ბუნების პრივატიზაცია, მმართველობის აუთსორსინგი: გადაშენების ეკონომიკა

გამოქვეყნებულია: 14.Feb.2017

World Wide Fund for Nature-მა, რამდენიმე ხნის წინ დედამიწის მდგომარეობის შესახებ უახლესი ანგარიში გამოაქვეყნა. ძირითადი გამოხმაურებები ანგარიშზე იმ ფაქტზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ 3 706 სახეობა, რომლებზეც დაკვირვებას აქტიურად აწარმოებდნენ მეცნიერები, 1970 წლის შემდეგ საშუალოდ 58%-ით შემცირდა.

მიზეზები?  — სოფლის მეურნეობა, მასობრივი თევზაობა, მაღაროები და ადამიანის სხვა საქმიანობები. ანგარიშის ავტორები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ რიცხვი შეიძლება 67%-მდე გაიზარდოს მომდევნო ათწლეულის დასასრულისთვის.

როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ხშირად, მიზეზად სხვადასხვა რეგიონებში, მაგ., აფრიკასა თუ აზიაში ქმედითი კანონების არარსებობა მოჰყავთ, რომლებიც ბუნებისა და სხვადასხვა სახეობების დაცვისთვისაა საჭირო.

მაგრამ ამ პრობლემების მთავარი მიზეზი კორპორაციებისა და ინვესტორების მიერ ბუნების მონეტარიზაციაა ფულადი მოგების მისაღებად. ეს პროცესი გლობალური მმართველობის სტრუქტურის ცვლილებებით მყარდება და ერგება განადგურების პროცესს. ყველაფერი კი თანდათან უარესობისკენ მიდის.

თუ ჩვენ ამ პრობლემის გამომწვევ ნამდვილ მიზეზებთან ბრძოლას არ დავიწყებთ ბუნების განადგურება კვლავაც გარანტირებული გვაქვს. დაგვრჩება დედამიწის მხოლოდ ის ნაწილები, რომლებიც კვლავაც მდიდარი ადამიანებისთვის გართობისთვის იქნება გამოყოფილი.

 

რესურსების ყოვლისმომცველი კოლონიალიზმი

მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებმა პირველად მოახდინეს შორეული მიწების კოლონიზაცია, აფრიკა, აზია და ლათინური ამერიკა იქცა მხოლოდ რესურსების მოპოვების წყაროდ გლობალური კაპიტალიზმისთვის — ეკონომიკური სისტემისთვის, რომელმაც ღარიბი ქვეყნებიდან მდიდარ ქვეყნებში მოახდინა სიმდიდრის გადინება მინერალური და ბიოლოგიური რესურსების მოპოვებით.

ტყეების დიდი ნაწილი გაიჩეხა, რათა გათავისუფლებულიყო მასობრივი ადგილი ისეთი მონოკულტურებისთვის, როგორიცაა მაგ., პალმის ზეთი, სოიო, ბიოსაწვავი და ხე-ტყის საშენი მასალა. სამთო მრეწველობა დამანგრევლად მოქმედებს ბუნებაზე, წამლავს წყალს, რომელსაც ადამიანები და ცხოველები მოიხმარენ. დიდი ქარხნული გემები კი თევზების განადგურებას აგრძელებენ.

სისტემა ძარცვავს ბიომრავალფეროვნებას, რომელიც კოლექტიურად გვჭირდება გადარჩენისთვის. უფრო ზუსტად, ის ართმევს აფრიკის, აზიის, სამხრეთ ამერიკის, არქტიკის თემებს უფლებებს, რესურსებს და უკარგავს კავშირს ველურ ბუნებასთან, რომელიც აქვთ. ეს ის თემებია, რომელთაც არ დაუკარგავთ არც საღი აზრი, არც გამოცდილება, რათა დაიცვან დედამიწის ველური ბუნება.

მრავალი ადამიანი, რომელმაც წინააღმდეგობა გამოხატა მსგავსი პრაქტიკების მიმართ, გამოასახლეს მათი მემკვიდრეობითი მიწებისგან. ზოგიერთი მათგანი კი უბრალოდ მოკლეს. Global Witness-ის ინფორმაციით 2015 წლის განმავლობაში ყოველკვირეულად სამ ადამიანზე მეტი გამოასალმეს სიცოცხლეს იმის გამო, რომ თავიანთ მიწებს, ტყეებს და მდინარეებს გამანადგურებელი ინდუსტრიებისგან იცავდნენ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ინდუსტრიების მოგება იმდენად დიდია, რომ საკმარისი იქნებოდა სისტემის ზრდის/წინსვლის მიმართულება თავისუფლად გაგრძელდეს. აგრეთვე, ბევრად მეტი ფული გაედინება ამ ტერიტორიებიდან, ვიდრე ისინი უცხოური ინვესტიციებისგან ან დახმარებებისგან იღებენ. მაგალითად, 2011 წელს ნავთობის, გაზისა და მინერალების ექსპორტი აფრიკიდან შეადგენდა 382 მილიარდ ამერიკულ დოლარს — რვაჯერ მეტს, ვიდრე აფრიკის ქვეყნებმა მიიღეს იმავე წელს განვითარების მიზნით გაგზავნილი დახმარებებისგან.

ფულის გადინებას უზრუნველყოფს საზღვრისპირა საბუღალტრო მექანიზმები, გადასახადებისგან თავის არიდება და მოგების რეპატრიაცია, რომელიც შექმნილია მდიდარი ქვეყნების მიერ, ინსტიტუციონალური საიდუმლო მექნიზმებით, ჩაშენებულია გლობალურ საფინანსო სისტემაში და კონტროლირდება კორპორატიული ელიტის მიერ.

„იატაკქვეშა“ ეკონომიკის პარალელურად ჩვენთვის ხილულ ეკონომიკაში კომერციული გადასახადებისთვის თავის ამარიდებლები და კრიმინალები დიდი რაოდენობით ფულის გადატანას ახორციელებენ საზღვრებზე სწრაფად, მარტივად და, დიდწილად, შეუმჩნევლად. დასავლეთის ხაზინაში ყოველწლიურად ასობით მილიარდი დოლარი ჩაედინება ორივე ეკონომიკიდან და იმ ქვეყნებს, რომელთა ბუნებრივი რესურსების გამოყენებითაც ხდება ეს ყველაფერი, უმცირედ ნაწილს უტოვებს.

 

დერეგულაციის იმპერატივი

ამ პროცესის შეცვლის ერთადერთი გზაა გლობალური მმართველობის სისტემის შემოღება, რომელიც რეალურად შეასრულებს იმას, რაც ევალება — მოახდენს ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და ველური ბუნების გამოყენების კონტროლს და გაანაწილებს მოგებას ნაციონალურ საზღვარებზე. თუმცა, საერთაშორისო კანონები და რეგულაციები ამ სფეროში ისეთი კუთხით ვითარდება, რომ რეალურად რამე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის ძალა არ შესწევთ.

2008 წელს მსოფლიო ეკონომიკა დანგრევის პირას იყო, იდგა რა ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის წინაშე 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის პერიოდის შემდეგ. ამის საპასუხოდ, შეიქმნა ახალი ფორუმი G20, რომელიც წარმოადგენდა მსოფლიოს 20 უმსხვილეს ეკონომიკას.

გაერომ წინდახედულად შესთავაზა ახალშექმნილ ჯგუფს ნიუ იორკის საკუთარი შტაბბინა G20-ის სამიტის შეხვედრებისთვის, თუმცა ეს ინიციატივა უარყოფილი იქნა და გაერო ნელ-ნელა მარგინალიზებული გახდა პროცესებისაგან. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს G20-ის დამფუძნებლებს სურდათ მხოლოდ თავად ემუშავათ საერთაშორისო ეკონომიკის ახალ ურთიერთობებზე, ამ პროცესისგან გაერიყათ გაერო და თავი აერიდებინათ მისი პრინციპებისგან. ცოტა ხანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმმა (შემოკლებით Davos) დაიწყო საკუთარი გზების ძიება, რომელიც შესაბამისობაში მოდიოდა  G20-ისა და სხვა ჯგუფების ფილოსოფიასთან —  გლობალური რედიზაინის ინიციატივა (Global Redesign Initiative), რომელიც მიზნად ისახავდა მთავრობათაშორისი გადაწყვეტილებების მარგინალიზაციას და ამის მაგივრად სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა თვითმმართველობის შექმნას.

როგორც  ნიკ ბაქსტონმა დაწერა 2014 წელს  «Davos-ის სამყაროში, სახელმწიფოს როლს დემოკრატიული მოთხოვნების უზრუნველყოფაში, ცვლის მოქნილი და სწრაფი კორპორატიული მმართველობა, რომელიც უდიდეს ძალაუფლებას ანიჭებს ადამიანთა მცირე ჯგუფს. ბაქსტონის ანგარიში ტრანსნაციონალური ინსტიტუტისთვის ცხადყოფს, რომ მსოფლიოს სიმდიდრე უფრო მცირე პროცენტის ხელშია კონცენტრირებული, ვიდრე ეს ზოგადად არის ხოლმე წარმოდგენილი — ეს არაა მოსახლეობის 1%, არამედ 0.001%. მხოლოდ 111,000 ადამიანი აკონტროლებს მსოფლიოს შიდა პროდუქტის (მშპ) მეხუთედს, რაც შეადგენს 16.3 ტრილიონ ამერიკულ დოლარს.

 

მმართველობის აუთსორსინგი

Davos-ის შემოთავაზება მდგომარეობს შემდეგში — ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორები და ქვეყნების  მართვა უნდა მოხდეს კორპორაციების მიერ, სხვა დაინტერესებული მოზიარე მხარეების მხარდაჭერით.

ამ თვალთახედვის ყველაზე მიმზიდველი ნაწილი ისაა, რომ მინერალური და ბიოლოგიური რესურსების ფართომასშტაბიანი მოპოვება კვლავაც შესაძლებელია იმის გამო, რომ სუსტდება ადგილობრივი სტრუქტურების ზედამხედველობა და ანგარიშვალდებულება. ექსტრაქტივისტული ეკონომიკების მოქმედება რთულია ისეთ რეგიონებში, სადაც ასეთი სტრუქტურები ძლიერი და დემოკრატიულია და, შესაბამისად, საზოგადოების პროტესტის გამოხატვის ალბათობაც მაღალია.

აქ კიდევ ერთი პრობლემა არსებობს: იმ თემთა მიწები, რომლებიც ოქროზე, ნავთობზე თუ სხვა რესურსებზეა განლაგებული ხდებიან აშკარა სამიზნეები. მაგრამ რა ხდება როდესაც ველური ბუნება არ არის აშკარა მოგების წყარო? თუ, მაგალითად, ვეფხვს არ მოაქვს მოგება ეკონომიკისთვის, მაშინ რატომ უნდა მოხდეს მისი გადარჩენა და შენარჩუნება? სწორედ აქაა მნიშვნელოვანი ბუნების მონეტარიზაციის ცნება.

2014 წელს მწერალმა ჩარლზ აიზენშტაინმა გამოაქვეყნა სტატია openDemocracy-ზე, სადაც განავრცო ეს ფენომენი. უნდა გვესმოდეს, რომ «ზოგი რამ სამყაროში მისი ღირებულებისა და მოგების პოტენციალის მიღმა არსებობს».  მან მკაფიოდ მიუთითა იმ საშიშროებაზე, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ყველაფერი ციფრებამდე და ფინანსურ მონაცემებამდე დადის.

არსებობს მრავალი რამ, რასაც ჩვენ არ ვზომავთ, ხშირად საკუთარი გადაწყვეტილების გამო (რადგან ეს ეწინააღმდეგება არსებულ ძალაუფლებრივ ურთიერთობებს) ან იმიტომ, რომ ჩვენ ეს საკითხი კარგად არ გვესმის; კიდევ იმიტომ, რომ რაღაცები უბრალოდ გაუზომვადია როგორც — სილამაზე, ურთიერთდაკავშირებულობა, სულიერი კეთილდღეობა ან, მაგალითად, ჩრდილოეთის ირმები, მგლები და ოქროს არწივები, რომლებიც მონღოლეთში ცხოვრობენ.

 

მონეტარიზებული ბუნება = დაკარგული ბუნება

ბუნება არ შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც მხოლოდ გასაყიდი საქონელი — ის სავსეა სხვადასხვა სახის სიმდიდრით, რომელსაც ვაფასებთ სხვადასხვაგვარად. ის სავსეა სხვადასხვა სახეობებით, ესაა სივრცე ჩვენი, ადამიანების ურთიერთკავშირისთვის. სწორედ ამიტომ არ შეგვიძლია ბუნების განხილვა მხოლოდ მონეტარული ღირებულებით, მაგრამ ასეთი მიდგომა უცხოა Davos-ის წარმომადგენლებისთვის. ბუნების მონეტარიზაცია იწვევს ექსპლუატაციას სადაც კი მოგების მიღებაა შესაძლებელი და ბუნების დაცვის მექანიზმების დასუსტებას იქ, სადაც ეს შესაძლებელია. ერთადერთი რეალური გამოსავალია, უარი ითქვას ბუნების, როგორც მოგების მოტანის ფილოსოფიაზე, ამას კი სხვა მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებებიც მოჰყვება.

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი კვლავ შეხვდა დავოსში 2017 წლის იანვარში ახლა უკვე ცნობილი მიზნით «საჯარო-კერძო კოოპერაციით გლობალური მმართველობის გაუმჯობესების მიზნით», თუმცა ძალაუფლებას გლობალური რედიზიანის ინიციატივა (Global Redesign Initiative) და მსგავსი ინიციატივები მხოლოდ მაშინ მოიპოვებენ თუ ჩვენ, მოქალაქეები მათ ამის უფლებას მივცემთ.

ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მთავრობებს, რომ მმართველობა ადამიანებისა და ბუნების ინტერესებს მოარგონ და არა ეკონომიკურ მოგებას და კერძო კორპორაციებს. ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ გლობალური კონსერვაციის დემოკრატიზაცია და ყველგან, სადაც გვაქვს დემოკრატია, განვამტკიცოთ ჩვენი კონტროლი.

ვეფხვები, სპილოები, ტყეები, ჭაობები, მდინარეები და ა.შ არ შეიძლება იზომებოდეს მათი სასაქონლო ღირებულების მიხედვით და ამ ღირებულებას არ უნდა განსაზღვრავდეს ინვესტორებისათვის  მოგების მოტანის პოტენციალი,  ეს  ყველაფერი ჩვენი, ადამიანების კოლექტიური მემკვიდრეობაა.

 

თარგმანი: ეკა მღებრიშვილი

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით