ახალგაზრდა მწვანეები



პუბლიკაციები

ბლოგები

︎︎︎Ზოგჯერ სხეული, უბრალოდ სხეულია, რომელიც შეგიძლია მოხატო კიდეც
︎︎︎პოლიტიკური ნების იარაღად გარდაქმნილი სხეული
︎︎︎სხეულს ახსოვს განგაში
︎︎︎მტეხს, მაგრამ აჩრდილი აღარ არის!
︎︎︎ტკივილსა და თანაგრძნობაზე: ემოციები, როგორც პოლიტიკური
გამაერთიანებელი
︎︎︎ფემინისტური თეატრი, როგორც პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი ︎︎︎ფემინურობა ციფრულ ველში: რეალობით ნაწარმოები თამაში, თუ თამაშით ნაწარმოები რეალობა?
︎︎︎Homo-Economicus: ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ

სრული სია︎


ორგანიზაციის
შესახებ —
  1. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
  2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

Mark

მადათაფა და კარწახი -
დაჭაობებისა და დაშრობის
საფრთხის წინაშე




ფოტო: მადათაფა, 2023 წელი
ავტორი: ელის ბაქრაძე


ჯავახეთის რეგიონი თვალწარმტაცი პეიზაჟების, მდიდარი ბიომრავალფეროვნებისა და  რეკრეაციული ზონების სიმრავლის მიუხედავად, ტბების დაშრობის საფრთხის წინაშე დგას. მადათაფას და კარწახის ტბების უნიკალური ეკოსისტემის შესანარჩუნებლად მყისიერი რეაგირება და ტბების აღდგენის ქმედითი სტრატეგიის შემუშავება არის საჭირო.


ფოტო: მადათაფას ტბა, 2023 წელი.

ჯავახეთის რეგიონი ტბების მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ფარავანი, ტაბაწყური, კარწახი (ხოზაფინი), მადათაფა და ხანჩალი,- თევზჭერისა და ფრინველებზე დაკვირვების (Bird Watching) მოყვარულების რჩეული ადგილებია. მაგალითად, გამყინვარების ხანაში წარმოქმნილი, მადათაფას ტბა გადაშენების პირას მყოფი უნიკალური ფრინველების ჰაბიტატს წარმოადგენს. თუმცა, დღეს, მადათაფას და კარწახის ტბები დაშრობა-დაჭაობების საფრთხის წინაშე დგას.



მადათაფა

მადათაფას ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებას, ჟდანოვაკანსა და ეფრემოვკას შორის,  ზღვის დონიდან 2108 მეტრზე, მდებარეობს. წლების განმავლობაში, ტბა თოვლის დნობისა და ბუნებრივი ნალექების მეშვეობით მარაგდებოდა. თუმცა, როგორც ადგილობრივები იხსენებენ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მადათაფამ დაჭაობება დაიწყო:

,,თანდათანობით ტბამ იკლო, უფრო დაბინძურდა. თითქოს ჭაობდება. წყალმაც კი იცვალა ფერი, იმდენი წყალმცენარეა ამოსული... ჩემს ბავშვობაში კამკამა წყალი იყო, საცურაოდ  დავდიოდით. ხალხი, თევზსაც იჭერდა. ახლა, თითქმის არავინ ცურავს. თევზაობაც აკრძალულია. ტბაში მხოლოდ კარასია, რომლითაც ფრინველები იკვებებიან. აქ, ძირითადად, ფრინველების საყურებლად მოდიან. ზაფხულში, განსაკუთრებით ბევრი უცხოელია.“- ამბობს ნარინე, სოფელ ეფრემოვკიდან.

,,გასულ წელს მადათაფამ გაშრობა დაიწყო, დაჭაობდა ნაპირები. საფრთხე შეექმნა ნინოწმინდის უნიკალურ ფრინველებს. ხალხი დაიზაფრა, რადგან აქ, ყოველწლიურად, გადამფრენ ყანჩას, ვარხვსა და სხვა ფრინველებს მოელიან. რეგიონის სიამაყეა. უამრავი ტურისტი გვსტუმრობს, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან... ტბის გარეშე, ეს ფრინველები სხვაგან წავლენ. აღარც ტურისტები ჩამოვლენ, რაც ჩვენს კეთილდღეობაზე აისახება“. -ჰყვებიან სოფელ ჟდანოვაკანის მაცხოვრებლები.

ფოტო: მადათაფა, 2023 წელი.

