ფინეთის წითელი ქალები

გამოქვეყნებულია: 26.Mar.2019

ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ფინეთის პრეზიდენტის საული ნინისტოს წინასაახალწო მილოცვაში ფინეთის 1918 წლის სამოქალაქო ომის ჯერაც მოუშუშებელ ჭრილობებზე საუბარი. 26 იანვრის საღამოს, ზუსტად 100 წლის წინ, „ჰელსინკის მუშათა სახლში“ წითელი შუქურა ენთო. შუქურა, რომელიც ფინეთის სოციალისტ წითლებსა და ნაციონალისტ თეთრებს შორის საზარელი დაპირისპირების შესახებ იუწყებოდა.

რუსეთისგან გათავისუფლებიდან ასი წლის თავზე პრეზიდენტმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის პირველი წლები შეახსენა: «ეს განსაკუთრებულად რთული პერიოდი იყო: ერთიანობის ნაცვლად საზოგადოება გახლეჩილი იყო. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეს ფაქტი უბრალოდ უგულებელვყოთ. საჭიროა, გვქონდეს გამბედაობა, რომ ისტორიაზე გულახდილად ვისაუბროთ, რადგან მხოლოდ და მხოლოდ გულახდილობა ქმნის ნდობის საფუძველს».

ბოლო დრომდე უგულებელყოფილი ისტორიის ნაწილი იყო ასევე ფინეთის წითელგვარდიელი ქალების წვლილი სამოქალაქო ომში. საზოგადოებამ მხოლოდ ახლახანს შეიტყო მათი წამების, სასტიკი გაუპატიურების, საკონცენტრაციო ბანაკებში დაპატიმრებისა და დახვრეტის შესახებ.

2016 წლის ზაფხულში ჰელსინკის უნივერსიტეტში ერთ-ერთ პროფესორს ვესტუმრე და ვთხოვე, მისი მშობლიური ქალაქი ტამპერე დაგვეთვალიერებინა. აღსანიშნავია, რომ ხშირად მას წითელ ტამპერედ მოიხსენიებენ. სწორედ ამ ქალაქში მოხდა ყველაზე საზარელი ბრძოლა არა მარტო სკანდინავიური ქვეყნების, არამედ ყველაზე სისხლიანი სამოქალაქო ომების ისტორიაში. მუზეუმში შემთხვევით ქალაქის მერიის, წითელთა უკანასკნელი ციხე-სიმაგრის ძველ ფოტოს გადავაწყდი.       ფოტოს თან ახლდა წარწერა, რომლის მიხედვითაც შენობას წითელ ქალთა ჯგუფი იცავდა.

დაინტერესებულმა ჩემს ინგლისურენოვან გიდს ვთხოვე, მათ შესახებ მოეთხრო. აღმოჩნდა, «მიუხედავად იმისა, რომ ქალები ძირითადად წითელ გვარდიელებისთვის პირველადი დახმარების გაწევასა და მათ მომარაგებაში იყვნენ ჩართულები, 1918 წლის გაზაფხულზე ორი შეიარაღებული ჯგუფი შეიქმნა ქალებისგან, რომელთა რიცხვი 300-ს უტოლდებოდა. ყველაზე ახალგაზრდა წითელგვარდიელები 15 წლის გოგონები იყვნენ».

ფინეთს მემარცხენე ქალთა აქტივიზმის ვრცელი ისტორია აქვს. სოციალისტ ქალთა დამსახურებით 1906 წელს ფინეთი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ქალებს მიეცათ ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება. 12 წლის შემდეგ ქარხნის მუშა ქალები ფინეთის ინდუსტრიული სამხრეთი ნაწილიდან მოახლეები და მოსამსახურეები მოხალისეობრივად მსახურობდნენ წითელთა მხარდასაჭერად შექმნილ ნახევრადშეიარაღებულ ნაწილში. თავდაპირველად ჯგუფი მხარდამჭერის ტრადიციულ როლს ასრულებდა, რაც შემდგომში დაცვის მოვალეობაში გადაიზარდა და საბოლოოდ ფრონტზე ბრძოლით დაგვირგვინდა. 

