ახალგაზრდა მწვანეები



პუბლიკაციები

ბლოგები

︎︎︎Ზოგჯერ სხეული, უბრალოდ სხეულია, რომელიც შეგიძლია მოხატო კიდეც
︎︎︎პოლიტიკური ნების იარაღად გარდაქმნილი სხეული
︎︎︎სხეულს ახსოვს განგაში
︎︎︎მტეხს, მაგრამ აჩრდილი აღარ არის!
︎︎︎ტკივილსა და თანაგრძნობაზე: ემოციები, როგორც პოლიტიკური
გამაერთიანებელი
︎︎︎ფემინისტური თეატრი, როგორც პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი ︎︎︎ფემინურობა ციფრულ ველში: რეალობით ნაწარმოები თამაში, თუ თამაშით ნაწარმოები რეალობა?
︎︎︎Homo-Economicus: ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ

სრული სია︎


ორგანიზაციის
შესახებ —
  1. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
  2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

Mark

ობიექტებმა ლაპარაკი
დამიწყეს და, აი, იქ მივხვდი, რომ




ავტორი: ელისაბედ გედევანიშვილი
ან-და-დონ
შინაარსობრივი რედაქტორი: ლიკა გულბანი

        ერთ საღამოს ვსეირნობდი და, ჩემი მზერა ღამის ლამპიონისას შეეფეთა. არ მეჯერა, ვგრძნობდი როგორ ანათებდა, როგორ ბჟუტავდნენ სინათლის აალებული ნაწილაკები ჩემკენ. აქეთ-იქით მიმოვფანტე თვალები და, მომდევნო წლების თუ არა, თვეების განმავლობაში ამ მდგომარეობაში შემოვრჩი. ჩემს ოთახში მე და ობიექტები ვცხოვრობდით. ნათურის ყურებიდან მეორე დღეს მრგვალ, ტერასებიან შენობაში შევედი; ტერასებად აწყობილიყო და შიგნით მთელი მწვანე განახლებადი ეკოსისტემა ჰქონოდა, ბეტონნარევი სიმწვანე. მელაპარაკებოდა. ობიექტებმა დამიწყეს ლაპარაკი. არაორგანულს ვეჭიდებოდი და იქიდან ვქაჩავდი ენას. სურვილი დამეკარგა და სულიც გაჰყოლოდა. ხორხში აგორგლებულ-დამტვერილ(ი) კაბელი რომ გამოვქაჩო, უკან მივდივარ, ნაბიჯ-ნაბიჯ  ვაწყობ ტექსტს და ვნიშნავ იმ ადამიანურ, არა-ადამიანურ თუ ადამიანზე-მეტ აქტორებს, რომლებიც ჩემ ცხოვრებას ააჟღერებენ ხოლმე. ვინ არიან? ან რატომ არიან მჟღერნი? როგორ გამაჭურჭლებენ მე?
    ეტაპობრივად, ადამიანები და, მათ შორის, ჩემი ემოციებიც, ობიექტებთან იდენტიფიკაციამ, მათმა პერსონალიზაციამ და მათთან ლაპარაკმა ჩაანაცვლა. იმ დროინდელი ჩანახატების კითხვისას, მხოლოდ ახლა ვხვდები, რას ნიშნავდა როცა სარეცხი მანქანა მიღეჭავდა თმებს, ან მასზე შემომხტარი ფხვნილის ყუთი ხტოდა, ან ნათურასთან ახლოს მისულს სინათლის ნაპერწკლების ხმა მესმოდა.  სურვილზე და ენაზე ბევრი დაწერილა, მაგრამ ბეტონიანი ტერასებიდან, aka სამსახურიდან მოსულს,  ეს ციტატა შემომხვდა: „როცა სურვილს კარგავ, ენასაც კარგავ. ენა გამოთქმული სურვილია: მე მინდა რაღაც გითხრა“1 (სოლმაზ შარიფი). განა სურვილი დამეკარგა? არა, ‘შენ’ დამეკარგე და მერე ‘მე’-ც მიყვა. მაგრამ, სურვილიც ხომ ერთმანეთთან კონტაქტში მოდის, ჯერ აფექტურ, პრე-კოგნიტურ ანუ პრე-ფიქრიან ფაზაში, სადაც სხეულებრივად განიცდი და მერე ეს განცდა მოძრაობაში ან სიტყვებში გადმოგედინება. ადრე, ადამიანის შიგნით უკვე არსებული სათქმელის გადმოდინების მეთოდად მათი სიტყვებში გადმოთარგმნა იყო მიღებული. ვითომ, ჯერ სუბიექტი ხარშავდი და ისე ამბობდი, ფიქსირდებოდი. ჩემში აფექტი ჭარბობდა, სიტყვები - არა. რა მომენტშიც განსახიერების მაგივრად, განცდები უკან ჩავახრჩე, დავრჩი უსულო საგნებში და გაშუალების მცდელობით მათთან ლაპარაკი დავიწყე—სიტყვებით, ხატვით და ხმებით. რას ველაპარაკებოდი არ ვიცოდი, მაგრამ მიყურებდნენ და მცნობდნენ და მეც, არ შემეძლო რომ დაუფიქრებლად არ მეპასუხა. ვერც ვუფიქრდებოდი, მტკიოდა, და „პრე-ფიქრიან/პრე-კოგნიტურ სივრცეში ყოფნით [ჩემს] სამყაროს ახლებური წერის/კითხვის ფორმა“2 ემატებოდა.


ერთ ყურში სარეცხი მანქანა ბღუის,
ზემოდან შამპუნის ბოთლი შხუის.

გვერდზე კაბელი ხარობს:
შუქს, ელექტროობას, ენერგიას,
რაც გინდა დაარქვი, სვამს და ათრობს.


დენცქვიტა::::
უყურებოდ დაცქვეტილა,
ისეთი ნაკადი გაჰყავს.


ატარებს :::

შუქს, ელექტროობას, ენერგიას, სასუქს,
რაც გინდა შეარქვი, საზრისი ერთი აქ.

კაბელს::::
შავს, მეტალის და პლასტმასის ნაზავს,
მწყურვალე ელოდება ტელევიზორის ჩართვას.
ჰაერში კიდია და მაგრა კიდია
შიშვლად რომ დაკლაკნილია.


გამოკიდებულს, გარედან გაყინვაც ეპიტნავება
შიგნიდან დენი ურითმავს, უმუხტავს სითბოს
არიქა!


გემრიელია პიტნა: მწვანე, ხასხასა,
მარა, გაზაფხული ჭირდება პიტნას:
რომ იპიტნოს და გეპიტნავოს:
ზაფხულ და მერე შემოდგომა გამცნოს.


რაღაცები/რაღაცა: რომელიღაც საგანი, მოვლენა და სხვ. (ყველაფერი, ადამიანის გარდა), განუსაზღვრელი რამ;
უცნობი რამ.

საგნები/საგანი: რასაც ნივთიერი სახე აქვს, შესაძლებელია მისი დანახვა, შეხება, შეგრძნება. (უსულო საგანი. მრგვალი საგანი.); (1) ყოველგვარი მატერიალური მოვლენა; ნივთი. (2) რის შესახებაც ვაზროვნებთ, ან რის მიმართაც რაიმე მოქმედებას ვაწარმოებთ; რასაც მსჯელობა, საუბარი ეხება; ობიექტი.

ობიექტები/ობიექტი: ის, რაზეც (ვისზეც) სრულდება რაიმე მოქმედება; ცდის საგანი კვლევის ობიექტი, კვლევის.
(1) ჩვენს გარეშე და ჩვენი ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად არსებული სამყარო, მატერიალური სინამდვილე.
(2) მოვლენა, საგანი, პირი, რომლისკენაც არის მიმართული ვისიმე მოქმედება, ყურადღება და სხვა. (3) საწარმო, დაწესებულება, მშენებლობა და მისთანები, როგორც რაიმე მნიშვნელობის ერთეული; 

ნივთები/ნივთი: გარკვეული დანიშნულების უსულო საგანი. (1)...ჩვეულებრივ ადამიანის ხელით გაკეთებული. (2) ყოველი საგანი, რაც გრძ[ნობი]ს ორგანოებით აღიქმება.

   
    მე ვწერდი საგნებს, მაგრამ საგნებიც მწერდნენ მე: „დაუსრულებელი ონტოლოგია [ვიყავით] სადაც რაღაცები3 ცოტა ადამიანურად ჩანან და სადაც ადამიანები ცოტ-ცოტა რაღაცებს გვანან.“4 ერთმანეთთან ვკავშირობდით, დამოუკიდებლად ვერ ვცხოვრობდით, აქტორთა და კავშირთა5 თეორიაში ვარსებობდით. მისი მიხედვით, ურთიერთკავშირი თანდებულია: ერთი ქმნილება მეორეშია ჩატენილი, თუ ამ მეორეს პირველთან მიმართებაში მოვუსმენთ. კი, ადამიანი ნივთებთან პირველად გამოყენებით კავშირს ამყარებს, დაუფიქრებლად, მიზნობრივად იყენებს მათ. თავისი საქმიანობისთვის  უკანა ფონიდან იღებს ობიექტს და თავისთვის სასარგებლოდ იხელთებს მას. ნივთი ფუნქციურია, მიზნის განხორციელებაში ენიჭება მნიშვნელობა. მაგრამ, ნივთები და ჩვენ ცალ-ცალკე ვარსებობთ, კი? მაშინ, როცა მზერას ობიექტებისკენ მივმართავ და ერთამენთთან ჩაწნულს ვუსმენ, საგნებისგან  ვიბრაციით წამოსულ და ჩვენში დალექილ ნაწილაკებსაც ვგრძნობ. ერთად ვიმახსოვრებთ და ვაარქივებთ ამ ქიმიურ შენაერთებს და ატომებს. ადამიანის სახის  გარემოში ჩაკარგვისას, უამრავი, მოულოდნელი მომავალი ან/და მომავალთა სიმრავლე წარმოიშობა, „შემობრუნდება სუბიექტი და გარეთ-ს უყურებს პირისპირ.“6
    ვწერდი და ვჯღაპნიდი, უკან ყურებისას, ვცდილობდი ჩემი თავი მეპოვნა საგნებში.  ლტოლვა ადამიანური კავშირისკენ, რომელიც აფექტით უნდა შემოსულიყო და სიტყვებით განმეორებულიყო, მაინც არ მანებებდა თავს. სხეულზე ნეირონი/სოკო დამეხატა, სინაფსში ნეიროტრანსმიტერებს ისროდა, იმედით, რომ წერტილოვნად მაინც გააბამდა სხვასთან ქსელს. ამაოდ.  ვაგროვებდი საგნებს, და მათზე ნაამბობს. „სოციალური [ხომ] ადგილი არ არის, ან შკალა ან რაღაცების ტიპი, ახალი ასოციაციების დროებითი მოძრაობაა.“7 ახალ ასოციაციებს ვაარქივებდი ჩემში და ჩემს სხვა საგნებში: ბლოკნოტებში, ლეპტოპში, სხეულზე, ფოტოებში.  გაუაზრებლად, მიზანი მქონდა: მე აქ ვდგავარ მარტო და არ ვიცი ვისგან ჩამოვიყალიბო თავი, მოდი დავიწერები აწმყოში ყოფნით და წარსულში ქექვით.
    წერა-წერაში არა-მხატვრულმა და მათგან ნაწარმოებმა პარა-სოციალურმა ურთიერთობებმა  დამილიანდაგეს აღქმა. საგნები არ კმარობდნენ, ნაწილად ხომ ადამიანი ვიყავი. შევყევი და ამხანაგებად მეგი ნელსონი, ოლივია ლეინგი, ედრიენ რიჩი, ოდრი ლორდი,  ჯუნ ჯორდანი, ლუ სალივანი და სხვები დამიდგნენ. ამასობაში, ჯულიეტა სინღი შემომხვდა, წიგნის სათაურად იწერებოდა, „ვერანაირი არქივი აღგადგენს“-ო. არქივი ვერ აღგადგენს, მაგრამ იქნებ ერთად დაგვეწერა ის? ვფიქრობდი თან. საგნებთან ერთად სურვილ-დაკარგული მადას ვიღვიძებდი, ადამიანებთან ვერ-დალინკულმა აღმოვაჩინე ისინი, მაგრამ მათზე, ადამიანურ ენით ლაპარაკი მიჭირდა. ლინგვისტურ სივრცეში, ინგლისურს და ქართულს შორის ვიყავი გახლეჩილი. „ერთ ენაზე ვლაპარაკობ[დი] და ის ჩემი არ [იყო].“8 არ მეგულებოდა ენა შინაგანი, არა-ფიქრიანი განცდების ამოსაღებად. თქმულად თუ უთქმელად, მაინც გრძნობები მსახავდნენ ყალიბში. მე კი ფეხს ვერ ვუბამდი. და ისევ ნათურას შევყურებდი, რომელიც ვიყავი. „პირისპირ დავუდექი მოჩარჩოებულ ლექსიკას და უკმარის მეტაფორებს, რომლებსაც ვეყრდნობით, რომ ავაწყოთ ის, რასაც, ბოლოს მაინც, არ აქვს ადგილი ენაში.“ (სინღი, 58)  აფექტებს მიყოლილი ნელ-ნელა მოვდიოდი, უკან, ენას ვიქმნიდი, მაგრამ ამჯერად, უსულო საგნებთან ერთადაც.


    აქ კიდე ლექსი:

პრინტერი პრი.. ნტერი მტერი ჩემი მტერი?
ბეჭდავს ბროშურებს.

სამ პრინტერს შუა,
                                    შუაში,
მოვექეცი
                                    მეც.
მარცხენა ხელით იმ პრინტერს ვაჭერ,
                                                                    მარჯვენათი ამას ჩუმად ვაბეჭდინებ.

პრინტერო, იცი კი, რა გეწიფება, ხელთ?
მელნით რას აშუალედებ თაბახზე,
                                                            ა ოთხზე?

შავ-თეთრად,
                                შენ?

ორ თვეში,
                        აწ უკვე,
დროის ხაზობრივ გატარებას
                                            გადავახაზე X-ი
რა ხაზი, რის ხაზი, პრინტერივით ერთ ნიადაგს ვბეჭდავ,
ვტკეპნი? ჯერ არ ვიცი, ვნახოთ,
უიმედობას ვაქრობ,
თ - იმედია - ახლავს ზმნას თან
და ბევრი პრინტერი ბეჭდავს ა რეალს.


სარეცხის მანქანის ხმასთან ერთადაც
                                                                ვღელავ.

გადაჭრით ვამბობ,
                                            ბოლოს ხომ მაინც,
შუაში გაჭედილი პრინტერი
                                      ვარ,
და გაშმაგებით
                                            ვბეჭდავ და ვბეჭდავ

ქართულად ერთ ფონტად მიაქ,
                            მე რომ ვიკარგები მანდ?
                                                ჩემი პრინტერი რომ არ არის ეგ?
                    გაჭედილი სიტყვებს ვიგონებ,
                            უსულო საგნებს ვეპოტინები
           სამყარო მოგონილიდან
                    გადმომაქ რეალობაში
                            ნელ-ნელა,
                                                                    მე.



სოლმაზ შარიფი.2  ნაიჯელ თრიფტი,  Non-Representational Theory: Space, Politics, Affect (New York: Routledge, 2008), 154.  
ინგ: things, რაც უსულოობას მოიცავს, მაგრამ მარტო ფიზიკურ საგნებს არ გულისხმობს.
ბილ ბრაუნი,  A Sense of Things: The Object Matter of American Literature (Chicago: University of Chicago Press, 2003), 13.
ინგ: Actor-Network Theory. მეტისთვის ნახეთ ბრუნო ლატურის 2000-ანი მონოგრაფი: Reassembling the Social: An Introduction to Actor- Network Theory (Oxford: Oxford University Press).
როზი ბრაიდოტი, Transpositions (Cambridge: Polity Press, 2006), 262. 
ბრუნო ლატური (2005), 238.
8 ჟაკ დერიდა, Monolingualism of the Other: or, The Prosthesis of Origin (California: Stanford University Press, 1998).
Mark