ახალგაზრდა მწვანეები



პუბლიკაციები

ბლოგები

︎︎︎Ზოგჯერ სხეული, უბრალოდ სხეულია, რომელიც შეგიძლია მოხატო კიდეც
︎︎︎პოლიტიკური ნების იარაღად გარდაქმნილი სხეული
︎︎︎სხეულს ახსოვს განგაში
︎︎︎მტეხს, მაგრამ აჩრდილი აღარ არის!
︎︎︎ტკივილსა და თანაგრძნობაზე: ემოციები, როგორც პოლიტიკური
გამაერთიანებელი
︎︎︎ფემინისტური თეატრი, როგორც პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი ︎︎︎ფემინურობა ციფრულ ველში: რეალობით ნაწარმოები თამაში, თუ თამაშით ნაწარმოები რეალობა?
︎︎︎Homo-Economicus: ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ

სრული სია︎


ორგანიზაციის
შესახებ —
  1. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
  2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

Mark

მემკვიდრეობითი ტრავმა




ფსიქიკური ჯანმრთელობა გამოცდილება / 2022
ავტორი: ნატა ცნობილაძე


ფოტო: ეროვნული არქივი - თედორე მანჯგალაძის ნათესაობა

           
პანდემიურმა ვითარებამ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრის კუთხით არცთუ ისე დიდი, მაგრამ მაინც საჭირო ძვრები გამოიწვია. საზოგადოებაში დაიწყო და მეტნაკლებად გახშირდა მსჯელობა მენტალურ ჯანმრთელობასა და მის ირგვლივ გაერთიანებულ პრობლემებზე. როდესაც ამ საკითხს ვეხებით, მნიშვნელოვანია, რომ გარდა უშუალოდ პრობლემისა, ხაზი გავუსვათ იმაზეც, თუ რა დგას მის მიღმა -  მიზეზებსა და სხვადასხვა ფაქტორზე, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნების ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებაში.


ძალიან ხშირად მიფიქრია, თუ რატომ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ასე გავრცელებული, რატომ იღებს მწვავე ფორმებს საკმაოდ ხშირ შემთხვევებში და რა ფაქტორები აყალიბებს საზოგადოების დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი. როგორც უკვე აღვნიშნე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ღიად, თუნდაც ვიწრო წრეებში საუბარი, ჩვენი საზოგადოებისთვის ახალია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქამდე ეს საკითხი  ან მსგავსი პრობლემები არ არსებობდა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ვისაუბრო ჯაჭვზე, რომელიც კრავს და აკავშირებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებსა და გარემოს მთელი თავისი კომპლექსურობით.


ჩვენი საზოგადოება მუდმივ სტრესში, დაპირისპირებაში, რეჟიმების ცვალებადობაში, რეჟიმებისგან გამოწვეულ ძალადობაში ცხოვრობდა. უფრო კონკრეტულად, მაგალითებით განხილვაც შეგვიძლია. ეს ყველაფერი გაცილებით უფრო დიდი ხნის წინ დაიწყო, ეს არ დაწყებულა არც 10 და  არც 30 წლის წინ, არამედ უფრო ადრე. ზოგი თვლის, რომ საბჭოთა კავშირი კარგი იყო, ზოგი პირიქით - მიაჩნია, რომ  ძალიან ცუდი იყო. ამჯერად იმ ადამიანების ხაზს გავუყვეთ, რომლებიც თვლიან და თვლიდნენ, რომ საბჭოთა კავშირი ცუდი იყო. რატომ მივყვებით ამ ხაზს - მოსახლეობისთვის, რომელიც თვლიდა, რომ სსრკ ცუდი იყო, ამ წყობაში ცხოვრება ნამდვილად ტანჯვა იქნებოდა და არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც. რას ვგულისხმობ ემოციურ ტანჯვაში: დღევანდელ საზოგადოებაში საბჭოთა კავშირის მოგონებები, ისეთი მალული აქტები, როგორიც  წიგნების ჩუმად წაკითხვა, კინოში ჩუმად სიარული, ჩუმად საუბარი რომანტიზებულია, ამიტომ რომანტიზმის მიღმა არ ჩანს რეალური პრობლემები, რაც შეიძლებოდა ამით ყოფილიყო გამოწვეული. ეს არის სტრესი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე სტრესი, შეიძლება გადაიზარდოს შფოთვით აშლილობაში, შფოთვითმა აშლილობამ შეიძლება გამოიწვიოს მეტად უფრო სერიოზული პრობლემები და გაგრძელდეს ასე უსასრულოდ. დავუბრუნდეთ ისევ ამ ხაზს - პროტესტი, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა, მუქარები, მკვლელობები, იმის ყურება, თუ როგორ ნადგურდება ერთი ოჯახი პროტესტის გამო და მუდმივი შიში იმისა, რომ შენთანაც მოვლენ, შენც გაიწირები და ისევ შფოთი.

ახლა წარმოვიდგინოთ ის მოცემულობა, სადაც ადამიანებს, რომლებსაც გააჩნდათ გარკვეული ფსიქიკური წუხილები, არც კი იცოდნენ, რომ ის, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას აზიანებდა, ამყოფებდა მუდმივ სტრესში, ზემოქმედებდა მათ ფუნქციონირებაზე და ა.შ. შესაძლო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა იყო, რომელსაც თავისი გამომწვევი მიზეზები გააჩნდა და რომლისგან თავის დასაღწევადაც დახმარება უნდა მიეღოთ. მათ არ იცოდნენ, რომ  ეს არ იყო ბუნებრივად გამოწვეული სტრესი ან უბრალოდ “შიშები”.


“ფსიქოლოგთან რატომ უნდა მივიდე - გიჟი ხომ არ ვარ?”.


ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სპეციალისტის -  ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის მომსახურებით სარგებლობა ჩვენს საზოგადოებაში მწვავე სტიგმას უკავშირდებოდა, რაც ადამიანებისთვის კიდევ უფრო ართულებდა პრობლემის მიღებისა და მასთან გამკლავების პროცესს. სწორედ ამ დამოკიდებულებამ გამოიწვია ის, რომ ახლაც კი ოჯახებში, საზოგადოებაში, სხვადასხვა ჯგუფში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მრავალი ადამიანი გვყავს, თუმცა მათ არასდროს მიუქცევიათ ამისთვის ყურადღება, არასდროს უცდიათ საკუთარი თავის დახმარება, რამდენადაც მათთვის ეს საკითხი უცხო და სტიგმატიზებული იყო მუდმივად. ამის შედეგად კი. უხეშად რომ ვთქვათ, მათი პრობლემები სხვებზე, მათ გარშემომყოფებზეც აისახება ხოლმე ისევე, როგორც მათი ცხოვრების სხვა, მნიშვნელოვან ასპექტებზე.  არსებობს კი რაიმე კვლევა, რომელიც შეისწავლის ადგილობრივ კონტექსტს და გვაძლევს ინფორმაციას, თუ  60 წელს გადაცილებული რამდენი ადამიანი იტანჯება შფოთვითი აშლილობით, პოსტტრავმული სინდრომით ან სხვა ფსიქიკური პრობლემით პოსტსაბჭოთა საქართველოში?


უფრო ახლო წარსულზე სასაუბროდ კი შეგვიძლია მივადგეთ დიდებულ 90-იანებს: ძალთა ბალანსი დაკარგულია, საზოგადოება - სიბნელეში, სამსახური - არანაირი, ოჯახები -  გაუბედურებული, ყველგან მკვლელობები. ისინი, ვინც ეს პერიოდი გამოიარა, ჩემი და ჩემი თანატოლებისთვის მშობლების თაობაა- სად იცხოვრა ჩვენმა მშობლების თაობამ? - საშინელ არეულობაში, გაურკვევლობაში, უპერსპექტივობაში, აგრესიაში. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია. თვალი რომ გადავავლოთ ჩვენი მშობლების თაობას, ოდნავ დიდებსაც და თუნდაც ხალხს, რომლებიც საზოგადოებაში ყველაზე ხილულია, მაგალითად პოლიტიკოსებს, გამდიდრებულ მკვლელებს - რამდენს აქვს ბრაზის პრობლემა? ბრაზის პრობლემა არა როგორც - “უბრალოდ თავს ვერ თოკავს, როცა ბრაზდება, გადაუვლის” - არამედ ბრაზის პრობლემა, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, როგორც არა მხოლოდ სერიოზული საფრთხე საზოგადოებისთვის, არამედ თავად მათთვის? რეალურად, არც ბრაზის პრობლემა არ არის ციდან ჩამოვარდნილი, ეს არის პასუხი უსამართლობასა და მტკივნეულ გამოცდილებაზე, რომლის გამოვლაც ამ ადამიანებს მოუწიათ.


შემდეგ კი კვლავ მივდივართ შფოთვასთან, დეპრესიასთან და თუ ამაზე საუბარი არ იყო საბჭოთა კავშირის დროს, სამწუხაროდ, ამაზე არც 30 წლის წინ საუბრობდნენ. რამაც თავის მხრივ გამოიწვია ის, რომ უფრო ახლო წარსულიდან მომავალი თაობაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით, ყურადღების მიუქცევლად, ულაპარაკოდ აგრძელებდა და აგრძელებს ცხოვრებას, დომინოს პრინციპით ეს პრობლემები გავლენას ახდეს მათ შემდგომ თაობაზეც, ზუსტად ისე, როგორც მათმა მშობლების თაობამ მოახდინა მათზე გავლენა. და ნელ-ნელა მივიწევთ იმ მდგომარეობამდე, სადაც ახლა ვართ, რა მდგომარეობაშიც ახლა არის ჩვენი საზოგადოება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ შედარება არ არის - მაშინ საერთოდ არ ლაპარაკობდნენ ამ თემაზე, ახლა კი ნელ-ნელა დაიწყო ამაზე მსჯელობა. დროის ცვლილებამ და ამ ცვლილების თანმდევმა სხვადასხვა სოციო-კულტურულმა თუ ეკონომიკურმა ცვლილებამ გამოიწვია ის, რომ ამ თემაზე საუბრის შესაძლებლობა მეტ-ნაკლებად მაინც გაჩნდა, დღეს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ნაკლები შიშით ვსაუბრობთ, ახლა “გიჟი” აღარ ხარ, თუ ფსიქოლოგთან დადიხარ, თავს თუ ცუდად გრძნობ, შეგიძლია გაიგო, რატომ გრძნობ თავს ცუდად.


თუმცა ის ყველაფერი, ის გამოცდილებები, რაც ზემოთ აღვწერე, ჯერ კიდევ არსად გამქრალა და გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ თაობებზე, რომელთაც უშუალოდ შეეხო, არამედ ჩემს თაობაზეც, ახალგაზრდების თაობაზე. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ შედარებით ახალი და ნაკლებად სტიგმატიზებული დამოკიდებულების გაჩენის პარალელურად არსებობს საკითხთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევები, მათ შორის ის, რომ მიუხედავად თაობათა შორისი განსხვავებებისა, ჩვენ გვიწევს ხალხთან ურთიერთობა, რომლებსაც არასდროს ამოუღიათ ხმა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, არასდროს უთქვამთ, რომ რაიმე პრობლემა აქვთ, არასდროს დაფიქრებულან (რადგან საშუალება არ ჰქონდათ ამაზე დაფიქრების, რადგან როდესაც ეს საშუალება მიეცათ, მაშინ ეს უკვე მეათასე ხარისხოვანი გახდა), რომ შეიძლება ფსიქიკური  ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონოდათ, პრობლემები, რომლებიც ნაწილობრივ სრულიად გასაგები და ცხადი ანარეკლია იმ საზოგადოების, იმ დროის, რომელშიც მოუწიათ ცხოვრების უმეტესი ნაწილის გატარება.


სისტემები, რომლებშიც ჩვენს წინამორბედ თაობებს უწევდათ ცხოვრება, ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვნად აზიანებდნენ პიროვნების ფსიქიკურ მდგომარეობას და სამწუხაროდ, ამ მხრივ გამონაკლისს არც  ახლანდელი პოლიტ-ეკონომიკური სისტემა წარმოადგენს, რომელშიც ჩვენი თაობა ცხოვრობს. გარდა იმისა, რომ ჩვენ გვიწევს ცხოვრება იქ, სადაც ყველაფერი მოუწესრიგებელია, სადაც ადამიანის, მოქალაქის სიცოცხლე - მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა ზედა ეშელონებისთვის არაფერს ნიშნავს, ამაზე არ ფიქრობენ და არ აქცევენ ყურადღებას, რადგან მათ შეუძლიათ მიიღონ ის, რისი მიღებაც არ შეგვიძლია ჩვენ, მათთვის ეს პრობლემა რელევანტური არ არის.  ჩვენ ასევე ვცხოვრობთ ჩვენს მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან, რომლებიც სწორედ ხსენებულ ტრამვირებულ თაობას წარმოადგენენ, თაობას, რომლის წარმომადგენლებმაც მთელი ცხოვრება და მისი თანმდევი ტკივილი ისე გამოცადეს, რომ საშუალება არ ჰქონიათ ამაზე ეფიქრათ, მოეძებნათ საკუთარი გამუდმებული შფოთვის, უმიზეზო აგრესიის, ალკოჰოლსა თუ სხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულების მიზეზები, ანდაც მიემართათ სპეციალისტისთვის და მიეღოთ მათთვის საჭირო დახმარება. ჩვენს თაობას ანდერძით საკუთარი მშობლების ტრავმებიც გადმოჰყვა ან უწევს მათთან ყოველდღიური გამკლავება პირადი პრობლემების პარალელურად, რაზე პასუხსაც არა ჩვენს მშობლებს, არამედ იმ სისტემას უნდა ვთხოვდეთ, რომელმაც ხელი შეუწყო როგორც საზოგადოებრივი ქსოვილის მოშლას, ასევე მისი წევრების ფსიქიკურ ჩამოშლას და უარი თქვა იმ მინიმუმის გაკეთებაზეც, რასაც ჯანდაცვის საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჰქვია და რაც მის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს.


სამწუხაროა, რომ ეს ჯაჭვი არ წყდება, ვინაიდან ახლაც კი, როდესაც ამაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა საზოგადოებაში, ტარდება ტრენინგები თუ აქტივობები, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის საჭირო სერვისები პრაქტიკულად მიუწვდომელია მთელი რიგი ჯგუფებისთვის. სისტემამ, რომელშიც ცხოვრება გვიწევდა და ახლაც გვიწევს, მიგვაჩვია იმ ფაქტს, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა “ფუფუნებაა”, ხელი აიღო საკუთარ პასუხისმგებლობებზე და  ხშირად ამაზე ფიქრის დროსაც კი არ გვიტოვებს.



პროექტი ხორციელდება Global Fund for Women-ის მხარდაჭერით

2022

Mark