ნეოლიბერალიზმი - ჩვენი ყველა პრობლემის სათავე

გამოქვეყნებულია: 12.Jan.2018

წარმოიდგინეთ, რომ საბჭოთა კავშირის მოსახლეობას არასოდეს გაეგო კომუნიზმის შესახებ. იდეოლოგიას, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე ბატონობს, უმეტესი ჩვენგანისთვის სახელი არ აქვს. ახსენეთ იგი საუბარში და მიიღებთ მხოლოდ მხრების აჩეჩვას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს მსენელებს ეს ტერმინი გაგონილი აქვთ, გაუჭირდებათ მისი მნიშვნელობის განსაზღვრა. ნეოლიბერალიზმი: იცით თუ არა, რა არის ეს?

მისი ანონიმურობა არის მისი ძლიერების როგორც სიმპტომი, ასევე - მიზეზი. მან მთავარი როლი შეასრულა მთელ რიგ აღსანიშნავ კრიზისებში: 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისი, სიმდიდრისა და ძალაუფლების ოფშორებად გარდაქმნა (რომლის სულ მცირედი ნაწილი იყო პანამის სკანდალი), საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და განათლების ნელი ნგრევა, ბავშვთა სიღარიბის კვლავ გააქტუალურება, მარტოობის ეპიდემია, ეკოსისტემის კოლაფსი, დონალდ ტრამპის აღზევება. მაგრამ ამ კრიზისებზე ისე გვაქვს რეაქცია, რომ მათ კონტექსტს არ განვიხილავთ; აშკარად, არაა გააზრებული, რომ ყველა ეს კრიზისი წახალისდა ან გამწვავდა ერთი თანმიმდევრული ფილოსოფიის მიერ; ფილოსოფიის, რომელსაც აქვს ან ჰქონდა სახელი. რომელია უფრო დიდი ძალაუფლება, ვიდრე ის, რომელიც უსახელოდ განაგებს?

ნეოლიბერალიზმი იმდენად ყოვლისმომცველი გახდა, ძალზე იშვიათად ვამჩნევთ, რომ იგი იდეოლოგიაა. ჩანს, ჩვენ ვაღიარებთ აზრს, რომ ეს უტოპიური, მილენარისტული1 რწმენა  ნეიტრალურ ძალას წარმოადგენს ბიოლოგიური კანონის მსგავსად, როგორც, მაგალითად, დარვინის ევოლუციური თეორია. მაგრამ ეს ფილოსოფია გაჩნდა, როგორც შეგნებული მცდელობა, ფორმა უცვალოს ადამიანის ცხოვრებას და ადგილი - ძალაუფლების კერას.

ნეოლიბერალიზმი კონკურენციას ხედავს, როგორც ადამიანთა ურთიერთობების ღირებულებათა განსაზღვრის საშუალებას. იგი მოქალაქეებს განსაზღვრავს, როგორც მომხმარებლებს, რომლებიც დემოკრატიულ არჩევანს ყველაზე უკეთ ყიდვა-გაყიდვის საშუალებით აკეთებენ — პროცესით, რომელიც აჯილდოებს დამსახურებას და სჯის არაეფექტურობას. ეს გულისხმობს იმასაც, რომ „ბაზარი“ აწარმოებს მოგებას, რომელიც ვერასდროს მოიპოვება დაგეგმვით.

კონკურენციაში შეზღუდვის შემოტანის მცდელობები თავისუფლებისთვის საზიანოდაა მიჩნეული. გადასახადები და რეგულაციები მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი, საჯარო სამსახურები კი - პრივატიზებული. პროფკავშირების მიერ შრომის დანაწილება და ერთობლივი მოლაპარაკებები  წარმოჩენილია, როგორც ბაზრის დამაზიანებლები, რომელიც აბრკოლებს გამარჯვებულებისა და დამარცხებულების (losers) „ბუნებრივი“ იერარქიის ფორმირებას. უთანასწორობა სათნოებად გვევლინება: ჯილდო სარგებლიანობისთვის და სიმდიდრის გენერატორი, რომელიც წალეკავს ყველაფერს, რათა ყველა მდიდარი უფრო გაამდიდროს. ამ იდეოლოგიის მიხედვით, ძალისხმევა მეტად თანასწორი საზოგადოების შესაქმნელად არის როგორც კონტრპროდუქტიული, ასევე მორალურად გამხრწნელი. ბაზარი გარანტიას იძლევა, რომ ყველა იღებს იმას, რასაც იმსახურებს.

ჩვენ ვითავისებთ და კვლავ ვიმეორებთ მის მრწამსს. მდიდრები თავიანთ თავებს არწმუნებენ, რომ სიმდიდრე საკუთარი დამსახურების წყალობით მოიპოვეს; ისინი უგულებელყოფენ ისეთ ხელშემწყობ პირობებს, როგორიცაა განათლება, მემკვიდრეობა და სოციალური კლასი - ანუ იმ უპირატესობებს, რომლებიც, შესაძლოა, სიმდიდრის მოპოვებაში დაეხმარათ. დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები საკუთარ თავს ადანაშაულებენ თავიანთი მარცხისთვის, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათ მხოლოდ მცირედის გაკეთება ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის შესაცვლელად.

თუ სტრუქტურული უმუშევრობა სუფევს და სამუშაო არ გაქვს პრობლემა მაინც შენშია - უუნარო ხარ. არ აქვს მნიშვნელობა, თუ ბინებს მიუწვდომელი ფასი ადევს, თუ შენი საკრედიტო ბარათი ამას ვერ წვდება - შენ უპასუხისმგებლო და მფლანგველი ხარ. არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ შენს შვილებს აღარ აქვთ სკოლაში სათამაშო მოედანი, თუ ისინი გასუქდებიან - ესეც შენი ბრალია. სამყაროში, რომელსაც კონკურენცია მართავს, ის, ვინც ჩამორჩება, სხვებისა და საკუთარი თავის მიერაც ლუზერად მოიაზრება.

შედეგებს შორის, რომელსაც პოლ ფერჰეიგი აღწერს თავის წიგნში „What About Me?“  მოყვანილია თვითდაზიანების ეპიდემია, კვებითი დარღვევები, დეპრესია, მარტოობა, საჯარო გამოსვლის შფოთვა და სოციალური ფობია. მაგრამ, ალბათ, არცაა გასაკვირი, რომ ბრიტანეთი, სადაც ნეოლიბერალური იდეოლოგია ყველაზე მყარადაა დამკვიდრებული, ევროპის „მარტოობის“ დედაქალაქია. ახლა ჩვენ ყველანი ნეოლიბერალები ვართ.

 

***

ტერმინი „ნეოლიბერალიზმი“ პირველად 1938 წელს პარიზში კრებაზე გამოიყენეს. დელეგატებს შორის იმყოფებოდა ორი ადამიანი, რომლებიც ამ იდეოლოგიის განსამარტად იყვნენ მოსულები - ლუდვიგ ფონ მიზესი და ფრიდრიჰ ჰაიეკი. ორივე ავსტრიიდან იყო გამოძევებული და ორივე ხედავდა სოციალ-დემოკრატიას ფრანკლინ რუზველტის ახალი გარიგებისა2 და ბრიტანეთის კეთილდღეობის ხარისხის თანდათანობითი განვითარების მაგალითზე. მათთვის ეს კოლექტივიზმის ისეთი გამოვლინება იყო, რომელიც იმავე სპექტრს მოიცავდა, რასაც ნაციზმი და კომუნიზმი.

თავის 1944 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „გზა ბატონყმობისკენ“, ჰაიეკმა გააკრიტიკა მთავრობის მიერ ეკონომიკის დაგეგმვა, რომელიც, მისი აზრით, ინდივიდუალიზმის ჩახშობით ხდება და შეუქცევადად მივყავართ ტოტალიტარული კონტროლისკენ. როგორც მიზესის წიგნი „ბიუროკრატია“, ასევე „გზა ბატონყმობისკენ“ ფართოდ გავრცელდა. ამ ნაშრომებმა უამრავი შეძლებული ადამიანის ყურადღება მიიპყრო. მათ დაინახეს გადასახადებისა და რეგულაციებისგან გათავისუფლების შესაძლებლობა. 1947 წელს, როცა ნეოლიბერალიზმის დოქტრინის გასავრცელებლად ჰაიეკმა პირველი ორგანიზაცია „მონ პელერინის საზოგადოება“ დააარსა, ამ გაერთიანებას ფინანსურად მხარს უჭერდნენ მილიონერები და მათი ფონდები.

მათი დახმარებით ჰაიეკმა დაიწყო იმის შექმნა, რასაც დენიელ სტედმენ ჯონსი თავის წიგნში „სამყაროს მბრძანებლები“ (Masters of the Universe) აღწერს, როგორც „ნეოლიბერალური ინტერნაციონალის სახეობას“: აკადემიების, ბიზნესმენების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ტრანსატლანტიკური ქსელი. ამ მოძრაობაში ჩართულმა მდიდარმა ბანკირებმა დააფინანსეს მთელი რიგი think tank-ები (ანალიტიკური ცენტრები), რომლებსაც უნდა დაეხვეწათ და წაეხალისებინათ ნეოლიბერალური იდეოლოგია. მათ შორის იყო ამერიკის მეწარმეთა ინსტიტუტი (American Enterprise Institute), მემკვიდრეობის ფონდი (the Heritage Foundation), Cato-ს ინსტიტუტი ( the Cato Institute), ეკონომიკურ საქმეთა ინსტიტუტი (the Institute of Economic Affairs), პოლიტიკურ სწავლებათა ცენტრი (the Centre for Policy Studies) და ადამ სმითის ინსტიტუტი (the Adam Smith Institute). მათ ასევე დააფინანსეს აკადემიური პოზიციები და დეპარტამენტები, განსაკუთრებით - ჩიკაგოსა და ვირჯინიის უნივერსიტეტებში.

როგორც კი ეს პროცესი თანდათან განვითარდა, ნეოლიბერალიზმი უფრო მეტად მკვეთრი გახდა. ჰაიეკის შეხედულების მიხედვით, ხელისუფლებებმა უნდა დაარეგულირონ კონკურენცია, რათა თავიდან აიცილონ მონოპოლიების აქციათა ვარდნა. მის ამერიკელ მიმდევრებს შორის არიან ისეთები, მაგალითად, მილტონ ფრიდმანი, ვისაც სჯერათ, რომ მონოპოლიური ძალაუფლება უნდა განიხილებოდეს, როგორც ჯილდო ეფექტური მუშაობისთვის.

ამ ცვლილებების დროს სხვა რაღაც მოხდა: მოძრაობამ დაკარგა თავისი სახელი. 1951 წელს ფრიდმანი მოხარული იყო, საკუთარი თავისთვის ნეოლიბერალი ეწოდებინა. მაგრამ, შემდგომ ამისა, ტერმინმა გაქრობა დაიწყო. ჯერ კიდევ უცნობია, რატომ  არ ჩანაცვლებულა დაკარგული სახელი სხვა ალტერნატივით მაშინ, როცა თავად იდეოლოგია უფრო აკურატული და მოძრაობა - უფრო თანმიმდევრული გახდა.

პირველ ეტაპზე, მიუხედავად გულუხვი დაფინანსებისა, ნეოლიბერალიზმი დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობდა. ომის შემდგომი შეთანხმება თითქმის უნივერსალური იყო: ჯონ მეინარდ კეინზის ეკონომიკური გეგმა ფართოდ გამოიყენებოდა, ყველას დასაქმება და ღარიბთა დახმარება ჩვეულებრივ მიზნებს წარმოადგენდა ამერიკისა და დასავლეთ ევროპის უდიდესი ნაწილისთვის; გადასახადების ქვედა ზღვარი მაღალი იყო და მთავრობები სოციალური შედეგების მიღწევას დაუბრკოლებლად ცდილობდნენ: ავითარებდნენ ახალ საჯარო სამსახურებსა და ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების სისტემებს (სოციალურ სფეროში სახელმწიფოს მიერ ღარიბი ფენების დახმარების სისტემა).

თუმცა, 1970 წელს, როცა კეინზიანურმა პოლიტიკამ დაღმასვლა დაიწყო და ეკონომიკურმა კრიზისებმა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს დაარტყა, ნეოლიბერალურმა იდეებმა მეინსტრიმში შემოსვლა დაიწყეს. როგორც ფრიდმანმა აღნიშნა, „როცა ცვლილებების დრო მოვიდა... ალტერნატივა მზად იყო აღმასვლისთვის“. ამ იდეოლოგიის მიმართ კეთილგანწყობილი ჟურნალისტებისა და პოლიტიკური მრჩევლების დახმარებით, ნეოლიბერალიზმის ელემენტები, განსაკუთრებით კი სავალუტო პოლიტიკის გეგმა, მიღებულ იქნა ჯიმი კარტერის ადმინისტრაციის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჯიმ კალაჰანის მთავრობის მიერ ბრიტანეთში.

მარგარეტ ტეტჩერისა და რონალდ რეიგანის სათავეში მოსვლას მალე მოჰყვა მთელი რიგი ღონისძიებების გატარება: მდიდრებისთვის გადასახადების მასიური შემცირება, პროფკავშირების მოშლა, რეგულაციების გაუქმება, პრივატიზაციები, აუთსორსინგი3 და კონკურენციები საჯარო სამსახურებს შორის. ნეოლიბერალური პოლიტიკა თავსმოხვეულ იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, მაასტრიხტის ხელშეკრულებასა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, უმეტესად ყოველგვარი დემოკრატიული შეთანხმების გარეშე, და ეს ყველაფერი მსოფლიოს უდიდეს ნაწილს მოედო. მეტად აღსანიშნავია ამ იდეოლოგიის ატაცება ისეთი პარტიების მიერ, რომლებიც ადრე მემარცხენეები იყვნენ: ლეიბორისტებისა და დემოკრატების მიერ. როგორც სტედმენ ჯონსი წერს: „ძნელია, მოძებნო სხვა უტოპია, რომელიც ასე სრულად განხორციელებულიყოს“.

 

***

ცოტა უცნაურია, რომ დოქტრინის დაპირება თავისუფალ არჩევანზე და თავისუფლებაზე გამოხატული უნდა იყოს სლოგანით: „სხვა ალტერნატივა არ არსებობს“4, მაგრამ ჰაიეკმა  პინოჩეტის ჩილეში, ანუ ერთ-ერთ პირველ ქვეყანაში, სადაც  ეს პროგრამა საყოველთაოდ მიიღეს, ვიზიტისას აღნიშნა, „მე პირადად უპირატესობას ვანიჭებ ლიბერალურ დიქტატურას, ვიდრე ლიბერალიზმს მოკლებულ დემოკრატიულ მთავრობას“. თავისუფლება, რომელსაც ნეოლიბერალიზმი გვთავაზობს, მაცდურად ჟღერს, როცა იგი გამოხატულია ზოგადი დებულებებით, მაგრამ, როგორც აღმოჩნდება ხოლმე, ესაა თავისუფლება მხოლოდ მსხვილი თევზებისთვის და არა ლიფსიტებისთვის.

გათავისუფლება პროფკავშირებისა და კოლექტიური დაბეგვრისგან  ნიშნავს თავისუფლებას ხელფასების შეკვეცაში. რეგულაციებისგან გათავისუფლება ნიშნავს დაბინძურებული, მომწამვლელი მდინარეებისთვის გზის გახსნას, მუშებისთვის უსაფრთხოების ნორმების შემცირებას, ანუ მათ საფრთხეში ჩაგდებას, პროცენტის ნორმების უმართებულო ზრდასა და ეგზოტიკური ფინანსური ინსტრუმენტების შექმნას. გადასახადებისგან გათავისუფლება ნიშნავს სიმდიდრის დანაწილებისგან გათავისუფლებას, ანუ პროცესისგან, რომელსაც ადამიანები სიღარიბიდან ამოჰყავს.

როგორც ნაომი კლაინი წერს თავის წიგნში „შოკური დოქტრინა“ (The Shock Doctrine), ნეოლიბერალმა თეორეტიკოსებმა კრიზისები გამოიყენეს, რათა ხალხისთვის თავს მოეხვიათ არაპოპულარული პოლიტიკა მაშინ, როცა საზოგადოება დაბნეული იყო. მაგალითად, პინოჩეტის გადატრიალების შედეგი, ერაყის ომი და ქარიშხალი კატრინა, ფრიდმანმა ნიუ-ორლეანში ყოფნისას ასე შეაფასა: „განათლების სისტემაში რადიკალური რეფორმების გატარების შესაძლებლობა“.

სადაც ნეოლიბერალური პოლიტიკა თავსმოხვეული ვერ იქნა ადგილობრივად, ეს მოხდა ინტერნაციონალური გავლენით - საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებების მეშვეობით. მათ შორის იყო „investor-state dispute settlement“: ოფშორულ ტრიბუნალებში კორპორაციებს შეუძლიათ, უზრუნველყონ სოციალური დახმარებებისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების აღმოფხვრა. როცა პარლამენტები მხარს უჭერენ თამბაქოზე აქციზის გამკაცრებას, წყლის რესურსების დაცვას წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიებისგან, ელექტროენერგიის გადასახადების გაზრდის შეჩერებას (ფიქსაციას), ფარმაცევტული კომპანიების მიერ ფასების თაღლითურად მომატების აღმოფხვრას, კორპორაციებს ამის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ და, უმეტესწილად, მათი სარჩელები კმაყოფილდება. დემოკრატია თეატრალურ წარმოდგენამდე დაეცა.

ნეოლიბერალიზმის კიდევ ერთი პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ უნივერსალური კონკურენცია რაოდენობისა და სხვაობის უნივერსალურ განსაზღვრას ეყრდნობა. შედეგი კი არის დასაქმებულების, სამუშაოს მაძიებლებისა და ნებისმიერი სახის საჯარო სერვისების უმნიშვნელო წვრილმანებად განხილვა; გამარჯვებულის ამოცნობასა და დამარცხებულის დასჯაზე მომართული სულისშემხუთველი განსჯის რეჟიმი. ფონ მიზესის შემოთავაზებულ დოქტრინას ცენტრალიზებული დაგეგმვის ბიუროკრატიული კოშმარისგან უნდა გავეთავისუფლებინეთ, მაგრამ ამის ნაცვლად მან მსგავსი კოშმარი წარმოშვა.

ნეოლიბერალიზმი არ იყო ჩაფიქრებული, როგორც საკუთარ ინტერესებზე მორგებული მაქინაცია, მაგრამ იგი ჩქარი ტემპით სწორედ ამად იქცა. ეკონომიკური წინსვლა აშკარად შენელებულია ნეოლიბერალურ ხანაში (1980 წლიდან ბრიტანეთში და აშშ-ში), ვიდრე ეს წინა ათწლეულებში იყო; თუმცა, არა - ძალიან მდიდრებისთვის. უთანასწორობა როგორც შემოსავლის, ისე დოვლათის დანაწილებაში 60-წლიანი დაღმასვლის შემდგომ ამ ხანაში სწრაფად აღორძინდა, რაც განპირობებულია პროფკავშირების მოშლით, გადასახადების დაწევით, ქირის გადასახადების ზრდით, პრივატიზაციებითა და რეგულაციების მოსპობით.

ისეთი საჯარო სერვისების პრივატიზაციამ ან საბაზრო პროდუქტად ქცევამ, როგორიცაა ენერგია, წყალი, რკინიგზა, ჯანდაცვა, განათლება, გზები და სასჯელაღსრულების დაწესებულებები, კორპორაციებს საშუალება მისცა, საბაჟოები თავიანთ საკეთილდღეოდ აღემართათ აუცილებელი ქონებებისა და რენტების გადასახადების წინ როგორც მოქალაქეებისთვის, ისე მთავრობისთვის. რენტა კიდევ ერთი ტერმინია გამომუშავების გარეშე მიღებული შემოსავლის აღსანიშნავად. როცა თქვენ გაბერილ ფასს იხდით მატარებლის ბილეთში მისი მხოლოდ მცირე ნაწილი ანაზღაურებს თანხას, რომელიც იხარჯება საწვავზე, ხელფასებზე, მატარებლის ძრავის მუშაობაზე და სხვა გასავალზე. დანარჩენი ფული კი იმის დადასტურებაა, რომ ისინი თავიანთ ჭკუაზე გათამაშებენ.

მათ, ვინც ფლობს და მართავს გაერთიანებული სამეფოს პრივატიზებულ ან ნახევრად პრივატიზებულ სამსახურებს, გასაოცრად უმართლებთ ხოლმე დიდი თანხის მოგებაში მცირედის დაბანდებით. რუსეთსა და ინდოეთში ოლიგარქები სასწრაფო გაყიდვების (გაკოტრებული კომპანიის მიერ აქტივების გაყიდვა დაბალ ფასებში) საშუალებით, სახელმწიფო აქტივებს იგდებენ ხელში, მექსიკაში კი კარლოს სლიმს გადაეცა კონტროლი თითქმის მთელ სატელეფონო ხაზებსა და მობილური ტელეფონის სერვისებზე და მალე იგი მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად იქცა.

როგორც ენდრიუ სეიერი წერს თავის ნაშრომში „რატომ არ მიგვიწვდება ხელი სიმდიდრეზე“ (Why We Can’t Afford the Rich), ფინანსიალიზაციამ იგივე გავლენა მოახდინა. „როგორც რენტა, - ამტკიცებს ავტორი, - პროცენტისგან მიღებული მოგება არის გამომუშავების გარეშე მიღებული შემოსავალი, რომელიც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იზრდება“. როგორც კი ღარიბები უფრო გაღარიბდნენ და მდიდრები უფრო გამდიდრდნენ, ამ უკანასკნელებმა მნიშვნელოვან აქტივებზე გაზრდილი კონტროლი მოიპოვეს, შესაბამისად - ფულიც. პროცენტული გადასახადები არის ღარიბების მიერ მდიდრებისთვის ფულის გადამეტებული რაოდენობით გადაცემა. ქონების მაღალი ფასები და სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა ხალხს მხრებზე აწვება ვალებთან ერთად (დაფიქრდით როგორ იქცევა ხოლმე სტუდენტური დაფინანსებები სტუდენტურ სესხებად), ბანკები და მათი აღმასრულებლები კი მოგებას იხვეჭენ.

სეიერი ამტკიცებს, რომ გასულმა ოთხმა ათწლეულმა დაგვანახა არა მხოლოდ დოვლათის გადაცემა ღარიბიდან მდიდარზე, არამედ მდიდრებს შორისაც: იმათგან, ვინც ახალი საქონლისა თუ სერვისების წარმოებით შოულობს ფულს, მათზე, ვინც უკვე არსებულ აქტივებს აკონტროლებს, ან რენტებით, პროცენტებითა თუ კაპიტალური მოგებით მდიდრდება. გამომუშავებით მიღებული შემოსავალი გამომუშავების გარეშე მიღებულმა შემოსავალმა ჩაანაცვლა.

ნეოლიბერალური პოლიტიკა ყოველმხრივ ბაზრის მარცხებითაა მოცული. არა მარტო ისაა პრობლემა, რომ ბანკები ძალიან დიდები არიან ჩაძირვისთვის, ასევეა კორპორაციებიც, რომლებიც ახლა საჯარო სერვისების მოწოდებაზე იღებენ პასუხისმგებლობას. როგორც ტონი ჯუდმა აღნიშნა თავის ნაშრომში „Ill Fares the Land“, ჰაიეკს დაავიწყდა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული სერვისები მოშლას არ ექვემდებარება, რაც ნიშნავს, რომ კონკურენცია თავის საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანს. ბიზნესი იხვეჭს სარგებელს, სახელმწიფო კი რისკს წევს.

რაც უფრო დიდია მარცხი, მით უკიდურესი ხდება ნეოლიბერალური იდეოლოგია. მთავრობები ნეოლიბერალურ კრიზისებს იყენებენ როგორც საბაბად, ასევე შესაძლებლობად, დაწიონ გადასახადები, მოახდინონ დარჩენილი საჯარო სამსახურების პრივატიზაცია, გააჩინონ ხვრელები უსაფრთხოების ბადეში, კორპორაციებს მოუხსნან რეგულაციები, მოქალაქეებს კი - პირიქით. თვითდესტრუქციული სახელმწიფო ახლა უკვე საჯარო სექტორის ყველა ორგანოში ასობს კბილებს.

ალბათ ყველაზე საშიში გავლენა, რომელსაც ნეოლიბერალიზმი ახდენს, არა ეკონომიკური კრიზისები, არამედ პოლიტიკური კრიზისებია. რამდენადაც სახელმწიფოს საკუთრება მცირდება, იმდენად იკლებს ჩვენი შესაძლებლობა, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების მიმართულება ხმის მიცემის მეშვეობით. ამის ნაცვლად, ნეოლიბერალური თეორია ირწმუნება, რომ ხალხს შეუძლია, არჩევანი გააკეთოს ფულის გადახდით. თუმცა, ზოგს უფრო მეტი აქვს დასახარჯავი, ვიდრე სხვებს: დიდი კონსუმერებისა და აქციონერების დემოკრატიაში ხმები თანაბრად განაწილებული არაა. შედეგად ვიღებთ დაბალი და საშუალო სოციალური ფენების ძალაუფლების შესუსტებას. როცა მემარჯვენე და ყოფილი მემარცხენე პარტიები ამგვარ ნეოლიბერალურ პოლიტიკას ატარებენ, ძალაუფლების შესუსტება სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევამდე მიდის. ხალხის დიდი ნაწილი პოლიტიკას უკვე ჩამოშორებულია.

როგორც კრის ჰეჯესი აღნიშნავს, „ფაშისტურ მოძრაობას საძირკველი ჩაეყარა არა პოლიტიკურად აქტიური ადამიანებისგან, არამედ პირიქით - პოლიტიკურად პასიური ხალხისგან. ისინი არიან „დამარცხებულები“, რომლებიც, უმეტესად მართებულად, მიიჩნევენ, რომ მათი ხმა არ ესმით და არც რამე როლს თამაშობენ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტებში“. როცა პოლიტიკური დებატი აღარ საუბრობს ჩვენთან, ამის სანაცვლოდ ხალხი მეტ ყურადღებას მიაპყრობს სლოგანებს, სიმბოლოებსა და სენსაციებს. მაგალითად, ტრამპის თაყვანისმცემლებისთვის ფაქტები და არგუმენტები არარელევანტური ჩანს.

ჯუდი განმარტავს, რომ მთავრობასა და ხალხს შორის ურთიერთკავშირის მსხვილი ძაფი მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებასა და მის დაქვემდებარებულებს შორის ურთიერთობამდე შემცირდა; ესაა ერთადერთი დარჩენილი ძალა, რომელიც სახელმწიფოს ძალაუფლების ქვეშ გვამყოფებს. ტოტალიტარიზმმა, რომლისაც ჰაიეკს ეშინოდა, უფრო დიდი შანსია, თავი იჩინოს მაშინ, როცა ხელისუფლებები მორალურ ავტორიტეტს კარგავენ, ეს კი წარმოჩნდება იმაში, რომ საჯარო სამსახურების მიწოდება დამდაბლდა „ხალხის დასამორჩილებელ მლიქვნელობად, მუქარად და ბოლოს - იძულებად“.

 

***

როგორც კომუნიზმი - ნეოლიბერალიზმიც ღმერთია, რომელმაც მარცხი განიცადა (the God that failed). მაგრამ ზომბი დოქტრინა კვლავ დაბარბაცებს, ესაა ერთ-ერთი მიზეზი მისი ანონიმურობისა. ან, უფრო სწორად, ანონიმურობების მთელი ნაკრებისა.

უხილავი ხელის უხილავი დოქტრინა უხილავი მფარველების მიერაა ხელგამართული. ძალიან ნელა ჩვენ ვიწყებთ მცირეოდენი მათგანის სახელის აღმოჩენას. ჩვენ ვნახეთ, რომ ეკონომიკურ საქმეთა ინსტიტუტს, რომელიც მედიაში თავგამოდებული დავობდა თამბაქოს ინდუსტრიაში სამომავლოდ რეგულაციების დაწესების წინააღმდეგ, თურმე, 1963 წელს საიდუმლოდ დაარსებული ჰქონია British American Tobacco. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ  ჩარლზ და დევიდ კოხებმა - ორმა უმდიდრესმა ადამიანმა მსოფლიოში, დააარსა ინსტიტუტი, რომელმაც ჩაის პარტიის5 მოძრაობა წამოიწყო. ასევე, ვნახეთ, რომ ჩარლზ კოხმა ერთ-ერთ თავის think tank-ის დაფუძნებისას აღნიშნა, „არასასურველი კრიტიკის თავიდან ასაცილებლად იმის შესახებ, თუ როგორ იმართება და კონტროლდება ორგანიზაცია, იგი ფართოდ რეკლამირებული არ იქნება“.

ნეოლიბერალიზმის მიერ გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა უფრო მეტად დაფარულია, ვიდრე - გაგებული. მაგალითად, „ბაზარი“ ისე ჟღერს, როგორც ბუნებრივი სისტემა, რომელიც, წესით, ჩვენზე თანაბრად უნდა ახდენდეს გავლენას გრავიტაციის ან ატმოსფერული წნევის მსგავსად. მაგრამ იგი აღსავსეა ძალაუფლებასთან კავშირებით. ის, რაც „ბაზარს“ სურს, იგივეა, რაც კორპორაციებსა და მათ ბოსებს სურთ. „ინვესტიცია“, როგორც სეიერი წერს, ორ სრულიად განსხვავებულ რამეს ნიშნავს. პირველია პროდუქტიულ და სოციალურად სასარგებლო აქტივობებში ფულის ჩადება, მეორე კი - არსებული აქტივების შეძენა და მათი გამოყენება რენტებად, პროცენტებად, დივიდენდებად და კაპიტალური მოგებების მისაღებად. ერთ და იმავე სიტყვის სხვადასხვა ქმედებებზე გამოყენება დოვლათის წყაროს ნიღბავს და ერთმანეთში ურევს სიმდიდრის შექმნასა და სიმდიდრის ხელში ჩაგდებას.

ერთი საუკუნის წინ, nouveau riche-ებს (ვინც სიმდიდრე თავის სიცოცხლეში მოიპოვა და მემკვიდრეობით არ მიუღია) აგდებულად უყურებდნენ ისინი, ვისაც თავის ფული მემკვიდრეობით გადაეცა. მეწარმეები თავის დამკვიდრებას ცდილობდნენ რანტიეებად თავის გასაღებით. დღეს ურთიერთობა შემობრუნდა: რანტიეები და მემკვიდრეობით გამდიდრებულები მეწარმეებად გვევლინებიან. ისინი ირწმუნებიან, რომ გამომუშავების გარეშე მიღებული შემოსავალი გამოიმუშავეს. თანამედროვე კაპიტალიზმი ანონიმურობებისა და არეულ-დარეულობების ბადეა თავისი უსახელობითა და ადგილის უქონლობით: ფრანშიზული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ დასაქმებულებმა არ იციან ვისთვის მუშაობენ; კომპანიები რეგისტრირდებიან ისეთ ჩახლართულ ოფშორულ გასაიდუმლოებულ წყობათა ქსელში, რომ პოლიციაც კი ვერ პოულობს ნამდვილ მესაკუთრე-ბენეფიციარებს; გადასახადების დაგეგმვა, რომელსაც ხელისუფლებები გაცურებული ჰყავს; ფინანსური პროდუქტები, რომლისაც არავის ესმის.

ნეოლიბერალიზმის ანონიმურობა მკაცრადაა დაცული. ჰაიეკის, მიზესისა და ფრიდმანის მიმდევრები განსაკუთრებით უარყოფენ ამ ტერმინს. ამით მტკიცდება, რომ იგი დღესდღეობით, და სამართლიანადაც, მხოლოდ ნეგატიური მნიშვნელობით გამოიყენება. მაგრამ ისინი სანაცვლო ტერმინსაც არ გვთავაზობენ. ზოგი მათგანი საკუთარ თავს კლასიკურ ლიბერალს ან ლიბერტარიანელს უწოდებს, მაგრამ ეს განსაზღვრებები შეცდომაში შემყვანი და უცნაურად თავმდაბლურია იმისათვის, რომ ისინი არაფერ განსხვავებულს გვთავაზობენ იმისგან, რაც მოცემულია ჰაიეკის წიგნში „გზა ბატონყმობისაკენ“, მიზესის „ბიუროკრატიაში“ ან ფრიდმანის კლასიკურ ნაშრომში „კაპიტალიზმი და თავისუფლება“.

 

***

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნეოლიბერალურ პროექტს აქვს რაღაც მომხიბვლელი, სულ ცოტა პირველ სტადიაზე მაინც ჰქონდა. ეს იყო გამორჩეული და ინოვაციური ფილოსოფია, მოქმედების ნათელი გეგმით, რომელიც მოაზროვნეებისა და აქტივისტების თანმიმდევრული ჯგუფის მიერაა დაფუძნებული. იგი იყო მომთმენი და შეუპოვარი. „გზა ბატონყმობისაკენ“ ძალაუფლებისაკენ მიმავალ გზად იქცა.

ნეოლიბერალიზმის ტრიუმფი, ამავე დროს, მემარცხენეების მარცხსაც გამოხატავს. როცა 1929 წელს laissez-faire6 ეკონომიკამ კატასტროფა განიცადა, კეინზმა მის ჩასანაცვლებლად თანმიმდევრული ეკონომიკური თეორია შეიმუშავა. როცა 70-იან წლებში კეინზიანურმა „ეფექტიანმა მოთხოვნამ“7  მარცხი განიცადა ალტერნატივა უკვე მზად იყო. თუმცა, როცა 2008 წელს ნეოლიბერალიზმი ჩამოიშალა, მისი არანაირი შემცვლელი არსებობდა. აი, რატომ დადის ზომბი. მემარცხენეებსა და ცენტრისტებს ბოლო 80 წლის მანძილზე ეკონომიკური აზრის ახალი, ზოგადი სისტემა არ შეუმუშავებიათ.

ლორდ კეინზის თეორიებზე ნებისმიერი დაყრდნობა მარცხის აღიარებაა. 21-ე საუკუნეში კრიზისების გადასაწყვეტად კეინზიანური გამოსავლის წამოყენება სამი აშკარა პრობლემის იგნორირებას ნიშნავს: ძნელია, ხალხი ძველი იდეების გარშემო მობილიზდეს; 70-იან წლებში გამომჟღავნებული დეფექტები არ გამქრალა და, ყველაზე მთავარი - კეინზიანიზმს არაფერი აქვს სათქმელი ჩვენს ყველაზე საყურადღებო სირთულეზე: გარემოს კრიზისი. კეინზიანიზმი მუშაობს მომხმარებლურ მოთხოვნებზე ზემოქმედებით ეკონომიკის ზრდის გამოსაწვევად, მომხმარებლური მოთხოვნა და ეკონომიკის ზრდა კი გარემოს დამანგრეველი მოტორებია.

როგორც კეინზიანიზმის, ასევე ნეოლიბერალიზმის ისტორია გვიჩვენებს, რომ ეს არაა საკმარისი მოშლილი სისტემისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. საჭიროა გონივრული ალტერნატივის შემოთავაზება. ლეიბორისტებისთვის, დემოკრატებისთის და მემარცხენეებისთვის ეკონომიკური აპოლოს პროგრამა მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს, ანუ შეგნებული მცდელობა 21-ე საუკუნის საჭიროებებზე მორგებული ახალი სისტემის დასაგეგმარებლად.

ჯორჯ მონბაიო

___________________________________

  1. მილენარიზმი - ღვთის ათასწლოვანი მმართველობის რწმენა; პოლიტიკური მილენარიზმი სიღარიბისა და ჩაგვრისგან მყისიერი და სრული გათავისუფლების პერსპექტივას ასახავს (წყარო: nplg.gov.ge).
  2. ახალი გარიგება - (ინგ. new deal) ფრანკლინ რუზველტის მიერ განხორციელებული ფედერალური პროგრამების სერია, ფინანსური რეფორმები და რეგულაციები 1930-იან წლებში დიდი დეპრესიის საპასუხოდ.
  3. აუთსორსინგი - ისეთი სისტემატიზაცია, როცა რომელიმე კომპანიის საქმე სრულდება არა ამ კომპანიაში დასაქმებული ხალხის, არამედ სხვების მიერ. როგორც წესი, ეს ხორციელდება მოცემულ სფეროში ექსპერტი კომპანიის მიერ.
  4. სხვა ალტერნატივა არ არსებობს - (ინგ. There is no alternative) ბრიტანეთის კონსერვატორი პრემიერ მინისტრის - მარგარეტ ტეტჩერის მიერ ხშირად გამოყენებული სლოგანი. ტეტჩერი ირწმუნებოდა, რომ თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა ერთადერთი მუშა სისტემა იყო
  5. ჩაის პარტია - ამერიკული კონსერვატორული მოძრაობა, რესპუბლიკური პარტიის კონსერვატორული ფრთა. მოძრაობის წევრები მოითხოვენ ამერიკის საერთაშორისო ვალის შემცირებას და გადასახადების შემცირებას. მოძრაობა ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის დაფინანსებას.
  6. თუ მთავრობა არის laissez-faire, ე.ი. მას არ აქვს ბევრი კანონი და წესი, რათა გააკონტროლოს საქონლისა და სერვისების ყიდვა-გაყიდვა.
  7. ეფექტიანი მოთხოვნა, კეინზის აზრით, „ეფექტიანი მოთხოვნის“ ნაკლებობა იყო უმუშევრობის მიზეზი, ამის შექმნისთვის კი აუცილებლად თვლიდა ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირებას, რომ სახელმწიფომ უნდა იკისროს მაკროპროპორაციების დაცვა. ბაზრის „შეცდომების გამოსწორებისთვის“ მან თავის თავზე უნდა აიღოს მთელი ეკონომიკის მასშტაბით დანაზოგებსა და ინვესტიციებს შორის ბალანსირების უზრუნველყოფა (წყარო: ka.wikipedia.org).


თარგმანი და კომენტარები: მარიამ ვაწაძე

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

საყოველთაო საბაზისო შემოსავალი

70-იან წლებში კანადის პროვინცია მანიტობაში უჩვეულო ექსპერიმენტი წამოიწყეს —  ზოგ მოქალაქეს ფულს სახელმწიფო უპირობოდ ურიგებდა.  ქალაქ დოფინში, მაგალითად, ყოველ თვე მოქალაქეებს ეგზავნებოდათ ჩეკები, რათა გარანტირებული ჰქონოდათ საყოველთაო საბაზისო შემოსავალი. ამ ინიციატივის (Mincome) მიზანს წარმოადგენდა იმის ჩვენება, თუ რა მოხდებოდა ასეთი ინიციატივის დანერგვის შემთხვევაში. შეწყვეტდა ხალხი მუშაობას? გაფლანგავდნენ ფულს ღარიბები და მაინც სიღარიბეში გააგრძელებდნენ ცხოვრებას?

image

რატომ ვნებს ტყვია ადამიანებს

ადამიანები ტყვიას სხვადასხვა პროდუქტში უკვე 8000 წელია იყენებენ (ჩვენთვის, როგორც ცნობილია, პირველად მისი მოპოვება 6500 წ-ს ქ.შ-მდე დაიწყეს ანატოლიაში), ამიტომაც გაგიკვირდებათ თუ გაიგებთ, რომ მხოლოდ დაახლ. 150 წ-დან ქ.შ-მდე გახდა ცნობილი, რომ ტყვია საშიშია და მასთან თამაში არ ღირს, როცა ადამიანის სხეულზე მისი გავლენა ცნობილმა ბერძენმა ფიზიკოსმა ნიკანდროს კოლოფონელმა შეისწავლა. ნიკანდროსმა ეს მეტალი „მომაკვდინებლადაც“ კი აღწერა. მან თავის ნაშრომში „ალექსიფარმაკა“ განვრცობით დაწერა ადამიანის სხეულზე მისი საზიანო ეფექტების შესახებ.

image

მუნიციპალიზმი და პოლიტიკის ფემინიზაცია

მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად იზრდება ინტერესი მუნიციპალიზმის მიმართ და განიხილება ნეოლიბერალური პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიად და დემოკრატიულ სისტემად. სამოქალაქო პლატფორმები, რომლებიც ესპანეთის დიდ ქალაქებს მართავენ, ასევე Ciudad Futura არგენტინაში, Indy Towns ბრიტანეთში და ქურთების დემოკრატიული კონფედერალიზმი მათი შეზღუდვების მიუხედავად ნათლად მიუთითებს ადგილობრივი მოქმედების ტრანსფორმაციულ პოტენციალზე. მუნიციპალიზმის ბოლო სამიტი „უშიშარი ქალაქები“ [Fearless Cities], რომელიც ბარსელონაში ჩატარდა და სადაც ყველა კონტინენტიდან, დაახლოებით, 100 მუნიციპალური პლატფორმა იყო წარმოდგენილი, მუნიციპალიმის გლობალური მოძრაობის ზრდის მკაფიო მაგალითია.

შემოგვიერთდით