რა იყო მათი ბრძოლის მოტივი? პასუხზე სამოქალაქო ომში მებრძოლთა შთამომავლები დღემდე კამათობენ. ისტორიკოს ტაუნო სარელას მიხედვით, ფინეთმა „იძულებითი დუმილის“ პერიოდი გამოიარა, რასაც საბოლოოდ საომარი მოქმედებების დასრულება მოჰყვა. ულტრანაციონალისტ თეთრებს, რომლებიც 1920-30-იან წლებში მართავდნენ სახელმწიფოს, წითლები დემონიზირებული ჰყავდათ; აღწერდნენ, როგორც ბარბაროსულ და რუსული ბოლშევიზმის არაპატრიოტულ, კომიკურ ვერსიას. ოფიციალური დისკურსით თეთრები „თავისუფლების შესანარჩუნებლად“ იბრძოდნენ მიუხედავად იმისა, რომ ფინეთის თავისუფლება 1917 წლის ბოლოს ლენინმა ოფიციალურად სცნო.

წითლების პერსპექტივიდან სამოქალაქო ომის შესახებ  პირველად 1960 წელს დაიწერა. ნოველა, სახელწოდებით „ამბოხება“ ვაინო ლინას ეკუთვნოდა და „ჩრდილოეთის ვარსკვლავის“ ტრილოგიის მეორე ნაწილად გამოიცა. ნოველამ ფინეთის ისტორიოგრაფია ახალ ერაში გააცილა. მე-20 საუკუნის ბოლოს პროფესორებმა გაიაზრეს ქალთა როლი, რომლებიც წითელი მცველების სახელით იბრძოდნენ. ფინეთს გარეთ კი საკმაოდ მცირე იყო იმ ფემინისტ ქალებისა და ქალთა უფლებადამცველთა რიცხვი, რომლებსაც ევროპის ისტორიის ამ შთამბეჭდავი ფრაგმენტის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია.

წითელგვარდიელებში ძირითადად განათლებული, ქალაქებში მცხოვრები ფინელი ქალები იბრძოდნენ. მათ სწამდათ, რომ მხოლოდ სოციალიზმი იყო ქალთა სრული ეკონომიკური თუ პოლიტიკური ემანსიპაციის წინაპირობა. მებრძოლთა უმრავლესობა მუდმივი ექსპულატაციისგან ფრუსტრირებული ახალგაზრდა იდეალისტები იყვნენ. თხუთმეტი წელი თანამედროვე ადამიანისთვის პატარა ასაკია. მიუხედავად ამისა,  ბავშვების შრომა საკმაოდ გავრცელებული იყო. შემოსავლის მქონე გოგონები დამსაქმებლის მხრიდან მუდმივ სექსუალურ შევიწროებას განიცდიდნენ; ამავდროულად, ფაქტიურად არც არსებობდა ლეგალური საშუალებები, რომლებიც მათ ძალადობისაგან დაიცავდა.

ქალები და გოგონები წითელგვარდიელებში გაწევრიანებისთანავე ირგებდნენ მამაკაცურ შარვალსა და ვარცხნილობას: ეს იყო პროტესტი ტრადიციული, ბურჟუაზიული ფემინურობის წინააღმდეგ. ფოტოებზე საგულდაგულოდაა აღბეჭდილი მათი თავდაჯერებული და სერიოზული სახეები, რომლებიც მზად არიან, იბრძოლონ უკეთესი მომავლისთვის. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელ ფოტოზე ტურკუს ქალთა გვარდიის წევრები ოცი წლის ჰელენა ალტო და ოცდარვა წლის ელი ვუოკო არიან გამოსახულები; გოგონებს კაცის უნიფორმები აცვიათ, რომელიც საკმაოდ დიდი ზომისაა, მოკლედ შეჭრილი თმა კი ჩაფხუტში აქვთ დამალული. მათი დგომის მანერაც კი საკმაოდ კაცურია: ჰელენას მარცხენა ხელი ელის მარჯვენა მხარზეა, ხელში კი ორივეს გრძელი შაშხანები უჭირავთ. წითელი ქალები საკმაოდ მშვიდად და მიზანდასახულად გამოიყურებიან.

გაზეთებში, რომლებსაც თეთრები ხელმძღვანელობნენ, ქალთა წითელ გვარდიას ბრუტალურად აკრიტიკებნენ; აბრალებდნენ პროსტიტუციას და მოიხსენიებდნენ შეურაცხმყოფელი მეტსახელებით. ჰელენას და ელის თანამებრძოლებს უწევდათ სოციუმთან გამკლავება, რომელიც არ აპირებდა დამკვიდრებული გენდერული როლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. აშკარაა, რომ ფინეთის საშუალო კლასს ეშინოდა ახლადმოპოვებული, აგრესიული დამოუკიდებლობისა. კეთილმოსურნე წითელი ამხანაგებიც კი ეჭვით უყურებდნენ საკუთარ პოლიტიკური თუ მილიტარისტური მოღვაწეობის ღირებულებას. მემარცხენე რევოლუციონერი კაცები ყოველთვის უპრობლემოდ იღებდნენ თანამოაზრე ქალებს ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა მზარეული ან ექთანი, მაგრამ მათი მოთხოვნა —  ყოფილიყვნენ თანასწორები ბრძოლის ველზე — კაცებს განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნიდა.

თეთრებმა სამოქალაქო ომის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს და შიმშილით მოკლეს ათიათასობით წითელი, მათი თანამებრძოლი ქალების მიმართ კი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ: აუპატიურებნენ, ასახიჩრებდნენ და ბოლოს კლავდნენ. გვამებს აშიშვლებდნენ ან უხამს მდგომარეობაში ტოვებდნენ. ჰელენა და ელი იმ მებრძოლთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც 1918 წლის მაისში უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ.

2016 წელს ახალგაზრდა ისტორიკოსმა მარიო ლიუკონენმა ფინეთის ისტორიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი კვლევა ჩაატარა. მკვლევრის მიერ აღმოაჩენილმა „სამხილებმა“ დაადასტურეს, რომ „ჰენალაში“ — სამარცხვინო საკონცენტრაციო ბანაკში, თეთრებს იმაზე მეტი ქალი და ბავშვი ჰყავდათ მოკლული, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. ფინელებს სწამდათ, რომ სამოქალაქო ომის უკანასკნელ თვეებში „ჰენელაში“ წითლების დატყვევებამდე თეთრებმა თითოეული ქალი და ბავშვი გაათავისუფლეს. მარიო ლიუკონენი, არქივებში მოძიებული ინფორმაციისა და „ჰენალაში“ გადარჩენილთა მემუარების მეშვეობით ირწმუნება, რომ თეთრებს ბანაკში ასზე მეტი დაურეგისტრირებელი ქალი ჰყავდათ მოკლული. ასევე წარმატებით ასაიდუმლოებდნენ ბავშვებისა და ჩვილების მკვლელობებს: მათ გვამებს საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიის გარეთ მარხავდნენ, თითქოს არც არასდროს ყოფილიყვნენ „ჰენალას“ პატიმრები.

დღემდე უცნობია სამოქალაქო ომში მებრძოლ წითელ ქალთა ზუსტი რაოდენობა. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ წითლების 90,000-100,000-იან ჯარში დაახლოებით 2,000 საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად ჩართული ქალი იყო. ამას გარდა, წითელთა არმიას ათასობით ფინელი ქალი უწევდა როგორც მორალურ და მატერიალურ, ასევე სამედიცინო დახმარებას; მათი უმეტესობა წითელი გვარდიელების ცოლები, დედები, დები და ქალიშვილები იყვნენ.

ფინეთში რიგით ადამიანებს დღემდე ეუხერხულებათ სამოქალაქო ომზე საუბარი; აქედან გამომდინარე რთულია, განსაზღვრო ქალთა გვარდიის რეალური წვლილი ქალთა უფლებების ფორმირებაში. მიუხედავად ამისა, უდავოა, რომ მემარცხენე ფინელმა ქალებმა იძულებით დააჩქარეს სოციალური ცვლილებების ტემპი, რომელიც საგრძნობლად უსწრებდა წინ დასავლეთის დემოკრატიულ წყობას.

ცივი ომის დროს „ფინეთის კომუნისტური პარტია“ (SKP) კოალიცია „ფინელი ხალხის დემოკრატიული ლიგის“ (SKDL) წევრი იყო, რომელიც წარმატებით მოღვაწეობდა პარლამენტში. აღსანიშნავია, რომ კოალიციის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკოსი 1944-71 წლებში იყო ქალი — ჰერტა კუსინენი. ჰერტა 1952-58 წლებში SKDL-ს გენერალური მდივანი, ხოლო 1958-70 წლებში SKDL-ს ვიცე-თავმჯდომარე იყო. 1944-74 წლებში ჰერტა ასევე მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. პოლიტიკიდან წასვლისთანავე კუსინენი ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა; ესაა საერთაშორისო მემარცხენე ორგანიზაცია, რომელიც იცავს ქალთა უფლებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დღეისთვის ფინეთი ერთ-ერთი ყველაზე გენდერულად თანასწორი ქვეყანაა მთელ მსოფლიოში, რომლის ხელისუფლებაში ქალებს უმაღლესი პოზიციები უკავიათ. 1990 წელს თავდაცვის მინისტრად ფინეთში ელისაბეტ რენი აირჩიეს, შედეგად ელისაბეტი გახდა მსოფლიოში პირველი ქალი, რომელმაც ზემოთხსენებული პოზიცია დაიკავა. ათი წლის შემდეგ, ფინელებმა პირველი ქალი პრეზიდენტი — ტარია ჰალონენი აირჩიეს. ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი კი 2003 წელს, ანელი ჲეტტენმეკი გახდა. 2015 წლისთვის ქალები ფინეთის პარლამენტის 41.5 %-ს შეადგენდნენ.

მართალია, ფინურმა რევოლუციამ ვერ მიაღწია იმ სიმაღლეებს, რაც თავიდანვე იყო დაგეგმილი და დაიმარხა ბრუტალური კონტრშეტევის შედეგად, რომელთაც გერმანული ძალები ედგნენ გვერდში, მაგრამ მემარცხენეთა ღვაწლი დღემდე ცოცხლობს ფინურ საზოგადოებაში და სავარაუდოა, რომ ჰელენას, ელის და მათი მსგავსი მრავალი ფინელი ქალის ღვაწლს ფუჭად არ ჩაუვლია.

კირსტენ რ. გოდსი

 

თარგმანი: ანა ხმალაძე

წყარო

 

ასევე წაიკითხეთ:

image

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტში (PDF)

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქართულ ფემინისტურ მოძრაობაში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი და მიმართულებაა. ამავდროულად, საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, ENPARD. ამ კონტექსტში მოცემული კვლევა (პოლიტიკის დოკუმენტი) მიზნად ისახავს, გამოავლინოს სოფლის მეურნეობაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერები და განვითარების პოლიტიკებში ამ საკითხის ინტეგრაციის შესაძლებლობები. კვლევის ფარგლებში ანალიზი განხორციელებულია ადამიანის უფლებების მიდგომისა და გენდერი და განვითარების მიდგომის გამოყენებით; კვლევა განხორციელდა თვისებრივი მეთოდების გამოყენებით. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გამოწვევები განხილულია ისტორიულ, გლობალურ და ლოკალურ ჭრილში, და კვლევის მიზნიდან გამომდინარე, დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტსა და გამოწვევებთან. ანალიზსა და კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით გავცემთ რეკომენდაციებს სახელისუფლებო ინსტიტუტებისთვის.

image

რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას ღვინის წარმოებაზე

იმედია, როგორც მომხმარებლები, შევძლებთ იმ ცვლილებების მართვას, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესით და გადაწყვეტილებებითაა გამოწვეული. დროა ჩვენი თანხები სწორად მივმართოთ და მხარი დავუჭიროთ ფერმერებსა თუ ადგილობრივ მწარმოებლებს და ასევე საკუთარ წარმოებებს. შეგვიძლია, ვიყოთ მეტად ინფორმირებული, დავსვათ შეკითხვები, მივიღოთ პასუხები და მივიღოთ გადაწყვეტილებები მეტად ჯანსაღი პლანეტისა და საზოგადოებისთვის.

შემოგვიერთდით