გაიფიცე გარემოსთვის: მანიფესტი

გამოქვეყნებულია: 08.Apr.2019

ჩვენი მომავალი თქვენს ხელშია და თქვენ მას ანადგურებთ!

ჩვენ, მოსწავლეები და სტუდენტები, 15 აპრილს არ მივდივართ სასწავლო დაწესებულებებში, ჩვენ ვიფიცებით და ვაწყობთ მსვლელობას!


ღონისძიება

 

დრო: 15 აპრილი, 11:00 საათი

შეკრების ადგილი: რუსთაველის მეტრო

თქვენ არ ზრუნავთ გარემოზე, ანუ არ ზრუნავთ ჩვენზე!

თქვენი გულგრილობის და სიხარბის საპასუხოდ ჩვენ, ახალგაზრდები, ვიფიცებით, რადგან საკმარისი დრო მოგეცით და უკეთესობისკენ არაფერი შეცვალეთ!

ჩვენ, მოსწავლეები და სტუდენტები, ვიფიცებით ჩვენი ქალაქისთვის.

ქალაქისთვის, რომელსაც ყოველდღიურად გვართმევენ ხარბი ინვესტორები და უუნარო პოლიტიკოსები. ქალაქისთვის, რომლის ქუჩებში ვიხრჩობით, რომელში გადასაადგილებლად საათებს ვატარებთ საცობებში, რომელშიც ვერ ვპოულობთ მწვანე სივრცეს სასეირნოდ ან საფიქრელად.

ჩვენ, მოსწავლეები და სტუდენტები, ვიფიცებით ჩვენი ქვეყნისთვის.

ქვეყნისთვის, რომელიც წყალდიდობების, ხანძრების, გაუდაბნოებისა და სხვა მრავალი კატასტროფის წინაშე დგას — არა ბუნებრივი მიზეზების, არამედ სოციალური უპასუხისმგებლობისა და ცალკეული პირების მატერიალური ინტერესების გამო.

ჩვენ, მოსწავლეები და სტუდენტები, ვიფიცებით ჩვენი გარემოსთვის.

დღეს ჩვენ უარს ვამბობთ სასწავლებელში მისვლაზე, რადგან ვგრძნობთ, რომ სკოლისა და უნივერსიტეტის კედლები ვერ დაგვიცავენ მომწამვლელი ჰაერისგან, ტყვიისგან საკუთარ სისხლში, გახშირებული კატასტროფებისგან და დამღუპველი პოლიტიკისგან, რომელიც ჩვენს მომავალ ცხოვრებას უფსკრულისკენ მიაქანებს.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თუკი ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა, მთელი ძალით უნდა დავუპირისპირდეთ გაბატონებულ აზრს, თითქოს ბუნება აპოლიტიკურია. ჩვენ არ გვჯერა, რომ არაფერი შეგიძლიათ „ბუნებრივი კატასტროფების“ თავიდან ასარიდებლად. არ გვჯერა, რადგან არაფერია ბუნებრივი იმაში, რომ აშენებთ გიგანტურ ჰესებს, აბეტონებთ მწვანე ზონებს, ჩეხავთ ხეებს, ცვლით ლანდშაფტს, ჭრით მთის ფერდობებს, წამლავთ გარემოს, ბოლომდე ანადგურებთ ჩვენი ქვეყნის რესურსებს და ამით გვართმევთ მომავალს.

ჩვენ მოვითხოვთ პოლიტიკის ცვლილებას!

ჩვენ მოვითხოვთ მდგრად განვითარებას!

ჩვენ მოვითხოვთ, სახელმწიფოს ქმედებები ეყრდნობოდეს ობიექტურ კვლევებსა და მიუკერძოებელ სპეციალისტებთან კონსულტაციებს ცალკეული ბიზნესების ინტერესების ნაცვლად!


უფრო კონკრეტულად ჩვენ მოვითხოვთ:

  • თბილისში ტრამვაის გაყვანას, რადგან მანქანების გამონაბოლქვში და საცობებში ვიხრჩობით;
  • ტროტუარების მანქანებისგან გათავისუფლებას;
  • მთაწმინდის ფერდობების განადგურებისა და მათზე მშენებლობის შეწყვეტას, რადგან ეს კატასტროფის მომტანია;
  • ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობას;
  • რეკრეაციული ზონების და საჯარო სივრცეების განადგურებისა და გასხვისების შეწყვეტას;
  • დამანგრეველი ჰესების მშენებლობების აღკვეთას და ამის მაგივრად არსებული ჰესების შეკეთებას. შეწყდეს ჰესების მოწინააღმდეგე მოსახლეობის დაშინება.

ამის გარეშე ჩვენი მომავალი ბუნდოვანია. კლიმატის ცვლილება ხდება აქ და ახლა. კლიმატის ცვლილება და განადგურებული გარემო ჩვენი რეალობა და ჩვენი ცხოვრების ნაწილია! თუმცა, ასე აღარ უნდა გაგრძელდეს — ჩვენ, ახალგაზრდები, ვერთიანდებით და სოლიდარობას ვუცხადებთ გლობალური კლიმატის მოძრაობას.

ჩვენ ვიფიცებით, #გაიფიცეგარემოსთვის


© საქართველოს ახალგაზრდა მაწვანეები, ვინ’მე

ასევე წაიკითხეთ:

image

ჩვენი რესურსები ჩვენია! - გამოხმაურება „ფრონტერას“ მუშის სიკვდილზე

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები და “სოლიდარობის ქსელი” ვეხმაურებით გასულ კვირას მომხდარ საზარელ ფაქტს: დედოფლისწყაროში მშრომელმა თავი მოიკლა, რადგან დამსაქმებელი, ამერიკული კომპანია “ფრონტერა”, მას და კიდევ 92-ზე მეტ მუშას ხელფასს 11-14 თვე არ უხდიდა. 

image

გამოხმაურება 4 ივლისის ინციდენტზე

აქციის დასრულების შემდგომ, ამბროლაურში, ერთ-ერთ ქუჩაზე შემთხვევით შეხვდნენ ოთარ სირაძე და ჩვენი წევრები, რა დროსაც ყოფილმა გუბერნატორმა მანქანიდან მათ უშვერი სიტყვებით მიმართა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ცოტა ხანში, ოთარ სირაძე და მისი ძმა გადმოვიდნენ მანქანიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს წევრს, ნიკოლოზ ღლონტს, რაც დანარჩენებმა ვიდეო მასალაზე აღბეჭდეს.

image

26 მაისი

ამ უმნიშვნელოვანესი დღის მოლოცვასთან ერთად გვინდა, საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, განსაკუთრებით კი დამოუკიდებლობის პერსპექტივიდან.

 

შემოგვიერთდით