ახალგაზრდა მწვანეები



პუბლიკაციები

ბლოგები

︎︎︎Ზოგჯერ სხეული, უბრალოდ სხეულია, რომელიც შეგიძლია მოხატო კიდეც
︎︎︎პოლიტიკური ნების იარაღად გარდაქმნილი სხეული
︎︎︎სხეულს ახსოვს განგაში
︎︎︎მტეხს, მაგრამ აჩრდილი აღარ არის!
︎︎︎ტკივილსა და თანაგრძნობაზე: ემოციები, როგორც პოლიტიკური
გამაერთიანებელი
︎︎︎ფემინისტური თეატრი, როგორც პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი ︎︎︎ფემინურობა ციფრულ ველში: რეალობით ნაწარმოები თამაში, თუ თამაშით ნაწარმოები რეალობა?
︎︎︎Homo-Economicus: ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ

სრული სია︎


ორგანიზაციის
შესახებ —
  1. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
  2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

Mark

ომში ბავშვების
ადგილი არ არის...
ომი აქრობს ბავშვობას…

 


ფსიქიკური ჯანმრთელობა გამოცდილება / 2022
ავტორი: ნანუცა კიკნაძე
ფოტო: ეროვნული არქივი - პირველი მსოფლიო ომის ამსახველი ფოტომასალა

ომის შესახებ ვკითხულობთ წიგნებში, გვასწავლიან სკოლაში, იხსენებს უფროსი თაობა და გვგონია, რომ ვიაზრებთ ამ ტრაგედიის სრულ სიმძაფრეს. თუმცა, როდესაც ომში ხარ, ყოველი ამოსუნთქვა უკანასკნელია. ბავშვებისთვის ომს სხვა ფერები აქვს, სხვა ხმა, გრძნობები და სხვა სიტყვები. ომი აქრობს ბავშვობას... ისინი უსიტყვოდ განიცდიან და გრძნობენ ყველაფერს.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები 4 წლის ნატალია ერთ დილას თმის გარეშე იღვიძებს: გაქრა თმა, წარბები, წამწამები. არცერთ გამოკვლევას არ გამოუვლენია რაიმე სერიოზული დაავადება, რაც შეიძლებოდა ამ მდგომარეობის გამომწვევი ყოფილიყო. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის სტრესის შედეგი.

ბავშვები არასოდეს დაივიწყებენ ომს, რომლის მძიმე შედეგებიც პირდაპირ ისახება მათ ფსიქიკაზე. ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ომის ფსიქიკურმა ტრავმამ, რომელიც ბავშვობაშია მიღებული, შეიძლება ადამიანი გახადოს უბედური, ზედმეტად დაუცველი. ტრავმით გამოწვეულ სირთულეებსა და მის გამოვლინებებს შეიძლება შევხვდეთ ზრდასრულ ასაკშიც. ზოგადად, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) შედეგები და გამოვლინებები შეიძლება მრავალგვარი იყოს. თუ ბავშვი ცხოვრობს მუდმივი დაძაბულობის, შფოთვის, ქრონიკული სტრესის მდგომარეობაში, ეს საკმარისია PTSD-ის განვითარებისთვის. ფსიქოლოგების აზრით, შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა 25%-ს მაინც უვითარდება ასეთი აშლილობა. „თუ ბავშვს განუვითარდება PTSD, მაშინ ზრდასრულ ასაკში კარგავს სიცოცხლისადმი შეგრძნებებს. იმისათვის, რომ გადარჩეს ტრავმული გამოცდილებით, უნდა შეწყვიტოს განცდილის შეგრძნება’’. ძალზე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების, ფსიქოთერაპევტების დახმარება და დროული ჩარევა.

ბავშვები, რომლებიც უკრაინიდან გამოექცნენ ომს და ახლა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ გვერდით არიან, ჰყვებიან, რომ მუდმივად ეშინიათ. 8 წლის უკრაინელი გოგონა ჩემს თვალწინ ერთიანად აიტანა კანკალმა, როდესაც კაფეში ვისხედით და გვერდითა მაგიდასთან უბრალოდ ჭიქა გატყდა.

ბავშვებს ომმა ყველაფერი წაართვა. ისინი გვიამბობენ, რომ ბნელ სარდაფებში გვამებთან ერთად ცხოვრების შემდეგ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ის სუნი ბრუნდება და შენთან ერთად ცხოვრობს. ,,ცხედრის სუნი იმ შიშის სუნია, რომელიც კაცობრიობას შიშის ზარს სცემს’’, ,,ადამიანის გვამს საშინელი სუნი აქვს, ის სულ სხვანაირია და იცი, რომ ეს სწორედ ადამიანი, დაუმარხავი ადამიანი იხრწნება შენ გვერდით’’.

15 წლის ილია - ,,ომის დროს მთავარია, დროულად მიხვიდე უსაფრთხო ადგილას. უნდა დარჩე ცოცხალი, სანამ სარდაფამდე მიხვალ, შემდეგ კი სარდაფში უნდა გადარჩე’’. სტრესმა ილიას მხედველობას სერიოზული ზიანი მიაყენა, გააქრო მისი ბავშვური განცდები და სურვილები. ამბობს, რომ თითოეული წამი მნიშვნელოვანია, სანამ ცოცხალი ხარ. როდესაც ვკითხე ელენას, თუ რატომ არიან ასეთი დარწმუნებულები გამარჯვებაში, მან მიპასუხა, რომ ,,დღეს უკრაინა ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს და სწორედ ეს არის გამარჯვების ერთადერთი შანსი. ერთიანობა მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება’’. ვკითხე 15 წლის იაროსლავს, თუ რა არის დღეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, პასუხი იყო - ,,უკრაინის გამარჯვება. ჩვენ გვჯერა გამარჯვების და ამაში ეჭვი არავის ეპარება, ჩვენ ერთი ვართ. სამშობლოს არ დავთმობთ და ერთიანობით გავამაგრებთ, ავაშენებთ და ვიცხოვრებთ ისეთივე ლამაზ ქვეყანაში, როგორიც ომამდე, ნგრევამდე და განადგურებამდე იყო. როცა გავიზრდები, მეც შევუერთდები ჩვენს ჯარისკაცებს’’. ამ საუბარში შევამჩნიე, რომ ბავშვური ოცნება გაქრა და ვესაუბრები ზრდასრულ ადამიანს, რომელიც თავის რიგს ელოდება ქვეყნის დასაცავად. 12 წლის მარიას პასუხი, თუ რაზე ოცნებობს ახლა: ,,გამარჯვებულ უკრაინაზე და სახლში მალე დაბრუნებაზე’’.

ომის შემდეგ გარიყულობის სინდრომსაც (Resignation Syndrome, RS) ვხვდებით, რომელიც მიგრანტ ბავშვებში ვლინდება. სინდრომის თავისებურება იმაში გამოიხატება, რომ ბავშვები ნელ-ნელა საერთოდ შორდებიან რეალობას, წყვეტენ სიარულს, ჭამას, ლაპარაკს, არ ახელენ თვალებს და ბოლოს იძინებენ - ეთიშებიან სამყაროს. უჩვეულო ძილის პერიოდი ხშირად რამდენიმე თვე გრძელდება, ბავშვს ამ დროს ზონდით კვებავენ. ექიმები ერთხმად თანხმდებიან, რომ დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა აიძულებს პატარებს სამყაროსგან იზოლირებას. მათთვის სამყარო იმდენად აუტანელი და სტრესული გახდა, რომ ღრმად ჩაიკეტნენ საკუთარ თავში. სპეციალისტების თქმით, ამ ბავშვებთან გამოჯანმრთელება იმ დროიდან იწყება, როცა თავს დამშვიდებულად იგრძნობენ და თავშესაფრის საკითხი დადებითად გადაწყდება. ბავშვი ამას გრძნობს ოჯახში შეცვლილი ატმოსფეროთი, მშობლების პოზიტიური ხმებით. ექიმების თქმით, მას ესმის, რა ხდება გარშემო, უბრალოდ არ რეაგირებს. როდესაც სიტუაცია დადებითად იცვლება და გრძნობს სტაბილურობას, დაცულობას, სიმშვიდეს, შემდეგ თანდათან კვლავ უბრუნდება რეალურ ცხოვრებას. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ რაღაც უკეთესობისკენ იცვლება, რომ არის იმედი. სპეციალისტების თქმით, ბავშვების ეს მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოლოგიურ ტრავმასთანაა დაკავშირებული.

სოფო აფხაზეთის ომის დროს 6 წლის იყო. მას უდარდელი ბავშვობა ჰქონდა, რომელიც ომის დაწყებისთანავე გაქრა. ყოველღამე სიბნელეში ელოდებოდა რუსი ჯარისკაცების სახლში შემოვარდნას და ფიქრობდა, რომ ყველას დახოცავდნენ. ხმამაღლა არ ტიროდა, ეშინოდა, არავის გაეგო მისი ხმა. როდესაც სოხუმს ტოვებდნენ, განახლდა საჰაერო დაბომბვა. სოფო დედამ, გვამების ქვეშ დამალა, რათა ბომბებისგან დაეცვა. სოფოს დღემდე ახსოვს იმ ცხედრის წაშლილი ნაკვთები და სისხლის სუნი. საბოლოოდ იმ თვითმფრინავში აღმოჩნდა, რომლითაც დაჭრილი ჯარისკაცები უნდა გადმოეყვანათ. სინათლე ჩამქრალი იყო, მხოლოდ დაჭრილების ღრიალი და კვნესა ისმოდა. დედა თვალებზე ხელს აფარებდა, რათა ეს საზარელი სურათი არ დაენახა, მაგრამ ის ყველაფერს ხედავდა და დღეს ყველა მოგონებაზე მკაფიოდ ახსოვს. ომის შემდეგ სოფო ორი წელი ყველა თვითმფრინავის გადაფრენაზე სარდაფში იმალებოდა, ეგონა ქალაქი იბომბებოდა. სიბნელეში კი სულ თვითმფრინავში ნანახ კადრებს ხედავდა. დღეს უკვე დიდი დრო გავიდა. 3 შვილი ჰყავს, ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია, მაგრამ სიზმრები და ის წამები ყოველთვის თავს ახსენებს. მის მეხსიერებაში ეს ყველაფერი წარუშლელადაა შენახული, თითქოს ომი არც დასრულებულა. სოფო ორ სხვადასხვა სამყაროში ერთდროულად ცხოვრობს.

ომი ასევე კვალს ტოვებს ბავშვებზე, რომელთა ოჯახებსაც გამოვლილი აქვს ომის ტრაგედია. თაკო 24 წლისაა, თბილისში აფხაზეთის ომის შემდეგ დაიბადა, მაგრამ იხსენებს, რომ სულ ეშინოდა ომის დაწყების. ეშინოდა, რომ სკოლიდან სახლში დაბრუნებას ვერ მოასწრებდა და ცოცხალ მშობლებს ვერ მოუსწრებდა. როგორც თვითონ ამბობს, თითქოს სულ იმ ომშია, რომელიც არ უნახავს.

მაშინაც კი, როდესაც ადამიანები ხვდებიან უსაფრთხო ადგილას, აქვთ თავშესაფარი - აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს არ არის საკმარისი. ომის საშინელი მოვლენების შედეგები მთელი ჩვენი ცხოვრების თანმდევი ხდება. ღრმად რჩება ჩვენს ცნობიერში და გვხვდება ცხოვრების თითოეულ ასპექტში. ომის შემდეგ ეს ადამიანები ფიზიკურად ჩვენთან არიან, მაგრამ მათი ფიქრები სხვაგანაა. თუ ფსიქოლოგიური პრობლემები არ გვარდება, გადარჩენა შეუძლებელია.

ტრავმას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა შედეგი, მათ შორის ისეთი ფსიქიკური მდგომარეობების განვითარება, როგორიცაა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, კლინიკური დეპრესია, ძილის დარღვევები ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ზოგიერთ შემთხვევაში - რელიგიისადმი დამოკიდებულება, კვებითი დარღვევები - საკვების მიღებაზე უარის თქმა ან პირიქით, ჭარბი კვება. ტრავმა თავს უძლურად და დაუცველად გვაგრძნობინებს. მსგავსი ტრავმის მქონე ადამიანს მნიშვნელოვანია შევახსენოთ, რომ მას აქვს ძალა ყველაფრის გადალახვისთვის, რომ მას შეუძლია ბევრი რამ მოიგოს რთული პერიოდის გავლით. მნიშვნელოვანია ადამიანთან სიახლოვე და დახმარება - მანუგეშებელი სიტყვების თქმა, დამშვიდება, ნდობისა და უსაფრთხო ატმოსფეროს შექმნა. ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს ტრავმის მწვავე პერიოდიდან თავის დაღწევა. მწვავე პერიოდში უნდა ვეცადოთ, მალე დავაბრუნოთ ადამიანი რეალობის მდგომარეობაში "აქ და ახლა". ტრავმაზე მწვავე რეაგირების პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 3-4 კვირა. მნიშვნელოვანია, ეს დრო არ დავკარგოთ – ამ პერიოდში შეიძლება ადამიანს მიეცეს „რესურსი“, რათა არა მხოლოდ გამოჯანმრთელდეს, არამედ გააცნობიეროს თავისი წარსული გამოცდილება. ასევე სირთულეებს ვხვდებით ეგრეთ წოდებულ  „გადარჩენის სინდრომთან“. მაგალითად, როდესაც ადამიანი თავს დამნაშავედ გრძნობს იმის გამო, რომ თავად გადარჩა, მისი ძმები კი დაიღუპნენ.

ომის მსგავსი მძიმე გამოცდილებები და მისით განპირობებული ტრავმა  რთულად თუ მიდის ადამიანების ცხოვრებიდან. სწორედ ამიტომ ფსიქოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა არის პირველი ამოცანა. ყველას სჭირდება ფსიქოლოგიური მხარდაჭერა როგორც სპეციალისტისგან, ასევე გარშემო მყოფი ადამიანებისგან, საზოგადოებისგან.




გამოყენებული ლიტერატურა:




პროექტი ხორციელდება Global Fund for Women-ის მხარდაჭერით

2022

Mark