დაფასებული მშრომელის ღიმილი

published: 03 May 2020

დილიდან სახლში მარტო ყოფნით დაღლილი საღამოს მაღაზიაში ჩავდივარ. არაფერი მჭირდება, უბრალოდ, თუნდაც წუთიერად, ინტერნეტის და ლოგინის გარდა სხვა სიტუაციაში ყოფნა და ადამიანთან დალაპარაკება. ბევრი ვათვალიერე რა მინდოდა, იმიტომ რომ არაფერი არ მინდოდა, უბრალოდ აქ ჩამოსვლის გარდა. სალაროსთან ძალიან დიდი რიგი იდგა. როცა ჩემ წინ რიგში სულ რამდენიმე მომხმარებელი დარჩა მხოლოდ მაშინ შევძელი მოლარე დამენახა. გამიხარდა, ეს მოლარე ვიცი... თვითონაც მიცნობს, საყვარელია, ხშირად ვხვდებოდით აქ ერთმანეთს. აქამდეც ვფიქრობდი რომ ლამაზი იყო და ახლაც, მაგრამ, მგონია, ჩემს მეტი ვერავინ იტყვის, რომ ლამაზია.

ჩემი რიგიც მოვიდა, თბილად ვესალმები, დიდი ხნის გადაწყვეტილი მქონდა მოკითხვაც, მაგრამ მისი დაღლილი სახე სალამის მეტის უფლებას არ მაძლევს. პროდუქტი უკვე ცელოფანშია მოთავსებული, მოვდივარ და უკან ისევ იმხელა რიგია, რაც თავიდან იყო ჩემ წინ. ამ მაღაზიაში ნებისმიერ დროს ასეა, როდის მიეცემა ამოსუნთქვის საშუალება. არ მწყინს, ალბათ იმაზე ფიქრობს, რომ უკვე დაღლილს წინ კიდევ მთელი ღამე აქვს გასათენებელი, თანაც ამხელა მაღაზიას თვითონ და სულ რამდენიმე კონსულტანტი გოგონა ამუშავებენ. მომხმარებლები კი ყველგან არიან, ვერ ეტევიან, ხშირად სხვადასხვა სექციებიდან ცივად ყვირიან „აქ ვინ არის?!”, შენ კი ვალდებული ხარ მიხვიდე და ყველასთან ერთნაირი იყო. ისინიც ხშირად სამსახურიდან დაბრუნებული შემოდიან აშლილი ნერვებით, მაგრამ შენი მაინც არ ესმით. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ნავაჭრს დებ, შენ მაინც 300-400 ლარი გრჩება და მერამდენე ცდაზე ისევ ვერ სწავლობ ჭკუას, როგორ იმყოფინო თვის ბოლომდე. ასეთი ფიქრებით თავდამძიმებულისთვის ღიმილის მოთხოვნა მხოლოდ მენეჯერის შემუშავებული ყალბი, დედამოტ**ული პოლიტიკის ნაწილი იქნებოდა.

მე დაფასებული მშრომელის ბედნიერი ღიმილი ძალიან მჭირდება.



ავტორი: ბექა ავდიევი

Tags:

Join Us