ვისი ბრალია ამაზონის ხანძარი?

გამოქვეყნებულია: 26.Aug.2019

„ჩვენ 30 000 ადამიანი უნდა მოვკლათ, რაც სამხედრო რეჟიმმა რეალურად არ გააკეთა. [...] მერე რა, თუ უდანაშაულო ადამიანებიც მოკვდებიან.“ — ჟაირ ბოლსონარო, 1999.

სამხედრო დიქტატურა, რომელსაც ბრაზილიის ამჟამინდელი პრეზიდენტი ღიად მისტირის, ქვეყანას 1964-1985 წლებში მართავდა. მისი მიზანი ცივი ომის პერიოდში ბრაზილიაში კაპიტალისტური წყობის შენარჩუნება და სოციალისტების დევნა იყო.

სოციალისტების ლიდერად მაშინ ჟუან გულარტი მოიაზრებოდა. გულარტის გეგმებს შორის მიწების ნაციონალიზება და რედისტრიბუცია, პროგრესული გადასახადების შემოღება და განათლების რეფორმა, მათ შორის, კერძო სკოლების აკრძალვა იყო. რეფორმების განსახორციელებლად საჭირო მანდატი პრეზიდენტმა 1963 წლის რეფერენდუმით მოიპოვა, მაგრამ მომდევნო წელს მისი მთავრობა ა.შ.შ-ს მხარდაჭერილი სამხედრო გადატრიალებით დაამხეს.

ქვეყნის სათავეში მოსულმა დიქტატურამ მემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკა გაატარა, ამერიკულ კორპორაციებს რესურსების ათვისებისთვის ხელსაყრელი პირობები შეუქმნა, პარალელურად კი მემარცხენე ოპონენტებს აწამებდა და კლავდა. მკვლელობები ლათინური ამერიკის ქვეყნებში ა.შ.შ-ს მიერ განხორციელებული ოპერაცია „კონდორის“ ნაწილი იყო, რომლის ფარგლებშიც 1968-1989 წლებში 60 000-დან 80 000-მდე მემარცხენე აქტივისტი მოკლეს.

„დიქტატურის ერთადერთი შეცდომა ის იყო, რომ ისინი აწამებდნენ და არ კლავდნენ.“ — ჟაირ ბოლსონარო, 2008.

ოცწლიანი დიქტატურა ბრაზილიაში 1985 წელს დასრულდა. ამას წინ უძღვოდა ხანგრძლივი პროტესტი, რომელიც ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი გზით ჩატარებას ითხოვდა. პროტესტის ერთ-ერთი პროტაგონისტი ლუის ინასიო და სილვა, მეტსახელად ლულა იყო. მისი ორგანიზებით ეწყობოდა დემონსტრაციები, იფიცებოდნენ პროფკავშირები. ამისთვის ლულას მცირე ხნით პატიმრობაც მიუსაჯეს.

წლების შემდეგ, 2003 წელს ლულა ბრაზილიის პრეზიდენტი ხდება. კონგრესს კოალიცია აკონტროლებს, რომელშიც მის მიერ აკადემიკოსებთან და პროფკავშირების ლიდერებთან ერთად დაარსებული მშრომელთა პარტია დომინირებს. 2010 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისას ლულას მოსახლეობის 87%-იანი მხარდაჭერა აქვს. ეს რეკორდული მაჩვენებლია.

2010 წლიდან პრეზიდენტის პოსტზე მას დიქტატურასთან ბრძოლის კიდევ ერთი პროტაგონისტი დილმა რუსეფი ანაცვლებს. ის 1970 წელს 23 წლის ასაკში მარქსისტულ ჯგუფებთან ერთად რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დააკავეს, ელექტროშოკით აწამეს და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მაგრამ ეს დილმა რუსეფის ცხოვრებაში ერთადერთი სანქცია არ აღმოჩნდა. 2015 წელს მას, უკვე როგორც მეორე ვადით არჩეულ პრეზიდენტს, საპარლამენტო გადატრიალება ელის. ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსულ დილმას ლეგალისტური ლაბირინთებით იმპიჩმენტს უწყობენ. აქტი პოლიტიკურია და არა სამართლებრივი. ის მემარცხენე მთავრობის პოლიტიკის მიმართ საშუალო და მაღალი კლასების უკმაყოფილებას ასახავს. უკმაყოფილება განსაკუთრებით გაძლიერებულია მშრომელთა პარტიაში მასშტაბური კორუფციული სქემის გამოაშკარავების შემდეგ, თუმცა დილმა რუსეფის წინააღმდეგ ამაზე მტკიცებულება არ არსებობს.

იმპიჩმენტისას, ხმის მიცემის წინ, ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ განცხადებას მაშინ მარგინალური პოლიტიკოსი, დღეს კი ბრაზილიის პრეზიდენტი — ჟაირ ბოლსონარო აკეთებს:

„კომუნიზმის წინააღმდეგ, ჩვენი თავისუფლებისთვის [...], დილმა რუსეფის შიშისმომგვრელი პოლკოვნიკ კარლოს ალბერტო ბრიიანტე უსტრას ხსოვნისთვის.“ — ჟაირ ბოლსონარო, 2016.

პოლკოვნიკი უსტრა სამხედრო დიქტატურის დროს ადამიანებს აწამებდა. ქვედანაყოფმა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, ოფიციალურად 47 ადამიანი მოკლა, ასეულობით კი აწამა.

ხოლო „კომუნიზმმა“ — ანუ, ლულას სოციალ-დემოკრატიამ, რომელიც ჟაირ ბოლსონარომ წარმატებით დაამარცხა, მილიონობით ბრაზილიელი ამოიყვანა სიღარიბიდან.

დროებითი მთავრობის მმართველობის შემდეგ დგება 2018 წელი და საპრეზიდენტო არჩევნები. ლულა ყველა გამოკითხვით უპირობო ლიდერია და გარდაუვლად დაბრუნდება პრეზიდენტის პოსტზე. ამის თავიდან ასარიდებლად ერთადერთი გზა მისთვის არჩევნებში მონაწილეობაში ხელის შეშლაა.

აქ თამაშში მოსამართლე სერჟიო მორო ერთვება. მორო ლულას კორუფციის უსაფუძვლო ბრალდებით ციხეში სვამს, ბოლსონაროს გაპრეზიდენტების შემდეგ კი მისი იუსტიციის მინისტრი ხდება. წელს პირადი მიმოწერების გაჟონვის შედეგად ვიგებთ, რომ მოსამართლე მორო და პროკურორები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ. უფრო მეტიც — პროკურორები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ლულა არ უნდა დაბრუნებულიყო.

ბოლსონაროს გაპრეზიდენტების შემდეგ იწყება ეკონომიკის ნეოლიბერალიზაცია, რაც საპენსიო რეფორმას, პრივატიზაციას, ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურ ათვისებასა და ბიზნესის ხელშეუხებლობას გულისხმობს. არ დააყოვნა ა.შ.შ-სთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებამაც. ლოგიკა იგივეა, რაც საქართველოში 2003 წლიდან დღემდე.

„კერძო საკუთრება წმინდაა.“ — ჟაირ ბოლსონარო, 2019.

მაგრამ ამაზონის ხანძრის ფენომენის გასაგებად კიდევ ერთი ადგილობრივი კონტექსტის ცოდნაც გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ სიმონ ბოლივარის თაოსნობით სამხრეთ ამერიკამ ფორმალური თავისუფლება მე-19 საუკუნის დასაწყისში მოიპოვა, ეკონომიკის სტრუქტურა არსებითად არ შეცვლილა. ქვეყნების უმეტესობაში რეალური ძალაუფლება მიწათმესაკუთრეების კლასს აქვს, რომლებიც კონკისტადორების შთამომავლები არიან. ისინი რესურსების ხელში ჩასაგდებად დღემდე მიწებს ცეცხლს უკიდებენ, ადგილობრივებს კი ზოგჯერ წვიმასაც კი ართმევენ. თუ საქმე იქამდე მივიდა, რომ უკმაყოფილო ადამიანები რეალობის შეცვლას შეეცდებიან, საქმეში მიწათმფლობელების მოკავშირე სამხედრო გენერლები ერთვებიან, მაგ., როგორც ჩილესა და არგენტინაში, ურუგვაისა და ვენესუელაში, პარაგვაისა და ბრაზილიაში.

დღეს ხანძრები ამაზონში ყოველწლიურად ჩნდება და მათთან გამკლავება რთულია. მიწათმესაკუთრეების მიერ ხანძრის განზრახ გაჩენა გავრცელებული პრაქტიკაა, რათა შემდეგ ტერიტორია ინდუსტრიულ საძოვრებად ან ყანებად გამოიყენონ. თუმცა ახალი ისაა, რომ ბოლსონაროს გაპრეზიდენტების შემდეგ ხანძრების რიცხვი 84%-ით გაიზარდა. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ის წინასაარჩევნოდ აგრობიზნესსა და ხის მჭრელ კომპანიებს დაჰპირდა, რომ ამაზონის ჯუნგლების მეტად ათვისების უფლებას მისცემდა. საქმე ეხება მილიონობით კვადრატულ მეტრ სივრცეს, მათ შორის აბორიგენი მოსახლეობის დაცულ ტერიტორიებს.

როცა აგვისტოს დასაწყისში კლიმატის მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა სატელიტურ მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ გაუტყეურებამ საგანგაშო დონეს მიაღწია, ბოლსონარომ ის უბრალოდ თანამდებობიდან გაათავისუფლა. დეფორესტაციის მაჩვენებლისა და ბოლსონაროს მთავრობის მიერ შეთანხმების დარღვევის გამო ათიოდე დღის წინ ნორვეგიამ და გერმანიამ ამაზონის ფონდში თანხის შეტანა შეწყვიტეს. უნდა აღინიშნოს პასიურობაც, რომლითაც ბოლსონარო ხანძარს შეხვდა: მასთან საბრძოლველად არმია მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ გაგზავნა.

ამ ყველაფრის ფონზე სათაურში დასმულ კითხვაზე პასუხი შემდეგია: ბოლსონაროსი და მისი ადგილობრივი და საერთაშორისო მხარდამჭერების.

პასუხისმგებლები არიან ის ადამიანებიც, რომლებიც, ერთი მხრივ, ნეოლიბერალიზმს ლობირებენ, მეორე მხრივ კი, შეშფოთებას გამოთქვამენ მის უარყოფით შედეგებზე, ამ შემთხვევაში ამაზონის ხანძრის სახით.

 

ბესო გვენეტაძე

ასევე წაიკითხეთ:

image

ორი წელი კლიმატის გადასარჩენად

მისასალმებელია სხვადასხვა ინიციატივები ეკოლოგიასთან დაკავშირებით, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილება ჩვენ თვალწინ ხდება და დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ. მემარჯვენე თუ მემარცხენე ცენტრისტული პოლიტიკა, ასევე თავისუფალი ბაზრის პრინციპები ქმნის არამდგრად გარემოს — ის, რაც სახეზე გვაქვს. ნიკოლას ჰულტის თქმით „მცირე ნაბიჯებზე დაფუძნებული პოლიტიკა არ მუშაობს“. ამდენად, შესაძლებელი და სასურველია სასწრაფო მობილიზაცია დემოკრატიის პირობებში ისევე, როგორც ეს მოხდა 1940-ში ომის პერიოდში შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში, მაგრამ ეს ამჯერად გასროლის გარეშე უნდა მოხდეს. აუცილებელია ამ ბრძოლის პოლიტიკური განზომილების აღიარება, რათა შემოვიტანოთ ემოციები პოლიტიკაში, დავაბალანსოთ ძალაუფლება და მივიღოთ შთაგონება სამოქალაქო უფლებებისთვის ისტორიული ბრძოლებით.

image

გარემოს დაბინძურების ნახევარი გამოწვეულია მსოფლიოს უმდიდრესი 10%-ის მიერ

კვლევაში ვკითხულობთ, რომ მსოფლიოს უმდიდრეს 1%-ში შემავალი ერთი ადამიანი 175-ჯერ მეტად აბინძურებს გარემოს, ვიდრე რიგითი ადამიანი მსოფლიოს უღარიბესი 10%-დან.

image

ევო მორალესის გამოსვლა გაეროში 2019, ნაწყვეტები

ჩემ მიერ ნახსენები სტატისტიკები არის მხოლოდ ნაწილი ჩვენი დემოკრატიული და კულტურული რევოლუციის მიღწევებისა, რომელმაც ბოლივიას პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობა მოუტანა.

შემოგვიერთდით