ახალგაზრდა მწვანეები



პუბლიკაციები

ბლოგები

︎︎︎Ზოგჯერ სხეული, უბრალოდ სხეულია, რომელიც შეგიძლია მოხატო კიდეც
︎︎︎პოლიტიკური ნების იარაღად გარდაქმნილი სხეული
︎︎︎სხეულს ახსოვს განგაში
︎︎︎მტეხს, მაგრამ აჩრდილი აღარ არის!
︎︎︎ტკივილსა და თანაგრძნობაზე: ემოციები, როგორც პოლიტიკური
გამაერთიანებელი
︎︎︎ფემინისტური თეატრი, როგორც პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი ︎︎︎ფემინურობა ციფრულ ველში: რეალობით ნაწარმოები თამაში, თუ თამაშით ნაწარმოები რეალობა?
︎︎︎Homo-Economicus: ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ

სრული სია︎


ორგანიზაციის
შესახებ —
  1. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
  2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

Mark

(არა)ბუნებრივი კატასტროფა :
კატასტროფის პოლიტიკურობა,
მოწყვლადობა და კლიმატის კრიზისი




ავტორი: ანრი აბულაძე
გამოსახულება: ფულერის პროექციული რუკა

 
ტერმინი „ბუნებრივი კატასტროფა“ პრობლემური და შეცდომაში შემყვანია, რადგან მას კატასტროფის შედეგად გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობა გადააქვს ბუნებაზე და უგულებელყოფს კატასტროფის სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განზომილებებს. შესაბამისად, კატასტროფის ადამიანისა და სახელმწიფოს კონტროლს მიღმა არსებულ ფენომენად  წარმოჩენა და მის გარშემო არსებული დისკურსის მხოლოდ და მხოლოდ ბუნებაზე ფოკუსირება, ჩრდილქვეშ აყენებს „ბუნებრივი კატასტოროფის“ პოლიტიკურობას.

„ბუნებრივი კატასტროფის“ პოლიტიკურობა გულისხმობს იმას, რომ მისი შედეგები არაპროპორციულად აისახება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფზე იმის მიხედვით, თუ მოწყვლადობის რა ხარისხით გამოირჩევა ესა თუ ის ჯგუფი. რაც უფრო მაღალია კონკრეტული ჯგუფის მოწყვლადობა, მით უფრო მძაფრი და მძიმეა კატასტროფის შედეგები. შეუძლებელია ბუნებრივ მოვლენად ჩაითვალოს კატასტროფის დადგომამდე არსებული ეკონომიკური სიდუხჭირე, სოციალური გარიყულობა, მძიმე უფლებრივი მდგომარეობა, დისკრიმინაცია და სხვადასხვა სოციალურ სიკეთეზე, მაგალითად, ჯანდაცვაზე,  განათლებასა და მდგრად ინფრასტრუქტურაზე, წვდომის არ ქონა. შესაბამისად, ბუნებრივობის საზღვრებს სცდება კატასტროფის შემდგომი მდგომარეობაც, რადგან „ბუნებრივი კატასტროფა“ ამძაფრებს ზემოხსენებულ მოწყვლადობის ფორმებს. მარტივად რომ ითქვას, კატასტროფის მიმართ მოწყვლადობა და მზაობის არ არსებობა ყოველთვის პოლიტიკური და არაბუნებრივია, შესაბამისად, დაუშვებელია პოსტკატასტროფული მდგომარეობისა და მისი შედეგების პოლიტიკურობა ბუნებრივობით შეინიღბოს.

ეჭვგარეშეა, რომ ის მოსახლეობა, რომელიც ინფორმირებულია კატასტროფების გამკლავების გზების შესახებ, გააჩნია წვდომა წინასწარი გაფრთხილების მექანიზმებზე, აქვს ეკონომიკური რესურსი იმისა, რომ უზრუნველყოს საცხოვრებელი სახლის მდგრადობა და მასში შესაბამისი უსაფრთხოების სისტემების დანერგვა, უკეთ გაუმკლავდება კატასტროფასა და მის შედეგებს, ვიდრე ის ჯგუფები, რომლებიც მოკლებულია ყოველივე ზემოაღნიშნულს. პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორებიცაა ხანდაზმული პირები, ბავშვები, ქალები (განსაკუთრებით ფეხმძიმე და მეძუძური დედები), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, სადაც კატასტროფების, მაგალითად, მეწყერისა და ღვარცოფის განვითარების რისკი მაღალია.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ბუნებასა და კატასტროფას შორის კავშირი არ არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს სტიქია/ბუნებრივი საფრთხე და „ბუნებრივი კატასტროფა“. მაგალითად, წყალდიდობა ან მეწყერი წარმოადგენს სტიქიას/ბუნებრივ რისკს, რომელიც კატასტროფად იმ შემთხვევაში გარდაიქმნება, თუ იგი რეალიზდება და ზიანს მიაყენებს ადამიანებსა და საცხოვრებელ გარემოს. სწორედ ამ უკანასკნელის თავიდან აცილების მიზნითაა აუცილებელი შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება, რისკების შეფასება, სამიზნე ჯგუფების/მოსახლეობის სხვადასხვა სახის მოწყვლადობის შესწავლა,  საფრთხის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილებისათვის ქმედითი სისტემების დანერგვა და ეფექტური ევაკუაციის გეგმის შემუშავება.

უნდა ითქვას ისიც, რომ კატასტროფის პოლიტიკურობას კლიმატის კრიზისიც განსაზღვრავს. არაერთი მეცნიერული კვლევით დასტურდება, რომ კლიმატის ცვლილება რიგი კატასტროფების, მაგალითად,  წყალდიდობის, მეწყერისა და ღვარცოფის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაპროვოცირებელი  ფაქტორია. კლიმატის კრიზისზე პასუხისმგებლები კი ე.წ. „მდიდარი დამბინძურებლები“ არიან - ის კორპორაციები და ინვესტორები, რომელთა ხელში უთვალავი სიმდიდრე და რესურსია აკუმულირებული და რომლებიც სახელმწიფოებთან თანამშრომლობითა და მათივე მფარველობით, ინდივიდუალურ სარგებელს იღებენ კლიმატის კრიზისის შექმნის ხარჯზე. Oxfam-ის ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მსოფლიოს 125 მილიარდელთაგან თითოეულის პასუსიხმგებლობა სათბურის აირების ემისიებზე მილიონჯერ აღებატება საშუალო ადამიანის პასუხისმგებლობას (Oxfam, 2022). ამის მიუხედავად, კლიმატის კრიზისი ყველაზე მძაფრ გავლენას სწორედ იმ ადამიანებსა და ჯგუფებზე ახდენს, რომლებსაც ყველაზე მცირე წვლილი მიუძღვით კლიმატის ცვლილებაში. შესაბამისად, კლიმატის კრიზისი პოლიტიკურია! მაშასადამე, პოლიტიკურია კატასტროფაც, რადგან ამ უკანასკნელის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ კლიმატის კრიზისია. 

ქართული კონტექსტი

არაერთი კვლევა ადასტურებს იმას, რომ საქართველოში ტემპერატურა მუდმივად იმატებს.   აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი მატება დედოფლისწყაროში ფიქსირდება (+0.7o C, ხოლო დასავლეთ საქართველოში კი ფოთში (+0.60 C) (დევიძე, 2021). რაც შეეხება სამომავლო პროგნოზსს, კლიმატის კრიზისის შედეგად 2 050 წლისთვის საქართველოში ტემპერატურის საშუალო მატება ნავარაუდევია 0,9-1,90 C-ით, ხოლო 2 100 წლისთვის 4,1-50 C-ით (თევზაძე, 2020). აღნიშნული ტენდენცია იმის მანიშნებელია, რომ კლიმატის კრიზისის გამწვავებასთან და ტემპერატურის პროგრესულ მატებასთან ერთად, ქვეყანაში მოსალოდნელია კატასტროფებისა და მათი შედეგების მასშტაბის ზრდა იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოში არ იარსებებს კლიმატის კრიზისთან და კატასტროფებთან გამკლავების როგორც პრევენციული, ასევე რეაქტიული ქმედითი და ეფექტური მექანიზმები.

საქართველო კატასტროფების სიხშირით გამოირჩევა. ალბათ ყველას გვახსოვს 2015 წლის 13 ივნისი - თბილისის წყალდიდობა, რომლის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დღემდე 2 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება (რადიო თავისუფლება, 2023). გასულ ზაფხულს, 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტ შოვში ღვარცოფმა 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ფორმულა, 2023). შოვის მოვლენებიდან სულ რაღაც ერთ თვეში, გურიის რეგიონში მეწყერს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (civil.ge, 2023). ეს საქართველოში მომხდარი კატასტროფების ის არასრული ჩამონათვალია, რომელიც ნათლად მიუთითებს ადგილობრივ კონტექსტში პრობლემის სიმწვავეზე.

„მწვანე ალტერნატივის“ შეფასებით, არსებობდა საკმარისი მეცნიერული საფუძველი და წინაპირობა იმისა, რომ შოვის ტერიტორიაზე გაძლიერებულიყო საფრთხის ყველა შესაძლო წყაროზე მონიტორინგი, დანერგილიყო საფრთხის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილებისთვის ქმედითი სისტემა და შემუშავებულიყო კურორტ შოვიდან მოქალაქეების დროული ევაკუაციის გეგმა, რაც  იქნებოდა 3 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებზე უფრო დროული, კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების გარანტი (მწვანე ალტერნატივა, 2023). გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შოვის ტრაგედიასა და კლიმატის კრიზისს შორის კავშირზე ყურადღება არაერთმა მეცნიერმა გაამახვილა. მაგალითად, ერთ-ერთ ინტერვიუში სეისმოლოგმა,  ზურაბ ჯავახიშვილმა აღნიშნა: „კლიმატი იცვლება, რასთანაც მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობები პირდაპირ არის დაკავშირებული...ბუბისწყალი მყინვარული მდინარეა. ეტყობა, მყინვარის ინტენსიური დნობა მიდის. კლიმატის ცვლილება მყინვარებთან დაკავშირებული მდინარეებისთვის ძალიან სახიფათოა“ (სალაღაია, 2023).  შოვში დატრიალებულ ტრაგედიასა და კლიმატის კრიზისს შორის კავშირი გაერთიანებული ერების განცხადებაშიც გამოიკვეთა. „შოვში განვითარებული მეწყერი გამოწვეულია ინტენსიური ნალექითა და მდინარის ბუნებრივი კაშხლებით. ეს მკვეთრი შეხსენებაა კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების შესახებ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას კლიმატის ცვლილების შერბილების, მდგრადობის გაძლიერებისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართ“ - განაცხადა საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამ (გაერო საქართველოში, 2023).

მაშასადამე, როცა საქმე კატასტროფებს ეხება, მნიშვნელოვანია კრიტიკულად შევაფასოთ არა მხოლოდ ის, თუ რა ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო კონკრეტული კატასტროფის პრევენციისა და შედეგების გამლავებასთან დაკავშირებით, არამედ ისიც, თუ როგორი პოლიტიკა გააჩნია ქვეყანას კლიმატის კრიზისის მიტიგაციისა (სათბურის აირების გაფრქვევის შემცირების) და ადაპტაციის (კლიმატის ცვლილებისადმი გამძლეობის გაზრდის) კუთხით.

შეჯამება

„ბუნებრივი კატასტროფა“ არ არის ბოლომდე ბუნებრივი. სხვადასხვა სოციალური ჯგუფი კატასტროფისადმი მზაობისა და მოწყვლადობის სხვადასხვა ხარისხით გამოირჩევა, რაც კატასტროფას არა ბუნებრივ, არამედ პოლიტიკურ მოვლენას ხდის. კატასტროფის პოლიტიკურობას კლიმატის კრიზისიც განსაზღვრას, რადგან ეს უკანასკნელიც, როგორც კატასტროფის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, პოლიტიკურია. საქართველო კატასტროფების მიმართ მოწყვლადი ქვეყანაა და კლიმატის ცვლილების გამწვავებასთან ერთად, მოსალოდნელია კატასტროფების რიცხვის ზრდაც, რომელთა შედეგები ყველაზე მწვავედ აისახება სოციალურად და ეკონომიკურად მოწყვლად მოსახლეობაზე. შესაბამისად,  მნიშვნელოვანია კლიმატის კრიზისი და მასთან გამკლავების სტრატეგიები გათვალისწინებულ იქნებას კატასტროფებთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში.


ბიბლიოგრაფია

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) საქართველოში. (2023). გაეროს განცხადება შოვში მომხდარი მეწყერის შესახებ. ბმული: https://tinyurl.com/323n5ycw 

დევიძე, მ. (2021). კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია: საერთაშორისო და ეროვნული პროცესები. მწვანე ალტერნატივა. ბმული: https://greenalt.org/blogs/klimatis-cvlilebastan-adaptacia/

თევზაძე, რ. (2020). შესავალი კატასტროფების რისკის შემცირებასთან დაკავშირებით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი; გაეროს განვითარების პროგრამა. ბმული: https://tinyurl.com/233upfya

მწვანე ალტერნატივა. (2023). მწვანე ალტერნატივას განცხადება შოვში არსებული სტიქიური გეოლოგიური პროცესების საფრთხის შესახებ გამოქვეყნებული დოკუმენტის თაობაზე. ბმული: https://greenalt.org/mwvane-alternativas-ganckhadeba-shovshi-ganvitarebul-movlenebze/

რადიო თავისუფლება. (2023). 13 ივნისი მაშინ და დღეს. ბმული: https://tinyurl.com/y3ubrw44

სალაღაია, ე. (2023). „კლიმატი იცვლება,­ რასთანაც მეწყერი,­ ღვარცოფი, წყალდიდობები პირდაპირ არის დაკავშირებული“. კვირის პალიტრა. ბმული: https://kvirispalitra.ge/article/105925-klimati-icvleba-rastanac-mecqeri-gvarcopi-cqaldidobebi-pirdapir-aris-dakavshirebuli/

ფორმულა. (2023). შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპული 32-ე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ბმული: https://formulanews.ge/News/97099

Civil.ge. (2023). განახლება: გურიის მეწყრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ბმული: https://civil.ge/ka/archives/558359

Oxfam. (2022). Who is responsible for climate change? [ვინ არის პასუხისმგებელი კლიმატის ცვლილებაზე?]. ბმული: https://www.oxfamamerica.org/explore/stories/who-is-responsible-for-climate-change/


#CDNEE #eyfcoe
This project is part of CDN's Annual Work Plan "Bring your tote-bag, but smash the system!"




Mark