულისხმობ, რომ დღეს ინდივიდისთვის დიდად საამაყო და მიმზიდველად შეფუთულ სისტემურ დათქმას, რომელიც თავს ყოვლისშემძლე თვითშემოქმედად წარმოგვიდგენს ხოლმე - თითქოს ჩვენი შინაგანი განწყობა და მენტალური მდგომარეობა მარტოოდენ ჩვენი ქმედებების პასუხად მიღებულ შედეგს წარმოადგენდეს, მარტივად აყენებს ეჭვქვეშ ის სინამდვილე, რომელზე ჩაფიქრების დროსაც ბევრს ერთმანეთის გამოცდილებაში აღმოუჩენია თავი. მიუხედავად ჩვენი ცხოვრების სხვადასხვაობისა, ყოველდღიურ საარსებო გარემოს ერთმანეთთან ვიზიარებთ. ამ გარემოსა და მოცემულობების მიერ ჩამოყალიბებულ განწყობას, ფიქრებს, განცდებს ვუზიარებთ ერთმანეთს და ამით იმას ვამბობ, რომ შეიძლება ჩვენი ყოველდღიურობა განსხვავდება, თუმცაღა, დღეს, გუშინ და კიდევ უფრო იმის წინ, მან ჩვენზე თანადროულად იმოქმედა. ჩვენ არ ვცხოვრობთ ამ ფარგლებს მიღმა, ვართ აქ და ერთმანეთის გვერდით, სხვა ბევრის გვერდით. სწორედ ამ გარემოს ზემოქმედებაზეა დამოკიდებული ჩვენი ყოველი დღე და დღის ბოლოს დაგროვილი ემოციებიც მისივე ნაყოფია, ანუ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა პირდაპირაა მიბმული იმ მოცემულობაზე, რომელშიც არსებობის კიდევ ერთი დღე გავატარეთ: სკოლაში ან უნივერსიტეტში წავედით, ათ ან თორმეტსაათიანი სამუშაო დღე გავლიეთ, საღამოს სამსახურიდან მომავლებმა გაჩერებაზე დასვენებისათვის განკუთვნილი ძვირფასი დროის ნაწილი დავტოვეთ, აფთიაქში შესულს ხურდაზე ბევრად მეტი დაგვაკლდა, გეგმები შემდეგ ხელფასამდე გადავაწყვეთ და კიდევ ბევრი სხვა…

დღეს სწორედ იქ ამოვყავით თავი, სადაც ჩვენს შინაგან მდგომარეობას გარემომცველი სამყაროსაგან ვერანაირად გავმიჯნავთ, მაგრამ მაინც ძალიან თავისუფლებად და საკუთარ თავზე სრულიად პასუხისმგებლებად მოვიაზრებით. იმდენად თავისუფლებად, ცუდად ყოფნის არჩევანიც აღარ შემოგვრჩა - როდესაც სამიზნე მაგიდაზე შეკვეთა მიგაქვს ან ტელეფონზე უკმაყოფილო მომხმარებელს ამშვიდებ, აუცილებლად უნდა გამოხატო ბედნიერება, თუნდაც მოჩვენებითი, თუ არადა საკუთარი სხეულისგან უფრო მეტის გამოწურვის მამოტივირებელი და ადამიანის ბუნების განუყოფელ ნაწილად შერაცხილი, თავის ერთმანეთზე უკეთესად წარმოჩენის მუდმივი შეჯიბრი თვის ბოლოს კომუნალურების გადახდის შესაძლებლობას ან სულაც თავზე ჭერს წაგვართმევს. როგორც სახეზე, ისე შინაგანადაც ბედნიერება იმ წამსვე ქრება. აი, სწორედ ამ პრინციპით ყალიბდება ის ურთიერთკავშირი, რაც არსებობს ჩვენს მენტალურ, ანუ შინაგან მდგომარეობასა და გარშემო არსებულ გარემო-პირობებს შორის და რის საფუძველზეც ყალიბდება შინაგანი განწყობის გარემოებრივი განზომილება. თურმე, როგორი პირადულია ჩვენი მენტალური მდგომარეობა, არა? თანაც იმდენად პირადული, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ფიზიკურად წაქცეულს ვეღარ აყენებს ფეხზე, არც კი ცდილობს შემოიჭრას ჩვენს პირად პასუხისმგებლობაში, დაგვირღვიოს არჩევანის თავისუფლება და მენტალური ჯანმრთელობის სერვისი შემოგვთავაზოს. თანაც ეს ყველაფერი მაშინ, როცა ჯანდაცვის სექტორში ამ მიმართულებით ბევრი პასუხისმგებლობა - იქნება ეს აღნიშნული კუთხით სიტუაციის კონტროლი, არსებულ და ახალ, საჭირო სერვისებზე მუშაობა თუ მოსალოდნელი რისკების პრევენცია, სწორედ სახელმწიფოს უნდა ეკისრებოდეს. და მაინც, ფაქტია, ამ მდგომარეობამდე მისვლის გადაწყვეტილება შენ არ მიგიღია, მაგრამ როგორ გააგრძელებ ამ ეტაპიდან, უკვე შენზეა დამოკიდებული. თავიდან ბოლომდე შენი არჩევანია, მოითხოვ თუ არა შველას -  მიმართავ თუ არა სპეციალისტს, და ჰო, იქამდე ჯიბის სიმძიმეც კარგად შეამოწმე, თუ არადა მისი სიმსუბუქე ნამდვილად ვერ დაგაყენებს სულიერი სიმშვიდის გზაზე.

ამ დიდებულად თავისუფალმა ეკონომიკურმა და სოციალურმა გარემომ, რომელშიც ვცხოვრობთ, ყველა ტიპის პასუხისმგებლობა ჩვენვე ჩამოგვკიდა კისერზე. ერთი მხრიდან განგვისაზღვრა რეალობა, რომელშიც არსებობის შენარჩუნების სანაცვლოდ წაგვიყენა პირობა - სამუშაო დღის განმავლობაში თავდაუზოგავად გავცეთ სრული ფიზიკური და მენტალური ენერგია, მეორე მხრივ კი, აირიდა ყოველნაირი პასუხისმგებლობა ამ ციკლის უსასრულო გამეორებით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ შედეგებზე და ამგვარი წრის შეკვრით თავისთავად გაგვიკვალა გზა იმ ფარმა თუ სამედიცინო დანიშნულების ადგილებისკენ, სადაც შესულნი აღმოვაჩენთ, რომ მაქსიმალური მოგების პრინციპმა თავის ხსნის ყველა შესაძლებლობა ჩაყლაპა და რომ ჩვენი ჯიბის სიღრმე ვერცერთ სერვისს ვეღარ გადასწვდება. თან მთელი ეს ამბავი იქ, სადაც დახმარების ყველანაირი მცდელობა არა ჩვენს რეალურ კეთილდღეობას, არამედ ისევ და ისევ მხოლოდ ქმედუნარიანობის როგორღაც შენარჩუნებას ემსახურება, მანამ, სანამ კიდევ რაღაც გაგვაჩნია გასაცემად და პერსპექტიული მომავლის იმედი ჩვენს დაშრეტილ სხეულებს მოძრაობის უნარს უნარჩუნებს.
 
თანამედროვე ადამიანს გამოეცალა ყოველგვარი ემოციური განზომილება. ჩვენი ბუნების განუყოფელ ნაწილად შეირაცხა შინაგანი მდგომარეობის გაუარესების ფასად საკუთარი თავის მუდამ უკეთესი, სხვაზე მეტად გამოსადეგი ვერსიის რეპრეზენტაცია და მისი ბაზრისთვის შეთავაზება. ჩანაცვლების გამუდმებულმა შიშმა ასევე ჩაანაცვლა ყოველგვარი ემპათია და თანადგომა. ადამიანები დავცალკევდით და არსებულ სისტემას უკვე თავისივე ხელით მივყავართ ფულისმჭრელ ფარმა თუ კლინიკურ მანქანამდე, სადაც ზუსტად ამ სისტემის მიერ მოწყობილმა სოციო-ეკონომიკურმა გარემოებებმა და მათმა პირდაპირმა ზეგავლენამ ამოგვაყოფინა თავი. ინდუსტრია ამუშავდა, სისტემაც უფრო მწყობრია, ჩვენი მდგომარეობა - ისევ გაურკვეველი. ახალბედა ჩამნაცვლებლებიც მზად არიან დაადგნენ პერსპექტიული მომავლის გზას. ნეოლიბერალური ცხოვრების წესი კიდევ ერთხელ წარმატებით დაინერგა პრაქტიკაში.

რთული დასანახი არაა, რომ ლამის ახალ კონფესიად მოვლენილი, თავსმოხვეული წარმოდგენა ინდივიდის ყოველგვარი დამოუკიდებლობის შესახებ არ ყოფილა სრული ჭეშმარიტება და ბევრი სხვა საკითხის მსგავსად, არც მენტალური ჯანმრთელობა აღმოჩნდა პირადი პასუხისმგებლობის სფერო. შესაბამისად, ჯაჭვის ლოგიკურობა ბუნებრივად გულისხმობს, რომ ამ მიმართულებით სასიცოცხლო ღირებულების სერვისის მოპოვებას მხოლოდ ერთი მხარე - საჭიროებაზე დამოკიდებული ადამიანი არ უნდა ცდილობდეს. აქვე უნდა მუშაობდეს მოქალაქის კეთილდღეობით დაინტერესებული სახელმწიფო და გარდა სერვისის მიწოდებისა, იცავდეს მას მოგების ველური პრაქტიკებით გამოწვეული რისკებისგან. აქედან გამომდინარე, გაუმართლებელია არსებული სისტემის მიერ აღნიშნული საკითხისა და მასთან კავშირში მყოფი ობიექტების სრული გასაქონლება და აუცილებელი სერვისების ადამიანებისთვის ხელმისაწვდომობის ნაცვლად მათი მხოლოდ მაქსიმალური ფინანსური მოგების მიღების საშუალებად ქცევა. თუ ერთმა მხარემ ფულის მექანიზმად აქცია, მეორემ სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის ფარგლებში საერთოდ დაიბრმავა თავი. ეს ყველაფერი კი მაშინ, როცა როგორც ერთი მხარე, ისე მეორე, მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს საარსებო რეალობას და ამ რეალობით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. როცა სწორედ არსებული სისტემა და მის მოთხოვნებზე მორგების უნარი საზღვრავს იმას, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ნორმად, მისაღებად და როდის გვჭირდება მოგების მანქანასთან გადამისამართება. მაშინ, როდესაც სწორედ სისტემის ამ მახასიათებლებმა შექმნა რეალობა, სადაც მოხდა არა მხოლოდ ადამიანის ცხოვრების ყოველი მიმართულების კომერციალიზაცია,  დაწყებული სასიცოცხლო სოციალური საჭიროებებიდან - იქნება ეს განათლება, ჯანდაცვა თუ საბინაო პოლიტიკა, დამთავრებული უკიდურესად არაეკონომიკური სივრცეების - ადამიანის არსებობის დელიკატური მხარეების ჩათვლით, არამედ გასაქონლდა თავად ადამიანი, რომელიც წარმოადგენს უკვე არა მიმდინარე ცხოვრების მიზანსა და პრიორიტეტს, არამედ მხოლოდ მიზნის მიღწევის ჩანაცვლებად საშუალებას. ადამიანის ღირებულება მხოლოდ მისი კონკურენტუნარიანობით განისაზღვრა და საკმარისია ერთი ფეხის დაცდენა, რასაც მთლიანი ცხოვრების დამხობა შეიძლება მოჰყვეს. სწორედ ასე და ამგვარად, ჩვენი ცხოვრების ის რამდენიმე მიმართულება, რომელიც ყველაფრისგან დაღლილს თავს ადამიანად გვაგრძნობინებდა და გვაძლევდა შვების შესაძლებლობას, დღეს აღმოვაჩინეთ, რომ მოგების მიღების დაუოკებელ სურვილს ბოლომდე ჩაუყლაპია და ის, რაც ოდესღაც ადამიანური იყო, ეკონომიკური დათვლის საგანი გამხდარა…
   
და ისევ, განა შეიძლება დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ამ გარემოებებში მოარსებე თანამედროვე ადამიანს ბედნიერების მეტი საფუძველი აქვს, ვიდრე მის საუკუნეების წინანდელ ვერსიას?!



პროექტი ხორციელდება Global Fund for Women-ის მხარდაჭერით

2022

Mark