დრეგის ხელოვნების ევოლუცია

გამოქვეყნებულია: 31.May.2019

დრეგ ქუინების (drag queen) ისტორია არის განვითარება ჩვეული თეატრალური პრაქტიკიდან გართობის აღიარებულ ფორმამდე, რამაც დამსახურება მოიპოვა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სცენაზე.

დღევანდელ რეალობაში დრეგის, როგორც ხელოვნების ფორმის ასეთი პოპულარობა, დიდწილად რუპოლ ანდრე ჩარლზის, უდავოდ ყველაზე გავლენიანი და პოპულარული დრეგ ქუინის დამსახურებაა. ამჟამად რუპოლი RuPaul’s Drag Race-ის წამყვანია — რეალითი შოუსი, რომელმაც დრეგის ისტორია შეცვალა.

RuPaul’s Drag Race („რუპოლის დრეგ რბოლა“) პირველად 2009 წელს ამერიკულ ტელეარხ Logo TV-ზე გამოჩნდა და პრემიერიდან დღემდე უამრავი ლგბტქ+ თუ თანამოაზრე გულშემატკივარი შეიძინა. გარდა ამისა, გადაცემას მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე ანალოგი აქვს, მათ შორის RuPaul's Drag Race Thailand და RuPaul's Drag Race UK. 2018 წელს RuPaul’s Drag Race-ს გადაეცა ემის ჯილდო, როგორც ყველაზე ავთენტურ რეალითი შოუს ტელესივრცეში; 2018 წელს კი გადაცემის წამყვან რუპოლს იგივე ჯილდო გადაეცა საუკეთესო წამყვანის კატეგორიაში.

ბევრისთვის გასაკვირიც იქნება, რომ დღესდღეობით მეინსტრიმად ქცეულ ხელოვნების ამ ფორმას ჯერ კიდევ შექსპირიანულ ინგლისში ჩაეყარა საფუძველი. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ამ პრაქტიკას უტილიტარული მოტივებისთვის მიმართავდნენ. დრეგის ისტორია პირდაპირ კავშირშია თეატრის ისტორიასთან, რომელიც, თავის მხრივ, წარმოუდგენელია შუასაუკუნეების რელიგიური საფუძვლების გარეშე.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ დრეგს რელიგიურ სამყაროშიც აქვს საკუთარი ადგილი.

მე-17 ს-ში, როცა შექსპირმა გლობუსის თეატრი დააარსა, მხოლოდ კაცებს ჰქონდათ სპექტაკლებში მონაწილეობის პრივილეგია და ხშირად მათ ქალთა როლების მორგებაც უწევდათ. ეს კანონი საეკლესიო ცხოვრებაში მათი როლის მნიშვნელობას უკავშირდებოდა.

სავარაუდოდ, სიტყვა Drag სწორედ ამ პერიოდში დამკვიდრდა, რადგან მსახიობები ხშირად აღნიშნავდნენ, თუ როგორ „ეთრეოდა“ (ინგ. to drag) მათი კაბები სცენაზე.

გასული საუკუნის 20-იან წლებში ამერიკულ კულტურაში საკმაოდ პოპულარული გახდა ვოდევილი. ის აერთიანებდა ცეკვას, მუსიკას კომედიასა და ბურლესქს. აღსანიშნავია, რომ დრეგმა სწორედ ვოდევილის მეშვეობით გადაინაცვლა განვითარების ახალ ეტაპზე — თუკი ქალის განსახიერება აქამდე სხვადასხვა სპექტაკლების რიგითი ელემენტი იყო, 20-იან წლებში მან ინდივიდუალური პერფომანსის ფორმა მიიღო.

დრეგი მალევე გახდა ვოდევილის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი. ჯულიან ელტინჯი, რომელიც 20-იან წლებში ყველაზე სახელგანთქმულ დრეგ ქუინად იყო აღიარებული, წარმატებას სწორედ ვოდევილის პერფორმანსებით მიაღწია. ჯულიანი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის ტიტულს ატარებდა და ისეთ თანამედროვეებს უსწრებდა როგორიც იყო ჩარლი ჩაპლინი.

1930-იან წლებში, ქალთა განსახიერება და დრეგი გეი კულტურასთან გაიგივდა. 1920-33 წლებში, როდესაც ა.შ.შ-ში მასიურად აიკრძალა ალკოჰოლის წარმოება და მოხმარება, გეი კაცებისთვის ერთგვარი თავშესაფარი მიწისქვეშა კლუბები და სფიქიზები გახდა — ეს იყო კანონით აკრძალული სივრცე, რომელიც საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვისა და გართობის საშუალებას იძლეოდა.

„აკრძალვების ხანაში“ დრეგ ქუინების პერფორმანსები სფიქიზის მთავარი ელემენტი იყო, რომლის პოპულარობაც დღითიდღე იზრდებოდა. მოვლენას საკუთარი სახელიც კი შეარქვეს — The pansy craze, რაც სიტყვა-სიტყვით სამფერა იის სიგიჟეს ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ სამფერა ია ქალის მსგავსი/ჰომოსექსუალი კაცის მეტსახელადაც გამოიყენებოდა. მიუხედავად იმისა, რომ „აკრძალვების ხანამ“ ა.შ.შ-ში საკმაოდ მცირე ხანს იარსება, მსგავსი მიწისქვეშა კლუბები 50-60-იან წლებშიც ინარჩუნებდა აქტუალურობას.

დომინანტური, კონსერტვატული კულტურა აგრძელებდა გეი კულტურის კრიმინალიზებას, პოლიცია მასობრივად არბევდა და ხურავდა გეი ბარებს. შედეგად, გეი კულტურამ პირდაპირი მნიშვნელობით ანდერგრაუნდში (მიწისქვეშეთში) გადაინაცვლა. თემი დღითიდღე იზრდებოდა და ვითარდებოდა მიუხედავად ყველა იმ დამცირებისა თუ დისკრიმინაციისა, რასაც ყოველდღიურობაში აწყდებოდნენ — ბარებს სახელმწიფო  რეგულაციებით ეკრძალებოდათ მათი მომსახურება, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი რეიდით ემუქრებოდნენ. თემისთვის ასევე არალეგალური იყო თავშეყრის ადგილებში საკუთარი თავის გამოხატვა, გართობა და ცეკვა.

რაც უნდა გასაკვირი იყოს გეი თემსა და დრეგ ქუინებს „მხსნელად“ ნიუ იორკის მაფია, უფრო კონკრეტულად კი ჯენოვეს ოჯახი მოევლინა. 1966 წელს ჯენოვეების ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა მანჰეტენის გრინვიჩის სოფელში მდებარე სტოუნვოლის ბარი შეიძინა, რომელიც მალევე გახდა გეი კულტურის ეპიცენტრი. 1969-ისთვის თემმა აქტიურად დაიწყო ხილვადობისთვის ბრძოლა, ისტორიულ დემონსტრაციებს კი სწორედ სტოუნუოლში ჩაეყარა საფუძველი.

ამავდროულად ა.შ.შ-ს მასშტაბით დრეგ ქუინებისთვის სილამაზის კონკურსები (beauty pageant) ეწყობოდა, რომელსაც მოძრაობის ერთ-ერთი წევრი Flawless Sabrina ხელმძღვანელობდა. საბრინამ ტრადიციული, ჰეტერონორმატიული სილამაზის კონკურსი ქვიარ დღესასწაულად აქცია.

საბრინა არ ერიდებოდა დრეგით გამოჩენას სხვადასხვა ტელეშოუებსა თუ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. ეს კი იმ დროისთვის სრულიად მიუღებელი იყო და არცაა გასაკვირი, რომ პოლიციამ დრეგ ქუინი რამდენჯერმე დააკავა.

ფერადკანიანი Lლგბტქ+ ადამიანები თავს ძირითადად მანჰეტენის გარეუბნებს აფარებდნენ და სავარაუდოა, რომ 1970-იანი წლების პირველ ნახევარში სწორედ აქ დამკვიდრდა დრეგ ბოლის კულტურა.

ამავე პერიოდში დრეგი ეტაპობრივად ეცნობოდა ფართო აუდიტორიას. პროცესში უდიდესი წვლილი მიუძღვით ისეთი ხელოვანებს, როგორიცაა ტიმ ქარი ფილმში „როკის საშინელებათა შოუ“ (Rocky Horror Picture Show) და დევიდ ბოუი მისი უნიკალური ანდროგენული სტილით.

1980-იან წლების კინემატოგრაფიასა და მუსიკაში დრეგისა და გენდერის მრავალფეროვნების კიდევ უფრო დიდი ექსპერიმენტები ჩატარდა ისეთი ხელოვანების მიერ, როგორებიც არიან ბოი ჯორჯი და პიტ ბერნსი.

90-იანებში საზოგადოება მზად იყო დრეგის მეინსტრიმ კულტურაში მისაღებად, რუპოლი კი „საჭირო დროს საჭირო ადგილას“ გამოჩნდა და, შეიძლება ითქვას, დრეგის მთავარი „სახე“ გახდა. დღესდღეობით კი მან უდიდესი ძვრები გამოიწვია არამარტო შოუბიზნესში, არამედ საზოგადოების ცნობიერებაში. 

რუპოლმა თავდაპირველად 80-90-იანების ნიუ იორკის კლუბურ მოძრაობაში გაითქვა სახელი, რამაც რეალურად მისი საერთაშორისო აღიარების საფუძველი შექმნა.

დრეგ ქუინის კარიერაში გარდამტეხი კი მისი სინგლი Supermodel (You Better Work) აღმოჩნდა, რამაც ახელოვანს უდიდესი წარმატება მოუტანა. რუპოლი გახდა პირველი დრეგ ქუინი, რომელიც MAC-ის — უდიდესი კოსმეტიკური კომპანიის მომხსენებლად მიიწვიეს. მას ასევე ჰქონდა საკუთარი ტელეშოუ არხ VH1-ზე და მიჰყავდა დილის რადიო გადაცემა WKTU-ზე.

2009 წელს შედგა ფენომენალური რეალითი შოუს RuPaul’s Drag Race-ის პრემიერა.

დღევანდელ რეალობაში სოციალურმა ქსელმა ადამიანებს უამრავი ახალი შესაძლებლობა მოუტანა, მათ შორის პლატფორმა შეუქმნა და ყურადღების ეპიცენტრში მოაქცია ისეთი მარგინალიზებული კულტურა, როგორიცაა დრეგი. ხელოვნების ამ ფორმას უამრავი მიმდევარი ჰყავს და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დრეგი მეინსტრიმ კულტურის ნაწილია და არ აპირებს საკუთარი პოზიციის დათმობას.

ბერნანდეტ დერონი

 

თარგმანი: ანა ხმალაძე

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტში (PDF)

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქართულ ფემინისტურ მოძრაობაში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი და მიმართულებაა. ამავდროულად, საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, ENPARD. ამ კონტექსტში მოცემული კვლევა (პოლიტიკის დოკუმენტი) მიზნად ისახავს, გამოავლინოს სოფლის მეურნეობაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერები და განვითარების პოლიტიკებში ამ საკითხის ინტეგრაციის შესაძლებლობები. კვლევის ფარგლებში ანალიზი განხორციელებულია ადამიანის უფლებების მიდგომისა და გენდერი და განვითარების მიდგომის გამოყენებით; კვლევა განხორციელდა თვისებრივი მეთოდების გამოყენებით. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გამოწვევები განხილულია ისტორიულ, გლობალურ და ლოკალურ ჭრილში, და კვლევის მიზნიდან გამომდინარე, დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტსა და გამოწვევებთან. ანალიზსა და კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით გავცემთ რეკომენდაციებს სახელისუფლებო ინსტიტუტებისთვის.

image

რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას ღვინის წარმოებაზე

იმედია, როგორც მომხმარებლები, შევძლებთ იმ ცვლილებების მართვას, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესით და გადაწყვეტილებებითაა გამოწვეული. დროა ჩვენი თანხები სწორად მივმართოთ და მხარი დავუჭიროთ ფერმერებსა თუ ადგილობრივ მწარმოებლებს და ასევე საკუთარ წარმოებებს. შეგვიძლია, ვიყოთ მეტად ინფორმირებული, დავსვათ შეკითხვები, მივიღოთ პასუხები და მივიღოთ გადაწყვეტილებები მეტად ჯანსაღი პლანეტისა და საზოგადოებისთვის.

შემოგვიერთდით