კლიმატის ცვლილება გენდერული პერსპექტივიდან

გამოქვეყნებულია: 16.Mar.2018

ქალები კლიმატის ცვლილების შედეგად ყველაზე დაზარალებულ ჯგუფად ითვლებიან, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უმცირესობაში არიან.

კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს მთელ პლანეტასა და მის მოსახლეობაზე, მაგრამ მისი უარყოფითი შედეგები არათანაბრად ნაწილდება. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი სოციალურად დაუცველები არიან მრავალი თვალსაზრისით: ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ნიშნით. ქალები ამ ჯგუფებში უმრავლესობას წარმოადგენენ და უარყოფითი გავლენების ფრონტის ხაზზე არიან. ამავდროულად, ისინი არიან უმცირესობაში მათ შორის, ვინც დედამიწის კლიმატის პოლიტიკასა და ენერგო სტრატეგიებს ქმნის. კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებელია გენდერული პერსპექტივის ხაზგასმა, რათა ქალებსა და კაცებს თანაბრად შეეძლოთ ახალი ხედვების შემოტანა თანასწორობისა და მდგრადი განვითარებისთვის.

ჩვენ წინაშე კლიმატის ცვლილებისა და გენდერული უთანასწორობის სახით ორი დიდი გამოწვევა დგას. მიუხედავად ეკოლოგიური საფრთხეებისა და ქალებისთვის არაჯანსაღი მდგომარეობის შესახებ არსებული კონსესუსისა, ხშირად ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოიაზრება. სინამდვილეში კი ისინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.

კლიმატის ცვლილება გავლენას ყველა ჩვენგანზე ახდენს, მაგრამ განსაკუთრებით ღარიბებზე და ეს სულ უფრო მეტს ეხება. სიღარიბის ყველაზე მაღალი კოეფიციენტები და გლობალური დათბობის ყველაზე ცუდი მაჩვენებლები ერთ და იმავე ტერიტორიაზე ფიქსირდება, ესაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და აფრიკა. ამავე დროს, მთელ მსოფლიოში ყველაზე ღარიბ და მოწყვლად ჯგუფებში უმრავლესობას ქალები შეადგენენ. ფაქტია, რომ ისინი მსოფლიოს ყველაზე ღარიბ მოსახლეობაში 70%-ით არიან წარმოდგენილი.

 

ქალები: დაზარალებულთა უმრავლესობა

სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებში უმრავლესობა ქალია (ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში სამუშაო ძალის 2/3), რაც, უმთავრესად, გამოწვეულია მზარდი გვალვებითა და გაუწყლოებით.

სოფლად მცხოვრები ქალების შრომის 60% ოჯახის გამოკვების საქმიანობას უკავშირდება, მაგრამ ისინი იშვიათად თუ არიან მიწის მესაკუთრენი. აფრიკული საჰარის მხარეში, ისინი სამუშაო ძალის 75%-ს შეადგენენ, მაგრამ Oxfam-ის მონაცემების თანახმად მიწის მხოლოდ 1%-ს ფლობენ საკუთრებაში. ხოლო სადაც მიწის მესაკუთრენი არიან, როგორც წესი, მათი ფართობი საკმაოდ მცირე და შეზღუდულია. დღესდღეობით მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემების მიხედვით შიმშილის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის 60% სწორედ ქალები და გოგონები არიან.

ქალები ასევე უმრავლესობას წარმოადგენენ მათ შორის, ვინც ენერგოდამოკიდებულია და იძულებულნი არიან მრავალსაათიანი შრომა გასწიონ ისეთი პირველადი რესურსების მოსაპოვებლად, როგორიც სასმელი წყალია.

2016 წლის მონაცემებით მსოფლიოში 1,1 მილიარდ ადამიანს არ ჰქონდა ელექტროენერგია, აქედან 50-70%-ს ქალები და ბავშვები წარმოადგენდენ. უფრო მეტიც, მსოფლიოს მოსახლეობის მესამედს არ აქვს სუფთად გამოკვების საშუალება და კვლავაც იყენებენ მყარ ბიომასას.

ბიომასის შემგროვებელთა უდიდესი წილი ქალებზე და ბავშვებზე მოდის, რომელთაც კვირაში 20 საათი უწევთ ტყეებში შეშის გროვება და უფრო მეტი დროის დახარჯვა არაეფექტური ღუმელებით საკვების მომზადებისთვის. შედეგად მათ ნაკლები დრო აქვთ განათლებისთვის, ანდაც სხვა საქმიანობისა თუ უბრალოდ დასვენებისთვის. იუნესკო ვარაუდობს, რომ ბავშვების 2/3, რომელიც სკოლაში არ დადის - გოგონაა, განვითარებად ქვეყნებში ყოველი მეოთხე გოგონა დაწყებითი განათლების გარეშეა და ასევე ხშირია ნაადრევი სიკვდილიანობა დაბინძურებული ჰაერის გამო.

ქალები უმრავლესობაში არიან ასევე სტიქიური უბედურებების მსხვერპლთა შორის, როგორიცაა წყალდიდობა, გვალვა, რისკის 14-ჯერ უფრო მაღალია.

რისკის გავრცელებაში გენდერულ როლებს მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს, მაგალითად, ბევრმა ქალმა არ იცის ცურვა ან ხშირად კუთვნილ საკვებს ბავშვებს ან მეუღლეებს უთმობენ. უფრო მეტიც, თუ ისინი გადარჩებიან, კვლევა გვიჩვენებს, რომ ექსტრემალური ამინდის პირობებში მათი შრომითი ექსპლუატაცია იზრდება, რათა იზრუნონ მათზე დამოკიდებულ ადამიანებზე.

2050 წლისთვის 50-200 მილიონი ეკომიგრანტი შეეცდება ეკოლოგიური კატასტროფებისგან თავის დაღწევას, რომელთა 80% ქალები და ბავშვები იქნებიან.

მხოლოდ 2016 წელს, Oxfam-ის ვარაუდით,  23,5 მილიონი ადამიანი უკვე გადაადგილდა უხვი წვიმებისა და გვალვების შედეგად.

როგორც წესი, კლიმატის ცვლილება - გაუდაბნოება, ზღვის დონის მატება, სოფლის მეურნეობის ნგრევა, იწვევს მიგრაციული დინებების ზრდას და ქმნის მეტ კონფლიქტურ გარემოს, როგორიცაა, მაგალითად, საწვავის კრიზისი. ბოლო 60 წლის მანძილზე სახელმწიფოებრივი კონფლიქტების 40% სწორედ ბუნებრივ რესურსებთან და გარემოსთან კავშირშია.

 

ქალები: უმცირესობა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში

ზოგადად, გენდერული როლები, ენერგეტიკული კავშირები, შემოსავლები და აქტივები წარმოქმნის სათბური ემისიების გარკვეულ წილს და სხვადასხვა ხარისხის უარყოფით გავლენას კლიმატის ცვლილებაში. ამრიგად, კლიმატის ცვლილება ზემოქმედებს ქალებზე, აუარესებს გენდერულ უთანასწორობას და დისკრიმინაციას. ამის მიუხედავად, კლიმატის პოლიტიკა არ განიხილავს გენდერულ ასპექტებს.

ეს საკითხები (როგორიცაა აგროკულტურა, მავნებლებისა და დაავადებების მართვა ან კონსერვაცია და წყლის ეფექტური გამოყენება) უმნიშვნელოვანესია მდგრადი განვითარებისთვის. ზოგიერთი საკითხი სასარგებლოა როგორც ქალების, ისე კაცებისთვის, როგორიცაა სუფთა რესურსებზე ხელმისაწვდომობა. სხვები კი, როგორიცაა მიწის ნაკვეთის ფლობა, დაზარალებულთა შორის უთანასწორობა აშკარაა. ზოგადად, შემოსავლებსა და ეკონომიკურ რესურსებზე წვდომას შორის არსებული დისბალანსი გამოწვეულია პატრიარქალური ნორმებით.

აუცილებელია ქალებისთვის განათლების უზრუნველყოფა, ინფორმაციებისა და ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა და მათ საჭიროებებზე მორგებული გარემო.

ქალების მიერ გაღებული მსხვერპლის შესაბამისად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი აქტიური წვლილის შეტანა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.

თუ ევროპის მაგალითს ავიღებთ,  ქალები  მეტად გამოთქვამენ შეშფოთებას კლიმატის ცვლილებაზე და უფრო მეტად გამოხატავენ მზადყოფნას  ცვლილებებისთვის, ვიდრე კაცები.

ამ თვალსაზრისით, მათი ჩართულობა განსხვავდება. მაგალითად, ინდოეთში გაეროს მონაცემებით ქალთა მიერ წარმოებული სასმელი წყლის პროექტების რაოდენობა 62%-ით მეტია, ვიდრე კაცების. უფრო მეტიც, Oxfam-ის მონაცემებით განვითარებად ქვეყნებში განათლებული ქალების ფერმებს 22%-ით მეტი მწარმოებლურუნარიანობა აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს ქალები შეადგენენ, მათი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ჩართულობა დაბალია და ეს აუცილებელი საჭიროება რთულად მიღწევადია.

2016 წელს ქალები პარლამენტართა საერთო რაოდენობის 22,8% იყო და მსოფლიოს უდიდესი 500 კომპანიის თანამშრომელთა მხოლოდ და მხოლოდ 4%. ხოლო 2011 წელს, ისინი წარმოდგენილი იყვნენ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში მხოლოდ 7%-ით და მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში 3%-ით.

ისინი ასევე მონაწილეობენ კლიმატის ცვლილების შესახებ სხვადასხვა კონფერენციებში. თუმცაღა გასულ ნოემბერში გამართულ COP23-ზე დამსწრეთა მხოლოდ 38%-ს შეადგენდნენ.

აუცილებელია ქალთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა და ახალი სტრატეგიის დანერგვა მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალური, სამეწარმეო, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ ორგანოებში თანასწორობის წახალისებას.

კაცებსა და ქალებს აქვთ განსხვავებული საჭიროებები, პრიორიტეტები და შესაძლებლობები, როცა საქმე კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებს ეხება. ამიტომაც, ჩვენ არ შეგვიძლია გენდერული და კლიმატის საკითხების ერთმანეთისგან გამიჯვნა: კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ქმედებები და პოლიტიკა არამარტო უფრო ეფექტური იქნება, არამედ გენდერული თანასწორობა რეალურად მიღწევადი გახდება.

 

სანდრა გონსალესი

თარგმანი: საბა გამყრელიძე

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

ევო მორალესის გამოსვლა გაეროში 2019, ნაწყვეტები

ჩემ მიერ ნახსენები სტატისტიკები არის მხოლოდ ნაწილი ჩვენი დემოკრატიული და კულტურული რევოლუციის მიღწევებისა, რომელმაც ბოლივიას პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობა მოუტანა.

image

ვისი ბრალია ამაზონის ხანძარი?

დღეს ხანძრები ამაზონში ყოველწლიურად ჩნდება და მათთან გამკლავება რთულია. მიწათმესაკუთრეების მიერ ხანძრის განზრახ გაჩენა გავრცელებული პრაქტიკაა, რათა შემდეგ ტერიტორია ინდუსტრიულ საძოვრებად ან ყანებად გამოიყენონ. თუმცა ახალი ისაა, რომ ბოლსონაროს გაპრეზიდენტების შემდეგ ხანძრების რიცხვი 84%-ით გაიზარდა. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ის წინასაარჩევნოდ აგრობიზნესსა და ხის მჭრელ კომპანიებს დაჰპირდა, რომ ამაზონის ჯუნგლების მეტად ათვისების უფლებას მისცემდა. საქმე ეხება მილიონობით კვადრატულ მეტრ სივრცეს, მათ შორის აბორიგენი მოსახლეობის დაცულ ტერიტორიებს.

image

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტში (PDF)

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქართულ ფემინისტურ მოძრაობაში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი და მიმართულებაა. ამავდროულად, საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, ENPARD. ამ კონტექსტში მოცემული კვლევა (პოლიტიკის დოკუმენტი) მიზნად ისახავს, გამოავლინოს სოფლის მეურნეობაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერები და განვითარების პოლიტიკებში ამ საკითხის ინტეგრაციის შესაძლებლობები. კვლევის ფარგლებში ანალიზი განხორციელებულია ადამიანის უფლებების მიდგომისა და გენდერი და განვითარების მიდგომის გამოყენებით; კვლევა განხორციელდა თვისებრივი მეთოდების გამოყენებით. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გამოწვევები განხილულია ისტორიულ, გლობალურ და ლოკალურ ჭრილში, და კვლევის მიზნიდან გამომდინარე, დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტსა და გამოწვევებთან. ანალიზსა და კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით გავცემთ რეკომენდაციებს სახელისუფლებო ინსტიტუტებისთვის.

შემოგვიერთდით