ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

გამოქვეყნებულია: 17.Mar.2020

ადამიანები მუდმივად თანაარსებობდნენ ბაქტერიებისა და ვირუსების გარემოცვაში. შავი ჭირიდან დაწყებული, ყვავილით დამთავრებული, ამ ვირუსების მიმართ ჩვენ გამძლეობა გვემატებოდა და საპასუხოდ ისინი კიდევ უფრო ძლიერდებოდნენ.

თითქმის უკვე ერთი საუკუნეა, რაც ალქსანდერ ფლემინგმა პენიცილინი აღმოაჩინა და მას შემდეგ ანტიბიოტიკები გვაქვს. ამის შემდეგ ბაქტერიებს ანტიბიოტიკების მიმართ ნელ-ნელა გამძლეობა განუვითარდათ. ეს ბრძოლა მუდმივად მიმდინარეობს: ზოგ პათოგენთან იმდენი ხანი გვიწევს თანაცხოვრება, რომ მათ მიმართ გამძლეობა გვინვითარდება.

ახლა კი, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თუ ისეთ მომაკვდინებელ ბაქტერიებთან და ვირუსებთან გვექნებოდა კონტაქტი, რომლებიც ათასობით წლებია ყინულში ბინადრობენ და მათ ზედაპირზე ჯერ არასდროს შევხვედრილვართ.

შეიძლება, უკვე მოვიდა ის დრო, როცა მოგვიწევს რამდენიმე მათგანთან შეხვედრა. კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

ირმების მიგრაცია (Credit: Eric Baccega/naturepl.com)
                                                               ირმების მიგრაცია (Credit: Eric Baccega/naturepl.com)

2016 წლის აგვისტოში ციმბირის ნახ.კუნძულ იამალზე, რომელიც არქტიკულ წრეში მდებარეობს, 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა და დაახლოებით ოცი ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში. ამ ყველაფრის მიზეზი იყო ჯილეხის ბაცილა, ანუ ანტრაქსი.

სავარაუდოდ, 75 წლის წინ, ანტრაქსით ინფიცირებული ერთი ირემის სიკვდილის შემდეგ მისი ლეში პერმაფროსტში დიდი ხნით დაიმარხა, ყინულში ბაცილას გავრცელების საშუალება არ მიეცა, მანამ, სანამ 2016 წლის ზაფხულში ეს პერმაფროსტი არ დადნა.

ირმის ლეში პერმაფროსტის ზედაპირზე აღმოჩნდა და გადამდები ანტრაქსი ჯერ ახლომდებარე ნიადაგსა და წყალში გადავიდა, შემდეგ საკვებ ჯაჭვში.  შედეგად 2000-ზე მეტი ირემი და რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა.

სამწუხაროდ, ეს შეიძლება არ იყოს ერთადერთი შემთხვევა.

რაც უფრო იმატებს დედამიწაზე ტემპერატურა, მით უფრო მეტი პერმაფროსტი დნება. ჩვეულებრივ პირობებში, ყოველ ზაფხულს, პერმაფროსტის ზედაპირის დაახლოებით 50სმ დნება. გლობალური დათბობის გამო კი პერმაფროსტის უფრო ძველი ფენები „გამომზეურდება“ ზედაპირზე.

გაყინულ პერმაფროსტში ბაქტერიას შეუძლია ძალიან დიდი ხანი იცოცხლოს, მილიონი წელიც კი. ასე რომ, ყინულის დნობამ შეიძლება დაავადებების ერთი დიდი პანდორას ყუთი გახსნას.

არქტიკულ წრეში ტემპერატურა სამჯერ უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე დანარჩენ სარტყელებში. ყინულის დნობასთან ერთად არსებობს ინფექციური პათოგენების გამონთავისუფლების რისკი.

