დევნილთა შემდეგი კრიზისი

გამოქვეყნებულია: 29.Mar.2016

კლიმატის ცვლილება, რამდენიმე ათწლეულში, მილიონობით ადამიანს აიძულებს შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. მაგრამ სად წავლენ ისინი და როგორ მიიღებენ მათ სხვადასხვა ქვეყნები?

ევროპის რეაქცია დევნილების ახლანდელ შემოდინებაზე, არ ტოვებს  ლიბერალური დემოკრატიისთვის  კარგი მომავლის პროგნოზირების შესაძლებლობას მსოფლიოში, სადაც კლიმატის ცვლილება გაცილებით მეტ ადამიანს აიძულებს განახორციელოს მიგრაცია.  კონტინენტის გასწვრივ, ქსენოფობიური, მემარჯვენე პოპულისტური პარტიების პოპულარობა იზრდება, მაშინ როდესაც თვით მეინსტრიმული პარტიებიც კი მხარს უჭერენ აგრესიულ [პოლიციის მიერ] წესრიგის კონტროლის, თვალთვალის და მილიტარიზებული საზღვრების პოლიტიკას.

რთულია, ზუსტად ვიწინასწარმეტყველოთ კლიმატის მიერ გამოწვეული [მოსახლეობების საცხოვრებელი ადგილის] მონაცვლეობა. მიახლოებითი რიცხვი, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება გადაადგილდეს და როდის, და ემისიების/გამონაბოლქვის რომელი სცენარის გათვალისწინებით, (ანუ თუ რამდენად გაგრძელდება ემისიები) განსხვავებულია.

Stern Review-მ 2006 წელს გამოიანგარიშა მიახლოებითი რაოდენობა, რომლის მიხედვითაც კლიმატის ცვლილებას, იწვევს რა ეს უკანასკნელი ზღვის დონეების აწევას, უფრო ხშირ წყალდიდობებს და ინტენსიურ გვალვებს, შეუძლია 150-დან 200 მილიონამდე ადამიანი აიძულოს გადაადგილდეს საუკუნის შუა წლებისთვის. ერთი წლის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია Christian Aid-მა, საკუთარი ვარაუდი წამოაყენა, რომ იმავე დროით პერიოდში, ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც გადაადგილება მოუწევთ, იქნება 250 მილიონი. გაეროს განვითარების პროგრამის 2007-2008 წლების ადამიანის განვითარების ანგარიშში ეს რიცხვები კიდევ უფრო მეტია: დაახლოებით 330 მილიონ ადამიანს მოუწევს მიგრაცია, თუ გლობალური ტემპერატურა აიწევს 3, ან 4 გრადუსი ცელსიუსით.

მიუხედავად იმისა, თუ რომელ მიახლოებით გაანგარიშებას ავირჩევთ, ერთი რამ ცხადია: თუ ემისიების შემცირება არ დაიწყება დაუყოვნებლივ, კლიმატის ცვლილება ნამდვილად გამოიწვევს ადამიანთა უპრეცედენტო რაოდენობის მიგრაციას დარჩენილი საუკუნის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილება, დღესდღეისობით, დევნილების გადაადგილების ძირითადი გამომწვევი არ არის, ის აუცილებლად უნდა იყოს დისკუსიების ცენტრში ახლა, რადგან პოლიტიკის არჩევანი დღეს, ქმნის უფრო თბილი და ნაკლებად სტაბილური მომავლის საშიშროებას.

მიგრაციის ახლანდელი ტალღა, რომელიც მიმართულია ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ევროკავშირის მიმართულებით, დაიწყო 2011 წელს, მაგრამ დრამატულად აჩქარდა გასულ წელს, როდესაც მილიონზე მეტი ადამიანი შევიდა ევროკავშირის ქვეყნებში, რომელთა უმრავლესობა დასახლდა გერმანიაში. 2007 და და 2013 წელს შორის, ევროკავშირმა გამოყო 4 მილიარდი ევრო იმისთვის რომ გამკლავებოდა დევნილებს, მაგრამ საერთაშორისო ამნისტიის მიხედვით, ამ თანხის მხოლოდ 17 პროცენტი დაიხარჯა ''თავშესაფრის პროცედურების მხარდასაჭერად, მიღების მომსახურებისთვის და დევნილთა ინტეგრაციისთვის''. დანარჩენი 83 პროცენტი დაიხარჯა საზღვრების მილიტარიზაციაზე, თვალთვალზე და დეპორტაციაზე.

ევროპული სახელმწიფოების ასეთ ქმედებას საფუძვლად უდევს ''საგანგებო მდგომარეობის'' იდეა. ევროკავშირმა ჩაატარა საგანგებო სამიტი ლტოლვილების საკითხებზე, ევროკომისიის საგანგებო მდგომარეობათა საპასუხო ქმედებების კოორდინაციის ცენტრი ახდენს ექსპერტიზისა და მასალების დინების მენეჯმენტს. გაერომ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა საგანგებო მოწოდებები გამოუშვეს.

რადიკალური მემარჯვენე პოლიტიკოსები ერთმანეთში ურევენ მიგრაციასა და ტერორიზმს და ამ სავარაუდო საგანგებო მდგომარეობას სვამენ ცივილიზაციური კონფლიქტის ჩარჩოში. ხეერტ ვილდერსმა, ნიდერლანდური ''პარტია თავისუფლებისთვის'' ლიდერმა თქვა შემდეგი რამ: ''ეს არის შემოსევა, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს კეთილდღეობას, უსაფრთხოებას,  კულტურასა და იდენტობას''. არც პოლიტიკური ცენტრი ყოფილა რამით უკეთესი. ჩეხმა პრეზიდენტმა და სოციალ-დემოკრატმა მილოშ ზემანმა განაცხადა: ''მე სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვდგავართ ორგანიზებული შემოსევის, და არა დევნილთა სპონტანური გადაადგილების წინაშე.''

საფრანგეთში, სადაც მიგრაცია და ტერორიზმი მკაფიოდ დაკავშირებულია საზოგადოების გონებაში, სოციალისტმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გამოაცხადა ''ომი ტერორიზმის წინააღმდეგ'', როდესაც პარლამენტმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დააწესა საგანგებო რეჟიმი, მისცა რა პოლიციას თითქმის შეუზღუდავი უფლებამოსილება ძებნისა და დაპატიმრებისა. შვედეთიდან მაკედონიამდე, სახელმწიფოებმა დააწესეს ''საგანგებო მდგომარეობა'' საზღვრების კონტროლის მხრივ. აღმოსავლეთით, ეს ნიშნავს მძიმედ მილიტარიზებულ და მუდმივი სასაზღვრო ბარიერების აგებას. ევროკავშირი კი ქმნის ახალ ზენაციონალურ სასაზღვრო საპატრულო სააგენტოს.

ეკონომიკური, ან კულტურული გაგებით, დევნილთა ამჟამინდელი შედინება არ წარმოადგენს არავითარ საგანგებო მდგომარეობას. ევროკავშირის გარეთ დაბადებული მოსახლეობის რაოდენობა ევროპაში არის დაახლოებით 6,3 პროცენტი, შედარებისთვის ამერიკის მოსახლეობის 13% მისი საზღვრების გარეთ არის დაბადებული.

ევროპაში განგაშისთვის, არც ეკონომიკური არგუმენტებია მყარი. ეკონომისტები  მეტწილად თანხმდებიან რომ იმიგრაცია აშშ-ის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა ბოლო 50 წლის განმავლობაში. ახალმა მიგრანტებმა შეიძლება მოაგვარონ ერთ-ერთი დემოგრაფიული პრობლემა - სწრაფად დაბერებადი ევროპა. ევროპის საშუალო შობადობის კოეფიციენტი არის 1.6 თითო ქალზე, მაგრამ საჭიროა იყოს 2, მხოლოდ იმისთვის რომ მოსახლეობის ახლანდელი რაოდენობა შეინარჩუნოს.

ეს ჩვეულებრივი კანონზომიერებაა განვითარებულ ქვეყნებში: როდესაც ქალებს აქვთ სოციალური და ეკონომიკური არჩევანი და ოჯახებს აღარ სჭირდებათ ბავშვების შრომა, -  ოჯახის ზომა მცირდება. მაგრამ ეს ტენდენცია პრობლემური ხდება სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან კავშირში განხილვისას, -  იმისთვის რომ საზოგადოებამ შეინარჩუნოს დამოკიდებული ასაკოვანი მოსახლეობა, მას სჭირდება ახალგაზრდა შრომითი ძალა. დასავლეთ ევროპამ იპოვა გამოსავალი:  აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთ ევროპაში წასული ადამიანები. ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში მოსახლეობა ბერდება და მცირდება, ხოლო განათლებული ახალგაზრდობა ტოვებს ამ ქვეყნებს.

ნეოლიბერალიზმის შიდა წინააღმდეგობები მიუთითებს იმას, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ერთდროულად გვხვდება უმუშევრობის მაღალი დონე და მუშახელთა მნიშვნელოვანი სიმცირე მშენებლობის, წარმოებისა და ჯანდაცვის, აგრეთვე ტექნოლოგიის სექტორში. ერთმა გამოკითხვამ დაადგინა რომ პოლონეთში არსებული კომპანიების 40 პროცენტი ვერ ავსებდა ვაკანსიებს. უნგრეთში ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალი იყო. უფრო დასავლეთით, დამსაქმებლები ასევე იდგნენ ამ პრობლემის წინაშე, მაგრამ ნაკლები სიმძაფრით: 18 პროცენტი ჩეხური ფირმების და 28 პროცენტი სლოვაკური ფირმებისა.

ეს სიტუაცია გამოიწვია ქამრის შემოჭერის პოლიტიკამ და პრივატიზაციამ , იმით რომ მოახდინა ფართო სოციალური ინვესტიციების, რაც საჭირო იყო ყველა მოქალაქის პოტენციალის გასავითარებლად, პრევენცია. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ უნარ ჩვევების მქონე მუშახელის ახალი კლასიც კი დასავლეთისკენ მიიწევს. დეინდუსტრიალიზებული ამ პოსტ-სოციალისტური ''ჟანგის სარტყელს'' შორის დარჩენილნი არიან ზრდადად დაუსაქმებელი, საკმარისი განათლების არმქონე ახალგაზრდები და შეშინებული პენსიონერები. ეს კი ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს ქსენოფობიური და პოპულისტური რეაქციებისთვის.

 

საგანგებო მდგომარეობა თეორიასა და პრაქტიკაში

პოლიტიკურ თეორიაში უკვე დიდი ხანია რაც აღინიშნა ''საგანგებო მდგომარეობებისა'' და ''გამონაკლისი სიტუაციების''  სახიფათო სამართლებრივი და კონსტიტუციონალური მნიშვნელობები.

რადიკალურმა მემარჯვენე, გერმანელმა სამართლის თეორისტმა კარლ შმიდტმა გამოიყენა ''საგანგებო მდგომარეობის'' იდეა, ანუ კონსტიტუციური შეყოვნება კონსტიტუციისა, ნაცისტური დიქტატურის ლეგალური საფუძვლის თეორიზებისათვის. მის არგუმენტში, რომელიც შეიძლება ასევე [იდეურად] შებრუნებულ და წაკითხულ იქნას როგორც კრიტიკა, საგანგებო მდგომარეობები არის საშუალება, რომლითაც დემოკრატიები სამართლებრივად (ლეგალურად) ახდენენ ავტორიტარული, ან აბსოლუტისტური პოლიტიკისა და მართლმსაჯულების კონტრაბანდულ შემოტანას.

მას შემდეგ, რაც გერმანელმა პრეზიდენტმა ჰინდენბურგმა ჰიტლერს ძალაუფლება შესთავაზა, ახალმა კანცლერმა გამოსცა ''დეკრეტი ხალხისა და სახელმწიფოს დაცვისთვის'' რაიხსტაგის ხანძრის შემდგომ. კანონმა შეზღუდა შეკრების უფლება, სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება და ნება მისცა პოლიციას დაეკავებინა და ციხეში ჩაესვა ხალხი სპეციფიური ბრალდებების გარეშე და უფლება იმისა, აეკრძალა ან დაეშალა გამოცემები და ორგანიზაციები თავისი ნების მიხედვით. ლეგალურად თუ ვიტყვით, მესამე რაიხი იყო თორმეტწლიანი საგანგებო მდგომარეობა ვაიმარის კონსტიტუციის ქვეშ.

პოლიტიკური თეორეტიკოსი ჯორგიო აგამბენმა, რომელიც არის მკვლევარი და მემარცხენე ინტერპრეტატორი შმიდტისა, ამტკიცებს რომ '' მუდმივი საგანგებო მდგომარეობის (თუმცა, შესაძლოა, ტექნიკური გაგებით დეკლარირებულიც არ იყოს) ნებაყოფლობითი შექმნა გახდა ერთ-ერთი არსებითი პრაქტიკა თანამედროვე სახელმწიფოებისა, მათ შორის ეგრეთწოდებული დემოკრატიული სახელმწიფოებისა.'' აგამბენმა, რომელიც უარს ამბობს მისგან აიღონ თითის ანაბეჭდები, ამტკიცებს რომ სოციალური კონტროლის განვითარებული ტექნოლოგიების კომბინაცია, შიშის პოლიტიკა და დემოკრატიული უფლებების ძირეული გამოფიტვა ფუნდამენტურად ახდენს სახელმწიფოებსა და მოსახლეობების შორის ურთიერთობის გარდაქმნას, გადააქცევენ რა მოქალაქეებს უფლებების არმქონე სუბიექტებად, დაკავებულებად, რომლებიც ელოდებიან განაჩენს.

კლიმატის ცვლილება მოიტანს ნამდვილ საგანგებო მდგომარეობებს: დატბორილ ქალაქებს, შეფერხებულ ვაჭრობას, საკვების ფასების შოკებს, ნამდვილად მასიურ მიგრაციებს. თუ საგანგებო მდგომარეობის აჩრდილს დღესაც კი მოიხმობენ, შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ რა რეაქციები იქნება მომავალში.

 

 როგორ დაიწყო მიგრაცია

ევროპის საზღვრების ოდნავ მიღმა იმყოფება 9 მილიონი დევნილი, ახლო აღმოსავლეთში და დამატებითი 15 მილიონი აფრიკაში საჰარის უდაბნოს სამხრეთით. მათგან დაახლოებით 1 მილიონმა ადამიანმა მიაღწია ევროკავშირს 2015 წლის განმავლობაში, და დაახლოებით 3,700 დაიღუპა გზაში, როგორც წესი ხმელთაშუა ზღვაში დახრჩობით. სამი ქვეყანა სადაც მუსლიმები მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს, იფარებს დაახლოებით 30 პროცენტს მსოფლიოში არსებულ დევნილთაგან, ამათგან ორი მდეობარეობს ევროპის კიდეზე, თურქეთი და ლიბანი, მესამე კი პაკისტანია.

2011 წლიდან, დევნილთა რაოდენობამ გლობალურად იმატა შოკისმომგვრელი 40 პროცენტით, რითაც მსოფლიოში დევნილთა ჯამური რიცხვი გახდა 60 მილიონი, უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერ დროს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

რატომ დაიწყო დევნილთა რაოდენობის გაზრდა 2011 წელს? სწორედ ამ წელს შევესწარით საკვების ფასების რიგით მეორე  მასიურ შოკს ათწლეულზე ნაკლებ დროის პერიოდში. 2010 წლის ივნისსა და 2011 წლის ივნისს შორის, მსოფლიო ფასები მარცვლეულზე თითქმის გაორმაგდა. ხორბლის ფასებმა იმატა 83 პროცენტით, ხოლო სიმინდის ფასებმა კი 91 პროცენტით.

2010 წლის ზაფხულში რუსეთმა, რომელიც არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ხორბლის ექსპორტიორი, განიცადა ყველაზე ცუდი გვალვა 100 წლის მანძილზე (ცნობილია როგორც შავი ზღვის გვალვა). ამინდის ექსტრემალურმა პირობებმა გამოიწვია ხანძარი, რომლმაც გადაწვა რუსეთის ტყის მასიური ტერიტორია და გაანადგურა საფერმო მიწა რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. ამ წელს, რუსეთის ხორბლის ექსპორტებმა იკლო 78 პროცენტით.

2009-2010 წლებში, ამერიკის მიდვესტში ცუდი ამინდი გახდა მიზეზი, ხორბლის არასაკმარისი წარმოებისა და 2011 წლისთვის ეს აისახა ამერიკის ხორბლის ექსპორტის 22 პროცენტიან ვარდნაში. იმავე წლების განმავლობაში, ფართომასშტაბიანმა წყალდიდობამ პაკისტანში ქვეყნის დიდი ნაწილი წყლის ქვეშ მოაქცია და მიუხედავად იმისა, რომ ამან იმდენად არ დააზარალა ხორბლის ექსპორტი, როგორც მოსალოდნელი იყო, მაინც დიდი გავლენა იქონია  ბაზარზე და გააქტიურა სპეკულაციები.

ყველაზე აგრესიულად მოქმედი იყო შვეიცარიაში დაფუძნებული პროდუქტებით მოვაჭრე გიგანტი ''Glencore'', რომელიც მაღალი ფასებით სპეკულირებდა. კომპანია წავიდა იმდენად შორს, რომ საჯაროდ მოუწოდა რუსეთს გაეუქმებინა საექსპორტო კონტრაქტები, რაც მან გააკეთა კიდევაც.

ეგვიპტე, როგორც ბევრი სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა, არის ხორბლის  ერთ-ერთი უდიდესი იმპორტიორი მსოფლიოში. როდესაც რუსეთმა გააუქმა თავისი საექსპორტო კონტრაქტები, საჭმლის ფასებმა ეგვიპტესა და ჩრდილო აფრიკაში მნიშვნელოვნად აიწია. ამ ფაქტმა ხელი შეუწყო პროტესტებს, რაც თავის მხრივ, გადაიქცა არაბულ გაზაფხულად. ამასობაში, თანამედროვე ''პურის აჯანყებები'' მოხდა ქალაქებში როგორიცაა ბიშკეკი, ყირგიზეთი; ნაირობი, კენია; და დაიწყო ოთხი ახალი ომი, ლიბიაში, იემენში, სირიაში და ერთიც მცირე მასშტაბის ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძულზე.

იმავე პერიოდში, გვალვამ სირიაში,  ასადის მთავრობის ქამრების შემოჭერის პოლიტიკასთან ერთად, 800,000 სუნიტი ფერმერი აიძულა დაეტოვებინათ თავიანთი მიწები და გადაენაცვლათ ქალაქებში. მათ გაჭირვებამ და ამასთან ასოცირებულმა სოციალურმა უთანხმოებამ, ხელი შეუწყო სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებას.

2011 წელს, დევნილების ექტრემალური მატების კიდევ ერთი განმაპირობებელი ფაქტორი უფრო მეტად ცხადია: ნატოს აგრესია. იმ ქვეყნების უმეტესობა, რომლებიდანაც დევნილები გამორბიან, არიან ქვეყნები რომლებიც ნატოს შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს. უფრო კონკრეტულად, მოწინავე სამეული არის სირია, ერაყი და ავღანეთი. ლიბია, რომელიც ასევე ნატოს მიერ დაიბომბა, არის ევროპისკენ მიგრაციისთვის საწყისი წერტილი.

ისლამური სახელმწიფო (დაეში, აისისი, აისილი) არის პოლიტიკური ფორმაცია, რომელიც გაჩნდა პირდაპირ რეგიონული კრიზისიდან, რისი გამომწვევიც იყო ამერიკის ერაყში შეჭრა. ახლანდელი ლიდერი ისლამური სახელმწიფოსი, აბუ ბაქრ-ალ ბაღდადი, არის ამერიკის საპატიმრო ცენტრის ''ვეტერანი'' ბანაკ ბუქადან.

აისისის მეთოდები ირეკლავს მის წარმოშობას, ჯგუფმა ააგო სტრატეგია ქაოსისა და საგანგებო მდგომარეობის გარშემო. ლოგიკა ჩამოყალიბდა აისისის წინამორბედი ორგანიზაციის, მესოპოტამიის ალ-ყაიდას მიერ, 2004 წლის მანიფესტში სახელწოდებითთ ''სიმხეცის მოგვარება (წარმართვა)''.

აისისი ილტვის რომ შეავსოს ძალაუფლების ვაკუუმები, გააჩინოს კიდევ მრავალი ასეთი ვაკუუმი და გამოიყენოს ქაოსის შიში.
მათი ტერორისტული თავდასხმები დასავლეთში, რომელებიც ტექსტში აღწერილია როგორც ''გამაღიზიანებელი ოპერაციები'' - ცდილობენ დესპოტური გადამეტებული რეაქციების პროვოცირებას სახელმწიფოებისგან, რომლებსაც ზოგადად, შედარებით ლიბერალური მთავრობები ჰყავთ, რაც გამოიწვევს ყველა მუსლიმის კრიმინალიზებას, ღია საზოგადოების გახისტებას და გაუცხოებული მუსლიმების თვით-დარქმეული ხალიფატის ხელებში მოხვედრას.

პარიზის თავდასხმები 13 ნოემბერს იყო აისისის იდეოლოგიური ინტერვენცია ევროპის დევნილთა კრიზისში. თავდასხმები კაფეზე, ღამის კლუბზე და სტადიონის გარეთ (სადაც ოლანდი თამაშს უყურებდა) იყო იაფფასიანი, დაბალტექნოლოგიური, მაგრამ არნახულად საზარელი, და ამან გამოიწვია მასიური და უსახური რეაქცია. შესაძლო გაყალბებული სირიული პასპორტი,რომელიც ნაპოვნი იქნა პარიზის ერთ-ერთ თავდასხმის ადგილას, საკმარისი იყო რადიკალი მემარჯვენეებისთვის, რათა ერთმანეთში მოეხდინათ დევნილებისა და ტერორიზმის აღრევა.

 

ევროპის თვითდანაწევრება

 ჯერჯერობით, ევროპის რეაქცია უმეტესწილად მოერგო აისისის გეგმას: საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში, მზარდი ქსენოფობიური რიტორიკა და აგრესიული საზღვრების მილიტარიზაციის კამპანია. თუმცაღა, ამის კონტრმაგალითებიც არსებობს, ათასობით მოქალაქე მობილიზდა მიგრანტების დასახმარებლად; გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გვერდი აუარა წესებს იმისთვის, რომ შემოეშვა ათასობით დევნილი. მიუხედავად ამისა, ქსენოფობიური რიტორიკა, როგორც ჩანს, უფრო მეტად დომინანტურია, ვიდრე  სტუმართმოყვარება.

განვიხილოთ საფრანგეთის საგანგებო მდგომარეობა. საფრანგეთის მთავრობამ აკრძალა საჯარო დემონსტრაციათა მთელი წყება და ნება დართო პოლიციას განეხორციელებინა ძებნები, ორდერის გარეშე, გარკვეული ადმინისტრაციული ზედამხედველობით, მაგრამ არა სამართლებრივი დადასტურებით. როდესაც პოლიცია პოულობს ელექტრონულ მოწყობილობებს, როგორიცაა, მაგალითად მობილურები ან ლეპტოპები, მათ შეუძლიათ დააკოპირონ ყველა ინფორმაცია.

საგანგებო მდგომარეობის კანონი სახელმწიფოს უფლებას აძლევს შინაპატიმრობა დაუწესოს ადამიანებს, რომლებიც არც გაუსამართლებიათ და არაფერი მიუსჯიათ. შინაპატიმრობა შეიძლება გაგრძელდეს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც პოლიციას აქვს ''სერიოზული მიზეზი'' იმისთვის, რომ იფიქროს ამ პიროვნების ქცევები ''საფრთხეს უქმნის უსაფთხოებას, ან საზოგადოებრივ წესრიგს''.

პოლიციას, ასევე შეუძლია, გაუსამართლებელ და მიუსჯელ ხალხს, რომელსაც ის ჩათვლის ზედმეტად რადიკალურად, აიძულოს ატარონ ელექტრონული ადგილმდებარეობის მაჩვენებელი სამაჯურები. სახელმწიფოს შეუძლია დაშალოს ორგანიზაციები და ასოციაციები, რომლებსაც მიიჩნევს საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხისშემცველად. ამ ჯგუფების წევრებს კი შეიძლება დაუწესდეთ შინაპატიმრობა. შინაპატიმრობის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს სამწლიანი პატიმრობა. საგზაო მოძრაობის აკრძალვების, ან უსაფრთხოების ზონების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს პიროვნების 6 თვით დაპატიმრება და დამატებით, მძიმე ჯარიმების დაწესება.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეუძლია ''ნებისმიერი მეთოდით'', დაუყოვნებლივ და ყოველგვარი სამართლებრივი კონტროლის გარეშე დაბლოკოს ის ვებგვერდები, თუ სოციალური ქსელები, რომლებიც ''აღვივებენ, ან მხარს უჭერენ ტერორისტულ თავდასხმებს''. ადამიანებს, რომლებიც პოლიციის სამიზნეები არიან -  მაგალითად, შინაპატიმრობამისჯილს, ან გაჩხრეკვის დროს დაზარალებულს - არ აქვს უფლება რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლებას, ან მოითხოვოს საგანგებო მდგომარეობის მეთოდების გაუქმება.

ნოემბრის თავდასხმებიდან ცოტა დროის შემდეგ, ქვეყანამ დააწესა საზღვრების კონტროლი 132 სასაზღვრო პუნქტთან, გაზარდა თავისი კონტრ-ტერორიზმის რესურსები და დაიქირავა 9,500 დამატებითი პოლიციელი, იურიდიული ოფიცერი თუ საბაჟო პუნქტების ოფიციალური პირები, გადასხა 10,000 ჯარისკაცი რათა დახმარებოდა 100,000- კაციან  პოლიციასა და ჟანდარმერიას, რომელიც უკვე პატრულირებდა საფრანგეთის ქუჩებს.

თითქოს ეს არ იყო საკმარისი და ოლანდმა, ასევე წამოაყენა კონსტიტუციური ჩასწორების ინიციატივა, რათა საგანგებო მდგომარეობის უმეტესი ნაწილი მუდმივად ექცია. ეს ჩამატება გულისხმობს, რომ საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოერთმეოდათ იმ ორმაგ მოქალაქეებს, რომლებიც ნასამართლევი არიან ტერორისტულ დანაშაულებში (თუნდაც ისინი, ვინც საფრანგეთში არიან დაბადებულნი), მოახდენდა ჯიჰადისტურ ვებსაიტებზე შესვლის კრიმინალიზებას და დახურავდა რადიკალურ მეჩეთებს.

ეს ყველაფერი ,,მართლდება'' რელიგიურ ტერორიზმთან ბრძოლის სახელით, თუმცა პირველ რიგში ვის მიესაჯა შინაპატიმრობა? კლიმატის აქტივისტებს, რომლებიც საპროტესტო აქციებს გეგმავდნენ,კლიმატის სამიტის, COP21-ის შეხვედრების პარალელურად, პარიზში.
დემოკრატიამ საფრანგეთში მიიღო სხეულებრივი ტრავმა: კარლ შმიდტის აჩრდილი იღიმება, და ჯორჯიო აგამბენის აბსტრაქტული პროზა იკითხება როგორც წინასწარმეტყველება.

 

 პოპულისტური მარჯვენა ფრთა და საზღვრების შენება

და რა მოუტანა ოლანდს ქსენოფობიურ მემარჯვენეებზე მეტის კეთებამ? არაფერი. რეგიონული არჩევნების პირველი ტურის დროს, რომელიც 6 დეკემბერს ჩატარდა, რადიკალური მემარჯვენე პარტია ეროვნული ფრონტი (FN), ხმების თითქმის 28 პროცენტით, პირველ ადგილზე გავიდა. ერთადერთი მიზეზი, რამაც დაახლოებით ექვს რეგიონში,  ეროვნული ფრონტს კონტროლის მოპოვებაში ხელი შეუშალა,  ოლანდის პანიკანარევი ბრძანება იყო, რომ მის სოციალისტურ პარტიის წევრებს  მოეხსნათ საკუთარი კანდიდატურა მეორე რაუნდში, რამაც გზა გაუკვალა ნიკოლას სარკოზის რესპუბლიკელებს.

ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც არ გამხდარან  თავდასხმების ობიექტები, დევნილების შემოდინება არის ''საგანგებო მდგომარეობა'', რომელიც გამოიყენება რეპრესიების გასამართლებლად. იმიგრანტების წარმოჩენა ხდება, როგორც შემომსევლებად.

ოცი წლის განმავლობაში ევროპული პოპულისტური მემარჯვენეები თანდათანობით ძლიერდებოდნენ და ახლა, ისინი საკმაოდ მაღალ რეიტინგებს უჩვენებენ  გამოკითხვებში, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: შვედეთი, დანია, ნიდერლანდები, უნგრეთი, პოლონეთი და საფრანგეთი. ეს მათი მომენტია და საზღვრების მილიტარიზაცია არის მათი ერთ-ერთი პირველადი მეთოდი.

