Talk to Him
ავტორი: ირაკლი შიოლაშვილი
შინაარსობრივი რედაქტორი: ლიკა გულბანი
ჯერ კიდევ რევოლუციურია შენივე სქესის ადამიანთან ისე კოცნა, თითქოს პირში რვაფეხა საცეცებით გიძვრებოდეს? კვლავ სითამამეა საჭირო, რომ მუდმივი პარტნიორი არ გყავდეს და ნებისმიერი შემხვედრი, ვინც მოგესურვება, იმასთან იტყნაურო? ბოზობა ისევ დასაძრახია? შინაარსობრივი რედაქტორი: ლიკა გულბანი
მნიშვნელოვანია ყველა ის გამათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც კონსერვატიულ საზოგადოებასა და რეპრესიულ კულტურაში მიჩქმალულ სექსუალურ სურვილებს დაიხსნის და მზის სინათლეზე ისევე გამომზეურების საშუალებას მისცემს, როგორც სხვა დანარჩენ ბაზისურ ადამიანურ მოთხოვნილებებს. თუმცა დღეს, სოციალური მედიისა და პორნოს ეპოქაში, ყველაზე თავისუფალი, მრავალფეროვანი თუ იქამდე არგაგონილი სექსუალური აქტებიც კი პერფორმატიულ სახეს იძენს, ნაცვლად ამბოხისა. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როცა სექსი სულ უფრო ნაკლებად აღიქმება ტაბუირებულ, მარგინალიზებულ, პერვერსიულ ქმედებად, თუმცა თითქოს ის ასევე იცლება კავშირის შესაძლებლობის და თავისუფლების ნეტარი შეგრძნებისგან, სიყვარულზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
ეს ტექსტი მეტწილად გეი კაცების იმ სექსუალურ ურთიერთობებზე პირად დაკვირვებებსა და გამოცდილებებს ეყრდნობა, რომლებსაც შეგვიძლია ვუწოდოთ hook-up1 კულტურა. ცხადია, ეს ტენდენცია შეინიშნება ჰეტერო წყვილებშიც, თუმცა, რადგანაც ქალის და კაცის ურთიერთობა თითქმის მთლიანად დარეგულირებულია სოციალური/გენდერული ნორმებით - ვინ უნდა მიწეროს პირველმა, ვისგან ელიან, რომ პაემანზე გადაიხდის, ვინ უნდა იყოს ფემინურად სექსუალური, როგორ უნდა შექმნან ოჯახი/დაიწერონ ჯვარი/იქორწინონ და ა.შ. - ჰომოსექსუალური სიახლოვე მეტ სივრცეს ტოვებს როგორც ურთიერთობების ახლებური ფორმების განვითარებისთვის, ისე მეტად ხისტი, მხოლოდ ჰედონისტური სიამოვნების დომინირებისთვის.
2021 წელს გამოსული ფილმის “დიდი თავისუფლება” (რეჟისორი სებასტიან მეიზი) მთავარ გმირს, ჰანს ჰოფმანს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში იმ კანონის დარღვევისთვის იჭერენ, რომელიც ჰომოსექსუალობას კრძალავს. კინოსურათი ვინტაჟური პორნოს მსგავსად გადაღებული კადრებით იწყება, სადაც ჩანს, როგორ ეცნობიან უცნობი კაცები ერთმანეთს საჯარო ტუალეტებში და შემდეგ იქვე კავდებიან სექსით. მაშინ, როცა ჰომოსექსუალობა აკრძალული იყო, სწორედ მსგავსი სივრცეები იძლეოდა პარტნიორის გაცნობის საშუალებას. ეს პრაქტიკა დღესაც აქტუალურია, თუმცა ის სულ უფრო და უფრო ემსგავსება ექსტრემალურ სპორტს. ჰანსი ციხეში უმეგობრდება ერთ-ერთ პატიმარს, რომელთანაც განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა უყალიბდება. როცა წლების გასვლის შემდეგ ციხიდან გამოვა, აღმოაჩენს, რომ ჰომოსექსუალობა დასჯადი აღარ არის და ფარულად შეხვედრების ნაცვლად, ახლა შეუძლია სპეციალურ ადგილებში (ფილმში ნაჩვენები გეიბარის მიწისქვეშა dark room თავისი ფეტიშისტური ესთეტიკით იმ ციხეს გვაგონებს, რომელიც ჰანსმა ცოტა ხნის წინ დატოვა) მივიდეს, სადაც სხვა ბევრი მისნაირი გეი კაცი მზადაა, თავისუფლად ჰქონდეს სექსი. თუმცა ჰანსი მალევე გამოდის ამ ორგიის სამოთხიდან და რეალურ ციხეში ნებაყოფლობით დაბრუნებას ამჯობინებს, რადგან იცის, რომ იქ ელოდება მეგობარი, რომელთანაც ლაპარაკს შეძლებს.
თუ, ერთი მხრივ, სიტყვა პაემანი უსაშველოდ მოძველდა ქართულ ენაში და ის დეითინგმა (dating) ჩაანაცვლა, რითაც არა მხოლოდ ლინგვისტური ერთეული, არამედ პარტნიორის გაცნობის ყოველდღიური პრაქტიკაც თავისი არსით შეიცვალა და მეტწილად ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა, გეი ურთიერთობებში დეითინგის ფენომენსაც კი სულ უფრო მეტად ჩრდილავს ჰუქაფის პრაქტიკა:
„მხოლოდ გართობას ვეძებ“;
„სერიოზული არაფერი მინდა“;
„მომიწოვ?“;
„კარს ღიას დავტოვებ, შემოდი და პირდაპირ შემიდე“.
ვისაც ერთხელ მაინც უსარგებლია Grinder-ის აპლიკაციით, ეცოდინება, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ამ პლატფორმაზე კომუნიკაციის ყველაზე გავრცელებული ფორმებია. გაცნობის/ურთიერთობის ისეთი შაბლონური გზები, როგორებიცაა სეირნობა, კაფეში გასვლა, ბარში დალევა თუ კინოში წასვლა, ქართულ კონტექსტში გეი კაცებისთვის გარკვეულწილად ჰომოფობიის გამოა შეზღუდული: იმასთან ერთად, რომ მეორე კაცთან ერთად საჯარო სივრცეებში გამოჩენა საფრთხისშემცველი შეიძლება იყოს, ამავდროულად დიდია ინტერნალიზებული ჰომოფობიაც - ბევრი ჰომოსექსუალობის გამოვლენის უფლებას მხოლოდ ინსტინქტის დონეზე, სექსუალური ვნების დაკმაყოფილებისთვის ბედავს, სხვა დანამატები კი, იქნება ეს ფილმის ერთად ყურება თუ საჭმლის გაზიარება, აფრთხობს, რადგან არ სურს, შემთხვევითი რომანტიკული გრძნობებით თავი „ნამდვილ გეიდ“ იგრძნოს.
თუმცა, ეს არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ ქართული საზოგადოების ჰომოფობიური განწყობებით, რადგან Grinder-ის გამოცდილება თითქმის ყველგან ასეთივეა, მათ შორის ყველაზე ლიბერალურ ქვეყნებშიც. ყველა ეძებს სექსს. ცხადია, სექსში თავისთავად ცუდი არაფერია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვიარ ადამიანებს პირველად ეძლევათ ასეთი თავისუფლება, რომ მარტივად გაიცნონ სხვა ქვიარები და სასურველი კავშირები დაამყარონ. არც იმ ამერიკული დისკურსის ადვოკატი ვარ, რომელიც ცდილობს, ქვიარ ურთიერთობები ჰეტერონორმატიულ ურთიერთობებს დაამსგავსოს და გეი უფლებებისთვის ბრძოლის მთავარ მიზნად ქორწინების უფლებას წარმოგვიჩენს. ნაკლებად მაინტერესებს ფოტოებში მოღიმარი, გამოწკეპილი, მონოგამიური ოჯახები, კაცის და ქალის იქნება, ქალის და ქალის, კაცის და კაცის თუ სხვა. სულ არ მჭირდება სახელმწიფოს, ეკლესიის ან მშობლების თანხმობა, რომ იმასთან და ისე ვიტყნაურო, როგორც მინდა.
თუმცა, თითქოს სხვაგვარ კატეგორიზაციას მაინც ვერ ავარიდეთ თავი და გაცნობის აპლიკაციებმა, ერთი შეხედვით, ძალიან გამარტივებული, ამავდროულად კი უკიდურესად შეზღუდული შესაძლებლობებით განსაზღვრა ახალი ურთიერთობების ხასიათი. თანამედროვე გაცნობის ბაზარზე შენი ავატარი უნდა ააწყო წინასწარ გამზადებული კრიტერიუმებით, თუ რა და როგორი ხარ:
გეი, ბი, ტრანსი;
ბოთომი, ვერსი, ტოპი,
თვინქი, ბეარი, დადი,
თმიანი, უთმო, მელოტი,
გამხდარი, მსუქანი, დაკუნთული,
ფემინური, მასკულინური ან სადღაც შუა,
მაგრამ ავიწყდებათ, რომ ამ ფილტრებს მიღმა ადამიანი ხარ. და შენც გავიწყდება ეს.
თანამედროვე სამყაროში სექსი სულ უფრო და უფრო ემსგავსება fast food-ს: რაც შეიძლება სწრაფად, მარტივად და იაფად უნდა მიიღო ულუფა მყისიერი სურვილის დასაკმაყოფილებლად. ცხადია, ყველას გვაქვს უფლება, როცა მოგვესურვება, მაშინ ვჭამოთ ასეთი საჭმელი ან გვქონდეს ასეთი სექსი, მაგრამ ეს მაშინ ხდება პრობლემა, როცა ის ერთადერთ მისაღებ ფორმად იქცევა. თანაც, როგორც სწრაფი კვების ობიექტში ვაწყობთ ბურგერს სასურველი ინგრედიენტებით, ისე გვინდა, რომ შევარჩიოთ სექსუალური პარტნიორიც, რომლის ხატებაც ისევ და ისევ პორნოდან ჩავიბეჭდეთ. პარტნიორის შერჩევისას მთავარი ინდიკატორი ხდება სხეულებრივი მახასიათებლები - სიმაღლე, წონა, პენისის ზომა, ხმა, ჩაცმის სტილი - და არა ის, თუ ვინ არის ის. შეიძლება სახელიც კი არ ვიკითხოთ, ისე მოვასწროთ ელვა-შესაკრავის შეხსნა და შეკვრა.
თითქოს ჩვენ ყველას გვინდა, რომ არათუ არ ვიცოდეთ, ვინ არიან ჩვენი პარტნიორები სხეულებს მიღმა, არამედ დავივიწყოთ ისიც, თუ ვინ ვართ ჩვენ. ხანდახან კლუბები, თავისი ბნელი სივრცეებით, ხმაურიანი მუსიკით და თრობის ქვეშ ყოფნის შესაძლებლობებით უფლებას გვაძლევს, სწორედ ასეთ უსახო სხეულებად დავრჩეთ, რომლებსაც ასე ვაიდეალიზებთ, მაგრამ თან სასტიკად ვეპყრობით.
გარდა იმისა, რომ მთელი ინდუსტრია მუშაობს ჩვენს ავტომატიზებულ სექსმანქანებად გადაკეთებაზე, რაღაც უფრო ღრმაზეც მეტყველებს ეს ქცევა, რაც სულ უფრო მეტად ხდება ნორმა. თითქოს დავიჯერეთ, რომ მართლა ცოდვილი, გარყვნილი არსებები ვართ და ჩვენი სექსის მიზანიც კი ძირითადად თვითდამცირებას ან სხვების დამცირებით საკუთარი იდენტობის დათრგუნვას ემსგავსება. თითქოს სიყვარულს მართლა არ ვიმსახურებთ. ოღონდ ქვიარ სიყვარული არ არის მხოლოდ ის, რასაც ჰოლივუდური ფილმების დათაფლულ, რომანტიზებულ სცენებში შეიძლება ვხედავდეთ, არამედ ის, რაზეც მიშელ ფუკო 1981 წელს ფრანგულ ჟურნალ Gai Pied-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში მეგობრობა, როგორც ცხოვრების წესი ლაპარაკობს:
„ჩემი აზრით, ის, რითაც ჰომოსექსუალობა სხვებს „სიმშვიდეს ურღვევს“, ჰომოსექსუალური ცხოვრების წესია და არა თვითონ სქესობრივი აქტი. ხალხს ისეთი სექსუალური აქტის წარმოდგენა კი არ აწუხებს, რომელიც კანონს ან ბუნებას არ შეესაბამება, არამედ ის მაშინ ხდება პრობლემა, როცა ადამიანები ერთმანეთის შეყვარებას იწყებენ“.2
მჯერა, რომ ჰომონორმატიულ ოჯახსა და ფოლსომ სტრიტზე3 გართობას (ცხადია, არც ერთი და არც მეორეა პრობლემა, თუ ის თავსმოხვეული არაა) შორის და მიღმა არსებობს ქვიარ ურთიერთობების კიდევ სხვა, მრავალსახოვანი ფორმები, რომლებიც ინდივიდუალურ, უნიკალურ გამოცდილებებში გვაგრძნობინებს სიამოვნებას და არა მხოლოდ საყვარელ პორნოკატეგორიაში.
„როგორმე უნდა გავთავისუფლდეთ და სხვებსაც დავეხმაროთ, რომ დაუსხლტნენ ამ ორ მზამზარეულ ფორმულას: მხოლოდ სექსის გამო შეხვედრას და შეყვარებულების იდენტობების შერწყმას“.4
1 ერთჯერადი სექსი ცოტა ხნის წინ გაცნობილ ადამიანთან.
2 ავტორის თარგმანი.
3 Folsom Street Fair - სადომაზოხიზმის, ტყავის და ზოგადად სხვადასხვა სექსუალური ფეტიშის ცნობილი ფესტივალი, რომელიც სან-ფრანცისკოში იმართება.
4 კვლავ მიშელ ფუკოს სიტყვები ზემოთ ნახსენებ ინტერვიუდან.