ტრამპიდან ბორის ჯონსონამდე: როგორ გვკარნახობენ მდიდრები, რა უნდათ „ნამდვილ ადამიანებს“

გამოქვეყნებულია: 12.Dec.2018

მახსოვს, როცა პირველად გავიაზრე დონალდ ტრაპის მოთხოვნები, რასაც იგი თეთრკანიან, საშუალო კლასის ამერიკელებს უყენებდა. 2016-ში აიოვას შტატის პარტიის სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე ტრამპი აიოველი ცნობილი მქადაგებლის ვაჟმა ჯერი ფელუელ უმცროსმა წარადგინა. ფელუელმა მსმენელს უამბო, როგორ მიიპატიჟა ტრამპმა იგი ვახშამზე საკუთარ თვითმფრინავში. აღსანიშნავია, რომ ფელუელი ვახშამზე რაღაც განსაკუთრებულს და ძვირადღირებულს ელოდა, მაგრამ მისი მოლოდინი არ გამართლდა. «...და იცით რა მივირთვით ვახშამზე?» — ჰკითხა მან მსმენელს — «ვენდი’ს!». პასუხმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და მსმენელი ფელუელთნ ერთად იცინოდა ამბის მოულოდნელ დასასრულზე.

იმ მომენტში გავაცნობიერე, რომ შეკრებილი ადამიანები, იმ ქალაქის წარმომადგენლები, რომელშიც ყოველი მე-7 ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს და მათი წლიური შემოსავალი  47 097$-ს არ აღემატება, ხედავდნენ მსგავსებას საკუთარ თავსა და ნიუ-იორკელ მილიარდელს შორის. შესაძლოა, მათი და ტრამპის ცხოვრება საერთოდაც არ ჰგავდა ერთმანეთს, მაგრამ მისი გემოვნება ხალხისთვის, ერთი შეხედვით, ნაცნობი იყო. მათ სჯეროდათ, რომ თუკი ოდესმე გამდიდრება ეწერათ — და აღსანიშნავია, რომ თეთრკანიანი მუშათა კლასის ამერიკელების საკმაოდ დიდ რაოდენობას, ერთ მშვენიერ დღეს გამდიდრების გულუბრყვილოდ სწამს— სწორედ ტრამპის მსგავსნი იქნებოდნენ და არა სნობები, როგორც მით რომნი, რომელიც გასულ არჩევნებში უგულებელყვეს.

ელიტის წინააღმდეგ მებრძოლი მემარცხენე პოპულისტები, ძირითადად, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალაუფლებას გულისხმობენ. მათი სამიზნე სწორედ ის 1%-ია, რომელსაც მსოფლიოს სიმდიდრის ½  ეკუთვნის; ესენია: გაზეთის მაგნატები, ბანკირები, პოლიტიკური დონორები, კორპორაციული ლობისტები; ტონი ბლერი, კლინტონები, ბუშები, ძველი ეტონიანელები, ძველი ჰაროვიანები, ოქსფორდი, კემბრიჯი, იელი, ჰარვარდი, ბულინგდონი. ის ადამიანები, რომლებიც სამყაროს იერარქიური პირამიდის მწვერვალებიდან, მემკვიდრეობით მიღებული პრივილეგიებით მართავენ. მემარცხენეებს სწამთ, რომ უთანასწორობის ზრდასა და ოლიგარქების პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შედეგად იკლებს დემოკრატიულობის შანსები; ოლიგარქები სახელმწიფო სათავეებში მოსვლისთანავე ქვეყანას საკუთარი ინტერესების მიხედვით მართავენ. საბოლოოდ კი ვიღებთ სოციუმს, რომელიც ოქროს კანონის მიხედვით ოპერირებს — წესებს ადგენენ ისინი, ვისაც ოქრო აქვთ.

მემარჯვენე პოპულისტების შემთხვევაში კი სიტუაცია სხვაგვარადაა, ისინი ელიტაში კულტურას გულისხმობენ. მათი სამიზნეები არიან რეჟისორები, მსახიობები, ლექტორები, ჟურნალისტები, „გლობალისტები“, სპირიტუალისტები, მეცნიერები, ვეგანები; კლინტონები, ჰოლივუდი, ლონდონელები, სასექსელები, სილიკონ ველი, ბერკლი, ნიუ-იორკელები. მემარჯვენეები ირწმუნებიან, რომ სწორედ ეს ადამიანები „ძერწავენ“ ფართო მასების ცნობიერებას — კარნახობენ, რა უნდა გაიგონ და უზღუდავენ, რა უნდა თქვან. წარმოდგენის დამაჯერებლობისთვის აუცილებელია, რომ „ელიტა“ „რიგით ადამიანებს“ თანასწორად მიიჩნევდეს; მათზე ქედმაღლური დამოკიდებულება, როგორც უმეცარ, ფანატიკოს და უკულტურო მასაზე ხომ კარიერული თვითვმკვლელობის ტოლფასია?! მემარჯვენეები ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდებიან „რიგითი ადამიანის“ საკუთარი ხატის მიხედვით ფორმირებას. მაგ., ჯონ კერის ჰობი — ქარის სერფინგი და ბარაკ ობამას არუგულას სიყვარული ნათელი მაგალითია ამერიკულ ღირებულებებთან არასაკმარისი კავშირისა. ამგვარი არასასურველი გავლენის პროდუქტია ჰომოგენური ხალხის კულტურა, რომელსაც რიგითი ამერიკელების აზრით, ემუქრებიან იმიგრანტები, კოსმოპოლიტები და მულტიკულტურალისტები. ის, რასაც სარა იგო The Averaged American-ში აღწერს, როგორც „უცნაურ აცდენას ტიპურ, კარგ, საშუალო და იდეალურ ამერიკელს შორის“, რაც ინიღბება, როგორც „რიგითი ამერიკელი კაცის“ პროტოტიპი, გამიზნულია ეთნიკურად „სუფთა“ Volk-ის1 კულტურული ფორმის გასაძლიერებლად.

მემარცხენეებმა უარესი გააკეთეს, იმის აღიარების მაგივრად, რომ ზემოხსენებულმა მემარჯვენეებს საკმაოდ დიდი სამუშაო პოტენციალი მისცა. იქამდე, სანამ ტრამპის მიზოგინურობას გავაკრიტიკებდეთ, საჭიროა საკუთარ თავს ვკითხოთ, როგორ დავუშვით, რომ ჰოლივუდის აღიარებული პროდუსერი ჰარვი ვაინშტაინი, რომელიც არანაკლებ ცნობილი იყო სექსუალური ძალადობების ვრცელი დოსიეთი, ყოფილიყო როგორც ლიბერალური წამოწყებების, ასევე დემოკრატიული პარტიის ცნობილი დონორი. 2016-ში ჰილარი კლინტონმა გააკრიტიკა ტრამპის მხარდამჭერები და მათ „საშინელებათა კალათა“ უწოდა, ობამამ კი დაახასიათა, როგორც „პოსტ-ინდუსტრიული ქალაქების გაბრაზებული ამომრჩევლები, რომლებიც საკუთარი ფრუსტრაციებისგან გათავისუფლების მიზნით იყენებენ იარაღს, რელიგიას ან ანტიპათიას მათგან განსხვავებულ ადამიანებთან საბრძოლველად“. ამ ფაქტმა ტრამპის ამომრჩევლებს „უფლება მისცა“, თავი მეტად აღმატებულებად ეგრძნოთ.

ლიბერალები მუდმივად ირწმუნებიან, რომ საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე უკეთ ესმით მუშათა კლასის საჭიროებები, ვიდრე თვითონ მუშათა კლასს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქედმაღლობა და ამპარტავნებაა. მათ აქვთ იმედი, რომ ბრექსითის მეორე რეფერენდუმი განსხვავებულ შედეგებს მოუტანთ, მაგრამ ამისთვის იმაზე მეტია საჭირო, ვიდრე ამომრჩევლების კრიტიკა, «რომლებიც ზედმეტად სულელები იყვნენ იმისთვის, რომ თავის დროზე სცოდნოდათ, ვის აძლევდნენ ხმას».

არსებობს ლიბერალიზმის პატერნალისტური მიმართულება, რომლისთვისაც ღარიბთა მატერიალური დახმარება უფრო კომფორტულია, ვიდრე მათი მოსმენა და გაძლიერება. ეს ფაქტი არა მხოლოდ მეთოდის ამორალურობაზე მეტყველებს, არამედ სტრატეგიულად ააშკარავებს პატერნალისტური ლიბერალიზმის სისუსტეებს. «თქვენი აზრით, რამდენი ხანი უნდა ეძახოთ ადამიანს, რომ ის სულელია? იქამდე, სანამ გაბრაზდება?» — იკითხა ტრამპის ამომრჩეველმა ჯეიმი უოლშმა, რომელსაც 2016-ში ინდიანას შტატში შევხვდი.

მიუხედავად ყველაფრისა, მემარცხენეობა ის სივრცეა სადაც „კულტურისთვის მებრძოლთა“ მხილება მათი იდეოლოგიის არაადეკვატურობასა და ფარისევლობაში ყველაზე ოპტიმალური და პროდუქტიულია. პირველ რიგში პოპულისტ მემარცხენეთა „რეცეპტი“ არასდროს ამართლებს. დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების მთავარი მიზეზი სახელმწიფოს გაძლიერება იყო, მაგრამ სანაცვლოდ მივიღეთ დასუსტებული, დაბნეული და შუაზე გახლეჩილი ქვეყანა: პატარა ინგლისი დიდი ბრიტანეთის ნაცვლად. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დატოვებამ ბრიტანელთათვის ნაცნობ პოსტ-იმპერიალისტურ მელანქოლიას არაადეკვატურობის ელფერი შესძინა. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მუსლიმებისა და მიგრანტების მოქალაქეობრივი და ქალთა რეპროდუქციული უფლებების წართმევით დანარჩენ ჯგუფთა უფლებები არ იზრდება. მაშინ, როცა ტერორისტების მიერ მოკლულთა რიცხვს საგრძნობლად აღემატება იარაღიანი, ამერიკელი, თეთრკანიანი ბავშვების მიერ მოკლულთა რიცხვი, უსაფრთხო ცხოვრების ერთადერთი საფრთხე უშუალოდ ადამიანის ცხოვრების წესია.

მეორე მხრივ არსებობს უფრო ღირებული და საამაყო ისტორიები, რომლებიც პერიოდულად იჩენს თავს ამერიკულ ყოველდღიურობაში. მაგ., ბარაკ ობამას პირველი საპრეზიდენტო არჩევნები: შეიქმნა კოალიცია, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა რასის, ასაკისა თუ ეკონომიკური ფენის წარმომადგენლებს. კოალიციის მთავარი მესიჯი კი ინკლუზიურობა, თანასწორობა და მომავლის იმედი იყო. ალბათ, ყოველთვის რელევანტური იქნება ის ფაქტი, რომ ტრამპის ამომრჩევლების, უხეშად რომ ვთქვათ, ყოველი მე-8 ადამიანი 2012-ში ობამას მხარდამჭერი იყო.

და ბოლოს, „რიგითი ადამიანების“ „გულშემატკივარ“ მემარჯვენე ფრთას საკუთარ სამიზნე კატეგორიაზე მეტად ელიტაში აქვს ფესვები გადგმული. პარადოქსულია, როცა ამერიკელებისთვის ჯორჯ ბუში დალევის ყველაზე სასურველ კომპანიონად მიიჩნევა მიუხედავად იმისა, რომ ის ალკოჰოლს შეზღუდული რაოდენობით იღებს; ეტონის უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი, ბულინგდონელი ბორის ჯონსონი თავს „ხალხის კაცად“ ასაღებს; ტრამპი კი მამისგან მემკვიდრეობით, დღევანდელი ექვივალენტით 140 მილიონ $-ს იღებს, პარარელურად კი ირწმუნება, რომ თავისი ქონება მხოლოდ და მხოლოდ თავდაუზოგავი შრომის შედეგია.

ან, როგორც ჯორჯ კლუნი, ამბობს: «მე კენტუკიში გავიზარდე. კარდაკარ ვყიდდი დაზღვევას, ქალის ფეხსაცმელებს. ვმუშაობდი ალკოჰოლური სასმელების 24-საათიან მაღაზიაში.  ვყიდულობდი ზედმეტად დიდი ზომის პიჯაკსა და შარვალს, სამსახურის გასაუბრებებზე კი მოჭრილი ნაწილებისგან გაკეთებული ჰალსტუხით დავდიოდი. სასაცილოა ის ფაქტი, რომ, მე, ჩემთვის გაუგებარი მეზეზების გამო, ჰოლივუდის ელიტად ვითვლები. ის [ტრამპი] კი ყოველდღე ოქროს საპირფარეშოში ისაქმებს, მაგრამ მაინც ხალხის კაცად რჩება».

 

გარი იანგი



1 Volk -  ფოლკის კონცეფცია გვხვდება მე-19 ს-ის გერმანიაში და გულისხმობს რწმენას, რომ გერმანია სხვა კულტურებზე მაღლა მდგომია და რომ მათ გარკვეული მისია აკისრიათ კაცობრიობის წინაშე.

 

თარგმანი: ანა ხმალაძე

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

4 თეზისი დეპრესიასა და რადიკალურ პრაქსისზე

დეპრესიას პოლიტიკური სახე აქვს. მაშინ, როცა მენტალური ჯანმრთელობის სერვისის დაფინანსება გამუდმებით მცირდება, თვითმკვლელობისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების სტატისიკა კი საგრძნობლად მატულობს, უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ დეპრესია არის იმ პოლიტიკური სიტუაციით განპირობებული მდგომარეობა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. ბრიტანეთის კონტექსტში არსებულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რომელიც სახელმწიფოს დანახარჯების შემცირებასა და გადასახადების ზრდით ხასიათდებოდა, განაპირობა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დამყარებული  ტექნიკის შემუშავება იმ კატასტროფული მდგომარეობის გასამართლებლად, რაც ჯანდაცვისა თუ უმუშევრობის სფეროებში ვლინდებოდა. თავის ესსეში Good for Nothing მარკ ფიშერი წერს, რომ მთელი ჩვენი თაობა, კოლექტიურად იტანჯება გამოუსადეგრობის სინდრომით — რწმენით, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ღირებულება, ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც ამის საპირისპიროს ამტკიცებს, აღიქმება შეცდომად, არასწორ ვარაუდად. მესიჯი, რომელიც მუდმივად მყარდება მმართველი კლასის მხრიდან არის ის, რომ კლასობრივი სისტემა, რომელშიც ჩვენი მშობლები დაიბადნენ და ცხოვრება გაატარეს —  აღარ არსებობს,  რომ სოციალური მობილობა დღევანდელობაში ბევრად უფრო მოქნილი და მარტივია, შესაბამისად ერთადერთი ბარიერი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე შეიძლება მხოლოდ საკუთარი თავი იყოს.  ჩვენ გამომწყვდეულები ვართ დაუკმაყოფილებელი სურვილების ტრაგიკულ ციკლში, რომელსაც კაპიტალი აწარმოებს; ჩვენ წარმოვადგენთ მოსახლეობას, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ჩაესმის მესიჯი, რომ ის არაფრისთვის ვარგა, თუმცა მაინც გამუდმებით არწმუნებენ, რომ შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი რამ, რაც მოესურვება.

image

ბიომორფული ურბანიზმი

მზარდი მოსახლეობა საჭიროდ მდგარადად განვითარების შესაძლებლობას უდიდესი გამოწვევის წინაშე აყენებს. ამ კომპლექსურ ამოცანას კლიმატის ცვლილების საფრთხეები უფრო ამძიმებს. მაგრამ ეს შეუძლებელი საერთოდ არაა. ბიომორფული ურბანიზმი გვთავაზობს ჩარჩოს ჩვენი ქალაქების გადააზრებისთვის სხვადასხვა დონეზე — ინდივიდების ყოველდღიური ცხოვრებიდან, მთელი რეგიონის და ეკო-სისტემების სიჯანსაღემდე. ეს კონცეფციები ნებისმიერი ზომის თემს შეიძლება, მოერგოს დაბებიდან და სოფლებიდან დაწყებული, მთავარი მუნიციპალიტეტებით და ახლადშექმნილი მეგა-ქალაქებით დამთავრებული.

image

ფინეთის წითელი ქალები

ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ფინეთის პრეზიდენტის საული ნინისტოს წინასაახალწო მილოცვაში ფინეთის 1918 წლის სამოქალაქო ომის ჯერაც მოუშუშებელ ჭრილობებზე საუბარი. 26 იანვრის საღამოს, ზუსტად 100 წლის წინ, „ჰელსინკის მუშათა სახლში“ წითელი შუქურა ენთო. შუქურა, რომელიც ფინეთის სოციალისტ წითლებსა და ნაციონალისტ თეთრებს შორის საზარელი დაპირისპირების შესახებ იუწყებოდა.

შემოგვიერთდით