ფემინიზმი და ეკოლოგია

გამოქვეყნებულია: 23.Jul.2016

ადამიანების უმრავლესობისთვის ნათელი ხდება, რომ გარემოზე მიყენებულმა ზიანმა საგანგაშო ზღვარს მიაღწია. ბევრ მეცნიერს სჯერა, რომ სამოქმედოდ მხოლოდ 50 წელი გვაქვს დარჩენილი სანამ სასიცოცხლო ეკოსისტემები გამოუსწორებლად დაზიანებულა. რადიკალური ზომების მიღების გარეშე ადამიანის მოდგმის და, სავარაუდოდ, თავად ბიოსფეროს მომავალიც ეჭვქვეშ დგას.

უამრავი ეკო-ფემინისტი მეცნიერი განიხილავს ბუნებაზე დომინირებას და ექსპლუატაციას ქალზე დომინირების და ექსპლუატაციის პარალელურად, რადგან მთელი ისტორიის მანძილზე ბუნება ქალთან იყო იდენტიფიცირებული (Merchant 1980; Plumwood 1986). ამ თვალსაზრისით, ორივე, გარემოც და ქალიც არის ავტორიტარული კონტროლის  მსხვერპლი. აქედან გამომდინარე, ბევრმა ეკოლოგმა და ფემინისტმა გააცნობიერა, რომ მათი მიზნების მისაღწევად ავტორიტარული პარადიგმა უნდა აღმოიფხვრას.

ფემინისტებისთვის ეს იერარქიული ინსტიტუციების ჩამოშლას გულისხმობს, რომელშიც პატრიარქალურ-ავტორიტარული დომინაციისა და ექსპლუატაციის ღირებულებებია შერწყმული. ფემინისტები, განსაკუთრებით ეკო-ფემინისტები და ანარქო-ფემინისტები, ხშირად განიხილავენ ამას, როგორც „საზოგადოების ფემინიზაციას“, ვინაიდან სხვაზე დომინირება და ექსპლუატაცია საყოველთაოდ მიჩნეულია როგორც „მასკულინური“ ღირებულებები. „ფემინიზაცია“ მათთვის ნიშნავს „მასკულინური“ ღირებულებების ჩანაცვლებას საყოველთაოდ მიღებული „ფემინურობით“. ასეთია, მაგალითად, თანამშრომლობა, გაზიარება, ურთიერთდახმარება, თანაგრძნობა, გარემოს  პატივისცემა და ა.შ.

ფემინისტებისა და ეკოლოგების მიერ წამოჭრილი პრობლემა, რომელიც ფესვგადგმულია ავტორიტარულ პარადიგმაში, ალბათ, ყველაზე კარგად შეიძლება დავინახოთ ეკონომიკის პერსპექტივიდან.

უამრავმა ეკოლოგმა მიაპყრო ყურადღება კაპიტალიზმის თანდაყოლილ მოთხოვნილებებს, რომლებიც მუდმივად მაღალ ეკონომიკურ ზრდას გულისხმობენ. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას აუცილებლად მიიჩნევს პრაქტიკულად ყველა მეინსტრიმ ეკონომისტი და პოლიტიკოსი, ნათელი ხდება, რომ ამგვარ ტენდენციას ეკოლოგიურ კატასტროფამდე მივყავართ.

ამიტომ ზოგიერთი ეკოლოგი მოგვიწოდებს „წონასწორული ეკონომიკის“ (steady-state economy) განვითარებისკენ. ასეთი სისტემა ა) დაფუძნებულია ალტერნატივაზე, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებზე და გადამუშავებული ან განახლებადი ნედლეულის გამოყენებაზე და ბ) არ არის დამოკიდებული მაღალი დონის თავდაცვით ხარჯებზე ან სწრაფ ზრდაზე. თუმცა, ჯერჯერობით, ეკოლოგების უმეტესი ნაწილი პირველ ვარიანტზეა ორიენტირებული და ნაკლებ ყურადღებას უთმობს იმ ფაქტს, რომ  სწრაფი ზრდა და სამხედრო კეინსიანიზმი სწორედ კაპიტალიზმის მტაცებლური ბუნებიდან წარმოიშვება. ანუ ინდივიდუალურ კაპიტალისტურ კომპანიებსა და პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის (ერი-სახელმწიფო) კონკურენტული ბრძოლიდან, სადაც, მოგებისთვის ერთმანეთს ნედლეულში, იაფ მუშახელსა და საბაზრო წილში ეცილებიან.