„პერმაფროსტი მიკრობებისა და ვირუსების ძალიან კარგი საცავია, რადგან აქ ცივა, არ არის ჟანგბადი და ვერც მზის ულტრაიისფერი სხივები აღწევს,“ ამბობს ევოლუციის ბიოლოგი ჟან-მიშელ კლავერი საფრანგეთის ექს-მარსელის უნივერსიტეტიდან. „პათოგენური ვირუსები, რომლებსაც ადამიანებისა და ცხოველების დაინფიცირება შეუძლიათ შეიძლება პერმაფროსტის ძველ ფენებში ინახებოდეს, მათ შორის ის პათოგენებიც, რომლებმაც წარსულში გლობალური ეპიდემიები გამოიწვიეს.

მეოცე საუკუნეში, ჯამში მილიონზე მეტი ირემი მოკვდა ანტრაქსით. ღრმა საფლავების გათხრა პერმაფროსტზე ადვილი არაა, ამიტომ მათი ლეშები ზედაპირთან ძალიან ახლოს იმარხებოდა.

შეკითხვა იგივე რჩება: კიდევ რა შეიძლება იმალებოდეს გაყინული ნიადაგის ქვეშ?

საუკუნეების განმავლობაში იმარხებოდნენ ადამიანები და ცხოველები პერმაფროსტში. ასე რომ, მარტივი წარმოსადგენია ამ არეებიდან სხვადასხვა ინფექციური პათოგენების  გამოთავისუფლება. მაგალითად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს 1918 წლის ესპანური გრიპის რნმ-ის ფრაგმენტები, რომლებიც ალასკაში დამარხულ ადამიანებს ჰქონდათ. ყვავილიც და შავი ჭირიც, სავარაუდოდ, სადღაც ციმბირშია დამარხული.

2011 წელს ჩატარებულ კვლევაში ბორის რევიჩი და მარინა პადოლნაია წერენ: „პერმაფროსტის დნობის პარალელურად, მე-18 და მე-19 საუკუნეების მომაკვდინებელი ინფექციები შეიძლება დაბრუნდნენ, განსაკუთრებით იმ სასაფლაოებთან ახლოს, სადაც თავის დროზე დაავადებულები დამარხეს.

„NASA-ს მეცნიერებმა წარმატებით გაააქტიურეს ბაქტერია, რომელიც ალასკის ერთ-ერთ გაყინულ ტბაში 32,000 წელი ინახებოდა
მაგალითად, 1890-იან წლებში ციმბირში ყვავილი ძალიან მომრავლდა. ერთ-ერთმა ქალაქმა მოსახლეობის 40% დაკარგა. გარდაცვლილები მდინარე კოლიმას ახლოს, პერმაფროსტის ზედა ფენებში დამარხეს. 120 წლის შემდეგ,  კოლიმას ადიდების შედეგად მდინარის ნაპირების ეროზია დაიწყო და პერმაფროსტის დნობის პროცესის სიჩქარემ საგრძნობლლად მოიმატა.

1990-იან წლებში ნოვოსიბირსკში, სახელმწიფოს კვლევის ცენტრის ვიროლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დარგის მეცნიერებმა სამხრეთ ციმბირის (გორნი ალთაი) ქვის ხანის ადამიანების ნეშტებზე ცდები ჩაატარეს. მათ ასევე ჩაატარეს ცდები იმ ადამიანების ნეშტებზე, რომლებიც მე-19 საუკუნის ვირუსულ ეპიდებიებს ემსხვერპლნენ და რუსეთის პერმაფროსტებში იყვნენ დასაფლავებული.

მკვლევრები ამბობენ, რომ მათ ამ ცდების შედეგად აღმოაჩინეს ყვავილისგან დატოვებული იარები. თვითონ ვირუსი ყვავილი არ უპოვნიათ, მაგრამ მიაკვლიეს მისი დნმ-ის ფრაგმენტებს.

რა თქმა უნდა, ეს არაა ყინულში შენახული ბაქტერიის გააქტიურების პირველი შემთხვევა.

2005 წლის კვლევაში, NASA-ს მეცნიერებმა წარმატებით გაააქტიურეს ბაქტერია, რომელიც ალასკას ერთ-ერთ ტბაში 36,000 წელი ინახებოდა. მიკრობები სახელად კარნობაქტერიუმ პლეისტოცენიუმი (Carnobacterium pleistocenium)  ჯერ კიდევ პლეისტოცენური პერიოდიდან, მაშინ როცა მამონტები არსებობდნენ, მოყოლებული გაყინულ მდგომარეობაში იყო. ბოლო დროს კი ყინული დადნა და ეს მიკრობებიც გამონთავისუფლდა.

„როგორც კი ვირუსები ზედაპირზე აღმოჩნდნენ, მაშინვე ინფექციურები გახდნენ“

ორი წლის შემდეგ, მეცნიერებმა მოახერხეს გაეაქტიურებინათ 8 მილიონი წლის წინანდელი ბაქტერია, რომელიც, ამ ხნის განმავლობაში, ყინულქვეშ იყო, ბეკონის და მულინსის „ყინულის მდელოებში,“ ანტარქტიკაში. იგივე კვლევისას, კიდევ ერთი ბაქტერია გაააქტიურეს, ამჯერად 100,000 წლის წინანდელი.

ყველა ბაქტერიას სულაც არ შესწევს იმის ძალა, რომ პერმაფროსტის ზედაპირზე ამოსული გაყინული მდგომარეობიდან „აღდგეს“ და გააქტიურდეს. ანტრაქსის ბაცილას ეს იმიტომ შეუძლია, რომ ის სპორებით მრავლდება. ეს სპორები კი საკმაოდ მყარია და ყინულს ერთ საუკუნეზე მეტხანს უძლებს.

სხვა ბაქტერიები, რომლებიც ასევე სპორებით მრავლდებიან და ყინულს უძლებენ არის, მაგალითად: ტეტანუსი და კლოსტრიდიუმ ბოტულინუმი (Clostridium botulinum), ეს უკანასკნელი ბოტულიზმის გამომწვევი პათოგენია: იშვიათი დაავადება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სხეულის პარალიზება, სიკვდილიც კი. პერმაფროსტში ზოგიერთი სოკოც დიდი ხანი ძლებს.

2014 წელს ჩატარებულ კვლევაში, მეცნიერების ჯგუფმა  ჟან-მიშელ კლავერის ხელმძღვანელობით ორი ვირუსი გაააქტიურა, რომლებიც ციმბირის პერმაფროსტში 30,000 წლის განმავლობაში ინახებოდა. მათი სახელებია: პითოვირუს სიბერკუმ (Pithovirus sibericum) და მოლივირუს სიბერკუმ (Mollivirus sibericum). ორივე მათგანი „გიგანტური ზომის ვირუსებია,“ რადგან სხვა ვირუსებისგან განსხვავებით მათი დანახვა ჩვეულებრივი მიკროსკოპითაც შეიძლება. ისინი ტუნდრაში, 100 ფუტის (30.48 მ.) სიღრმეში აღმოაჩინეს.

როგორც კი ვირუსები ზედაპირზე აღმოჩნდნენ, მაშინვე ინფექციურები გახდნენ. ჩვენდა საბედნიეროდ, ამ ორ ვირუსს მხოლოდ ერთუჯრედიანების, მაგალითად ამების დაინფიცირება შეუძლია, თუმცა ეს არ გამორიცხავს, იმას, რომ სხვა ვირუსებს, რომლებიც იმავე გზით აქტიურდებიან არ შეუძლიათ ადამიანებიც დააინფიცირონ.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იმის თქმაც შეიძლება, რომ პრობლემის გამოწვევა არა მხოლოდ გლობალურ დათბობას შეუძლია, რომელიც პერმაფროსტებს ადნობს, არამედ ადამიანებსაც. როგორ? არქტიკული ზღვაში ყინულის დნობის გამო ციმბირის ჩრდილოეთ ნაპირები ადვილი მისადგომი ხდება ადამიანებისთვის. ამის გამო ჩნდება რისკი, რომ ადამიანები ამ ადგილების ინდუსტრიულ ექსპლუატაციას დაიწყებენ, რაც ოქროს, ნავთობის, გაზის მოპოვებას ემსახურება. ამ ყველაფრისთვის კი პერმაფროსტების ზედაპირის განადგურებაა საჭირო.

