ახალგაზრდა მწვანეები



პუბლიკაციები

ბლოგები

︎︎︎Ზოგჯერ სხეული, უბრალოდ სხეულია, რომელიც შეგიძლია მოხატო კიდეც
︎︎︎პოლიტიკური ნების იარაღად გარდაქმნილი სხეული
︎︎︎სხეულს ახსოვს განგაში
︎︎︎მტეხს, მაგრამ აჩრდილი აღარ არის!
︎︎︎ტკივილსა და თანაგრძნობაზე: ემოციები, როგორც პოლიტიკური
გამაერთიანებელი
︎︎︎ფემინისტური თეატრი, როგორც პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი ︎︎︎ფემინურობა ციფრულ ველში: რეალობით ნაწარმოები თამაში, თუ თამაშით ნაწარმოები რეალობა?
︎︎︎Homo-Economicus: ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ

სრული სია︎


ორგანიზაციის
შესახებ —
  1. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
  2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

Mark

კლიმატის ცვლილება -
ქალთა უფლებათა კრიზისი




ავტორი: ნინო მაჭარაშვილი

 
კლიმატის ცვლილება დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რაც საფრთხეს უქმნის თითოეული ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ღირსეულ განვითარებას.1

კლიმატის ცვლილება, როგორც წესი, დედამიწისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა პროცესის მნიშვნელოვნად დაჩქარებამ, ის გლობალურ პრობლემად -  კლიმატის კრიზისად (Climate Crysis) აქცია. კლიმატის კრიზისით გამოწვეული შედეგები მრავალმხრივია: სურსათის უსაფრთხოებისა და  წყლის რესურსების შემცირება, ანტისანიტარია, დაავადებათა გავრცელება, მეტეოროლოგიური მოვლენების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. ყოველივე ეს უარყოფად აისახება ეკოსისტემებზე, მოსახელობასა და ეკონომიკურ დაგრებზე (მათ შორის, ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად დარგად კი სოფლის მეურნეობა მიიჩნევა).2

დროთა განმავლობაში დაგროვილმა ცოდნამ და გამოცდილებამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილება არ არის გენდერულად ნეიტრალური3 და მისი შედეგები  ქალებსა და კაცებზე განსხვავებულად აისახება.4 მეტიც, ქალები იმდენად მოწყვლადები არიან კლიმატის ცვლილების მიმართ, რომ კლიმატის კრიზისს ქალთა უფლებათა კრიზისსაც5 კი უწოდებენ.


ქალებთა მოწყვლადობის განმაპირობებელი ფაქტორები

კლიმატის ცვლილების მიმართ ქალის მომატებული მოწყვლადობის ძირითადი მიზეზი არა ბიოლოგიური მახასიათებლები, არამედ გენდერული უთანასწორობა, პატრიარქატული წყობის დამკვიდრებული სტიგმები და სტერეოტიპებია.

უთანასწორობის გამომწვევი ძირითადი ფაქტორები შეიძლება მოკლედ შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:

  1. არაფორმალურ სექტორში დასაქმება - საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში სამეურნეო საქმიანობაში ძირითადად ქალები არიან ჩართული, შესაბამისად, კლიმატის ცვლილებების შედეგად გამოწვეულ მეტეოროლოგიურ მოვლენებთან გასამკლავებლად დამატებითი შრომის გაწევა სწორედ მათ უწევთ და მათზევე აისახება ამ მოვლენათა უარყოფითი შედეგებიც.6 ამასთან, არაფორმალურ სექტორში დასაქმება არაანაზღაურებადია, რაც ასევე ართულებს ქალთა მდგომარეობას.

  2. რესურსებზე წვდომის ნაკლებობა - რესურსებში იგულისხმება როგორც ინფორმაცია, ისე ფინანსები და ახალი ტექნოლოგიები.7 რესურსების ნაკლებობა განსაკუთრებით პრობლემური ხდება განვითარებად ქვეყნებში.8 ქალებს უწევთ კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება არა მხოლოდ არასაკმარისი მატერიალური, არამედ არამატერიალური რესურსების ფონზეც. ქალებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა კლიმატის ცვლილების საკითხების შესახებ, რის გამოც ურთულდებათ მოსალოდნელი საფრთხებიის იდენტიფიცირება-გაანალიზება და წინასწარი რეაგირების მექანიზმების შემუშავება.9

  3. უქონლობა - გლობალურად, ქალები ნაკლებ ქონებას ფლობენ და მათი საკუთრების უფლება კაცებთან შედარებით ნაკლებად არის დაცული.10 ქალები მსოფლიოში არსებული მიწის მესაკუთრეთა 20%-ზე ნაკლებს წარმოადგენენ, მაშინ როდესაც სოფლის მეურნეობაში სამუშაო ძალის დაახლოებით 43%-ს სწევენ.11 საკუთრების არ ქონდა ხელს უშლის მათ დამატებითი ფინანსური რესურების (სესხი, კრედიტი, ... ) მოძიებაშიც. ასევე, ზღუდავს ქალების დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებისა და კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან გამკლავების შესაძლებლობას. ეს ყველაფერი განსაკუთრებით საშიშია იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით,12 გახშირებული ბუნებრივი კატასტროფების ფონზე მოსალოდნელია, 2050 წლისთვის დაახლოებით 216 მილიონი ადამიანი იძულებული გახდეს დატოვოს თავისი საცხოვრებელი ადგილი და თავისი ქვეყნის ფარგლებს შიგნით გადაადგილდეს. მატერიალური რესურსების ნაკლებობა გაურთულებს ქალებს ახალი საცხოვრებელი ადგილის მოძიებას; კონკრეტულ დასახლებებში მოსახლეობის რაოდენობის ზრდა გაზრდის მოთხოვნას სამუშაო ადგილებზე, რაც დიდი ალბათობით, დასაქმების გარეშე დატოვებს ქალებს. მიგრაციის შემთხვევაში, დიდია მათზე სექსუალური ძალადობის რისკებიც.13

საერთაშორისო და ადგილობრივი რეგულირება

კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით ძირითად სამართლებრივ დოკუმენტს, დღესდღეობით, გაეროს „კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია“ (UNFCCC) წარმოადგენს. საქართველო არის მისი ხელმომწერი მხარე. კლიმატის ცვლილების გენდერულად სენსიტიურობის საკითხები ჯერ კიდევ 21-ე საუკუნის დასაწყისში გახდა საერთაშორისო დონეზე განხილვის საგანი. სწორედ ამიტომ, 2001 წელს კონვენციის ხელმომწერმა სახელმწიფოებმა მიიღეს გადაწყვეტილება14, სადაც ხაზი გაესვა ქალების როლსა და მათი ჩართულობის მნიშვნელობას კლიმატის ცვლილების საკითხებთან გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მოგვიანებით, 2014 წელს, ამოქმედდა „ლიმას სამუშაო პროგრამა“15, რომელიც უშუალოდ შეეხო კლიმატის კრიზისისა და გენდერის ურთიერთმიმართებას. პროგრამის მიზანია, სახელმწიფოებმა კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციისათვის საჭირო პოლიტიკის შემუშავებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას გაითვალისწინონ გენდერთან დაკავშირებული საკითხები. 2019 წელს კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი გადაიდგა და ხელმომწერმა სახელმწიფოებმა დამატებით „ლიმას გაძლიერებული სამუშაო პროგრამა გენდერის შესახებ“ და შესაბამისი სამუშაო გეგმაც16 მიიღეს. გეგმის მიზანია პროცესების დაჩქარება, სახელმწიფოთა მხრიდან კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დოკუმენტებსა და სამოქმედო გეგმებში გენდერული საკითხების ინტეგრირება, სახელმწიფოთა შორის დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ქალთა ჩართულობის გაზრდა კონვენციისა და „პარიზის შეთანხმების“ იმპლემენტაციის პროცესში. ყველაფერი ეს, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქალთა გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის მიღწევას.

საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გენდერთან დაკავშირებული საკითხები უკვე ასახა საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტში (NDC)17. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო აღიარებს მდგრადი განვითარების მეხუთე მიზნის - გენდერული თანასწორობის - ეროვნულ დონეზე მიღწევის მნიშვნელობასა და აუცილებლობას. დოკუმენტით აღიარებულია ქალების როლი კლიმატის კრიზისთან ბრძოლაში, მათი გაძლიერებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის ზრდის მნიშვნელობა, გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში ხაზგასმულია კლიმატის ცვლილებისა და გენდერის საკითხების მჭიდრო კავშირის არსებობა და განსაზღვრულია კლიმატის ცვლილების კონტექსტში გენდერული თანასწორობის მიღწევის ძირითადი მიმართულებები, შედეგების მისაღწევად ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგემელი ეროვნულ და მუნიციპალურ დონეებზე. ეს გულისხმობს როგორც გენდერული საკითხების ინტეგრირებას სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტებსა და სამოქმედო გეგმებში, ისე პრაქტიკული ნაბიჯების (ტრენინგ-კურსები, სამუშაო შეხვედრები, დისკუსიები, რესურსებით აღჭურვა, ფინანსური შესაძლებლობების მიცემა და სხვა) გადადგმას დასახული მიზნების მისაღწევად.


კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და გენდერი

კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად, დღესდღეობით, მწვანე/დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლა განიხლება. თუმცა, ეს პროცესი შესაძლოა ახალ გამოწვევად იქცეს ქალებისათვის, უფრო მეტად გაზარდოს გენდერული უთანასწორობა, მდგომარეობა დაუმძიმოს დასაქმებულ ქალებს და შეამციროს მათი ჩართულობა გადაწყვეტილები მიღების პროცესსა თუ საგანმანათლებლო პროგრამებში.18 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) რეკომენდაციის მიხედვით ზემოთ აღნიშნული რისკების დასაზღვევად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოებმა ეკონომიკური ტრანზიციის პროცესში განიხილონ და გაითვალისწინონ გარემოსდაცვითი გამოწვევების გენდერული ასპექტები  და განავითარონ შესაბამისი გენდერული პოლიტიკა. ამ შემთხვევაში, მწვანე/დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლა შესაძლოა იქცეს გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის, ქალთა ღირსეული შრომისა და არსებული გენდერული სოციალური ნორმების გარდაქმნის შესაძლებლობად.19 

ევროპარლამენტმა 2012 წელს მიიღო რეზოლუცია მწვანე ეკონომიკაში ქალის როლის შესახებ20, რომელშიც აღინიშნა ის მოსალოდნელი დადებითი შედეგები, რაც შესაძლოა მწვანე/დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლამ გამოიწვიოს. რეზოლუციის მიხედვით, ეკონომიკური ტრანზიცია გაზრდის მოთხოვნას კვალიფიციურ კადრებზე, ასევე უზრუნველყოფს მწვანე სამუშაო ადგილების შექმნას სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სერვისების, მეცნიერების, ინფორმაციული ტექნოლოებისა და ნარჩენების სფეროებში. ამ პროცესების პარალელურად მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს ქალთა ემანსიპაციას, გაიზარდოს გარდამავალ პერიოდში მათი ჩართულობა, შემცირდეს გენდერის ნიშნით დარგობრივი და პროფესიული სეგრეგაცია, აღმოიფხვრას ქალებსა და კაცებს შორის არსებული სახელფასო და უნარ-ჩვევათა სხვაობები, წახალისდეს ზემოთ აღნიშნულ სფეროებში ქალთა ჩართულობა, დაბალანსდეს ქალთა მონაწილეობა არაფორმალურ (არაანაზღაურებად) სექტორში, გაუმჯობესდეს ქალების სამუშაო პირობები, გაიზარდოს მათი სოციალური დაცვის გარანტიები, მიეცეთ მათ წვდომა ღირსებულ სამუშაო ადგილებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე. ყოველივე ეს „უმტკივნეულოს“ გახდის ტრანზიციის პროცესს და აქცევს მას გენდერული თანასწორობის მიღწევის შესაძლებლობად.


შეჯამება

ამრიგად, კლიმატის ცვლილების გამოწვევათა წინაშე ქალები კაცებთან შედარებით მეტად დაუცველები არიან. კლიმატის კრიზისთან უშუალო შემხებლობამ ისინი არა მხოლოდ მოწყვლად ჯგუფად აქცია, არამედ მათ შესძინა მნიშვნელოვანი ცოდნა და პოტენციალი კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და მის მიმართ საკუთარი მოწყვლადობის შესამცირებლად. ქალებმა ყველაზე უკეთ იციან რა სჭირდებათ მათ მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს გენდერული უთანასწორობის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად. ახლა, დროა დაიწყოს აქტიური მუშაობა: ქალები ჩაერთონ ეკონომიკური ტრანზიციების, პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე. პარალელურად, გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები მათ შესასრულებლად. საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს მსოფლიოს მოწინავე ქვეყანა კლიმატის ცვლილებასთან, როგორც ქალთა უფლებათა კრიზისთან, საბრძოლველად.