ეკოლოგების მცირე ნაწილი, რომელმაც ეს ფაქტი გააცნობიერა, ალბათ, ეთანხმება მოსაზრებას, რომ წონასწორული ეკონომიკა პრაქტიკულად შეუძლებელია სანამ ე.წ. „მასკულინური“ ღირებულებების დომინირება არ ჩანაცვლდება „ფემინური“ თანამშრომლობით, ურთიერთდახმარებით და საზოგადო დოვლათის სამართლიანი განაწილებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წონასწორული ეკონომიკა თავისთავად გულისხმბს „ფემინიზაციას“.

ეს არის აბსტრაქტული გზა ფემინიზმის და ეკოლოგიის წამოწყების  ურთიერთდამოკიდებულების საჩვენებლად. თუმცა არსებობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული უფრო კონკრეტული საშუალებაც, რომლის მიხედვითაც ორივე მოძრაობა საჭიროებს მუშათა მმართველობის წარმატებას.

მიუხედავად იმისა, რომ ეკოლოგების უმეტესობა აღიარებს კაპიტალისტური „ზრდის ან დაღუპვის“ ფილოსოფიის დამანგრეველ შედეგს, მათი უმრავლესობა მაინც ვერ ახერხებს კავშირის დანახვას ამ ფილოსოფიასა და ტიპური კაპიტალისტური კორპორაციების ავტორიტარულ ფორმებს შორის. მათი ეს მარცხი უცნაურია, რადგან უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომელიც აჩვენებს, რომ ტრადიციული კაპირალისტული საწარმოებისგან განსხვავებით მუშათა კუთვნილებაში არსებული თვითმმართველი საწარმოები გაცილებით ნაკლები წნეხის ქვეშ არიან სწრაფი ზრდის მხრივ. ეს განსაკუთრებით ისეთ საწარმოებშია თვალსაჩინო, სადაც მოგება სრულგანაკვეთიან წევრებზე თანაბრად ნაწილდება.

მუშათა კოოპერატივების ნელი ტემპით ზრდა დადასტურებულია უამრავი მკვლევარის მიერ (მაგ. შვაიქართი 1980 წ. 1993 წ; ჯეკოლი და ლევინი 1984 წ.). ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ტრადიციულ კაპიტალისტურ საწარმოებში მესაკუთრეთა და ხელმძღვანელთა მოგების პროცენტული წილი საგრძნობლად იზრდება მუშათა მატების პროპორციულად. ეს ხდება საწარმოს იერარქიულობიდან გამომდინარე, რომელიც მოწყობილია მუშათა შემოსავლის დიდი ნაწილის პირამიდის მწვერვალში მოსახვედრად. ასეთი სისტემა მფლობელს და მენეჯერებს სწრაფი გაფართოების საშუალებას აძლევს მანამ, რადგანაც  ყოველი ახალი დაქირავებული მუშა მათი შემოსავლის ზრდას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, საწარმოს ავტორიტარული ფორმა სწრაფი და მარტივი ზრდის მთავარი მასტიმულირებელია.

და პირიქით, კოოპერატივის თანამშრომლების თანაბარი წილი, წევრების მატებასთან ერთად თანაბრად იყოფა. ეს მდგომარეობა საგრძნობლად ამცირებს სწრაფ ზრდას. ამ მიზეზის გამო მუშათა მმართველობა აუცილებელი შემადგენელი ნაწილია წონასწორული ეკონომიკის მისაღწევად და ეკოლოგიური მოძრაობის წარმატებისთვის.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ავტორიტარული პარადიგმისა და იერარქიულობის აღმოსაფხვრელად, მშრომელთა თვითმმართველობის კონცეფცია, თავისთავად, „ფემინისტურ“ საზოგადოებაშიც მოიაზრება. ვინაიდან ეკონომიკური თვალსაზრისით, დემოკრატიული მმართველობის ჰორიზონტალურ სტრუქტურას შეუძლია ჩაანაცვლოს არსებული კორპორატიული იერარქია.  ამდენად, ფემინისტებიც და ეკოლოგებიც, საერთო საჭიროებიდან გამომდინარე, მჭიდროდ არიან დაკავშირებულები მუშათა მმართველობასთან.

უფრო მეტიც, აშკარა მიზეზების გამო ფემინიზმი დამოკიდებულია ეკოლოგიის მოძრაობის წარმატებაზე. რადგან, თუ ეკოსისტემა საბოლოოდ დაზიანდა, პლანეტა ადამიანებისთვის საცხოვრებლად შეუფერებელი გახდება. ამ შემთხვევაში ნებისმიერი სოციალური მოძრაობის წარმატებაზე ლაპარაკი აზრს მოკლებული იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი მწვანე მოძრაობა მიაღწევს მიზანს თუ ეკოლოგები ვერ მიაღწევენ თავიანთს.

 

თარგმანი: თათული სულხანიშვილი

ასევე წაიკითხეთ:

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით