"1 პროცენტის ფემინიზმმა ჩვენი საერთო საქმე ელიტიზმს დაუკავშირა” - ინტერვიუ ნენსი ფრეიზერთან

გამოქვეყნებულია: 22.Jan.2020

ჰილარი კლინტონის მსგავსებმა ფემინიზმის სახელი გააუფერულეს, ნეოლიბერლიზმს და ანტი-მშრომელი კლასის პოლიტიკას დაუკავშირეს. ნენსი ფრეიზერის აზრით, ფემინიზმი უნდა ეხებოდეს კორპორატიული ძალაუფლების დამხობას და არა ამ ძალაუფლებისთვის ქალის სახის მიცემას.

ბოლო წლების განმავლობაში, მშრომელ ქალთა მოძრაობა აღმავლობას განიცდიდა, დაწყებული შთამბეჭდავი საპროტესტო აქციებით ოჯახში ძალადობისა და სამუშაო ადგილას შევიწროების წინააღმდეგ, დამთავრებული ქალთა საერთაშორისო დღეს გამართული მასობრივი გაფიცვებით ესპანეთში, პოლონეთში და სხვა ქვეყნებში. ეს ქმედებები გვაჩვენებს გზას და საფუძველს უყრის სისტემის საწინააღმდეგო ფემინიზმს; ის სცილდება ჰილარი კლინტონის მსგავსი ქალების მიერ წახალისებულ ლიბერალურ, ინდივიდუალისტურ ფემინიზმს.

ამ ახალი ტალღის ერთ-ერთი გამოხატულებაა  მანიფესტი “ფემინიზმი 99 %-სთვის“ (Verso Books, 2019). ნაშრომი ამტკიცებს, რომ ფემინიზმი არ არის კლასობრივი ბრძოლის ალტერნატივა, არამედ იგი წარმოადგენს გადამწყვეტ ფრონტს კაპიტალიზმისა და ჩაგვრის ყოველი ფორმისაგან თავისუფალი მსოფლიოსათვის ბრძოლაში.

რას ნიშნავს 99%-ის ფემინიზმი და რა მიზეზით დაიწერა ეს მანიფესტი ახლა?

მანიფესტი არის მოკლე ტექსტი, რომელიც გამიზნულად დაწერილია არა აკადემიური, არამედ პოპულარული და ადვილად გასაგები ენით. 

1960-1970-იან წლებში აქტივისტობის შემდეგ, პირველად დავწერე ნამდვილად აგიტაციური პოლიტიკური ტექსტი. მე ხომ, ბოლოს და ბოლოს, ძირითადად ფილოსოფიის პროფესორი ვარ. მაგრამ ახლა ისეთი მძიმე დროა და პოლიტიკური კრიზისიც იმდენად მწვავეა, რომ ამ საქმეში ჩართულობის და უფრო ფართო აუდიტორიის მოძებნის აუცილებლობა ვიგრძენი. ამრიგად, მანიფესტი ცდილობს ფემინისტური მოძრაობისათვის, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ფემინიზმის ლიბერალური-კორპორატიული ფრთის მიერ იყო დომინირებული, ახალი გზის დასახვას. ამ დომინაციის სახე, შეერთებულ შტატებში, ჰილარი კლინტონია.

ეს იყო ფემინიზმი პროფესიონალური-მენეჯერული კლასის, შედარებით პრივილეგირებული - საშუალო ან საშუალოზე უფრო მაღალი კლასის ქალების, რომლებიც, როგორც წესი, საკმაოდ განათლებულნი და ძირითადად თეთრკანიანები არიან. ასეთი ქალები ცდილობენ, რომ წარმატებას ბიზნესში, სამხედრო საქმეში ან მედიაში მიაღწიონ. მათი მიზანია კორპორატიული იერარქიის კიბეზე ასვლა და იგივე პრესტიჟისა და შემოსავლის მოპოვება, რაც მათი კლასის მამაკაცებს გააჩნიათ.

ეს არ ყოფილა ჭეშმარიტად გამათანაბრებელი ფემინიზმი - ეს არ ყოფილა ისეთი ფემინიზმი, რომელიც რაიმეს შესთავაზებდა ქალების უმეტესობას, რომლებიც არ არიან პრივილეგირებული, მიგრანტებს, ფერადკანიანებს, ტრანსგენდერ ან არაბინარულ ქალებს. 1%-ის, ან საუკეთესო შემთხვევაში 10%-ის, ფემინიზმმა ფემინიზმის სახელი გააუფერულა: ის დაუკავშირა ელიტიზმს, ინდივიდუალიზმს და დიდ კორპორაციებს. მან ფემინიზმს ცუდი სახელი შეუქმნა და იგი ნეოლიბერალიზმთან, ფინანსიალიზაციასთან, გლობალიზაციასთან და ანტი-მშრომელთა კლასის პოლიტიკასთან დააკავშირა.

ჩვენ, მანიფესტის ავტორებმა ჩავთვალეთ, რომ ეს კარგი პერიოდი იქნებოდა ამ საქმეში ჩართვის და მოკლე, ადვილად ხელმისაწვდომი დებულების, ხედვის, პროექტის შექმნის, რომელიც ითვალისწინებს ღარიბ და მშრომელთა კლასის ქალების მდგომარეობას, მას თავის ამოსავალ წერტილად სვამს და ამ ქალთა ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება. რა თქმა უნდა, ამ საქმეში მარტო ჩვენ სამნი არ ვართ ჩართულნი, სხვა მემარცხენე ფემინისტებიც ცდილობენ ალტერნატივების შემუშავებას. 

ეს მართლაც ჩანს 8 მარტის, ქალების საერთაშორისო დღის, უზარმაზარ დემონსტრაციებსა და მარშებში. ამ პროტესტებს და გამოსვლებს სისტემის საწინააღმდეგო ხასიათი გააჩნიათ, რადგან აქ აპროტესტებენ ქამრების შემოჭერის ეკონომიკას და წარმოების სოციალურ ფორმებზე თავდასხმას. ქალთა საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული მოძრაობა არ შეიძლება, რომ მხოლოდ ვიწროდ ქალთა საჭიროებებზე იყოს დაფუძნებული, როგორიცაა მაგალითად აბორტის უფლება - თუმცა ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია. მოძრაობამ ასევე უფრო ფართოდ  უნდა იფიქროს ზოგადად საზოგადოების კრიზისზე და ჩამოაყალიბოს პოლიტიკური ხედვა და პროგრამები ყველას სასარგებლოდ.

თქვენ ახსენეთ 8 მარტის ფემინისტური აქციები, რომლებიც 2017 წლის შემდეგ ბევრ ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის აქ, ესპანეთშიც. მართლაც, ესპანეთში ბოლო წლების განმავლობაში შრომით უფლებებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების უმეტესობა ქალების, კერძოდ კი მედდებისა და შინამოსამსახურეების  მიერ იყო წამოწყებული. ამრიგად, ვხედავთ თუ არა ახალ ტალღას ფემინიზმის ფარგლებში? და ნეოლიბერალური კაპიტალიზმის რომელ ფაზას პასუხობს იგი?

ვთვლი, რომ მართლაც ახალი ტალღაა, ან ყოველ შემთხვევაში, აქვს პოტენციალი, გადაიქცეს ახალ ტალღად, თუკი ლიბერალური კორპორატიული ფემინიზმიდან გამოყოფას შეძლებს.

ნეოლიბერალიზმმა სასტიკად შეუტია იმას, რასაც სოციალური რეპროდუქციის სფეროს ვუწოდებთ. ეს გულისხმობს იმ ყველა აქტივობასა და პროგრამას, რომელიც მხარს უჭერს ხალხს და მათ რეპროდუქციას: ბავშვების გაჩენას და მათ აღზრდას, მოხუცებულთა მოვლას და იმ საქმიანობებს, რომლებიც შინამეურნეობაში მიმდინარეობს, ასევე განათლებას, ჯანდაცვას, ტრანსპორტირებას და პენსიას. ნეოლიბერალიზმმა ეს ყველაფერი გაანადგურა. ის გვეუბნება, რომ ქალები სრული განაკვეთით, ანაზღაურებად სამუშაო ძალად უნდა მუშაობდნენ, ამავე დროს კი სახელმწიფომ, მკაცრი ეკონომიკისა და ფინანსიალიზაციის ფარგლებში, სოციალურ პროგრამებზე ხარჯები უნდა შეამციროს.

ამრიგად, ვხედავთ საზოგადოების მიერ მხარდაჭერის ნაკლებობასა და იმის დაჟინებულ მოთხოვნას, რომ ქალებმა თავიანთი დრო კაპიტალისთვის მოგების წარმოებას დაუთმონ. ეს აღნიშნავს იმას, რომ არსებობს ზრუნვისა და სოციალური რეპროდუქციის რეალური კრიზისი. ეს ის სფეროა, რომელშიც ყველაზე დიდი ბრძოლა მიმდინარეობს.

1930-იანი წლების კრიზისის დროს, აჯანყების ცენტრს ინდუსტრიალური შრომა წარმოადგენდა - პროფესიული კავშირების ფორმირება, შრომითი უფლებებისათვის ბრძოლა და ა.შ. ამჟამად კი მდგომარეობა განსხვავებულია, რაც ნაწილობრივ დეინდუსტრიალიზაციასა და წარმოების გლობალურ სამხრეთში გადატანას უკავშირდება. ახლა ჯანყის ცენტრი სოციალური რეპროდუქციის თემაა.

თქვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი, ქალთა ინიციატივით წამოწყებული გაფიცვები ახსენეთ. დავამატებდი იმას, რომ შეერთებულ შტატებში მასწავლებელთა გაფიცვების დიდი ტალღა გვქონდა. გასაოცარია: მასწავლებლებს იმდენად ცოტას უხდიან, რომ ბევრ მათგანს დამატებითი სამსახურის დაწყება უწევს. იმისათვის, რომ მასწავლებლებმა საკუთარი ოჯახები შეინახონ, ბევრი მათგანი საღამოობით ვოლმარტში მუშაობს. თუმცა, მასწავლებელთა გაფიცვები არამარტო უფრო მაღალი ხელფასებისათვის, არამედ განათლების სისტემის დაფინანსების გაზრდისთვის და შესაბამისად სკოლების გაუმჯობესებისათვის ტარდებოდა. ამ მიზეზთა გამო, გამოსვლებმა საზოგადოების მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა მოიპოვეს.

ეს გაფიცვები სოციალური რეპროდუქციის სფეროს, როგორც ბრძოლის ცენტრის, მაგალითია. როგორც ვიცი, ესპანეთში 8 მარტის უზარმაზარი გაფიცვები და მსვლელობები ამ ყველა სფეროში სოციალური ხარჯების  შემცირების წინააღმდეგ პროტესტსაც წარმოადგენდნენ. დღეს, სოციალური რეპროდუქციისთვის ბრძოლა მემარცხენე, ანტისისტემური, ანტიკაპიტალისტური ბრძოლის მთავარ ფრონტს წარმოადგენს და ქალებიც ამ ბრძოლაში წინა პლანზე დგანან. საჭიროა, რომ ეს ფაქტი ფემინისტური პოლიტიკის არსის ახალი ხედვის ცენტრში დავაყენოთ. 

თქვენი აზრით, სოციალურ რეპროდუქციასთან დაკავშირებული ბრძოლა როგორ უკავშირდება კლასობრივ ბრძოლას და ანტირასისტულ და ლგბტქ მოძრაობებს?

უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ რომ უნდა გადავიაზროთ ის, თუ რას ვგულისხმობთ კლასობრივ ბრძოლაში. ისევ და ისევ, ჩვენი ხედვა კლასობრივ ბრძოლასთან დაკავშირებით 1930-იან წლებშია ჩარჩენილი - თეთრკანიანი, მამრობითი სქესის ინდუსტრიული მუშაკი პროფკავშირში. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ სოციალურ რეპროდუქციასთან დაკავშირებული ბრძოლები კლასობრივ ბრძოლას წარმოადგენენ. შეუძლებელია პროდუქციისა და ინდუსტრიული სამუშაოს არსებობა იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ბადებენ და ზრდიან მშრომელებს. სოციალური რეპროდუქცია  კაპიტალისტური წარმოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

შრომა, რომელიც ამ ადამიანებს და სოციალურობის ფორმებს აწარმოებს, ზუსტად ისეთივე მძიმეა, როგორიც ქარხნებში მიმდინარე შრომა. კლასს არა მხოლოდ ქარხანაში მუშაობის ურთიერთობა ქმნის, არამედ სოციალური რეპროდუქციის კავშირი, რომელიც მშრომელებს აწარმოებს. ამრიგად, სოციალური რეპროდუქცია კლასობრივი ბრძოლის ნაწილია.

წარსულში, ჩვენი ხედვა კლასობრივ ბრძოლაზე ზედმეტად ვიწრო იყო. არ ვთვლი, რომ 99 %-ის ფემინიზმი კლასობრივი ბრძოლის ალტერნატივაა. ის კლასობრივი ბრძოლის ერთ-ერთი ფრონტია, შესაბამისად, იგი ჩვენთვის უკვე ნაცნობ შრომით მოძრაობებს და ანტირასისტულ, მიგრანტთა უფლებებისათვის და ლგბტქ უფლებებისათვის ბრძოლებს უნდა დაუკავშირდეს.

ეს აგრეთვე მნიშვნელოვანია ქალთა შორის არსებული კლასობრივი და რასობრივი დაყოფის გამო. განათლებული, საშუალო კლასზე მაღალი ფენის ქალები, რომლებიც იმარჯვებენ დისკრიმინაციის წინააღმდეგ და კორპორაციებში მაღალ საფეხურზე ასვლას ახერხებენ, კვირაში სამოცი საათის განმავლობაში მუშაობენ საკმაოდ სტრესულ გარემოში. შესაბამისად, მათ უწევთ ფერადკანიანი, ხშირად მიგრანტი ქალების დაქირავება, რათა ამ ქალებმა მათი სახლის მოვალეობები შეასრულონ: მოუარონ მათ ბავშვებს, დაასუფთავონ მათი სახლები, მოამზადონ საჭმელი მათი შვილებისთვის, მოუარონ მათ მშობლებს და ასე შემდეგ. ამრიგად, ლიბერალი ფემინისტები ხშირად ჩაგრული ქალების შრომას ეყრდნობიან, რომლებიც ისედაც დაუცველი არიან: მათ არ აქვთ შრომითი უფლებები, მათ ძალიან ცოტას უხდიან და მათ არ აქვთ ძალადობისგან თავდაცვის არანაირი ბერკეტი.

მთელი ეს კლასობრივ-რასობრივი განზომილება ფემინიზმის წინა ფრონტზე, ცენტრში უნდა დავაყენოთ. 99 %-ის ფემინიზმი უნდა იყოს ანტირასისტული მოძრაობა. მან ღარიბი, მშრომელთა კლასის, ფერადკანიანი ქალების - ქალების უმეტესობის - საჭიროებები უნდა დააყენოს წინ და არა იმ ქალთა მოთხოვნები, რომელთაც მხოლოდ “შუშის ჭერის” დამსხვრევა და კორპორაციებში მაღალ საფეხურზე ასვლა სურთ.

ანალოგიურად, ლგბტქ მოძრაობაშიც არსებობს ცალკე ჰეგემონიური ლიბერალური ფრთა და ცალკე ადამიანთა ფართო მასა, რომელთა საჭიროებები და მოთხოვნილებები მარგინალიზებულია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მსგავსი ბრძოლა მიმდინარეობს ლგბტქ მოძრაობაშიც იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი მოთხოვნები იქნება დაყენებული წინ და ცენტრში. მე მსურს, რომ ჩვენმა 99 %-ის ფემინიზმმა უპასუხოს ტრანსგენდერი, ქვიარი და ლესბოსელი ქალების საჭიროებებს და გამიხარდებოდა ისეთი ლგბტქ მოძრაობის დანახვა, რომელიც 99 %-ზე იქნებოდა ორიენტირებული. იგი თავისთავად ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე გახდებოდა.

ნათელია, რომ სოციალურ რეპროდუქციასთან დაკავშირებულმა ბრძოლამ შესაძლოა ბლოკი შექმნას ნეოლიბერალიზმისა და კაპიტალიზმის წინააღმდეგ. თუმცა, პატრიარქალურ ურთიერთობებთან დაკავშირებით - შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ, ვებრძოლოთ მამაკაცთა მხრიდან ძალადობას რეპროდუქციასთან დაკავშირებული ბრძოლის ფარგლებში? შეგვიძლია ამ ფრონტის გამოყენება, რათა შევცვალოთ ჩვენი ურთიერთობები სხვა ქალებთან და ,უპირველეს ყოვლისა, კაცებთან?

დავიწყებ #MeToo მოძრაობაზე საუბრით. ამ მოძრაობის საჯარო სახე ჰოლივუდის მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობების, გართობის ინდუსტრიაში და მედიაში მომუშავე ქალების მიერ გამოცდილი სექსუალური შევიწროებაა. მაგრამ ფართო მასა საგრძნობლად ნაკლებად პრივილეგირებული ქალებისა ბევრად უფრო დაუცველია სამსახურში სექსუალური ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ. აქ საუბარია სასოფლო-სამეურნეო მუშაკებზე, რომელთა ნაწილს არც კი გააჩნიათ ოფიციალური დოკუმენტები და  რესურსების ნაკლებობა მათ ძალიან დაუცველს ხდის ავტორიტეტებისა და უფროსებისგან.  იგივე შეიძლება ითქვას სასტუმროში მომუშავე ქალებზე, ან ოფისის დამლაგებლებზე. ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კერძო სახლებში შინამოსამსახურეებად, ხშირად გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.

#MeToo მოძრაობა, უფრო ფართოდ რომ დავფიქრდეთ, შრომითი ბრძოლაა. ეს ბრძოლაა უსაფრთხო სამუშაო ადგილისათვის, სადაც ადამიანი ძალადობის მსხვერპლი არ გახდება. სამწუხაროა, რომ მედია მხოლოდ ზედა ფენაზე სვამს აქცენტს, რადგან ამის გამო ამ თემის ფარგლებში მიმდინარე კლასობრივი ბრძოლა თვალსაწიერიდან იკარგება.

სოციალური რეპროდუქცია არ უნდა ითვლებოდეს მხოლოდ ქალის საქმედ. ეს საზოგადოებაში მნიშვნელოვანი საქმიანობაა, რომლის ზოგიერთი ასპექტი ძალიან სასიამოვნო და შემოქმედებითიც კია. მამაკაცებს ეს უნდა ესმოდეთ და თავიანთი წილის შესრულების სრულ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ. ესეც ოჯახში დინამიკის შეცვლას ეხება. რა თქმა უნდა, 99 %-ის ფემინიზმი ეწინააღმდეგება ქალების, ტრანსგენდერი ადამიანების, ფერადკანიანი ადამიანების და სხვა ჩაგრული ჯგუფების მიმართ ყველანაირ ძალადობას.