შენიშვნები

1 Office of the United Nations High Commissioner for Human Rights, ხელმისაწვდომია: (‘OHCHR’), ‘Safe Climate: A Report of the Special Rapporteur on Human Rights and the Environment’ (2019) UN Doc A/74/161

2 Intergovernmental Panel on Climate Change, “Climate Change 2022: Impacts, Adaptation and Vulnerability” (2022), ხელმისაწვდომია: https://report.ipcc.ch/ar6/wg2/IPCC_AR6_WGII_FullReport.pdf

3
International Union for Conservation of Nature, “Climate Change is Not Gender Neutral” (2021) ხელმისაწვდომია: https://www.iucn.org/news/gender/202106/climate-change-not-gender-neutral

4
UNFCCC Secretariat, “Dimensions and examples of the gender-differentiated impacts of climate change, the role of women as agents of change and opportunities for women” (2022) Synthesis report FCCC/SBI/2022/7, 4.

5
UN Women, “The climate crisis is a human rights crisis and a women’s rights crisis, UN chief says” (2022) ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Ixjxhf

6
UNFCCC Secretariat, “Dimensions and examples of the gender-differentiated impacts of climate change, the role of women as agents of change and opportunities for women” (2022) Synthesis report FCCC/SBI/2022/7, 4

7
International Institute of Environment and Development, “Poorest countries at greatest risk of losses and damage from climate change” (2022), ხელმისაწვდომია: https://www.iied.org/poorest-countries-greatest-risk-losses-damage-climate-change

UN Women, “Explainer: How gender inequality and climate change are interconnected” (2022) ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3EILfff

9
UN Women, “Explainer: How gender inequality and climate change are interconnected” (2022) ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3EILfff

10
OHCHR, “Insecure land rights for women threaten progress on gender equality and sustainable development” (2017), ხელმსაწვდომია: https://www.ohchr.org/sites/default/files/Documents/Issues/Women/WG/Womenslandright.pdf

11 
UN WOMEN, Facts & Figures, ხელმისაწვდომია: http://www.unwomen.org/en/news/in-focus/commission-on-the-status-of-women-2012/facts-and-figures 

12
The World Bank, “Climate Change Could Force 216 Million People to Migrate within their own Countries by 2050” (2021), ხელმისაწვდომია: https://bit.ly/41Cjkrk

13
OHCHR, “Climate change exacerbates violence against women and girls” (2022) ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Yd7pgq

14
UNFCCC, “Report of the Conference of the Parties on its seventh session, held at Marrakesh from 29 October to 10 November 2001” (2002) FCCC/CP/2001/13/Add.4, ხელმისაწვდომია: https://unfccc.int/documents/2521#beg  

15
NFCCC, “Lima Work Programme on Gender (LWPG)”, ხელმისაწვდომია: https://www4.unfccc.int/sites/NWPStaging/Pages/Lima-Work- Programme-on-Gender.aspx

16
UNFCCC, “Report of the Conference of the Parties on its twenty-fifth session, held in Madrid from 2 to 15 December 2019” (2019) FCCC/CP/2019/13/Add.1, ხელმისაწვდომია: https://unfccc.int/topics/gender/workstreams/the-enhanced-lima-work-programme-on-gender

17
საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC) (2021), ხელმისაწვდომია: https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/50125

18
IISD, Fisher Susannah, Mohun Rachel, “Low carbon resilient development and gender equality in the least developed countries” (2015), ხელმისაწდომია: https://pubs.iied.org/sites/default/files/pdfs/mi-grate/10117IIED.pdf 

19
ILO, Kumar Dhir Rishabh, “Gender, labour and a just transition towards environmentally sustaina- ble economies and societies for all” (2017), ხელმისაწდომია: https://www.ilo.org/global/topics/equality-and-discrimi-nation/publications/WCMS_592348/lang--en/index.htm 

20
EU, European Parliament Resolution on the role of women in the green economy (2012/2035(INI)) (2012), ხელმისაწდომია: https://www.europarl.europa.eu/do-ceo/document/TA-7-2012-0321_EN.html 


#CDNEE #eyfcoe
This project is part of CDN's Annual Work Plan "Bring your tote-bag, but smash the system!"




Mark