ახალგაზრდა მწვანეები



პუბლიკაციები

ბლოგები

︎︎︎ Ჰესები და კლიმატის ცვლილების ზემოქმედების გავლენა საქართველოს რეგიონში ︎︎︎კლიმატის ცვლილება - ქალთა უფლებათა კრიზისი ︎︎︎ (არა)ბუნებრივი კატასტროფა: კატასტროფის პოლიტიკურობა, მოწყვლადობა და კლიმატის კრიზისი
︎︎︎სერფინგი თუ სქროლინგი?

︎︎︎ფემინისტური თეატრი, როგორც პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი
︎︎︎ფემინურობა ციფრულ ველში: რეალობით ნაწარმოები თამაში, თუ თამაშით ნაწარმოები რეალობა?
︎︎︎Homo-Economicus: ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ

სრული სია︎


ორგანიზაციის
შესახებ —
  1. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
  2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

Mark

პრემენსტრუალური დისფორია
-  აშლილობა თუ კულტურული ფენომენი?



ფსიქიკური ჯანმრთელობა გამოცდილება / 2022
ავტორი: თათია იშხნელი


ფოტო: ეროვნული არქივი - ახალგაზრდა ქალი ჟურნალით ხელში

           
მენსტრუაციამდელ, ე.წ. პრემენსტრუალურ პერიოდში, ხშირად იჩენს თავს ფიზიკურად თუ ემოციურად მეტ-ნაკლებად მკაფიოდ გამოხატული სხვადასხვა სიმპტომი. პრემენსტრუალური სინდრომის (პმს) დროს ფიზიკური ან/და ემოციური სიმპტომები მენსტრუალური ციკლის მქონე ადამიანების 75 პროცენტში მაინც გვხვდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს მათ ფუნქციონირებაზე იმხელა გავლენას არ ახდენს, როგორც პრემენსტრუალური დისფორია.

პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა DSM-V-ში დეპრესიულ აშლილობადაა მოხსენიებული. ამავე სახელმძღვანელოს მიხედვით, პრემენსტრუალურ დისფორიულ აშლილობას მენსტრუალური ციკლის მქონე ადამიანების 1.8-5.8%-ში ვხვდებით.

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მიხედვით, პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობის სიმპტომები მოიცავს გამოხატულ დეპრესიულ განწყობას, შფოთვას, გაღიზიანების/ბრაზის მატებას, მადის ცვლილებას, ჩვეული აქტივობებისადმი ინტერესის დაქვეითებას, ჰიპერსომნიას ან უძილობას, კონცენტრაციის სირთულეებს, „კონტროლის დაკარგვის“ შეგრძნებას, ენერგიის დაქვეითებას და ისეთ ფიზიკურ სიმპტომებს, როგორებიცაა  თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, შებერილობა, მკერდის მგრძნობელობისა და წონის მატება.

პრემენსტრუალური პერიოდი მიიჩნევა სუიციდის რისკის ფაზად. ამ დროს მენსტრუალური ციკლის მქონე ადამიანები, რომლებიც სიმპტომებს ვერ უმკლავდებიან, ხშირად მიმართავენ თვითდაზიანებას და ხშირად აქვთ სუიციდური ფიქრები ან მისი განხორციელების მცდელობები.

ფიზიკურ და ემოციურ სიმპტომებზე საპასუხოდ, თვითდამაზიანებელი ქცევები ხშირად მოიცავს ნარკოტიკებისა თუ ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებას. პრემენსტრუალური აშლილობის მქონე ადამიანები ამბობენ, რომ აღნიშნულ ქმედებებს რეალობიდან გასაქცევად მიმართავენ. თვითდამაზიანებელი ტენდენციების გამო მენსტრუალური ციკლის მქონე ადამიანებს ხშირად უვითარდებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის მეორეული ტიპის სირთულეები, მათ შორის კვებითი აშლილობები და სუბსტანციებზე დამოკიდებულება.

თუმცა, ჩნდება კითხვა: უნდა განიხილებოდეს თუ არა პრემენსტრუალური დისფორია აშლილობად?

მაშინ, როდესაც გარკვეული ტიპის ფსიქიკურ თუ ქცევით მდგომარეობას აშლილობად მოვიხსენიებთ, გასათვალისწინებელია ის შედეგები, რასაც ამ ტიპის კატეგორიზება იწვევს. ასეთ დროს ხშირად ერთადერთ გამოსავლად მედიკამენტური ჩარევა მიიჩნევა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინდივიდის ცხოვრების ხარისხზე.

გარდა ამისა, არსებობს შემთხვევები, როდესაც ხდება დიაგნოზის ბოროტად გამოყენება. ბრიტანეთში ქალს, რომელსაც გამოხატული პრემენსტრუალური სიმპტომები ჰქონდა,  სასამართლომ მეურვეობა ჩამოართვა. ასევე, ყოფილა შემთხვევა, როდესაც გაუპატიურებაში ბრალდებული პირი გაამართლეს იმ მიზეზით, რომ თითქოსდა მოსარჩელე “პრემენსტრუალურ ირაციონალობას” განიცდიდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა მასზე მომხდარი ძალადობის უგულებელსაყოფად და ბრალდებულის -  მოძალადის გასამართლებლად.

დისტრესი, რომელსაც ადგილი აქვს პრემენსტრუალურ პერიოდში, შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვნად და ყურადსაღებად მაშინაც კი, თუ მას პათოლოგიად არ მივიჩნევთ. შესაბამისად, რიგი ავტორები მიიჩნევენ, რომ პრემენსტრუალური დისფორიის აშლილობად კატეგორიზება არაეთიკურია. ფემინისტური პერსპექტივიდან, პრემენსტრუალურ ბრაზსა და დისტრესს თავისი მიზეზი აქვს და არანაირი კავშირი არ აქვს პათოლოგიასთან.

არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც ადგენს კავშირს გამოცდილებასა და პრემენსტრუალურ დისფორიას შორის. აღნიშნული კვლევები მიუთითებს, რომ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობის დიაგნოზის მქონე ადამიანებში სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მაჩვენებელი 60 პროცენტზე მეტია.

გარდა ამისა, მენსტრუალური ციკლის თანმდევი სიმპტომების გამოხატვა და ინტენსივობა შეიძლება მჭიდროდ უკავშირდებოდეს მენსტრუალური ციკლის მქონე ადამიანის სოციალურ თუ კულტურულ მახასიათებლებს.

კვლევებმა აჩვენა, რომ პრემენსტრუალური სინდრომისა და პრემენსტრუალური დისფორიის ემოციური სიმპტომები განვითარებად ქვეყნებთან შედარებით დასავლურ ქვეყნებში უფრო ხშირად გვხვდება. მაგალითად, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჩინეთი და ჰონგ-კონგი, მენსტრუალური ციკლის მქონე ადამიანები უფრო ხშირად ფიზიკურ პრემენსტრუალურ სიმპტომებს განიცდიან, ვიდრე - ფსიქოლოგიურს. ამ ტიპის პრემენსტრუალური სიმპტომები აღნიშნულ კულტურებში ბუნებრივად მიიჩნევა და არა რაიმე ტიპის დაავადებად, განსხვავებით დასავლური კულტურისა, სადაც მენსტრუაციისადმი ნეგატიური დამოკიდებულებები და წინასწარი განწყობებია. აღნიშნულს ასევე ეხმიანება გარკვეული ემპირიული კვლევების შედეგები, რომელთა თანახმადაც, რაც უფრო მეტ დროს ატარებდნენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ადამიანები ამერიკის შეერთებულ შტატებში, მით უფრო იზრდებოდა ამ ადამიანებში პრემენსტრუალური დისფორიისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური სიმპტომების გამოხატვა.

შესაბამისად, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც პრემენსტრუალურ სინდრომს და პრემენსტრუალურ დისფორიას განიხილავს, როგორც კონსტრუირებულ, კულტურულ ფენომენს და არა - აშლილობას. აქედან გამომდინარე, შეუსაბამოა ქალთა პრემენსტრუალური ბრაზის/დისტრესის ფსიქიკურ აშლილობად კლასიფიცირება. რიგი სამეცნიერო მოსაზრებებით მტკიცდება, რომ პრობლემა ხშირად იმ უსამართლო გარემოს უკავშირდება, რომელშიც ქალებს უწევთ ცხოვრება. ამიტომაც ნაცვლად მხოლოდ თავისთავად პათოლოგიად განხილვისა, მნიშვნელოვანია სოციო-კულტურული კონტექსტისა და არსებული წესრიგის გავლენის მხედველობაში მიღება.




გამოყენებული ლიტერატურა


American Psychiatric Association. (2013). Diagnostic and statistical manual of mental disorders (5th ed.). https://doi.org/10.1176/appi.books.9780890425596


Browne, T. K. (2015). Is premenstrual dysphoric disorder really a disorder?. Journal of bioethical inquiry, 12(2), 313-330.


Osborn, E., Wittkowski, A., Brooks, J., Briggs, P. E., & O’Brien, P. M. (2020). Women’s experiences of receiving a diagnosis of premenstrual dysphoric disorder: a qualitative investigation. BMC Women's Health, 20(1), 1-15.



პროექტი ხორციელდება Global Fund for Women-ის მხარდაჭერით

2022

Mark