პატრიარქატი ის სიტყვაა, რომლის გამოყენებაც არ მიყვარს, რადგან იგი გვთავაზობს ძალაუფლების ისეთ ხედვას, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება -  არსებობს ბატონი და მსახური. ნამდვილად, ეს ჯერ კიდევ ნაწილობრივ ასეა. თუმცა, ჩვენს საზოგადოებაში ძალაუფლების ცენტრალური ფორმები უფრო უპიროვნო და სტრუქტურულია, რაც მშრომელთა კლასის და ღარიბი ადამიანების შესაძლებლობებს ზღუდავს.

ამრიგად, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ძალაუფლების განსხვავებული ხედვის არსებობა. ძალაუფლება მუშაობს ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის გავლით, საფინანსო ორგანიზაციებისა და ინდუსტრიის გავლით, გენდერირებული და რასიალიზებული შრომითი ბაზრების გავლით. ეს განსაზღვრავს იმას, თუ ვის აქვს წვდომა რესურსებზე, თუ ვის შეუძლია მოთხოვნების წაყენება და თანასწორად  ფუნქციონირება თუნდაც ოჯახში და პირად ურთიერთობებშიც კი.

როდესაც სოციალურ სამართლიანობაზე საუბრობთ, გამოყოფთ მის სამ დონეს. პირველი არის განაწილება (ეკონომიკა), ასევე არის აღიარება (კულტურა) და რეპრეზენტაცია (პოლიტიკა). რამდენად არის ეს სამი დონე წარმოდგენილი ფემინიზმის ახალ ციკლში?

ჩვენ ვფიქრობთ ამ ყველაფერზე, რადგან ისინი კავშირში არიან. ვერ შევცვლით ეკონომიკურ სფეროს და დისტრიბუციულ ურთიერთობებს, თუ ამ სხვა რაღაცებსაც არ შევცვლით.

ის, რაც ჭეშმარიტად პოლიტიკური თემა უნდა იყოს, ხშირად განისაზღვრება მხოლოდ ეკონიმიკურ საკითხად. კაპიტალის ძალები ამტკიცებენ, რომ შრომასთან დაკავშირებული საკითხები უნდა წყდებოდეს ბაზრების და ბოსების მიერ და რომ მათ არანაირი კავშირი აქვთ დემოკრატიულ, პოლიტიკურ, კოლექტიურ თვითგამორკვევის საკითხებთან. მტკიცე ზღვარია გავლებული კაპიტალის კერძო მესაკუთრეების გადაწყვეტილებებისა და ჩვენი, დემოკრატიული უმრავლესობის გადაწყვეტილებებს შორის.

ეს მჭიდრო კავშირშია კულტურულ საკითხებთან - გვაქვს ის ენა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავაცნობიეროთ ჩვენი მდგომარეობა? გვაქვს ისეთი ცნებები, როგორიცაა “სექსუალური შევიწროება” და “პაემანზე გაუპატიურება”, გვაქვს ტერმინოლოგია, რომლითაც საზოგადოების ნაკლოვანებებზე ან ჩვენს გამოცდილებაზე ვისაუბრებთ და რომლითაც მოთხოვნებს გავაჟღერებთ?

ფემინიზმმა ბევრი რამ გააკეთა ახალი ენის შესაქმნელად და ამ თვალსაზრისით კულტურის შესაცვლელად. მან შეცვალა ადამიანთა ცნობიერება იმის შესახებ, თუ რისი უფლება აქვთ და რისი ატანა არ უნდა უწევდეთ. ამრიგად, ფემინიზმმა გააფართოვა პოლიტიკური დისკურსის სფერო და დემოკრატიული პროცესის საკითხად გახადა ის, რაც ადრე ოჯახის ან კერძო კომპანიის გადაწყვეტილებას ექვემდებარებოდა. 

დღეისთვის, ჩვენ უფრო მეტ პროგრესს მივაღწიეთ კულტურულ დონეზე, ვიდრე ინსტიტუციური ცვლილების და ტრანსფორმაციის მხრივ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში. თუმცა, ეს სამი დონე ყოველთვის ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ნეოლიბერალიზმმა მიითვისა და საკუთარი სარგებლისთვის გამოიყენა ზოგიერთი კრიტიკა და მოთხოვნა, რომლებიც ფემინიზმის მეორე ტალღამ და 1970-იანი წლების სხვა მოძრაობებმა წამოაყენეს. შესაძლებელია, რომ ეს განმეორდეს დღევანდელ მოძრაობებთან მიმართებით? და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამის ასარიდებლად?

ლიბერალური ფემინიზმი, ლიბერალურ ანტირასიზმთან და ლიბერალურ ლგბტქ მოძრაობებთან და “მწვანე კაპიტალიზმთან”  ერთად იყვნენ ჰეგემონიზებული - ჩართული ჰეგემონურ მმართველ ბლოკში, რომელმაც შეერთებულ შტატებში, როგორც მე ამას ვუწოდებ,  “პროგრესული ნეოლიბერალიზმის” ფორმა მიიღო.

ამ მოძრაობებმა ნეოლიბერალიზმს თავიანთი ქარიზმა,  იდეოლოგია ასესხეს, რათა მიეცათ ამ საშინელი პოლიტიკისთვის - ფინანსიალიზაციისთვის, სამუშაოს პრეკარიზაციისთვის და ხელფასების შემცირებისთვის - პრო-ლგბტქ, პრო-ფემინისტური და ა.შ. ყოფნის ნიღაბი. ამაში ნამდვილად წარმატებას მიაღწია ნეოლიბერალიზმმა და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ფემინიზმის ახალმა ტალღამ ხიდი ჩატეხოს ამგვარ ფემინიზმთან და ახალი გზა გამოძერწოს.

ყოველთვის შესაძლებელია, გახდე ჰეგემონიზებული და ნეოლიბერალიზმის პროექტში ჩაბმული უფრო მძლავრი ძალების მიერ, რომელთა საბოლოო მიზნები ძლიერ ეწინააღმდეგება ჩვენსას. სწორედ ამიტომ, ემანსიპატორულმა და მემარცხენე მოძრაობებმა დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

ამჟამად გვეუბნებიან, რომ მხოლოდ ორი არჩევანი გვაქვს - ან მემარჯვენე მოძრაობის ავტორიტარული პოპულიზმი, რომელიც რასისტული და ქსენოფობიურია, ან ლიბერალიზმის მცველებთან და პროგრესული ნეოლიბერალიზმთან დაბრუნება. თუმცა, ეს ყალბი შემოთავაზებაა - ჩვენ ორივეზე უარი უნდა ვთქვათ.

ეს უზარმაზარი კრიზისული მომენტია, რომლის დროსაც ახალი, განსხვავებული გზის გამოძერწვის შანსი გვაქვს. შეგვიძლია შევქმნათ ჭეშმარიტად სისტემის საწინააღმდეგო მოძრაობა 99 %-ისათვის, რომელშიც 99%-ის ფემინიზმი, მშრომელთა მოძრაობასთან, გარემოს მოძრაობასთან, მიგრანტთა მოძრაობასთან და სხვა 99 %-ის მოძრაობებთან გაერთიანდება.

თქვენ დაწერეთ, რომ ეროვნული სახელმწიფო (რასაც ვესტფალიის-კეინსისეულ ჩარჩოს უწოდებთ)  ნეოლიბერალიზმის პერიოდში კრიზისში იმყოფება და რომ მისი საზღვრები ახლა საკმაოდ მოშლილია. რა არის ეროვნული სახელმწიფოს როლი ამჟამად? შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი გამქრალია?

არა, იგი არ გამქრალა. ისტორიულად, მთავარი ძალა, რომელიც მშრომელი ხალხის მფარველობასა და კაპიტალისგან დაცვას უზრუნველყოფდა, მუდამ ეროვნული სახელმწიფო გახლდათ. ეს ისევ ასეა და ეროვნული სახელმწიფო ჯერ კიდევ მოთხოვნების მთავარი ადრესატია. როდესაც გვჭირდება მფარველობა, როდესაც გვჭირდება სოციალური მხარდაჭერა, ვის ვთხოვთ ამას?  მოვითხოვთ, რომ ჩვენმა მთავრობამ გვიპასუხოს.

ეს გასაგებია, როდესაც პოლიტიკა ჯერ კიდევ ფართოდ ორგანიზებულია ეროვნულ საფუძველზე. თუმცა, დღეს ეს მიდგომა უკვე ბოლომდე ვეღარ აღწერს არსებულ პოლიტიკას.

ამას ვხედავთ, როდესაც მიგრაციას ვაკვირდებით, რომელიც კონფლიქტის უდიდესი წერტილია, რომელიც მართლაც რომ კრიზისია. ჩვენ გვყავს მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ადამიანები. მათ არ აქვთ სახელმწიფო, რომელსაც მათი მფარველობა შეუძლია ან ისეთი რამის მიცემა, რასაც ჩვენ, მდიდარი ქვეყნების მოქალაქეები, ჩვენი სახელმწიფოსგან ვითხოვთ. ისინი ცხოვრობენ  არშემდგარ სახელმწიფოებში, ლტოლვილთა ბანაკებში, იძულებული არიან ქვეყანა დატოვონ პოლიტიკური ძალადობის ან რელიგიური დევნის გამო, ამ იმ მიზეზით, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიპყრო და გაანადგურა მათი სახელმწიფოები, კლიმატური კრიზისის გამო, და ზოგადად იმ მრავალი მიზეზის გამო, რომელიც ჩვენს გლობალურ კრიზისს უკავშირდება.

როდესაც ეს ხალხი დასავლეთში ჩამოდის, მემარჯვენე პოპულისტური მოძრაობები აორმაგებენ თავიანთი ნაციონალიზმისა და ექსკლუზიის პოლიტიკას. რა არის ტრამპის სლოგანი? “კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული” - იგი დიდებული იყო, სანამ ყველა ეს მუქკანიანი ადამიანი ჩამოვიდოდა და ჩვენი ქვეყნის ნგრევას დაიწყებდა. სწორედ ესაა ამ პოპულისტური მოძრაობის იდეოლოგია. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ტრანსნაციონალურად და გლობალურად იმაზე, თუ როგორ შეიძლება მსოფლიოში ყველა ადამიანისათვის სოციალური უფლებების უზრუნველყოფა. მათ ეს უფლებები სჭირდებათ, იმისათვის რომ გემში ჩასხდომა და სიცოცხლის გარისკვა არ მოუწიოთ ნორმალური საცხოვრებელი ადგილის ძებნაში, სადღაც პლანეტის მეორე ნახევარში.

 

თარგმანი: თიკო ჯაყელი
წყარო: Jacobinmag
ფოტო © deepgreenresistancenewyork

ასევე წაიკითხეთ:

image

გერმანიის მწვანეები — „გაერთიანების პარტია“

წელს, ზუსტად 40 წლის შემდეგ, იმავე ადგილას, ქალაქ კარლსრუეში, სადაც პარტია დაარსდა, გერმანელი მწვანეები რიგით 45 ფედერალურ ასამბლეას ჩაატარებენ, აქ ისინი პარტიის ახალ ბაზისურ პროგრამას დაამტკიცებენ. უდაოა, რომ წელს შეკრებილი ადამიანები და მთლიანად პარტია ბევრად ნაკლებად მემარცხენე და რადიკალური იქნება, თუმცა, თუ პროგრამას წაიკითხავთ, დაგრჩებად შთაბეჭდილება, რომ ეს არის იმ პარტიის პროგრამა, რომლის მიზანი, არა კოალიციის უმცორი პარტნიორობა, არამედ მთავრობის ფორმირება და გერმანიის გარდაქმნაა. 

დღეს, როგორც არასდროს აქამდე, გერმანიის მწვანეთა პარტია მზად არის ქვეყნის სამართავად.

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

შემოგვიერთდით