რეგიონული მედიის, JNEWS-ის ჟურნალისტი, შუშან შირინიანი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც რეგიონში ტბების დაშრობაზე ალაპარაკდა:

,,მადათაფის ტბა დაშრობის საფრთხის წინაშე პირველად 1980 წელს აღმოჩნდა, როდესაც მოსახლეობამ, თვითნებურად, ტბიდან სარწყავი არხები გაიყვანა. ტბის გადასარჩენად, მასში წყლის დონის ხელოვნური შევსება მოხდა. აგრეთვე, კაშხლის შენების საჭიროებაც დადგა. თუმცა კაშხალი დღესაც არ არის აშენებული. წყლის დაშრობის მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი გასულ წლებში დაფიქსირდა, როდესაც ძლიერი გვალვის შედეგად წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიწია. მას შემდეგ ყოველწლიურად ვაკვირდებით.“ - აცხადებს შირინიანი.



,,ჯავახეთის დაცული ტერიტორიების და თეთრობის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით: მდინარე მადათაფას არხი ბუნებრივად ღრმავდება, რაც ტბის გადინებას და აჩქარებას იწვევს. ხოლო ნალექების სიმცირე და თოვლის საფარის შემცირება ტბის დაშრობის ერთ-ერთი მიზეზს წარმოადგენს. ნალექების შემცირების შედეგად, ტბაში წყლის მოცულობა იკლებს. ამასთანავე, თოვლის დნობისა და წვიმის შედეგად, ტბა დანალექით (ნიადაგითა და კლდოვანი ნარჩენებით) ივსება. დანალექი ტბის ფსკერზე ილექება, რის შედეგად ტბაში წყლის სიღრმე მცირდება და წყალმცენარეების რაოდენობა იზრდება.1 რის შედეგად დაჭაობებული ადგილები წარმოიქმნება.

ფოტო: მადათაფას დაჭაობებული ნაპირი, 2023 წელი

,,სანაპირო ზოლის დაჭაობების მიზეზად პირუტყვის ძოვებაც დასახელდა. რაც ადგილობრივებისთვის თავის გატანის ერთადერთი საშუალებაა. დაცული ტერიტორიების სააგენტოში განაცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით კვლევა-ძიება დაწყებულია. ხოლო  ტბის მონიტორინგი პერმანენტულად მიმდინარეობს. ...გამოითქვა ვარაუდი, რომ ტბის გადასარჩენად საჭიროა კაშხალი, სათავე-ნაგებობა, რომელიც ტბაში წყლის დონეს ხელოვნურად აამაღლებს. ჯერ კიდევ სსრკ-ს საუბრობდნენ კაშხალის საჭიროებაზე.“- იხსენებს შირინიანი.  

ფოტო: მადათაფა, 2023 წელი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, ტბების დაშრობა რეგიონში კლიმატურ ცვლილებებს, კერძოდ კი გლობალურ დათბობას უკავშირდება. ოფიციალურ დოკუმენტში გაცხადებულია ისიც, რომ ამ ეტაპზე ტბას დაშრობა არ ემუქრება. თუმცა სამი წლის შემდეგ, დაჭაობების პროცესი ისევ გრძელდება, ხოლო 2021წლიდან დაცული ტერიტორიების სააგენტო კაშხალის მშენებლობაზე ტენდერს აცხადებს, თუმცა 2 წლის შემდეგ, სამშენებლო სამუშაოები არ არის დაწყებული. ამავდროულად, ტბის შუაგულში გამოჩენილი კუნძული, დღესაც, ,,დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ კვლევა-ძიების წყაროა.

,,ჯავახეთის დაცული ტერიტორიების და თეთრობის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის“ მიხედვით, კუნძულის წარმოქმნა სედიმენტაციის (დალექვის) პროცესით შეიძლება აიხსნას. როდესაც ტბაში, წყალმცენარეების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს ტბა ჭაობად გადაიქცევა. წყალმცენარეების ზრდა, სქელ საფარს წარმოქმნის, რომელიც მზის სხივების შეღწევას ხელს უშლის და წყალში ჟანგბადის მოცულობას ამცირებს. რის შედეგად, ტბის ეკოლოგიური ბალანსი ირღვევა, ბიომრავალფეროვნებას კი თვითგადარჩენისთვის ბრძოლა უწევს. მაგალითად, მადათაფის ტბაში, ადგილობრივი თევზის ჯიშები, კარასმა ჩაანაცვლა. წყლის კლებისა და წყალმცენარეების ზრდის შედეგად ტბის შუაგულში კუნძული წარმოიქმნა, რომელიც გადამფრენი ფრინველების განთავსების ცენტრად იქცა.

დაჭაობების პროცესის კონტროლის და ტბების დაშრობასთან ბრძოლის ქმედითი სტრატეგიის გარეშე, მადათაფას ტბის ეკოსისტემაში კიდევ არაერთ ცვლილებას უნდა მოველოდოთ.


კარწახის (ხოზაფინის) ტბა

კარწახის ტბა, საუკუნეების განმავლობაში, თევზჭერის პოპულარულ ადგილს წარმოადგენდა. ის გურჯისტანის ვილაეთის დიდ დავთარში არის მოხსენიებული. კარწახის კალმახი ვახუშტი ბატონიშვილის მოგონებებშიც გვხვდება.2 თუმცა დღეს, ხოზაფინის ტბაში კალმახი აღარაა.


ფოტო: Google Earth 2023

ხოზაფინის ტბა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სოფელ კარწახსა და ფილიპოვკას შორის, ზღვის დონიდან 1798 მეტრზე, მდებარეობს. მადათაფას მსგავსად, ის, უმეტესწილად, ბუნებრივი ნალექებით მარაგდება. როგორც ადგილობრივები დასძენენ:

,,წლების განმავლობაში, ზაფხულობით, აქ, უამრავი ადამიანი იყრიდა თავს. თევზაობის მოყვარულები მთელი საქართველოდან და თურქეთიდან იკრიბებოდნენ. ჩვენთვის, ტბა არამხოლოდ დასასვენებელ ადგილს, არამედ თავის რჩენის ერთ-ერთი საშუალებას წარმოადგენდა. ინფრასტრუქტურა მაშინაც არ იყო განვითარებული, თუმცა ტბის მიმდებარე ტერიტორია, უფრო მეტად, დასუფთავებული იყო. ბოლო, რამდენიმე წელია, თევზმა გაქრობა დაიწყო. ხალხი აღარ ჩამოდის. ტბაში წყალმცენარეები გაჩნდა“.- სოფელ ფილიპოვკის მკვიდრი.

თევზაობის მოყვარულებისთვის კარწახის ტბა სახელმწიფოებრივი საზღვრების გადალახვას და განსხვავებული ეროვნებების ადამიანების დაახლოებასაც უწყობდა ხელს. კარწახში იხსენებენ:

,,რადგან ტბა საზღვარზეა, ხშირად სომხეთიდანაც გადმოდიოდნენ. ადამიანებს ვიცნობდით, ერთად ვთევზაობდით. თბილისიდანაც ჩამოდიოდნენ. ბევრი მეგობარი შევიძინე. როცა საერთო ინტერესი გაქვს, იქ ეროვნება და საზღვარი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ძველად, ტბა, ამ პერიოდში (შემოდგომაზე), მეთევზეებით სავსე იყო. თუმცა, გასულ წელს, თევზი გაწყდა. ამ ზაფხულსაც აღარ იყო. ბოლო ერთი თვეა ამბობენ, რომ თითქოს გამოჩნდა რაღაც, მაგრამ, წინა წლებთან შედარებით, უმნიშვნელოა.“ - ჰყვება გრეგორი, კარწახის მაცხოვრებელი.

შუშან შირინიანი ხოზაფინის ტბის პრობლემას, ბოლო რამდენიმე წელია აკვირდება. ჟურნალისტი იხსენებს, რომ მადათაფას მსგავსად, ,,დაცული ტერიტორიების სააგენტომ“, ხოზაფინის ტბის დაჭაობების პრობლემა გლობალური დათბობით ახსნა.  მაშინ, როცა ეკოლოგები აქცენტს ადამიანთა მოქმედების შედეგებზე სვამდნენ:

,,რა თქმა უნდა, პირველი, კლიმატის ცვლილებაა. თუმცა, როგორც ეკოლოგმა - ლალი მაჩაიძემ განმიმარტა, ადამიანთა გაუფრთხილებლობა ტბას არანაკლებ ზიანს აყენებს. მიწათმოქმედების და ტბის ხელოვნური დაბინძურების შედეგად დაჭაობების პროცესი იწყება.“- ჰყვება JNEWS-ის ჟურნალისტი.


ფოტო: კარწახის ტბა, 2021 წელი, წყარო: JNEWS

შირინიანი განმარტავს, რომ ეკოლოგები ტბების დაშრობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემად თანდათანობით დალექვას ასახელებენ. რაც ბუნებრივი და ტექნოლოგიური ფაქტორების ერთობლიობის შედეგს წარმოადგენს. ძირითადი, ბუნებრივ ფაქტორი სედიმენტაციაა, როდესაც ქარსა და წყალს, ნიადაგის ნაწილაკები ტბაში გადააქვს. ამავდროულად, სედიმენტაციის პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ტყეების გაჩეხვა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და მშენებლობა ახდენს.

კარწახის ტბის გვერდით სახნავ-სათესი მიწები მდებარეობს, რომელიც შესაძლოა დალექვის პროცესის დაჩქარებას ხელს უწყობდეს. ადგილობრივი ფერმერები მიწის შეწამვლის შემდეგ, ქიმიკატებს, ნაპირთან ტოვებენ. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის განკუთვნილი ნარჩენების უტილიზაციის პრობლემა ტბის ბინადარ არსებებს საფრთხეს უქმნის.

,,რამდენჯერმე თავადაც შემინიშნავს, რომ ადგილობრივები მოსავლის შესაწამლი ქიმიკატების ბოთლებს, პირდაპირ, მდინარეში ყრიდნენ. მივდიოდი და ვთხოვდი, რომ ასე არ მოქცეულიყვნენ. კამპანიის წარმოებაც ვცადეთ. სახნავ-სათესი მინდვრები, პირდაპირ ტბის ნაპირად მდებარეობს და ასე ნარჩენები ტბაში ჩაედინება. ფსკერზე ილექება და თევზიც იწამლება. რა თქმა უნდა, არ ცოდნის ბრალია.“- ჰყვება შირინიანი.


ფოტო: კარწახის ტბა 2023 წელი.

რამსარის კონვენციის ტექნიკური ანგარიშის მიხედვით, სედიმენტაციის (დალექვის) შედეგად ტბის სიღრმე იკლებს, წყლის შეკავების მოცულობა მცირდება და წყლის ხარისხი უარესდება. რის შედეგადაც, ტბა ტემპერატურის ცვლილებებისადმი უფრო მგრძნობიარე ხდება, წყლის აორთქლების პროცესი კი, მასში ბინადარ ცოცხალ ორგანიზმებს საფრთხეს უქმნის. ამავდროულად, დაჭაობების პროცესს უკონტროლო თევზჭერაც აჩქარებს. ხოზაფინის ტბაში, ადგილობრივები, ხშირად, გაუფრთხილებლობით, ბადეებს ტოვებენ, რომელიც ფსკერზე გროვდება და ტბის დაჭაობებას ხელს უწყობს.

შირინიანი იხსენებს, რომ ტბის გადასარჩენად ,,დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ წმენდის სამუშაოები, გასულ წლებში, რამდენჯერმე, ჩაატარა. თუმცა პრობლემა მაინც არ მოგვარდა:

,,ტბიდან წყალმცენარეებით სავსე მიტოვებული ბადეები ამოიღეს. სანაპიროც დაალაგეს, თუმცა წინა წელს თევზი მაინც არ იყო. თითქოს უმნიშვნელო ცვლილებაა, მაგრამ ყოველწლიურად ფოტოებს ვიღებ და ყოველ წელს, ტბა სანტიმეტრობით იკლებს. ტბის გასაჯანსაღებლად კომპლექსური პროგრამაა საჭირო, მასში ადგილობრივი მოსახლეობაც უნდა ჩაერთოს. ტბის გასუფთავებასა და გაჯანსაღებაში, ყველამ მცირე წვლილი უნდა შევიტანოთ.“- ჰყვება JNEWS-ის ჟურნალისტი.

ჯავახეთის ტბების ეკოლოგიური კატასტროფისგან თავდასაცავად მოსახლეობის ინფორმირება და დასუფთავების აქტიური კამპანიის წარმოება არის საჭირო. ამავდროულად, სახელმწიფომ, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, ტბების გადასარჩენად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს.

1.  https://faolex.fao.org/docs/pdf/geo205380.pdf
2. http://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/civil2/document/HASH01b3549deec12e2a71e66a1d;jsessionid=989FD73BE8B976552F0AA44C72BA23D4?ed=1

#CDNEE #eyfcoe
This project is part of CDN's Annual Work Plan "Bring your tote-bag, but smash the system!"




Mark