ელ-ნარჩენები

გამოქვეყნებულია: 05.Nov.2016

გაეროს ასოციაციის მიხედვით, ელექტრონული ნაწარმის ტოქსიკური ნარჩენები კომპიუტერების, პლანშეტების, ციფრული კამერების, მობილური ტელეფონების, ტელევიზორების, სამზარეულოს ტექნიკის, სათამაშოების თუ სხვა სახით, დიდი რაოდენობით იზრდება და მრავალ ეკოლოგიურ და ჯანმრთელობის პრობლემებს ქმნის ე.წ. განვითარებად ქვეყნებში.

მხოლოდ 2013 წელს, ელ-ნარჩენების (ელექტრონული ნაწარმის ნარჩენები) რაოდენობა დაახლოებით 50 მილიონი ტონა იყო, რაც 7 კილოგრამია თითოეულ ადამიანზე. გაეროს ასოციაციის ვარაუდით, ეს რაოდენობა მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება.

მას შემდეგ, რაც ელ-ნარჩენი ნაგავსაყრელზე ხვდება, ტოქსინები, როგორიცაა ტყვია, დარიშხანი, კადმიუმი და ვერცხლისწყალი აბინძურებს მიმდებარე ნიადაგს, წყალს და ჰაერსაც კი. გამოყოფილ ვერცხლისწყალს შეუძლია დაგროვდეს საკვებ პროდუქტებში, განსაკუთრებით კი თევზებში. თუ ელექტრონული პროდუქცია შეიცავს  PVC პლასტმასას, ტოქსიკური დიოქსინები და ფურანებიც გამოიყოფა.

ელექტრონული ნარჩენების გადინება, ძირითადად, ღარიბ ქვეყნებში ხდება არალეგალურად, საეთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით. 2005-ში ჩატარებული გამოძიების მიხედვით, 47% ექსპორტისთვის გამიზნული ნარჩენი, ელ-ნარჩენის ჩათვლით, იყო არალეგალური.

ელექტრონული ნარჩენების ფენომენი მკაფიოდ ასახავს არა მხოლოდ ადამიანისა და ბუნების დაპირისპირებას, არამედ, თუ გავითვალისწინებთ რა სახით ხდება ეს წინააღმდეგობრივი ურთიერთობა, მოკლედ შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ელ-ნარჩენი არის კაპიტალიზმისა და იმპერიალიზმის პროდუქტი.

გარდა იმისა, რომ დამატებითი ღირებულების მისაღებად ხდება პროდუქციის „დაგეგმილი დაძველება“, აგრეთვე  შრომის გლობალური დაყოფა შესაძლებელს ხდის რესურსების გადინებას, რაც საჭიროა ერთჯერადი ელექტრონული პროდუქტის რაოდენობის მოსამატებლად. როგორც მოსალოდნელია, კაპიტალიზმის პირობებში ტოქსიკური ელ-ნარჩენების ასეთი რაოდენობით წარმოება იწვევს სამუშაო ძალისა და გარემოს მზარდ ექსპლუატაციას და განადგურებას. მეტიც, ელ-ნარჩენების ფუნდამენტური საფუძველი არის კაპიტალისტურ-იმპერიალისტური და სწორედ ამიტომაც, ეს პრობლემა არასდროს გადაიჭრება კაპიტალის ყალბი და ფუჭი ზესახელმწიფოებრივი მენეჯერების მიერ.

დღევანდელი კაპიტალიზმისა და იმპერიალიზმის პირობებში წარმოების სფერო უფრო და უფრო ექცევა გაყიდვებისა და ფინანსური სექტორის გავლენის ქვეშ. ასევე, „განვითარებული მსოფლიოს“ მშრომელთა უმცირესი ნაწილის შრომის ანაზღაურებაც ბევრად მეტია, ვიდრე მისი რეალური ღირებულება. აქედან გამომდინარე, „განვითარებული სამყაროს“ პრივილეგირებულ მშრომელებს შეუძლიათ არა მხოლოდ მოიხმარონ იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე „სჭირდებათ“ საკუთარი შრომითი ძალის რეპროდუქციისთვის, არამედ კაპიტალი ასეთ „საჭიროებებს“ და „სურვილებს“ ამძაფრებს მარკეტინგის, კრედიტის და პროდუქტის დაგეგმილი დაძველების ტაქტიკების გამოყენებით, ეს უკანასკნელი, ძირითადად, პროდუქციის დიზაინის ცვლილებას გულისხმობს. ელ-ნარჩენის ასეთი მასიური წარმოქმნის მიზეზად კი ისევ და ისევ რჩება არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და ის, რომ ვიღაცები ამისგან დიდ ფინანსურ მოგებას შოულობენ.

მსოფლიოს მთავარი მწარმოებელი ელ-ნარჩენისა არის ჩინეთი 11 მილიონი ტონით წლის განმავლობაში, შემდეგ მოდის შეერთებული შტატები - 10 მილიონით. თუმცა, ჩინეთი ერთ სულ მოსახლეზე გათვლით აწარმოებს თითქმის ექვსჯერ ნაკლებ ელექტრონულ ნარჩენს, ვიდრე აშშ და ხუთჯერ ნაკლებს, ვიდრე ბრიტანეთი. ეს ნათლად წარმოაჩენს იმას, რომ მდიდარი და ისტორიულად იმპერიალისტური ქვეყნები უფრო მეტ ელექტრონულ ნარჩენს გამოიმუშავებენ, ვიდრე ექსპლუატირებული ქვეყნები. სამწუხაროდ, ეს რიცხვები კარგად ვერ ასახავენ ამ უთანასწორობის მასშტაბებს. მაგალითად, გაუგებარია ჩინეთის ელექტრონული ნარჩენის რა რაოდენობაა უბრალოდ უხარისხო, ან ბაზარზე უარყოფილი რამდენი პროდუქტის მიყიდვა ხდება უცხოელ მომხმარებელზე.

ამ საკითხის უსამართლობა მხოლოდ პირველ და მესამე მსოფლიოს ქვეყნებს შორის ელექტრონული ნარჩენების წარმოების არათანაბარი განაწილებაში არაა, არამედ  გლობალური შრომისა და ეკონომიკური სექტორების დაყოფაში, რომელიც ელ-ნარჩენების წარმოების მთელ ჯაჭვს აერთიანებს.­

ძვირფასი ლითონები, როგორიცაა კობალტი, რომელიც გამოიყენება მრავალ ელექტრონულ პროდუქტში, მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადგილას მოიპოვება, ძირითადად, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში.  ექსპორტისთვის გამიზნული მინერალების მოპოვება კი ხდება თანამედროვე მონობის პრაქტიკების გამოყენებით მშრომელთა მიმართ და, აგრეთვე, როგორც წესი, დიდ ზიანს აყენებს ადგილობრივ გარემოს.

მას შემდეგ, რაც მოიპოვებენ ნედლ მატერიალს, ელექტრონული პროდუქცია, როგორც წესი მზადდება და იწყობა მესამე სამყაროს სხვა ნაწილში უფრო მეტად კაპიტალისტურ-ინტენსიური შრომის პირობებში, აგრეთვე დიდი ზეწოლისა და ჩაგვრის პირობებში.

აწყობილი მზა პროდუქცია ეგზავნება „პირველი სამყაროს“ ქვეყნებს, სადაც ის იყიდება ბევრად უფრო მაღალ ფასად საცალო და სამომხმარებლო ბაზარზე. წარმოების დანახარჯისა და გასაყიდი პროდუქტის ფასს შორის საკმაოდ მნიშვნელოვან სხვაობას ითვისებენ სატრანსპორტო ინდუსტრიები, კომპანიები, რომლებიც წარმოებაზე ლიცენზიებს გასცემენ და მათი აქციების მფლობელები, სარეკლამო აგენტები და ასე შემდეგ.

და ბოლოს, გამოყენებული ელექტრონული ნაწარმი იგზავნება აზიისა და აფრიკის სანაპირო რეგიონებში, ან კარიბის კუნძულებზე. ელ-ნარჩენის ექსპორტი მდიდარ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილონ თანამედროვე ეკონომიკის სოციალური და ეკოლოგიური ხარჯები და პირდაპირ დააკისროს ღარიბ ქვეყნებს.

ელექტრონული ნარჩენების საკითხი ასევე კარგად წარმოაჩენს კაპიტალიზმის სხვა პრობლემასაც. უკვე ვახსენეთ, რომ ელ-ნარჩენების მართვის შედეგები ადამიანის ჯანმრთელობა, შრომითი უფლებები და გარემოს დაბინძურებაა. თუმცა, ასევე ძვირფასი მეტალების ასეთი ტემპით მოპოვება და მათი გამოყენება გრძელვადიანი პრობლემების გამომწვევიც შეიძლება გახდეს. მაგალითად, სპილენძი, თუთია და სხვა მეტალები მოიპოვება და გამოიყენება ერთჯერადი ელექტონიკისთვის შემაშფოთებელი რაოდენობით. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რამდენი ხანი შეიძლება იფუნქციონიროს ასეთმა სისტემამ? და რამდენად ანადგურებს კაცობრიობა (მოქმედებს რა კაპიტალისტურ-იმპერიალისტური ლოგიკით) იმ შესაძლებლობას, რომ მომავალში უფრო მდგრადად და უკეთესი მიზნებით მოხდეს ამ რესურსების გამოყენება?

ტიპური რეკომენდაციები, რომლებსაც გაერო და სხვა მსგავსი ლოგიკით მოქმედი ორგანიზაციები გასცემენ ამ პრობლემის გადაჭრისთვის, ძირითადად ეხება ნაკლები რესურსების მოხმარებას, უკეთეს რეგულაციებს და ა.შ. თუმცა, რამდენად შეიძლება ამით პრობლემა მოგვარდეს, როდესაც ეს რეკომენდაციები გვერდს უვლიან მთავარ გამომწვევ მიზეზებს - კაპიტალიზმსა და იმპერიალიზმს?!

 

თარგმანი: ეკა მღებრიშვილი

წყარო 1
წყარო 2

ასევე წაიკითხეთ:

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით