ახალგაზრდა მწვანეები



პუბლიკაციები

ბლოგები

︎︎︎ Ჰესები და კლიმატის ცვლილების ზემოქმედების გავლენა საქართველოს რეგიონში ︎︎︎კლიმატის ცვლილება - ქალთა უფლებათა კრიზისი ︎︎︎ (არა)ბუნებრივი კატასტროფა: კატასტროფის პოლიტიკურობა, მოწყვლადობა და კლიმატის კრიზისი
︎︎︎სერფინგი თუ სქროლინგი?

︎︎︎ფემინისტური თეატრი, როგორც პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი
︎︎︎ფემინურობა ციფრულ ველში: რეალობით ნაწარმოები თამაში, თუ თამაშით ნაწარმოები რეალობა?
︎︎︎Homo-Economicus: ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ

სრული სია︎


ორგანიზაციის
შესახებ —
  1. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
  2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

Mark

ფემინისტური თეატრი, როგორც
პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი




ფემინისტური ისტორია: მეხსიერების აღდგენა და შეკავშირება დღევანდელობასთან / 2023
ავტორი: ანუკი კვინიკაძე
რედაქტორი: ლიკა გულბანი
ფოტო: ეროვნული არქივი - ბათუმის საზაფხულო თეატრი



მაინც, რა არის „ფემინისტური თეატრი“?

ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება, ვინაიდან არსებობს მრავალი სახის ფემინიზმი (ლიბერალური, სოციალური, რადიკალური, მარქსისტული, კულტურული, პოსტსტრუქტურალისტური, პოსტმოდერნისტული და სხვ.), რომელიც ქალთა ჩაგვრის, ან გნებავთ სქესის/გენდერის გამო უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდებსა თუ საშუალებებს იყენებს, ზოგჯერ კი ეს მეთოდები ურთიერთსაწინააღმდეგოც კი არის ხოლმე. სწორედ ამის გამო, ტერმინის - ფემინისტური თეატრი აღქმაც მრავალგვარია. მიუხედავად იმისა, რომ ფემინიზმს არაერთი განსხვავებული მიმდინარეობა აქვს, თითქმის ყველა მათგანის მთავარი მიზანი: ქალებისთვის თანასწორი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული გარემოს შექმნაა. ამრიგად, ფემინისტურ თეატრსაც შეუძლია ბევრი მნიშვნელობა შეიძინოს, მაგრამ მისი მუდმივი თემა ქალების ცხოვრებისეული გამოცდილების ჩვენებაა.

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ თეატრის ისტორია საუკუნეების განმავლობაში მამაკაცებს ემსახურებოდა, თუმცა ფემინისტური დისკურსის ნიშნები მსოფლიო თეატრისა და დრამის ისტორიაში, თეატრის განვითარების თითქმის ყველა საფეხურზე გვხვდება. დღეს, ეგრეთ წოდებულ „ფემინისტურ დრამად“ განიხილავენ სოფოკლეს ტრაგედიას „ანტიგონე“ (ძვ.წ. 442 წ.), ევრიპიდეს ტრაგედიას „მედეა“ (ძვ.წ. 431 წ.), არისტოფანეს კომედიას „ლისისტრატე“ (ძვ.წ. 411 წ.), ჰენრიკ იბსენის დრამას „თოჯინების სახლი“ (1879 წ.), სუზან გლასპელის ერთმოქმედებიან პიესას „წვრილმანები“ (1916 წ.), ქერილ ჩერჩილის ცნობილ პიესას „ტოპ გოგოები” (1984), ივ ენსლერის გახმაურებულ პიესას „ვაგინა-მონოლოგები“ (1996)  და მრავალი სხვ.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ჰენრიკ იბსენმა1 და ქალთა სუფრაჟისტულმა2 მოძრაობამ, შეიძლება ითქვას, საფუძველი მოუმზადა ფემინისტური თეატრის დაბადებას. უფრო სრულყოფილად თეატრის ეს „მიმდინარეობა“ 1960-70-იან წლებში ჩამოყალიბდა, ქალთა გამათავისუფლებელი მოძრაობის3 პერიოდში. დემონსტრანტები, ქალთა დისკრიმინაციისა და სექსისზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, პერფორმანსს იყენებდნენ როგორც პროტესტის ფორმას. იმ პერიოდის ფემინისტურ თეატრს ორი მთავარი მიზანი ჰქონდა: ცნობიერების ამაღლება პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ და თეატრში მომუშავე ქალთა პირობების გაუმჯობესება.

1970-80-იან წლებში ფემინისტური თეატრი (ასევე მოიხსენიებოდა როგორც ქალთა თეატრი) იყო სპეციფიკური, ახალი ტიპის თეატრი. სხვადასხვა „ქალთა თეატრები“ სწორედ ამ წლებში ყალიბდება, რაც იმ პერიოდის პოლიტიკური და სოციალური აქტივობის შედეგია. ფემინისტური თეატრის ადრეულ წარმომადგენლებს შორის არიან: ინგლისელი დრამატურგი და კრიტიკოსი მიშელინ ვანდორი4, ამერიკელი თეატრის რეჟისორი და დრამატურგი მართა ბოუზინგი5, ბრიტანელი დრამატურგი ქერილ ჩერჩილი6 და სხვ.

1970-იან წლებში ქალთა მოძრაობამ ფემინიტური თეატრის დაბადებას შეუწყო ხელი ამერიკასა და ინგლისში. თეატრის ამ „ჟანრმა“ შემდგომში მთელი მსოფლიო მოიცვა. ინგლისში ერთ-ერთი ადრეული ფემინისტური თეატრი „სფინქსის თეატრალური კომპანია“ (Sphinx Theatre Company) იყო, რომელიც თავდაპირველად მოიხსენიებოდა როგორც „ქალთა თეატრალური ჯგუფი“ (1973). მათი ადრეული სპექტაკლები ფორმის თვალსაზრისით ეპიკური, ხოლო თემის მხრივ აგიტაციურ-პროპაგანდისტული იყო. მათ პირველ ნამუშევარს „Fantasia“ (1973), მოჰყვა წარმოდგენა „My Mother Says I Never Should“ (1975), რომელიც თინეიჯერულ სექსუალურ გამოცდილებას ეხებოდა. იმ პერიოდში აღნიშნული თეატრალური ჯგუფის მიზანი იყო ის, რომ თეატრებში ქალები ისეთ წამყვან პოზიციებზე ენახათ, როგორებიც არის: თეატრის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, დირექტორი, მენეჯერი, დრამატურგი და სხვ. მათი მიზანი, აგრეთვე, ისეთი სპექტაკლების ჩვენება იყო, რომლებიც თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლას ასახავდნენ. სფინქსის თეატრს სურდა ქალის როლი თეატრსა და მსოფლიოში გადაფასებულიყო7. თეატრი დღესაც აქტიურად განაგრძობს მუშაობას და ქმნის ისეთ წარმოდგენებსა და შოუებს, სადაც აქცენტი კეთდება ქალების გამოცდილებებსა და ჩაგვრებზე, ისევე როგორც, სხვა უთანასწორობებზე. სფინქსის თეატრს დღესაც ქალები მართავენ.

ინგლისის გავლენით „ქალთა თეატრალურ ჯგუფს“ (1975-1989) უწოდებდა თავის თავს ადელაიდას8 ფემინისტური თეატრი 1970-იან წლებში. ადელაიდაში მსგავსი ტიპის ქალთა წარმოდგენები პირველად ტარდებოდა და ეხებოდა ქალთა განათლების საკითხებსა და ურთიერთობებს მკვიდრ და არა მკვიდრ მოსახლე ქალებს შორის. თეატრის აქტიური არსებობა გაგრძელდა 1989 წლამდე, 1989 წელს კი მათ წარმოადგინეს ბოლო სპექტაკლი „Is this seat taken?“, ჯენი პაუზაკერის ავტორობით9.

ამერიკის შეერთებულ შტატები ყველაზე ძველი ფემინისტური თეატრია -  „Spiderwoman Theatre“, რომელიც 1976 წელს დაარსდა (Pizzato, 2019:249). „სპაიდერვუმენის თეატრს“ ამერიკის მკვიდრი ქალების საშემსრულებლო დასი წარმოადგენს, რომელიც ცდილობს  თავისი შემოქმედებით ერთმანეთთან დააკავშიროს ხელოვნების ტრადიციული ფორმები და დასავლური თეატრი.      მათი მიზანი განსაკუთრებული თეატრალური წარმოდგენის ჩვენება იყო, რაც გულისხმობდა თეატრალურ სწავლებას ადგილობრივი წარმოდგენების პრაქტიკის გათვალისწინებით. აღნიშნული თეატრის დაბადებაც 1970-იანი წლების ფემინიტური მოძრაობის შედეგია, რამაც განაპირობა ის, რომ თეატრი მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა გენდერულ როლებს, კულტურულ სტერეოტიპებს, სექსუალურ და ეკონომიკურ ჩაგვრას10. აღნიშნული თეატრი ჩამოაყალიბეს დებმა: მურიელ11 და გლორია მიგელებმა და ლიზა მაიომ. ეს იყო ამერიკის მკვიდრი ქალების თეატრალური დასი, რომელსაც სახელი ჰოპების12 მითოლოგიაში არსებული ობობა ქალღმერთის გამო დაერქვა. აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ ჰოპების კულტურაში მემკვირეობა ტრადიციულად ქალის ხაზით გადადის, ანუ მატრილინურია. აღნიშნული ქალთა თეატრის პირველი ნამუშევარი ქალებზე ძალადობას ეხებოდა, რომელიც მათ ვაშინგტონ-სკვერის მეთოდისტურ ეკლესიაში წარმოადგინეს. სპექტაკლი რეალურ ამბებზე იყო დაფუძნებული. „სპაიდერვუმენის თეატრს“ არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მიღებული და ფემინისტურ თეატრალურ საქმიანობას დღემდე წარმატებით აგრძელებს.

1970-იან წლებში ფემინისტური თეატრის „აფეთქება“ მხოლოდ დასავლეთში არ მომხდარა. სამხრეთ აზიაში, უფრო ზუსტად კი ინდოეთის რესპუბლიკაში, 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში პოპულარული ხდება ფემინისტური თეატრი, რომლის დიდი ნაწილი ქუჩის თეატრს წარმოადგენდა. 1980-იანი წლებიდან ინდოეთის თეატრებში ქალებმა დრამატურგებისა და რეჟისორების ადგილები დაიკავეს, რაც ტრადიციულად მხოლოდ მამაკაცების პრეროგატივა იყო. ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფემინისტური თეატრალური კომპანიაა  მემარცხენე ქუჩის თეატრი - Jana Natya Manch (შემოკლებით: Janam), რომელსაც, ასევე მოიხსენიებენ სახალხო თეატრის ფრონტად. აღნიშნული თეატრი დელის მემარცხენე თეატრის მოყვარულთა ჯგუფის მიერ 1973 წელს დაარსდა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინდოეთში ქუჩის თეატრის, როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოხატვის ფორმის პოპულარიზებაში. მათი წარმოდგენების მთავარი თემები იყო: ქალთა უფლებები, განათლების სისტემა, არჩევნები, ფასების მუდმივი ზრდა, ეკონომიკური პოლიტიკის არარსებობა, უმუშევრობა და სხვ. მშრომელების, რევოლუციონერებისა და სოციალური აქტივისტების ხელში თეატრის ეს ფორმა მნიშვნელოვან კულტურულ იარაღად იქცა. საფდარ ჰაშმი (Safdar Hashmi) არის ყველაზე ცნობილი ფიგურა, რომელიც ამ დასთან ასოცირდება. იგი იყო Janam-ის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტიკური თეატრის, განსაკუთრებით ქუჩის თეატრის, ბრწყინვალე თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი. მისი ბედი ტრაგიკული აღმოჩნდა, 1989 წელს საფდარ ჰაშმი ინდოეთის სოფელ ჯანდჰაპურში ქუჩის წარმოდგენის „Halla Bol“-ის მიმდინარეობის დროს მოკლეს, რომელშიც იგი მონაწილეობდა. სპექტაკლი იმართებოდა მშრომელთა მოთხოვნების მხარდასაჭერად. თავდასხმას ასევე შეეწირა ასევე მაყურებელი, რამ ბაჰადური. ამ მკვლელობას მთელ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა13. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ინდოეთში ქუჩის ფემინისტური თეატრი ნამდვილად იყო სოციალური და პოლიტიკური აქტივიზმის ნაწილი. Janam-ის თეატრი დღესაც აქტიურად განაგრძობს მუშაობას და იბრძვის  ქალებზე მზარდი ძალადობის, სოციალური უთანასწორობის, უმუშევრობისა და სხვა არაერთი მწვავე, სოციო-პოლიტიკური პრობლემის წინააღმდეგ.

დღეს, როდესაც ფემინიზმი უფრო მეტი გახდა, ვიდრე აქტივისტური მოძრაობა, როგორი შეიძლება იყოს ფემინისტური თეატრი თანამედროვე საშემსრულებლო კულტურაში?

ალბათ, ამ კითხვაზე იმდენივე პასუხი გვექნება, რამდენი ფემინისტური თეატრი (ან ფემინისტური დისკურსის მქონე თეატრი) და ფემინისტური აზრიც არსებობს მსოფლიოში, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავად ფემინიზმის მიმართულებები არის მრავალგვარი და მათი ბრძოლის მეთოდებიც ერთმანეთისგან განსხვავებულია (მაგალითად, მესამე ტალღის ფემინიზმს მეორე ტალღის ფემინიზმისგან განსხვავებული მიზნები და მეთოდები ჰქონდა და ა.შ). ერთი რამ ცხადია, დღეს ფემინისტური თეატრი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, დაწყებული თავად სიტყვის „ფემინისტური“ ცვალებადი მნიშვნელობებით14. ეს გამოწვევები მოიცავს: დაფინანსებას, მედიისა და ხალხის გარკვეული ჯგუფის საპასუხო უარყოფით რეაქციას  და სხვა მრავალი.

დღეს მთელ მსოფლიოში უამრავი ფემინისტური თეატრალური კომპანია არსებობს, რომელთა უმეტესობა დასავლეთის მთავარ ქალაქებში (ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ლონდონი) მდებარეობს. მათი წარმოდგენების დიდი ნაწილი ფერადკანიან და ლგბტქ+ ქალებს ეხება. ზოგი თეატრი აგროვებს ფულს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის, ამის რამდენიმე მაგალითია: Manhattan Shakespeare Project, La Luna Productions, LezCab, Women Center Stage Festival, და Teatro Luna. მრავალი ფემინისტური თეატრი ფოკუსირებულია წარმოდგენის სპეციფიკურ ტრადიციებზე, მაგალითად La Luna Productions, რომელიც ქმნის თანამედროვე პროდუქტს, ძირითადად ქალი პერსონაჟებით, მაგრამ იყენებს იაპონურ ტრადიციულ თეატრალურ ფორმას „კაბუკი“15. ფემინისტური თეატრის მიზნები, შეიძლება ითქვას, რომ  კვლავაც ექსტრემალურია.

მაშინ როდესაც მსოფლიოში ფემინიზმი, აქტივიზმი და საშემსრულებლო ხელოვნება, ისე როგორც არასდროს, არის ერთმანეთთან დაკავშირებული, საინტერესოა არსებობს თუ არა თანამედროვე ქართულ თეატრში ფემინისტური დისკურსი?

ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ე.წ. ფემინისტური თეატრის (ვგულისხმობ თეატრალურ კომპანიას, რომელიც უშუალოდ ამ კუთხით მუშაობს, მაგალითად როგორებიც არიან: Sphinx Theatre Company და Spiderwoman Theatre)  არც ერთი მაგალითი დღევანდელ დღემდე ქართულ თეატრში არ გვაქვს, თუმცა ფემინისტური დისკურსის ნიშნები ნამდვილად არსებობს.

ფემინისტური დისკურსის ნიშნები განსაკუთრებით ქართულ დრამატურგიაში შეგვიძლია ვიპოვოთ. ამის კარგი მაგალითია ლაშა ბუღაძის პიესა „ლისისტრატე“16, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ე. წ. ფემინისტური დრამა. პიესა ქალთა მიმართ ძალადობის თემას ეხება და ქართულ რეალობაში არსებულ გენდერულ და სოციო-კულტურულ პრობლემებსა თუ გამოწვევებს კარგად ასახავს. ქალებზე ძალადობის თემას ეხება დრამატურგის, ზურა პაპიაშვილის პიესა „7 სიზმარი“17, რომელიც გაეროს ქალთა ფონდისა და მარჯანიშვილის თეატრის დრამატურგების კონკურსის ფინალისტი გახდა. ფემინისტურ საკითხებზე არაერთი პიესა აქვს დაწერილი დრამატურგ დავით გაბუნიას, მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ რამდენიმე მათგანი: „ლავინიას ყურები“, „რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება“, „ბეჩავი“, „ტროელი ქალები“, „საპნის ოპუსი“ და სხვ. ფემინისტური პერსპექტივა ქართულ დრამატურგიაში კი პირველად ბარბარე ჯორჯაძემ შემოიტანა - „ლელა გაფრინდაშვილის სიტყვებით, ბარბარე ჯორჯაძე იყო პირველი ქალი პოლემისტი, პოეტი და დრამატურგი, რომელმაც ქალური თემები შეიტანა დრამატურგიაში. მან დაწერა პიესა, სადაც პირველად გამოჩნდა ხანუმა, როგორც მაჭანკალი“18. საინტერესოა ისიც, რომ ყოველკვირეულ გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (1917–1918) დაიბეჭდა დ. ახვლედიანის ერთმოქმედებიანი პიესა „ქალი და აჩრდილი“, რომელიც აგრეთვე თავისი შინაარსით, დიდწილად, ფემინისტური იყო. აქვე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ თანამედროვე ქართულ (მეინსტრიმულ) თეატრში ქალი დრამატურგებისა და რეჟისორების სიმწირის გამო, ფემინისტური დისკურსის გამტარებლებად ისევ და ისევ კაცები გვევლინებიან. მაგალითების მოყვანა კიდევ მრავლად შეგვიძლია, მაგრამ მოდით, აქ დავამთავროთ და ვთქვათ, რომ ქართულ დრამატურგიაში ფემინისტური დისკურსი ერთმნიშვნელოვნად არსებობს. აგრეთვე, ის არსებობს ცალკეულ ქართულ თეატრებში და ყველაზე მეტად „სამეფო უბნის თეატრში“, მაგრამ მართლები ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ ქართული თეატრი თავისი ხასიათით ნაკლებ აქტივისტურია. მაშინ როდესაც ქვეყანაში ფემიციდის, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის, სოციალური სიდუხჭირისა და უმუშევრობის კატასტროფული ზრდა გვაქვს, ვფიქრობ, ქართული თეატრი ამაზე უფრო მძაფრად და ხშირად უნდა რეფლექსირებდეს.

რომ შევაჯამოთ, 1970-იანი წლების ქალთა ფემინისტური მოძრაობების შემდეგ, დასავლეთმა ეტაპობრივად ქალთა უფლებები და ქალისა და მამაკაცის თანასწორება აღიარა, ხოლო სხვადასხვა საერთაშორისო სააგენტოებმა გენდერული თანასწორების შესახებ კონვენციები მიიღო. ეს პროცესი თანდათანობით მთელ მსოფლიოში გაგრძელდა. ამის გამო, ადამიანების გარკვეული ნაწილი უკვე თვლიდა, რომ ცალკეული ჟანრის - ფემინისტური თეატრი არსებობა საჭირო აღარ იყო და არაერთი თეატრალური გაერთიანება დაიშალა.

მიუხედავად უფლებრივ დონეზე, გენდერული სხვაობის შემცირებისა „მეინსტრიმულ თეატრში“ მამაკაცების როლი დღესაც აჭარბებს ქალებისას და ამ უკანასკნელის წინაშე არსებული გამოწვევები კვლავაც მწვავე და აქტუალურია. დღესდღეობით, ამ ჟანრში მსოფლიოს არაერთი თეატრი ისევ აქტიურად განაგრძობს მუშაობას და თავის თავს ცალსახად ფემინისტურ, ქალთა თეატრს უწოდებს. 

ფემინისტური თეატრის მიზნები კი დღესაც უცვლელია, ვინაიდან მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სოციალური უსამართლობა, უთანასწორობა და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.  


სტატია მომზადებულია პროექტის “ფემინისტური ისტორია: მეხსიერების აღდგენა და შეკავშირება დღევანდელობასთან” ფარგლებში, ორგანიზაციის “ქალთა ფონდი საქართველოში” მხარდაჭერით.


შენიშვნები:

  1. ჰენრიკ იბსენი (Henrik Johan Ibsen; 1828-1906) - ნორვეგიელი დრამატურგი.
  2. სუფრაჟისტები - მე-20 საუკუნის დასაწყისში ქალთა მოძრაობის მონაწილენი, რომლებიც ქალებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭების მოთხოვნით გამოდიოდნენ.
  3. ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობა (WLM) - ქალთა კოლექტიური ბრძოლა თანასწორობისთვის, რომელიც ყველაზე აქტიური 1960-80-იან წლებში იყო. მოძრაობა ქალთა უფლებებისთვის, პირველ რიგში, დასავლეთის ინდუსტრიულ ქვეყნებში გაჩნდა, რომელმაც მთელ მსოფლიოში უდიდესი პოლიტიკური, ინტელექტუალური და კულტურული ცვლილებები გამოიწვია.  
  4. მიშელინ ვანდორი (Michelene Wandor დ. 1940) - ინგლისელი დრამატურგი, კრიტიკოსი, ქალთა განმათავისუფლებებლი მოძრაობის აქტივისტი.
  5. მართა ბოუზინგი (Martha Boesing დ. 1936) - ამერიკელი თეატრის რეჟისორი და დრამატურგი. ექსპერიმენტული ფემინისტური თეატრის - At the Foot of the Mountain Theater დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
  6. ქერილ ჩერჩილი (Caryl Churchill დ. 1938) - ბრიტანელი დრამატურგი. იგი აღიარებულია, როგორც „თანამედროვე ბრიტანული თეატრის უდიდესი პოეტი და ნოვატორი“.
  7. Sphinx Theatre Company (formerly The Women's Theatre Group) Archive
  8. ადელაიდა - სამხრეთ ავსტრალიის შტატის დედაქალაქი და მისი ყველაზე დიდი ქალაქი. ქალაქი დაარსდა 1936 წლის 28 დეკემბერს, რომელიც ავსტრალიაში ერთადერთი თავისუფალი ბრიტანული დასახლება იყო.
  9. https://www.womenaustralia.info/biogs/PR00094b.htm
  10. About Spiderwoman Theater“
  11. მურიელ მიგელმა (Muriel Miguel) დააარსა ადგილობრივი ამერიკული თეატრალური ანსამბლი „La MaMa“-ს ექსპერიმენტულ თეატრალურ კლუბში.
  12. Hopi - ჰოპები ადგილობრივი ამერიკული ტომის წევრები არიან, რომლებიც არიზონას ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ჰოპის ნაკრძალში ცხოვრობენ. ცალკეული სოფლები ინარჩუნებენ ავტონომიას ჰოპის კონსტიტუციისა და წესდების შესაბამისად.
  13. https://www.jananatyamanch.org/aboutus.htm
  14. „Feminism Reconsidered“, Feminist Spectator, 2007
  15. „Women's Theatre Companies“, Works by Women
  16. დაიდგა რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე 2015 წელს, რეჟ: დავით საყვარელიძე
  17. დაიდგა მარჯანიშვილის სახელმწიო დრამატულ თეატრში, რეჟ: ნინო მაღლაკელიძე


გამოყენებული ლიტერატურა:

  1. About Spiderwoman Theater, Spiderwoman Theater Web-page
  2. Feminism Reconsidered, Feminist Spectator, 2007
  3. Gates, A., Review: Material Witness' Explores Violence against Indigenous Women, The New York Times.
  4. Jain, S., Feminist Street Theatre: Plays as Contemporary History, archive.indianculturalforum.in
  5. Pizzato, M., Mapping Global Theatre Histories, Springer, 2019
  6. Sphinx Theatre Company (formerly The Women's Theatre Group) Archive
  7. Women's Theatre Companies“, Works by Women
  8. https://www.womenaustralia.info/biogs/PR00094b.htm
  9. https://www.jananatyamanch.org/aboutus.htm
  10. https://netgazeti.ge/culture/25844/



Mark