ჟან-მიშელ კლავერი ამბობს: „დღეს ეს რეგიონები ყინულის უდაბნოები, რადგან პერმაფროსტის ღრმა ფენები ჯერ კიდევ ხელშეუხებელი რჩება, თუმცა მომპოვებლური სამუშაოების შედეგად გადათხრილი პერმაფროსტების შიდა ფენებიდან ბაქტერიებისა და ვირუსების მზის სინათლის დანახვა და მათი გააქტიურება ერთი იქნება.“

ასეთ შემთხვევებში გიგანტური ვირუსები შეიძლება იყოს ვირუსული ინფექციის ერთ-ერთი პირველი გამომწვევი, მათი სიძლიერის გამო.

„აღსანიშნავია, რომ ვირუსების უმეტესობა მათი მასპინძელი გარემოს გარეთ, სინათლესა და ჟანგბადთან კონტაქტისას და კიდევ სხვა ბიოქიმიური პროცესების გამო აქტიური პოზიციიდან პასიურშიც შეიძლება გადავიდეს.“- ამბობს კლავერი. -„აი, მაგალითად, თუ მათი დნმ დაზიანებულია და „შეკეთებას“ არ ექვემდებარება, მაშინ ეს ვირუსები აღარ იქნება ინფექციური, გადამდები. ამის მიუხედავად, გავრცელებულ ვირუსებს შორის გიგანტური ვირუსები მაინც უფრო მეტად ძლიერებად მიიჩნევა და თითქმის შეუძლებელია მათი ნაწილებად დაშლა და შემდეგ პასუიურ პოზიციაში გადასვლა.“

კლავერის თქმით, ის ვირუსებიც კი შეიძლება „გაცოცხლდნენ,“ რომლებიც კაცობრიობის არქტიკაში მცხოვრებ ერთ-ერთ პირველ ადამიანებს ჰქონდათ. ამ ვირუსების აღმოჩენა, მაგალითად, ისეთი უძველეს ნეშტებში შეგვიძლია, როგორებიც ნეანდერტალელი ან დადემისოვანის ადამიანია. ორივე მათგანი ციმბირში სახლობდა და რამდენიმე ძლიერ ვირუსთან მოუწია გამკლავება. ნეანდეტალელი ადამიანის 30-40,000 წლის წინანდელი ნეშტები რუსეთშია აღმოჩენილი.  ამ ადგილებში ადამიანები ათასობით წლების მანძილზე ცხოვრობდნენ, ავადდებოდნენ ვირუსებით და კვდებოდნენ.

„NASA-ს მეცნიერებმა 10-50,000  წლის წინანდელი მიკრობები იპოვეს მექსიკის ერთ-ერთი მაღაროს კრისტალებში.“

კლავერი ამბობს: „იმ მოსაზრებას, რომ თითქოს ვაქცინის გამოგონების შემდეგ ყველანაირი ვირუსის აღმოფხვრაა შესაძლებელი აბათილებს რეალური არგუმენტი, რომ უკვე კარგა ხნის გადაშენებული ნეანდერტალელი ადამიანისგან გადმოსული ვირუსით დაინფიცირების რისკი აშკარად არსებობს. ასე რომ, ვაქცინების დიდი რაოდენობა რეზერვში ყოველთვის უნდა გვქონდეს, რა ვიცით რა ხდება.“

2014 წლიდან კლავერი პერმაფროსტის ფენების დნმ-ს შეისწავლის, იმ იმედით, რომ მათში ვირუსებისა და ბაქტერიების გენეტიკურ სტრუქტურას იპოვის და ამით გაიგებს, როგორ აინფიცირებენ ისინი ადამიანს. მან უკვე იპოვა რამდენიმე ბაცილა, რომელიც შეიძლება ძალიან საშიში იყოს ადამიანისთვის. ამ ბაცილების დნმ-ზე დაკვირვებითაა შესაძლებელი  იმ ფაქტორების დადგენა, რომლებიც მათ ინფექციურობას განსაზღვრავს. მთავარი ფაქტორი კი ის მოლეკულებია, რომლებსაც ეს პათოგენური ბაქტერიები და ვირუსები აწარმოებენ და რაც უფრო მეტი და ძლიერია მათ მიერ წარმოებული მოლეკულა, მით უფრო მეტია შანსი ორგანიზმების დაინფიცირების.

კლავერის გუნდმა კიდევ მიაკვლია დნმ-ის ისეთ სიხშირეებს, რომლებიც ვირუსებიდან წარმოიქმნებიან, მაგალითად, ჰერპესი ერთ-ერთი მათგანია. თუმცა, მაგალითად, ყვავილის კვალისთვის ჯერ არ მიუკვლევიათ. აღსანიშნავია, რომ კლავერის გუნდს არცერთი პათოგენი არ გაუაქტიურებია და ამის მიზეზი ნათელია.

პათოგენები, რა თქმა უნდა მხოლოდ არქტიკასა და ანტარქტიდაზე არ შეგვხვდება. მაგალითად, 2017 წლის თებერვალში NASA-ს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ იპოვეს 10-50,000 წლის წინანდელი მიკრობები მექსიკის ერთ-ერთი მაღაროს კრისტალებში.


„წარმოუდგენელია, მაგრამ ერთმა ბაქტერიამ 18 სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკის მიმართ გამოიმუშავა გამძლეობა.“

ბაქტერია გამოქვაბულის კრისტალებში იყო. ეს გამოქვაბული არის ჩრ. მეხიკოში, ნაიკაში. გამოქვაბულში უამრავი რძისფერი-თეთრი სელენიტის კრისტალია, რომლებიც ასი ათასობით წლის წინ წარმოიქმნა.

ბაქტერია კრისტალებში, პატარა, სითხით ამოვსებულ ფორებში ინახებოდა და როგორც კი ის განთავისუფლდა ამ სივრციდან, მაშინვე გააქტიურდა და გამრავლება დაიწყო. მიკრობები გენეტიკურად უნიკალურები არიან და თავისუფლად შეიძლება თითოეული მათგანი იყოს სხვადასხვა „ჯიში,“ მაგრამ ამაზე ჯერ ბევრი არგუმენტით ვერ ვისაუბრებთ, მკვლევრებს ჯერ ისევ არ გამოუციათ ნაშრომი.

ნიუ მეხიკოში, ლეჩუგუილას გამოქვაბულში კიდევ უფრო ძველი ბაქტერია აღმოაჩინეს, 1000 ფუტ სიღრმეზე (308,4 მ.) ამ მიკრობებს ზედაპირი 4 მილიონ წელზე მეტია არ უნახავთ.

გამოქვაბულში მზის სინათლეს არასდროს შეუღწევია და იმდენად იზოლირებულია, რომ 10,000 წელია საჭიროა იმისთვის, რომ ზედაპირიდან მასში წყალი ჩავიდეს.

„ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეობა ბაქტერიებში უკვე მილიონობით და მილიარდობით წლებია არსებობს.“

ამის მიუხედავად, ბაქტერიამ მოახერხა 18 სახის ანტიბიოტიკისთვის გაეძლო, მათ შორის ისეთი წამლებისთვის, რომლებიც „ბოლო იმედად“ არის ხოლმე მიჩნეული, ანუ ძალიან ძლიერი მოქმედება აქვს. 2016 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მკვლევრებმა ნახეს, რომ ერთ-ერთმა ბაქტერიამ, რომელიც პაენიბაცილიუსის (Paenibacillus sp. LC231) სახელითაა ცნობილი ანტიბიოტიკების 70%-ს გაუძლო.

დავუბრუნდეთ ისევ ლეჩუგუილას გამოქვაბულის ბაქტერიას, რომელმაც სრულ იზოლაციაში იცხოვრა ოთხი მილიონი წლის განმავლობაში. მას ხომ ადამიანის შექმნილ არცერთ ანტიბიოტიკთან არ ჰქონია შეხება მანამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკების მიმართ მას გამძლეობა სხვა გამოცდილებიდან გააჩნდა.

