სხვანაირად ტექდათვალიერება ანუ აისბერგის თეორია

გამოქვეყნებულია: 22.Dec.2016

მას შემდეგ რაც სახელმწიფომ მკაცრად გადაწყვიტა სატრანსპორტო საშუალებებზე ტექ. დათვალიერების მკაცრი კონტროლი, კიდევ ერთხელ წამოვიდა ამ საკითხის მიმართ დისკუსიების ახალი ციკლი. არგუმენტები და შეკითხვები თითქმის უცვლელი დარჩა, თუმცა სახელმწიფო  ბევრად უფრო მომზადებულია პასუხებითა და მარკეტინგული ღონისძიებებით. მედია ცდილობს, აქტიური როლი შეასრულოს საზოგადოების ინფორმირებულობაში და კოზირად გამონაბოლქვის გამო  ჯანმრთელობისთვის მავნებლობასა და სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს (განსაკუთრებით ბავშვებში) იყენებს. კორუფციის აღმოსაფხვრელი ძირითადი მექანიზმები შემუშავებულია.  ყველა თანხმდება, რომ ტექ. დათვალიერება აუცილებელია, ისინიც კი, ვინც ტექ. დათვალიერების მიერ გამოწვეულ სოციალურ დანაკარგებზე საუბრობენ. რეკომენდაციები გაცემულია, თუ როგორ შევამსუბუქოთ ტექ. დათვალიერების გამო მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებული ადმიანის მდგომარეობა, რომელიც თავისი სატრანსპორტო საშუალებით თავსა და სხვა ადამიანებს არჩენს. ფინანსურმა წახალისებამ და ტესტირების ადგილზე სხვადასხვა პროგამების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა, იმედის ნაპერწკალიც გააჩინოს. აღსრულების მექანიზმები ჯერ სუსტია (10-ლარიანი ჯარიმა), თუმცა მომავალში საპატრულო პოლიციის მიერ მეტად კონტროლირებადი გახდება.  სახელმწიფოს მხრიდან საწვავის კონტროლი დაწყებულია. თითქოს, მთელი მოსახელობა იდეალურ შეთანხმებამდეა მისული.

ტექ. დათვალიერებას ორი საკვანძო მნიშვნელობა გააჩნია: 1) მავნე აირების გამოყოფის შემცირება ჯანმრთელობის კონტროლისათვის  და 2) მანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმება უსაფრთხოების ნორმების დასაცავად. ზუსტად მათ მოვიხსენიებდი აისბერგის წვერად, თავად აისბერგს კი კაპიტალიზმს დავარქმევდი. საჯარო დისკუსიები სრულიად დაცლილია საქართველოში კერძო სატრანსპორტო საშუალების ფლობის სოციალური ასპექტების მიმოხილვისგან. ასევე, არ საუბრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართვის მნიშვნელობაზე ეკოლოგიური მდგომარების გამოსწორების პროცესში. ვისაც გახსოვთ ახლაგაზრდა მწვანეების კამპანია „დიდი ჯიპი პატარა ჭუჭუ“, ნათლად დაინახავთ კავშირს სატრანსპორტო პოლიტიკასა და დემოკრატიას შორის. რომ გავაფართოვოთ ეს კამპანია დღეს სრულიად ლეგიტიმურად შეგვიძლია ვისაუბროთ ახალი და ძვირადღირებული ავტომობილების დაბეგვრის თაობაზე. გარდა იმ „ტაქსისტებისა, რომლებიც პურის ფულს ქალაქის დაბინძურებით შოულობენ“ ქალაქის გზები და ტროტუარები სავსეა სრულიად ახალი და მასიური მანქანებით, რომელთა მიერ დაბინძურებაში შეტანილი ზუსტი წილი არ არის ცნობილი. რა თქმა უნდა, დაბეგვრას გააჩნია თავისი მიზანი და თანხა მთლიანად საზოგადოებრივ ტრანსპორტს უნდა მოხმარდეს ავტობუსებისთვის განცალკევებული სამოძრაო ზონების შემოღების ჩათვლით. ეს, ალბათ, ბევრი ლიბერტარიანელისთვის მიუღებელი  რეგულაცია, არაერთ ქვეყანაშია დატესტილი მანქანების საერთო მოხმარების შემცირების მიზნით. შესაძლოა, საქართველოში, განსხვავებით განვითარებული ქვეყნების მოსახლეობისაგან, მავანს არ ჰქონდეს საშუალება საჭიროზე მეტჯერ  შეიცვალოს მანქანა მოდის ტენდენციების შესაბამისად, თუმცა კერძო ტრანსპორტის ფლობა, როგორც პატრიარქალური  დომინაციისა და სოციალური სტატუსის გამომხატველ ერთ–ერთ მნიშვნელოვან ასპექტად რჩება. ამას თუ დავუმატებთ საყოფაცხოვრებო და სატრანსპორტო საშუალებებზე ქართველების მიერ აღებული ვალის მაჩვენებელს, სურათი უფრო ნათელი გახდება. კაპიტალიზმის მიერ ნაკარნახევი წარმატების ფორმულა კერძო საკუთრების დაგროვებაზე გადის.

არ მსურს მსჯელობის მიღმა დარჩეს იმ ადამიანთა ბედი, ვინც საკუთარ სიცოცხლეს და ოჯახებს სტანდარტების შეუსაბამო ტრანსპორტით არჩენს. პირიქით, აქ მინდა ვისაუბრო სახელმწიფოს უფრო ფართო როლზე დასაქმების პროცესში. ტაქსისტები და თვითდასაქმებული ადამიანები, შეიძლება ითქვას, ერთ–ერთი მოწყვლადი ჯგუფია შემოსავლის არასტაბილურობის გამო. სახელმწიფოს დასაქმების პოლიტიკას ამ კუთხით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და მან არ უნდა მოიხსნას თავისი ვალდებულება. განსაკუთრებით თვალში საცემია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ის მცდელობები, როდესაც იგი ტაქსის მძღოლს მოუწოდებს გააკეთოს მორალური არჩევანი შვილის გამოკვებასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შენარჩუნებას შორის.

და ბოლოს, იმედს ვიტოვებ ახალი მსჯელობის კურსი საშუალებას მოგვცემს ხმამაღლა დავიწყოთ საუბარი ეკოლოგიური გადასახადების აღდგენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა ბალანსი კერძო და კორპორატიულ პასუხისმგებლობებს შორის. ყველა ის მექანიზმი, რომელიც გამოიყენა სახელმწიფომ ტექ. დათვალიერების აღსადგენად, შესაძლოა წარმატებით გამოვიყენოთ ეკოლოგიური გადასახადების მხრივ. ცხადია, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ორი წლის წინ ხომ თბილისში ტრანსპორტზე მოსული დაბინძურების ზუსტი მაჩვენებელიც არ არსებობდა. როგორია ჯანმრთელობის მდგომარეობა ჭიათურაში, რუსთავში, ზესტაფონში და სხვა ინდუსტრიულ ზონებში და როგორ შეიძლება იქ არსებული ეკოლოგიური კატასტროფის პრევენცია. დისკუსია გახსნილია…

 

ავტორი: სტელა ნამგალაძე

ასევე წაიკითხეთ:

image

ზარალა თუ ზარალა

თუ ასეთი ზარალა გამოჩნდება — მერე რა, რომ ისიც ზარალა იქნება, ამაზე კირკიტის დრო არაა, პოლიტიკა ასე არ მუშაობს — ჩვენი ყველას ვალი იქნება სწორედ მას დავუჭიროთ მხარი, რომ რეალური ცვლილებები დადგეს დღის წესრიგში. მერე უკვე უფლება აღარ გვექნება, ზარალას მაფიოზურ საქმიანობაზე გვქონდეს პრეტენზია, თუ აგერ გვყავს მისი ალტერნატივა და მხარს არ ვუჭერთ.

image

სიჩუმე და მძვინვარება

არავინ ხმას არ იღებს. ყველა თავის საქმეს აგრძელებს და კარირულ ზრდაზე, წარმატებაზე ფიქრობს. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს. ყველას ეშიანია. ან აზრს ვერ ხედავს ვერაფერში.  არა და ჩვენ გვერდით ხდება ეს ამბავი. ყოველდღიურად ვპოსტავთ იმაზე რაც არ მოგვწონს, ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, ვაკრიტიკებთ ნაცებს, მაგრამ საქმე საქმეზე მიდგა და რა ხდება? ყველა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას... აი ისე ფილმებში რომ არის. დაჩაჩანაკებული საზოგადოება, რომელიც დაზომბირებულია. პრობლემას წინ უდებ, გისმენენ, გისმენენ და შემდეგ უემოციოდ აგრძელებენ საქმეს.

image

როზა ლუქსემბურგი, მასობრივი გაფიცვა და მინეაპოლისი

ორშაბათს, 25 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში (მინესოტას შტატი) ადგილობრივმა პოლიციამ სასტიკად იმსხვერპლა 46 წლის შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი. თვითმხილველთა გადაღებული ვიდეოებიდან აშკარად ჩანს, რომ ფლოიდი პოლიციის ერთ-ერთი ოფიცერს ასფალტზე ჰყავდა დაწვენილი და კისერში მუხლს აჭერდა. ეს ოფიცერი და მისი სამი თანაშემწე მეორე დღეს სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებულები, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ფლოიდი ამ ყველაფრის შედეგად „ვერ ვსუთქავ”-ის ძახილით იქნა მოკლული (იგი საავადმყოფოში მიმავალი გარდაიცვალა).

შემოგვიერთდით