გარდაუვალი უკმარობა
ავტორი: თიში
შინაარსობრივი რედაქტორი: ლიკა გულბანი
სერია: სხეული, განცდა და გამოცდილება
უთხარი მოსახლეობის ერთ ნაწილს, რომ მათი იდენტობა საფრთხეშია. შექმენი მტრის ხატები. შეეცადე პოლიტიკური ცხოვრება ავისმომასწავებელი ფანტომების თეატრად გადააქციო და შენ აღარ მოგიწევს ილაპარაკო უთანასწორობაზე, უკანონობაზე, სიღარიბეზე, უპესპექტივობაზე, სასოწარკვეთაზე რომელიც ადამიანებს ქვეყნის დატოვებას აიძულებს. სახელმწიფოს მართვას თუ მტრების აჩრდილების დევნის სივრცედ გადააქცევ, აღარავინ მოგკითხავს კონკრეტულ, რაციონალურ პოლიტიკას, რეფორმებს, რომლებმაც ადამიანებს გაჭირვება, უიმედობა, სოციალური ტკივილი უნდა შეუმსუბუქოს.
-ტიმოთი სნაიდერი
ადამიანის არსებობის მტანჯველ და გარდაუვალ ყოველდღიურობაში,
სადაც შენი არსებობის ფორმის სისწორეს სხვები განსაზღვრავენ,
სადაც ინდოქტრინიზებულმა საზოგადოებამ უკეთ იცის როგორ უნდა იცხოვრო შენივე კეთილდღეობისთვის,
სადაც მანამ წყვეტს შენს ბედს საზოგადოება, ვიდრე დაიბადები,
სადაც არასდროს გქონია განცდა, რომ სწორად იქცევი,
სადაც შენგან და შენნაირებისგან ნებისმიერ წამს შეიძლება აწარმოონ მტრის ხატი - რთულია იპოვო საკუთარი თავი და კოლექტიურობისგან დაცლილ ინდივიდუალურ გამოცდილებებს, რომლებიც ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელოა, სათანადო ყურადღება დაუთმო.
***
როდესაც ქვიარი ხარ, ანუ ადამიანი, რომლის იდენტობაც საზოგადოების ნაწილის აზრით ატიპურია - მუდმივ ბრძოლაში ხარ, არა მხოლოდ საზოგადოებაში ფესვგადგმულ სტიგმასთან და სტერეოტიპებთან, არამედ საკუთარ ფიზიკურ და ფსიქიკურ გამოცდილებებთან. ეს გამოცდილებები, რომლებიც, ერთი შეხედვით სწორხაზოვანი და ყველა ქვიარისთვის საზიაროა, ინდივიდიდან ინდივიდამდე ისევე განსხვავდება, როგორც წარმოგვიდგენია ჰეტეროსექსუალი, სისგენდერი ადამიანების შემთხვევაში გამოცდილებების მრავალფეროვნება. თუმცა, ეს გამოცდილებები, ჰეტეროსექსუალ და სისგენდერი ადამიანების გამოცდილებებთან შედარებით, ჩემი დაკვირვებით, მეტად ღირებულია. ღირებულია იმდენად, რამდენადაც საკუთარ სხეულზე და ფსიქიკაზე ერთიანად გამოცდი იმ ტკივილსს, რა ტკივილსაც პრივილეგირებული, „ტიპური“ გენდერისა და სექსუალობის მქონე ადამიანები მხოლოდ ალაგ-ალაგ თუ გამოცდიან ხოლმე.
***
ფიზიკური და სექსუალური გამოცდილებები საშიშია,
საშიშია იმიტომ, რომ არ გვაქვს კოლექტიური მეხსიერება, ცოდნა
განსხვავებით სექსისგან, რომელზეც, როგორც ამბობენ, ბუნებრივია,
თუმცა არაფერია არაბუნებრივი, რაც შესაძლებელია
და თუ ერთნაირ სქესიან ადამიანებს შორის სექსი შესაძლებელია,
თუ შესაძლებელია, რომ შენი გენდერი გადაასხვაფერო, გასცდე იმ ფორმასა და შინაარს, რომელსაც შენგან მოელიან,
ანუ ისიც ბუნებრივია.
***
შენ ვერასდროს იქნები საკმარისი,
საზოგადოებისთვის ღირებულება არ გაგაჩნია!
***
ფაქტი, რომ შენს სექსუალობას და გენდერს პოლიტიკურ იარაღად იყენებენ სულაც არ ამსუბუქებს და მეტად ართულებს იმ პრობლემას, რასაც ქვიარ იდენტობის ჩამოყალიბება ჰქვია. იდენტობას ადამიანი მთელი ცხოვრება იყალიბებს, მაგრამ მაქვს განცდა, ქვიარი რომ არ ვყოფილიყავი, იდენტობის ჩამოყალიბების აღქმა და ცნობიერად გააზრება ასეთი აქტუალური არ იქნებოდა. მუდმივად გიწევს ფიქრი იმაზე, როგორ უნდა იცხოვრო შენი ცხოვრებით მაშინ, როდესაც საყვარელი ადამიანები სიმართლის გაგების შემდეგ ისეთ ზიზღს იგრძნობენ შენს მიმართ, თითქოს სამყაროში ერთადერთ საფრთხეს და პრობლემას წარმოადგენ.
როგორც ქვიარს მაქვს განცდა, რომ იდენტობას ვიყალიბებ არა თავისთავად, არამედ უხეში ჩარევებით, კორექციებით. თითქოს ვცდილობ ვაწარმოო პიროვნება, რომელიც ერთი მხრივ საკუთარ მე-სთან თანაარსებობას უპრობლემოდ შეძლებს, იქნება არსებობით კმაყოფილი და მიიღებს სიამოვნებას საკუთარი თავით და, მეორე მხრივ, ადაპტური იქნება სოციუმთან. ერთი შეხედვით ძალისხმევას თითქოს მხოლოდ მეორე მოითხოვს, თუმცა არც პირველია მარტივი მაშინ, როდესაც მუდმივად ფონად გესმის, რომ შენი გენდერი და სექსუალობა ვერასდროს იქნება „ბუნებრივი“. და ამ რეალობაში საკუთარი თავისთვისაც გიწევს იმის დაჯერება რომ, გამოცდილებები რომელსაც იღებ, ავთენტურია, ის არის, რაც შენს სხეულს და ფსიქიკას სჭირდება იმისთვის, რომ შენი არსებობა დროის ფუჭი ხარჯვა არ აღმოჩნდეს. რეალობა, სადაც ცნობიერების გაჩენიდან გახსოვს იმ ადამიანების დევნა, რომლებიც ძალიან გგვანან, აქრობს სივრცეს საკუთარი ტკივილი და სიამოვნება იმ მოცემულობით მიიღო, რა მოცემულობითაც შენი კარგად ყოფნისთვის იქნებოდა ხელსაყრელი.
***
გაქვს განცდა, რომ ბუნებრივია სექსი ქალსა და მამაკაცს შორის.
ბუნებრივობას მოკლებული სექსი ერთნაირსქესიან ადამიანებს შორის სწავლას საჭიროებს.
ეს არ და ვერ იქნება კოლექტიური მეხსიერების ნაწილი - შენ იმთავითვე ვერ გეცოდინება, როგორ მოიქცე სექსის დროს.
და ჩნდება შფოთვა, უხერხულობის განცდა, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი იდენტობის ფორმირებას, არამედ ამ იდენტობის საკუთარ სხეულზე გამოცდასაც უკავშირდება
***
და შენ ამ რეალობაშიც გულუბრყვილოდ გჯერა, რომ შეუძლებელია ამის გამო ვინმეს სძულდე
შეუძლებელია ამის გამო ვინმეს შენი ეშინოდეს
შეუძლებელია საზოგადოება იმდენად მოუმწიფებელი იყოს, რომ ვერ ხვდებოდეს ამ საკითხის პოლიტიკურობას, ვერ ხვდებოდეს იმას, რომ მისთვის კარგად შეკოწიწებული მტრის ხატის მიღმა, დგანან ადამიანები, მსგავსი ან განსხვავებული შეგრძნებებით, პრობლემებით, შფოთვებით, მაგრამ არაფერი ისეთით, რაც მტრობის რეალური საძირკველი იქნებოდა.
და შენც დღიდან დღემდე ცხოვრობ ამ ფიქრებით მანამ, სანამ არ გეტყვიან, რომ შენი ადგილი საზოგადოებაში არ არის;
მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ არის, ისევე არის, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანის!
ჩვენი ადგილი ყველგან არის. ისეთივე ღირებულები ვართ საზოგადოებისთვის, როგორც ნებისმიერი ადამიანი.