რატომ არის შეუძლებელი ფემინიზმისა და კაპიტალიზმის თანაცხოვრება?

გამოქვეყნებულია: 27.Dec.2019

შესაძლებელია თუ არა ფემინიზმის არსებობა კაპიტალიზმის პირობებში? ანუ რამდენადაა დაცული ფემინისტური ღირებულებები კაპიტალისტური რეჟიმის ქვეშ?

მანამ, სანამ ზემოთ აღნიშნულ შეკითხვებს გავცემთ პასუხს, მეტი თვალსაჩინოებისათვის, მოკლედ განვმარტოთ რა არის ფემინიზმი. ფემინიზმი - ეს მოძრაობაა, რომელიც მიზნად ქალთა და მამაკაცთა უფლებების გათანაბრებას ისახავს. როგორც ჩანს, კაპიტალიზმი ამის მიღწევადობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუ როგორ, ამას მოცემულ სტატიაში გავეცნობით.

თავიდანვე ვთანხმდებით იმაზე, რომ კაპიტალიზმი თავისი არსებობის ისტორიის ყველაზე ცუდ პერიოდშია. ერთი მხრივ, შრომის ანაზღაურება და ეკონომიკური ზრდა სტაგნაციაშია. ამავე დროს, ნეოლიბერალური კაპიტალიზმი მისივე ლეგიტიმაციის სერიოზულ პრობლემებს აწყდება. ხელისუფლებისადმი ნდობა იკარგება, ხალხი ხსნას კაპიტალიზმში ვეღარ პოულობს. მემარჯვენე ინსტიტუტებთან ერთად მემარცხენე ძალები იკრეფენ ძალას.

მეორე მხრივ, ბოლო ათწლეულებია ფემინიზმი უფრო და უფრო ძლიერდება მთელი მსოფლიოს გარშემო. ფემინისტური მოძრაობების გარკვეული ნაწილი ანტიკაპიტალისტურ იდეებს იზიარებს. გამოკითხვების შედეგად დგინდება, რომ დაახლოებით ახალგაზრდების ნახევარი კაპიტალიზმზე მაღლა სოციალიზმს აყენებს, ხოლო  აშშ-ს მემარცხენე პარტიის მხარდამჭერთა 53% ქალია.

ჰქონდა თუ არა ქალებზე პოზიტიური ან ნეგატიური ზეგავლენა კაპიტალიზმის გავრცელებას?

მოცემულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ არაა მარტივი. რთულია ადამიანთა დანაკარგის კაპიტალისტურ ეპოქაში ზუსტი დადგენა.

კარლ მარქსის მიხედვით, კაპიტალიზმი უკეთესია, ვიდრე ფეოდალიზმი. დღეს, განსხვავებით გასული საუკუნეებისაგან, ქალს აქვს უფლება მიიღოს განათლება. მათი საშუალო სიცოცხლის დონის მაჩვენებელიც, აშკარაა, რომ გაზრდილია.

მართალია,  ეს დიდი წარმატებაა, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ. მართალია არსებულ მდგომარეობამდე კაპიტალისტურ ეპოქაში მივედით, მაგრამ ყოველივე ეს დოგმატური პოლიტიკური ბრძოლის შედეგად მოპოვებული გამარჯვებაა და არა - კაპიტალიზმის წყალობა.

უფრო კონკრეტულად კი, კანონები დისკრიმინაციის წინააღმდეგ, ქალებისა და ბავშვების დაცვა ოჯახური ძალადობისაგან, ხმის მიცემის უფლება და სხვა მრავალ სიკეთეზე წვდომის უფლება ქალებმა დიდი პროტესტების შედეგად მოიპოვეს, რაც თითქმის მთელი კაცობრიობის განმავლობაში არსებული შეზღუდვების წინააღმდეგ წასვლაა, ეს კი კაპიტალიზმისგან დამოუკიდებლად განვითარდა. საერთო მათ მხოლოდ ქრონოლოგიურად ერთ პერიოდში არსებობა აქვთ. ამ "აჯანყებებს" კი უმეტესად სოციალისტები და ფემინისტები მეთაურობდნენ.

დავუშვათ, რომ კაპიტალიზმი მომგებიანი იყო ქალებისათვის. ახლა კი დავსვათ შემდეგი შეკითხვა: რას მოგვიტანს კაპიტალიზმი მომავალში?

კარგად გავიაზროთ, რომ ფემინიზმი არ იბრძვის მხოლოდ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრისათვის. ფემინისტური მოძრაობების მთავარი მიზანი თითოეული ინდივიდისათვის თანაბრად სამართლიანი ცხოვრების შესაძლებლობის შექმნაა, განურჩევლად სქესის, რასის, ეთნიკური ნიშნების, განათლების, შემოსავლებისა თუ სხვა განსხვავებული მახასიათებლებისა. მოცემულ მდგომარეობას კი კაპიტალისტურ პირობებში უბრალოდ ვერ მივაღწევთ.

კაპიტალიზმი შესაძლოა რაციონალური გამოდგა/გამოდგეს ინდივიდისათვის, უფრო სწორად კი- რომელიღაც ინდივიდთა ჯგუფთათვის, თუმცა სისტემურ დონეზე ის საკმაოდ არარაციონალურია. თავისუფალი ბაზრის წარუმატებლობის ერთ-ერთ ნათელ მაგალითად კლიმატის კრიზისის გახსენებაც კი საკმარისია. ცალკეული კაპიტალისტების უკონტროლო სვლამ სიმდიდრისა და ძალაუფლების მოხვეჭისაკენ, რომლებიც გარკვეული ელიტარული და სახელმწიფო ჯგუფების მფარველობის ქვეშ მოხდა, გლობალური დათბობის პრობლემა მასობრივად წარმოქმნა. გარდა ამისა, შეილახა ბუნება და გაიფლანგა უამრავი რესურსი.

მიუხედავად ამისა, ბოლო ათწლეულები მაინც გრძელდება იმის მტკიცება, რომ თავისუფალი ბაზარი გარდაუვალია და ის სპონტანური წესრიგის ნაწილია, რომ კაპიტალიზმის შედეგად ოპტიმალური შედეგები მიიღება და უარყოფითი გარეგანი ეფექტები მხოლოდ ტრივიალურია.

ნათელია, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მიუხედავად ამისა, ელიტარული ჯგუფების მიერ სიმდიდრის მოხვეჭის დაუოკებელმა სურვილმა ხელი შეუშალა საზოგადოების მიზნებს, სურვილებსა და საჭიროებებს. გადარჩენის ერთადერთი გზა კი სოლიდარობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული კოლექტიური პროექტია, რომელიც ხელს შეუშლის აგრესიულად და უხეშად მოქმედ კორპორაციებს გადაარჩინოს დედამიწა.

საბოლოოდ, კაპიტალიზმის გავრცელებას უფრო ნეგატიური ზეგავლენა ჰქონდა ქალებზე, ვიდრე პოზიტიური.

არის თუ არა კაპიტალიზმი ექსპლუატატორი, მჩაგვრელი და პატრიარქალური სისტემა, რომელიც ქალთა დამორჩილებას ემსახურება?

განვიხილით ეს საკითხი უფრო დეტალურად. არის კაპიტალიზმი ექსპლუატატორი?

პოლიტ-ეკონომიკურად ექსპლუატაცია არის ურთიერთობა, როდესაც ადამიანი ჰყიდის თავის შრომას მას, ვინც ფლობს წარმოების საშუალებებს და იღებს მოგებას. მშრომელის ანაზღაურება კი იმაზე ბევრად ნაკლებად ღირებულია, ვიდრე მის მიერ წარმოქმნილი ღირებულება. ადამიანთა უმეტესობა, მათ შორის ქალები, კი ხელფასზე ჰყიდიან საკუთარ შრომას, რათა მიიღონ საცხოვრებელი და საკვები, რაც მუშაობის გარეშე არ ექნებოდა.

და მაინც, რამდენად ნიშნავს ეს სასტიკ და უსამართლო მოპყრობას?  მაგალითისათვის ავიღოთ აშშ, სადაც ქალთა გარკვეული ნაწილი თავს ჩაგრულად არ გრძნობს. შესაძლოა, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ზეწოლა არაა იმდენად აშკარა, რომ ყველა მათგანმა ქუჩის პროტესტებში მიიღოს მონაწილეობა.

მთავარი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს სცენარი სრულიად არ აღწერს ქალთა უმრავლესობის მდგომარეობას არც აშშ.-ში და, მით უმეტეს, არც მსოფლიოში. ქალი, რომელიც მის სრულ დროს მინიმალური ანაზღაურების მქონე სამსახურში ატარებს, რომელსაც არ შეუძლია ექიმთან ვიზიტი, საკვების შეძენა ან საკუთარი თავის საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩაგრულია. სტუდენტები, რომლებიც ზედმეტ საათებს ატარებენ სამსახურებში სტუდენტური სესხის დასაფარად ჩაგრულნი არიან.

ზემოთ აღწერილი ჩაგვრის მთავარი ნაწილი და მიზეზი სექსიზმს უკავშირდება. სექსიზმი კი ნამდვილადაა ამოფარებული კაპიტალიზმის ნიღაბს.

ისტორიულად კაპიტალიზმის გაძლიერებისა და კაპიტალის დაგროვების ძირითადი ნაწილი სექსიზმსა და რასიზმზე იყო დაფუძნებული. სექსიზმია დიასახლისთა აუნაზღაურებელი შრომა. სექსიზმი და რასიზმი ბიზნესმენებისათვის დღემდე რჩება მთავარ საბრძოლო ინსტრუმენტად მუშათა წინააღმდეგ, რათა დაჩაგრონ ისინი და მოტივაცია დაუგდონ უკეთესი ანაზღაურების მოსათხოვად.

შეუწყო თუ არა ხელი კაპიტალიზმმა ქალთა გაძლიერებას, მათი შემოსავლის ზრდასა და გენდერული პარიტეტის განვითარებას?

სტატიის დასაწყისში ნახსენები იყო ის ფაქტი, რომ ქალები კაპიტალიზმის ეპოქაში გაძლიერდნენ. აღნიშნულ შეკითხვაზე მსჯელობისას მთავარია, რომ სწორად გავარჩიოთ მიზეზშედეგობრიობა და კორელაცია. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ის მოძრაობები, რომლებიც ქალთა, სამოქალაქო, შრომის და სხვა უფლებებს მოითხოვდნენ.

ის, რომ ზოგიერთი ქალი არ განეკუთვნება ჩაგრულთა ჯგუფს, საერთოდ არ ნიშნავს რომ ფემინიზმმა თავის დიად მიზანს მიაღწია. კაპიტალისტურ პერიოდში დაწინაურდა გარკვეული ჯგუფი, ძირითადად მამაკაცები, რამაც დანარჩენი სამყაროს შემოსავლის წყაროს სტაგნაცია და შესაძლებლობების შემცირება გამოიწვია.

ჩვენ გვაქვს საშუალება, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ არა მხოლოდ ქალთა, არამედ ყველა ადამიანის ცხოვრება.   სამწუხაროდ, არ გვქონია ჯერ თავისუფლება, სრულიად გამოგვეყენებინა ჩვენი რესურსი, ცოდნა და ენერგია  ამ მიზნის მისაღწევად.  რატომ?  მიზეზი ისაა, რომ კაპიტალიზმის მიზანი არა  უკეთესი მსოფლიოს შექმნა, არამედ მატერიალური სიმდიდრის მოხვეჭაა.

ახლა კი მთავარ შეკითხვას მივუბრუნდეთ: შესაძლებელია ფემინიზმისა და კაპიტალიზმის თანაარსებობა? პასუხი ერთია- არა. კაპიტალისტური რეჟიმის მიერ გამოწვეული პრობლემები დიდ ბარიერს უქმნის ფემინისტებს მშვიდობიანი და სამართლიანი ცხოვრების მისაღწევად. ვინაიდან ფემინისტური და კაპიტალისტური ღირებულები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, ფემინიზმი კაპიტალისტურ რეჟიმში ვერასდროს შეძლებს მიაღწიოს თავის მიზანს,  ვიცხოვროთ ყველამ თანასწორად სამყაროში, რომელიც ყველას თანაბრად გვეკუთვნის.

თარგმნა: მარიამ ფახურიძე

წყარო





ფოტო © Jacobinmag.com

ასევე წაიკითხეთ:

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით