ახალგაზრდა მწვანეები



პუბლიკაციები

ბლოგები

︎︎︎Ზოგჯერ სხეული, უბრალოდ სხეულია, რომელიც შეგიძლია მოხატო კიდეც
︎︎︎პოლიტიკური ნების იარაღად გარდაქმნილი სხეული
︎︎︎სხეულს ახსოვს განგაში
︎︎︎მტეხს, მაგრამ აჩრდილი აღარ არის!
︎︎︎ტკივილსა და თანაგრძნობაზე: ემოციები, როგორც პოლიტიკური
გამაერთიანებელი
︎︎︎ფემინისტური თეატრი, როგორც პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი ︎︎︎ფემინურობა ციფრულ ველში: რეალობით ნაწარმოები თამაში, თუ თამაშით ნაწარმოები რეალობა?
︎︎︎Homo-Economicus: ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ

სრული სია︎


ორგანიზაციის
შესახებ —
  1. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
  2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

Mark

შავკრიალა ღამე




ავტორი: ტ.
შინაარსობრივი რედაქტორი: ლიკა გულბანი


1.
ერთხელ, ძველი ხის კიბის მოაჯირს ჩამოვარტყი ხერხემალი და წმინდანები დავინახე, მანდარინები, თეთრი ლაქები. კინაღამ შუაზე გამეპო ეს ჩემი საყრდენი, მყიფე ფირფიტებისგან აწყობილი, 9 წელი ზრდილი. დაჟეჟილი ატამივით ჩამოვგორდი საფეხურებზე. ბლაგვი დანასავით ამცდა ხის ბასრი კუთხე. ამ ტკივილისგან დაბუჟებულ გრძნობას ხშირად ვუბრუნდები. სულ ყრუდ დამყვება, ფარულად, სანამ დიდხნიანი ყოფისგან გაღვივებას არ დაიწყებს და ერთ დღესაც მეხივით ჩამცხებს, მოურიდებლად.

"ზურგი" საზომის სახელიცაა. სელის, ფეტვის, კანაფისა და ღვინის საზომად გამოიყენებოდა. "იგი ისეთი სიმძიმის ტვირთი იყო, რომლის მოკიდებაც შეეძლო ერთ ადამიანს, ამდენად, მისი სიდიდე დამოკიდებული იყო ადამიანის ფიზიკურ მონაცემებზე."1 გასვლამდე ჩემ ახალუხს ჩავიცმევ, ჩექმებს ამოვიცმევ, გასაღებს ორჯერ გადავაბრუნებ და პირველი ნაბიჯის გადადგმისთანავე დამაწვება სიმძიმე. ჩემი ფიზიკური მონაცემები,  ხშირად მქრქალი და უფუნქციო, საგულდაგულოდ აშენებული ბუნაგის დატოვებისთანავე დამიწყებს პწკენას. ბუნაგის დატოვებამდე საწოლს მიჯაჭვული გვერდების ცვლით ვიშუშებ ტკივილებს, იმ იმედით, რომ ამ ღამის შემდეგ, დილით, ნაკლებად შეკუჭული გავიღვიძებ. ეს ერთი საყრდენი, ძლივს რომ მაკავებს, ვერც ამ ტვირთს უძლებს და თან მეტსაც ეჭიდება, იმაზე ფიქრში, რომ თუ მეტს მოიკიდებს უფრო ძლიერი გამოჩნდება. იქნებ ასე მაინც შევქმნა ილუზია; სხვებისთვისაც და მეტად ჩემთვის - თავის გასაბრიყვებლად. კი, წამოვიღებ ამ მძიმე ტვირთს. კი, მოვიკიდებ ამასაც, ძვლების ჩასამტვრევად. კი, არ მეზარება დარჩენილი ძალის გახარჯვა, ეს ტკივილი მახათის წვერივით რომ მცემს ზურგში მაინც არ მაშორებს გვერდს, სულ ჩემთანაა.

2.
ირგვლივ მიმოვიხედე, თმა ავიჩეჩე, მოვიწყინე, მწერლის კრუნჩხვები დამეწყო ხელებსა და ფეხის თითებში; ასე ვამბობ, თითქოს უუნარო ხელის ბრალი არ იყოს, ძლივს აწყობილის, სახსრის ნაფლეთებიანის. სისხლი დამეღვარა, მოშარდვა მინდოდა, ვნერვიულობდი, ცხვირი ავიჩეჩე; სულისშემხუთავ ბრძოლაში ვიბრძოდი. თითო ჩასუნთქვისას ჟანგბადი სულ უფრო და უფრო თხელდებოდა, ამოსუნთქვისას კი ტრაქეა მეფლითებოდა. ჩემს შეზღუდულ ლექსიკაში პოლიტიკური აზრი არ ღირდა ფიქრად.

3.
დიდი ხანია ფეხს ვითრევ. რამდენი რამის დაწერა შემიძლია და რამდენნაირად, ჩემი დაავადებათა ნუსხა დიდ გასაქანს მაძლევს, მაგრამ მაინც თავზე დავტრიალებ სიტყვებს. ზუსტად ასე დავტრიალებ თავს ექიმის ნომერს, რომელსაც ყოველ დღე ვიხსენებ და ისევ ისე ვივიწყებ, როგორც ჩემ ქრონიკულ ტკივილებს. არაუშავს, დღეს უკეთ ვარ, თუ გუშინ სიკვდილს მიახლოვებული ღმერთს მივუბრუნდი, დღეს, გაუმჭვირ დილას, ჩემი ეზოს ხეებისგან ჟღურტულის ხმა მესმის და ტკივილნარევი ჩაის ვსვამ. ახალი არაფერია.

ეტიმოლოგიურად, პაციენტი ნიშნავს ტანჯულს, ზმნიდან pati. ტანჯვა, როგორც ასეთი, არ არის ის რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ, არამედ {მაგრამ} ტანჯვა, რომელიც გამცირებს.

ვცხოვრობ დროის ზეწოლის ქვეშ, სიკვდილის ცნობიერებით მხარზე, არა მუდმივად, მაგრამ საკმარისად, იმისთვის, რომ კვალი დატოვოს ჩემს ყველა გადაწყვეტილებასა და გადადგმულ ნაბიჯზე.

სიტყვებს ორბივით ვუვლი და თან თავს ვარიდებ. იმდენად ცხადია ეს ჩემი ტკივილი აღარ მინდება წერითაც ხილვა.

სხეულზე მეტაფორული აზროვნება ბევრ სურათს მოიცავს - ხელოვნებიდან, განსაკუთრებით არქიტექტურიდან. ზოგიერთი სურათი არააღწერითია, მაგალითად როგორიცაა ქადაგება ან/და წმინდა პავლეს მიერ წარმოთქმული ცნება სხეულზე, როგორც ტაძარზე. სხეული, როგორც გამოსახულება, სხეული, როგორც კატასტროფა, სხეული, როგორც წმინდა.

აღარ მინდება მეტაფორული ფიქრი სხეულზე. იმდენად მკვეთრად ვხედავ მის არსებობას, რაღად ვაქციო ხატად. რატომღა მოვიარო დიდი გზა და შორიდან დავაკვირდე, მეტაფორებს ვდიო და ბოლოს მაინც იგივე ადგილას დავბრუნდე, საიდანაც დავიწყე ტკივილის საწყისის კვლევა (და გამართლება). მაგრამ არაუშავს, ისედაც კარგად ვიცი, რომ მაინც ამ გზას ავირჩევ, რადგან ნომრის აკრეფა და ექიმთან მისვლა უფრო დამანგრეველი იქნება ჩემთვის. ჩემ თავს ვუმეორებ - შენ შენს სხეულს სხვებზე უკეთ იცნობ. იცი, უკვე ატარებ თუ არა კლდის სიმძიმეს.

“After great pain, a formal feeling comes” - ეს დაწერა ემილი დიკინსონმა ორი ათასზე მეტი წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ანაქსაგორამ თქვა რომ არსებობა უდრის აღქმას და აღქმა უდრის ტკივილს. რის მიღწევას ვცდილობ წარსულის სვეტებიდან ამოჭრილი თავისთავადი ცხადი სიტყვებით? არსებობა არის აღქმა და აღქმა ტკივილი და ეს არის ჩემი საგზაო რუკა რისკენ? განა ცხადი არ არის ის წინაპირობა, რომ მთელი ცხოვრება ტანჯვაა და სხეული ჩემი საპყრობილე და რაც არ უნდა მივედ-მოვედო არგუმენტების რახარუხს მაინც ასე დასრულდება დაწყებული აბზაცი.

როდესაც სულშემხუთავი დღეები ერთმანეთს დაეწეპება, სიკვდილზე ფიქრს ვიწყებ - არა თვითმკვლელობაზე, არამედ ფანტაზიაზე: ერთგვარ უსხეულობაში გაღვიძების სიამოვნება. ერთი მხრივ, ტკივილი (სხეულებრივი თუ სხვა) იზოლირებულია; კუნძულად გაქცევს, გაშორებს. ვერც შენთვის ხარჯავ ენერგიას, რადგან სახარჯი არაფერია და ვერც სხვას უყოფ - თავკერძა ხდები, და თან ვერც. მეორე მხრივ, ჯავშანს ჩამოგიშლის, კამკამასა და უმწეოს გამოგაჩენს, უფრო გამჭოლს ვიდრე ოდესმე, დისტანციას შეამცირებს და პირველად სიახლოვეს დაგანახებს.

ტკივილის დროს გარკვეული სახის განცალკევება მატერიალიზდება, მაგრამ სხვები ქრება. ჯანმრთელობის სქელი შუშის კედლები, რომელიც სხეულსა და გონებაზე უხილავად ბუფირებს, იბზარება ან, იშლება, რატომღაც..

“One need not be a Chamber—to be Haunted..." (დიკინსონი, ისევ).




გამოყენებული ლიტერატურა

  • AIDS and Its Metaphors | Susan Sontag (1989)
  • Sick Woman Theory | Johanna Hedva (2020)
  • The Cancer Journals | Audre Lorde (1980)
  • Pain Studies | Lisa Olstein (2020)

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=39&t=1489

Mark