კვლევაში მონაწილე მეცნიერებს სჯერათ, რომ ეს ბაქტერია, რომელიც ადამიანებს არ ვნებს იმ მრავალ ბაქტერიას შორის ერთ-ერთია, რომელმაც ბუნებრივად განივითარა ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეობა. ამით აშკარა ხდება, რომ ანტიბიოტიკების მიმართ გამლეობა უკვე მილიონობით და მილიარდობით წელია არსებობს.

რა თქმა უნდა, უძველეს დროში ეს გამძლეობა სადღაც კლინიკაში, ქიმიური ცდების შემდეგ ვერ განვითარდებოდა.

ამის მიზეზი სოკოები და სხვა რამდენიმე სახის ბაქტერიაა, რომლებიც ბუნებრივ ანტიბიოტიკებს აწარმოებენ იმისთვის, რომ სხვა მიკრობები დაჯაბნონ თვითგადარჩენის პროცესში. სწორედ ასე აღმოაჩინა ფლემინგმაც პირველად პენიცილინი: საცდელ თეფშზე ბაქტერიის სიკვდილის შემდეგ გაჩნდა ობი, რომელმაც ბუნებრივი ანტიბიოტიკი გამოჰყო და ბაქტერია დაასნეულა.

დედამიწის დათბობის პარალელურად, ჩრდილოეთ ნახ. სფეროს ქვეყნებში შეიძლება სამხრეთ ნახ. სფეროსთვის დამახასიათებელი დაავადებები გავრცელდეს, მაგალითად მალარია.

გამოქვაბულებში, სადაც მცირე რაოდენობითაა საკვები, ორგანიზმები ძლიერები უნდა იყვნენ, რომ გადარჩნენ. პაენიბაცილუსისნაირმა (Paenibacillus) ბაქტერიამ შეიძლება ანტიბიოტიკის მიმართ გამძლეობა თანდათან განივითაროს, რათა თავი აარიდოს მოსული უცხო ორგანიზმებისგან სიკვდილს.

ამით აიხსნება, თუ რატომაა ბაქტერია გამძლე მხოლოდ ბუნებრივი ანტიბიოტიკების მიმართ, რომლებსაც სხვა ბაქტერიები და სოკოები გამოყოფენ და რა ანტიბიოტიკებსაც ჩვენ ვიყენებთ, მათი 99.9%-ს შეადგენენ. ბაქტერია არასდროს შეხებია ადამიანის შექმნილ ანტიბიოტიკებს, ასე, რომ არ აქვს მათ მიმართ გამძლეობა.

„ჩვენსა და სხვათა კვლევებზე დაყრდნობით ანტიბიოტიკების გამძლეობა არ არის ახალი მოვლენა,“ ამბობს მიკრობიოლოგი ჰაზელ ბარტონი ოჰაიოს აკრონის უნივერსიტეტიდან. „ჩვენი შესწავლის ორგანიზმები ზედაპირზე მცხოვრებ ორგანიზმებსის სიახლოვეს, სადღაც სიღრმეებში 4-7 მილიონობით წელი ცხოვრობდნენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, მათი გამძლეობა ჩვენ მიერ შექმნილ ანტიბიოტიკებთან გენეტიკურად იდენტურია ზედაპირზე არსებული ორგანიზმების გამძლეობისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გენები, სულ მცირე,  ამდენივე ხანია არსებობენ და ადამიანის ანტიბიოტიკებზე ცდების შედეგად არ განვითარებულან.

მართალია პაენიბაცილუსი (Paenibacillus) ადამიანებისთვის საშიში არაა, მაგრამ, თეორიულად, მას შეუძლია თავისი ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეობა სხვა პათოგენებს გადასცეს. 400მ სიღრმის გაქვავებულ მასაში მყოფი სხეულის კვალობაზე მისი ეს ქმედება წარმოუდგენელია, მაგრამ თეორიაში მისი დაშვება შეცდომა არ იქნება.

მიუხედავად ამისა, ანტიბიოტიკის მიმართ ბუნებრივი გამძლეობა ალბათ იმდენად ფართოდაა გავრცელებული, რომ მრავალ ბაქტერიას, რომლებიც სიღრმეებიდან ზედაპირზე აღმოჩნდებიან, ეს უკვე განვითარებული ექნებათ. ამასთან ერთად, 2011 წლის კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა 30,000 წლის წინანდელი ბაქტერიიდან დნმ გამოაცალკევეს. ეს ბაქტერია ბერინგის რეგიონში, რუსეთსა და კანადას შორის, იპოვეს. ამ დნმ-ში იყო გენები, რომლებიც ბეტა-ლაქტამის, ტეტრაცილინისა და გლიკოპეპტიდის ანტიბიოტიკების მიმართ უკვე გამძლე იყო.

რამდენად უნდა გვადარდებდეს ეს ყველაფერი?

ერთი მხარე ისაა, რომ პერმაფროსტის პათოგენები ჯერ კიდევ შეუსწავლელია, ასე, რომ ჯერ არ ვართ დარწმუნებული მათ სიძლიერეში. ამის მაგივრად, აჯობებს კლიმატის ცვლილების არსებულ პრობლემებზე გავაკეთოთ აქცენტი. მაგალითად, დედამიწის დათბობის პარალელურად ჩრდილოეთ ნახ. სფეროს ქვეყნებში შეიძლება სამხრეთ ნახ. სფეროსთვის დამახასიათებელი დაავადებები გავრცელდეს, მაგალითად მალარია, ქოლერა და დენგეს ცხელება, რადგან ეს პათოგენები თბილ გარემოში არსებობენ.

ამ მოვლენას მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, უნდა ვთქვათ, რომ რისკებს ვერ უგულვებელვყოფთ მხოლოდ იმის გამო, რომ მათი განსაზღვრა ჩვენ ძალებს აღემატება.

ჟან-მიშელ კლავერი: „ჩვენს და სხვათა ნაშრომებს თუ მივყვებით, იმის შანსი, რომ პათოგენური მიკრობები გააქტიურდებიან და ადამიანებს დაგვაინფიცირებენ, ნულოვანზე მეტია.თუ  რამდენად შესაძლებელია ეს, არაა ცნობილი, მაგრამ შანსი აშკარად არსებობს. ეს შეიძლება ის ბაქტერიები იყოს, რომელებიც ანტიბიოტიკებით ინკურნება, ან გამძლე ბაქტერია, ან ვირუსი. თუ პათოგენს ადამიანებთან კავშირი არ ჰქონია დიდი ხნის მანძილზე, მაშინ ჩვენი იმუნური სისტემა არ იქნება მზად მათ შესახვედრად. ასე რომ დიახ, ისინი საფრთხეს წარმოადგენენ.“



თარგმანი: მარიამ გულაშვილი
წყარო:BBC
ფოტო © Staffan Widstrand/naturepl.com

ასევე წაიკითხეთ:

image

გერმანიის მწვანეები — „გაერთიანების პარტია“

წელს, ზუსტად 40 წლის შემდეგ, იმავე ადგილას, ქალაქ კარლსრუეში, სადაც პარტია დაარსდა, გერმანელი მწვანეები რიგით 45 ფედერალურ ასამბლეას ჩაატარებენ, აქ ისინი პარტიის ახალ ბაზისურ პროგრამას დაამტკიცებენ. უდაოა, რომ წელს შეკრებილი ადამიანები და მთლიანად პარტია ბევრად ნაკლებად მემარცხენე და რადიკალური იქნება, თუმცა, თუ პროგრამას წაიკითხავთ, დაგრჩებად შთაბეჭდილება, რომ ეს არის იმ პარტიის პროგრამა, რომლის მიზანი, არა კოალიციის უმცორი პარტნიორობა, არამედ მთავრობის ფორმირება და გერმანიის გარდაქმნაა. 

დღეს, როგორც არასდროს აქამდე, გერმანიის მწვანეთა პარტია მზად არის ქვეყნის სამართავად.

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით