ახალგაზრდა მწვანეები



პუბლიკაციები

ბლოგები

︎︎︎ Ჰესები და კლიმატის ცვლილების ზემოქმედების გავლენა საქართველოს რეგიონში ︎︎︎კლიმატის ცვლილება - ქალთა უფლებათა კრიზისი ︎︎︎ (არა)ბუნებრივი კატასტროფა: კატასტროფის პოლიტიკურობა, მოწყვლადობა და კლიმატის კრიზისი
︎︎︎სერფინგი თუ სქროლინგი?

︎︎︎ფემინისტური თეატრი, როგორც პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი
︎︎︎ფემინურობა ციფრულ ველში: რეალობით ნაწარმოები თამაში, თუ თამაშით ნაწარმოები რეალობა?
︎︎︎Homo-Economicus: ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ

სრული სია︎


ორგანიზაციის
შესახებ —
  1. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
  2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

Mark

ჩემი ისტორია

ფსიქიკური ჯანმრთელობა გამოცდილება / 2022
ავტორი: თინათინ შალამბერიძე


ფოტო: ეროვნული არქივი
           
ფსიქიკური დაავადებები ცნობილია უძველესი დროიდან. თუმცა მაშინ ადამიანები ამ ტიპის პრობლემებს ძირითადად ღვთის საჩუქარს ან ავი სულებით შეპყრობილობას მიაწერდნენ. შესაბამისად, დაავადებულს ან აღმერთებდნენ, ან უარყოფდნენ და აძევებდნენ საზოგადოებიდან. შუა საუკუნეებში ასეთ ადამიანებს კუდიანობის ბრალდებით კოცონზეც კი წვავდნენ. მეოცე საუკუნეში ფსიქიატრია ჩამოყალიბდა, როგორც მედიცინის დარგი და დაარსდა სპეციალიზებული კლინიკები, სადაც მკურნალობდნენ ფსიქიატრიული დიაგნოზის მქონე პაციენტებს. ფარმაკოლოგიური სფეროც განვითარდა და დღეს სწორი მკურნალობის, დროული ფსიქოთერაპიის და ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმის შემთხვევაში, შესაძლებელია პაციენტების სრულფასოვანი ცხოვრება ან ცხოვრების ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება. თუმცა კვლავ ძლიერია სტიგმა და ფსიქიატრიული დიაგნოზის მქონე ადამიანებს  ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოგვიცდია გარიყულობისა და მიუღებლობის განცდა ჩვენი გარშემომყოფებისგან. დიდი უმრავლესობა ერიდება იმაზე საუბარს, რომ თავისი ოჯახის წევრს ან თავად მას აქვს ფსიქიატრიული დიაგნოზი. ბოლო პერიოდში იმდენად ხშირი გახდა ფსიქიკური აშლილობა, რომ შეიძლება ეს ფაქტი კი აღნიშნონ, მაგრამ ფსიქიატრიულ კლინიკაში სტაციონირების შესახებ ერთეულები თუ ვამბობთ ღიად და საჯაროდ. ითვლება, რომ ამის ხმამაღლა თქმა ადამიანს მომავალში შეუქმნის პრობლემებს, ვერ შექმნის ოჯახს, საზოგადოება გარიყავს, არ მიიღებენ სამსახურში და სხვა. თუ ბევრი ადამიანი ისაუბრებს ამ საკითხებზე, ეს დამოკიდებულებაც აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ.

იმის გამო, რომ დედამიწის მთელ მოსახლეობას უწევს ცხოვრება საკმაოდ ძლიერი და მზარდი სტრესის ქვეშ, სამწუხაროდ, ფსიქიატრიულ აშლილობათა რიცხვი ინტენსიურად იზრდება. ბოლო მონაცემებით, ყოველ მეოთხე ადამიანს აღენიშნება სხვადასხვა ტიპის ფსიქიკური დარღვევა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემაზე ყურადღების გამახვილება, დაავადების გამომწვევ მიზეზებზე საუბარი, პრობლემების მოგვარების გზების დასახვა. ჩვენს გამოცდილებებზე საუბრით განსაკუთრებული როლის თამაში შეგვიძლია  ყოფილ თუ ახლანდელ პაციენტებს, რათა შემდგომ ერთობლივი ძალებით დავძლიოთ ის სირთულეები, რომელთაც ფსიქიატრიის სხვადასხვა სფეროში ვაწყდებით.

ჩემი ისტორია კი ასეთია:

18 წლამდე იმდენად მშვიდი და გაწონასწორებული მეგონა თავი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ რაიმე ფსიქიატრიული პრობლემა შემექმნებოდა ცხოვრებაში. მაგრამ  1999 წლის შემოდგომაზე სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტს დამეწყო ძლიერი შფოთვა. მეშინოდა, რომ პირველი სემესტრის ბოლოს ვერ ჩავაბარებდი ოთხ ძირითად საგანს. ამის ფონზე დამიქვეითდა მადა, გუნება-განწყობა, ინტერესი ყველაფრის მიმართ. საერთოდ ვეღარ ვიმახსოვრებდი, რასაც ვმეცადინეობდი. ეს კი მეტად აღრმავებდა შფოთვას. შემეცვალა სახის გამომეტყველება. მამამ მალევე შემატყო ცვლილება და დავიწყე მკურნალობა ფსიქიატრის დანიშნულებით, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. მთელი 4 თვე, სექტემბრის შუა რიცხვებიდან 16 იანვრამდე, მდგომარეობა უარესდებოდა და უარესდებოდა. მკვეთრად დამიქვეითდა თვითშეფასება, თავი ყველაზე ცუდი არსება მეგონა მთელ სამყაროში. ამას მოჰყვა ნეგატიური აზრები არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ყველას მიმართ. მხოლოდ ცუდს ვფიქრობდი ყველასა და ყველაფერზე. თან ვხვდებოდი, რომ ასე არ უნდა მეფიქრა, მაგრამ აზრებს ვერაფერს ვუხერხებდი, თითქოს სიბნელით ვიყავი სრულად გარემოცული. გაჩნდა სუიციდური აზრებიც, რაც ყველაზე რთული გასაძლები იყო.

2000 წლის 16 იანვარს ექიმმა ახალი ანტიდეპრესანტი დამინიშნა. თან, როგორც ჩანს, დეპრესიის ფაზაც ჩამთავრდა და კარგად მახსოვს, საღამო ხანს პირდაპირი მნიშვნელობით გამოვიხედე თვალებიდან, თითქოს შინაგანი სინათლე და სიმსუბუქე მატულობდა. ამან იმდენად მოიმატა, რომ 19 იანვარს, ნათლისღებას, უკვე აღმოვჩნდი მეორე პოლუსზე. დაიწყო მანია. ასე უწოდებენ ბიპოლარული აშლილობის ფაზას. თუ მანამდე ვიყავი უბედური და ჩემს თავში ჩაკეტილი, ახლა გავხდი არაბუნებრივად ბედნიერი, კომუნიკაბელური, ყოველდღე დავდიოდი სტუმრად მეგობრებთან თუ ნათესავებთან, გაჩნდა გრანდიოზული იდეები, დაჩქარდა აზროვნება, მეტყველება, მომემატა მადა. თუ დეპრესიის ფაზის დროს პაციენტი არავის აწუხებს თავისი ქმედებებით, თავისთვის იტანჯება და შესაძლოა, თვითმკვლელობის გზებზე ფიქრობდეს, მანიის დროს  საპირისპირო ხდება: პაციენტი უბედნიერესია, უხარია სიცოცხლე, მაგრამ თავისი ჭარბი აქტიურობით აწუხებს გარშემომყოფებს, რაც ხშირად სტაციონირების მიზეზიც ხდება. ჩემი გამოცდილებით, დეპრესიის პერიოდიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

2-3 თვეში დასტაბილურდა მდგომარეობა. ჩვეულებრივად გავაგრძელე სწავლა უმაღლესში, მაგრამ 4 წლის შემდეგ, 22 წლის ასაკში, ისევ გამიმწვავდა დაავადება და აღმოვჩნდი კლინიკაში.

იმდენად მადუნებდა და ისე ცუდად მოქმედებდა მედიკამენტები, გამოწერის შემდეგ თვითნებურად ვთქვი უარი მათ მიღებაზე, რაც არ იყო სწორი. მედიკამენტების ერთბაშად მოხსნამ შეიძლება მრავალი დარღვევა გამოიწვიოს. იმ პერიოდში დავდიოდი „თერაპიის სახლში“ სამკურნალო ევრითმიის სემინარზე, რომელიც ექიმებისთვის იყო განკუთვნილი. სამკურნალო ევრითმია არის მოძრაობითი თერაპია. თავიდან მივედი როგორც პაციენტი,  შემდეგ კი მონაწილეობა მივიღე სემინარში. კვირაში ერთხელ მაინც მიწევდა 1-საათიანი ვარჯიში და ამას ვუმადლი, რომ ყოველგვარი მედიკამენტების გარეშე მოხდა ჩემი გუნებ-აგანწყობის და ზოგადად ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაბილიზაცია 7 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში დავოჯახდი, ავიღე ოჯახის ექიმის სერტიფიკატი, შემეძინა შვილი და  როცა ის 5 თვის იყო, გადაღლის გამო კვლავ გამიმწვავდა დაავადება. კვლავ საჭირო გახდა ჩემი სტაციონირება ფსიქიატრიულ კლინიკაში.

გავიდა დრო და დავიწყე ოჯახის ექიმად მუშაობა. ისეთი დატვირთული გრაფიკი იყო, რომ ისევ გადავიღალე როგორც ფიზიკურად, ისე - მენტალურად. უარი ვთქვი სამსახურზე და მეორე დღეს ისევ სტაციონარში აღმოვჩნდი. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და საშუალოდ წელიწადში 2-3-ჯერ ვხვდებოდი კლინიკაში ან ჩემით მივდიოდი. მიზეზი კი იყო ხან  მედიკამენტების გვერდითი მოქმედებების გამო მათზე უარის თქმა, რასაც გამწვავება მოჰყვებოდა ხოლმე, ხან დაკისრებული ვალდებულებებისგან გაქცევის მცდელობა, ხან კი მიჩნდებოდა სურვილი, მხოლოდ ჩემს ნებაზე მემოქმედა, აღარ ვყოფილიყავი ყველას აზრის გამთვალისწინებელი, „დამჯერი გოგო“.

უკვე ერთი წელია, „ასერტული სერვისის“ ბენეფიციარი ვარ. კვირაში ერთხელ ბინაზე მოაქვთ მედიკამენტები (რომლებიც ისეა შერჩეული, რომ არავითარ გვერდით მოვლენას არ იწვევს და შესაბამისად, მეც არ მიჩნდება მათი შეწყვეტის სურვილი), მოდიან ფსიქიატრი, ფსიქოლოგი და სხვა სპეციალისტები, მუდმივად კონტროლდება ჩემი მდგომარეობა. უკვე კარგად ვიცი გამაფრთხილებელი ნიშნები, რითაც იწყება დაავადების გამწვავება. ოჯახის წევრებიც მშვიდად არიან, რომ მხოლოდ მათზე არაა პასუხისმგებლობა. ამ ტიპის სათემო მომსახურება თავისი ქმედითუნარიანობის და შედეგიანობის გათვალისწინებით, საჭიროებს გაფართოებას. მნიშვნელოვანია, რომ მისი დაფარვა გაიზარდოს, რაც  სტაციონარული მკურნალობის  საჭიროებას, პიროვნების საკუთარი ოჯახისგან, მეგობრებისგან და ზოგადად საზოგადოებისგან მოწყვეტის, იზოლირების საჭიროებას მნიშვნელოვნად შეამცირებდა.

უამრავი ხარვეზი და დარღვევაა ფსიქიატრიულ სფეროში. მათი განხილვა შორს წაგვიყვანს, მაგრამ გამოვყოფ ერთს: აუცილებელია ფსიქოთერაპიის წინ წამოწევა. სტაციონარებსა და დისპანსერებში ფაქტობრივად ამ მხრივ არ მუშაობენ. ყველგან არის ფსიქოლოგის შტატი და ფსიქოლოგი ხვდება პაციენტს ერთხელ მაინც, მაგრამ აფასებს მხოლოდ კოგნიტიურ ფუნქციებს და მეხსიერებას. საჭიროა საფუძვლიანი ფსიქოთერაპიის ჩატარება, იმ პრობლემების წამოწევა და დამუშავება, რომლებიც ქვეცნობიერშია დალექილი. ამის გარეშე შედეგს ვერ მივიღებთ. მედიკამენტები სიმპტომებს ამცირებს ან აქრობს, მაგრამ იმ მიზეზებს, რაც მდგომარეობას ამწვავებს, ნამდვილად ვერაფერს მოუხერხებს. ასევე აუცილებელია არტთერაპიისა და მკურნალობის სხვა ალტერნატიული მეთოდების აქტიური დანერგვა.

დღეს 40 წლის ვარ და სრულიად განვსხვავდები იმ 18 წლის გოგონასგან, რომელსაც გამოცდების ეშინოდა. ამ 22 წელიწადში უდიდესი ტრანსფორმაცია მოხდა ჩემში. დარწმუნებული ვარ, რომ არა ჩემი ფსიქიკური აშლილობა და მასთან დაკავშირებული ძალიან მტკივნეული გზა, ჩემი ოჯახის წევრების, მეგობრების, სამედიცინო სფეროში მომუშავე პროფესიონალების, ფსიქიატრიულ კლინიკებში გაცნობილი ჩემთვის ძვირფასი ადამიანების მხარდაჭერა, მე ვერ დავიბრუნებდი იმ სილაღეს, მომავლის იმედს, საკუთარი თავის ჯანსაღ მიმღებლობას და სიყვარულს, რაც  4-5 წლის ასაკში დავკარგე. თითქოს ჩემს არსებაში „შინაგანი ბავშვი“ ვიპოვე. შედეგად გაჩნდა უდიდესი მადლიერების განცდა ყველასა და ყველაფრის, მთელი სამყაროს მიმართ. ვაპატიე იმ ადამიანებს, ვინც გული მატკინა. მიტევებამ კიდევ უფრო მეტად გამაძლიერა. ნამდვილად უკეთესი იქნებოდა, ამ მდგომარეობისთვის სირთულეების გარეშე მიმეღწია, მაგრამ ნებისმიერი დაბრკოლება ჩვენს გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს.

ჩვენ დედამიწიდან სრულად ვერ გავაქრობ ფსიქიატრიულ დაავადებებს, მაგრამ ბავშვებისთვის საკმარისი დროის დათმობით, სწორად წარმართული აღზრდით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვით, დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე სათანადო მკურნალობით, სტრესული სიტუაციებისგან თავის არიდებით, ერთმანეთზე ზრუნვით ნამდვილად შევამცირებთ ახალი შემთხვევების რიცხვს.



პროექტი ხორციელდება Global Fund for Women-ის მხარდაჭერით

2022

Mark