ცივი ომის შემდგომი ხელახალი გაკედლიანება(re-walling)  დაიწყო 2011 წელს, როდესაც დევნილების ნაკადი გაურბოდა ნატოს ბომბებს, ჯიჰადისტებს, როდესაც არშემდგარი და დაშლადი სახელმწიფოების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ამ წელს, საბერძნეთმა დაიწყო საბერძნეთ-თურქეთის საზღვრის სახმელეთო ნაწილების მილიტარიზაცია, რაც ზუსტად არ ემთხვეოდა მდინარე მარიცას დინებას. ბერძნული ბარიერი არის ორმაგი ხაზი თხუთმეტფუტიანი, ზემოდან მავთულხლართებშემოვლებული ზღუდე, ამ ორ ზღუდეების ხაზს შორის არის მავთულხლართების კიდევ დამატებითი ხვეულები. ოთხსართულიანი საგუშაგო კოშკები და კამერები თერმული ხედვის ფუნქციით დაჰყურებენ ამ ხაზებს. მაგრამ საბერძნეთი არქიპელაგებისა და ნახევარკუნძულების წყებაა, მას ვერ შემოღობავ. და ამგვარად, მიგრანტების ნაკადი შიგნით მაინც აღწევს.

როდესაც 2015 წელს, დევნილთა დინებამ აჩქარება დაიწყო, აგრესიული საზღვრების აგება სხვაგანაც დაიწყო, ევროპის გასწვრივ. პირველი იყო უნგრეთის მემარჯვენე ნაციონალისტი პრემიერ მინისტრი, ვიკტორ ორბანი.

2014 წელს, როდესაც უნგრეთი ეკონომიკური კრიზისის პირისპირ იდგა და  €20 მილიარდ დახმარების პაკეტს ითხოვდა, ორბანი ნაციონალიზმსა და ეკონომიკურ პროტექციონიზმს ადვოკატირებდა და ევროკავშირს თავს ესხმოდა როგორც შემავიწროებელ მბრძანებელს, ქვეყანა ასევე ხდებოდა ძირითადი მიმღები ან გამტარი გზა დევნილთა დინებისა. თუმცა, როგორც გამოკითხვამ დაადგინა, უნგრელების მხოლოდ 3 პროცენტი მიიჩნევდა იმიგრაციას ნომერ პირველ პრობლემატურ საკითად. ამის ნაცვლად, ისინი ასახელებდნენ უმუშევრობასა და ზოგად ეკონომიკურ გაჭირვებას.

მაგრამ ორბანმა ეს ყველაფერი შეცვალა 2015 წლის გაზაფხულზე, როდესაც განაცხადა რომ უპირატესობას ანიჭებდა ''არალიბერალურ სახელმწიფოს'' და ივლისის ბოლოს გააგზავნა ციხეში მშრომელები, ჯარისკაცები და უმუშევრები, რათა გადაჯაჭვული და მავთუხლართებიანი ზღუდე აეშენებინათ სამხრეთ საზღვრებზე, სერბეთთან და ხორვატიასთან. აგვისტოსთვის, ორბანმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, ვერტმფრენები, შეიარაღებული პოლიცია და ძაღლები განთავსდნენ ამ ხაზის პატრულირებისთვის.

15 სექტემბერს, ორბანმა დახურა სერბეთთან საზღვრები (ერთი თვის შემდეგ დახურა საზღვრები ხორვატიასთან) და დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები მიგრანტებისა, რომლებიც ცდილობდნენ საზღვარზე გადაპარვას. სერბეთის მხარეს კარვების ქალაქები ჩამოყალიბდა. როდესაც გაჭედილმა მოგზაურებმა დაიწყეს შეძახილები ''გაერო'', ''დაგვეხმარეთ'', '' გააღეთ, გააღეთ, გააღეთ'', უნგრულმა პოლიციამ ამას ცრემლსადენი გაზით უპასუხა. სერბეთმა საჯაროდ დაგმო უნგრეთი იმისთვის, რომ ცრემლსადენი გაზი სხვა სუვერენულ სახელმწიფოში გაისროლა. სხვა ხაფანგში მოქცეული მიგრანტები აპროტესტებდნენ პირის ამოკერვით, როდესაც რუმინეთში, პრემიერ მინისტრმა ვიქტორ პონტამ მწუხარედ განაცხადა: ''ზღუდეები, ძაღლები, პოლიციელები და ცეცხლსასროლი იარაღი - ეს ყველაფერი ჰგავს 1930-იანების ევროპას''.

გლობალურ დონეზე, ლიბერალმა ინტელიგენციამ დაგმო ორბანი, მაგრამ სამშობლოში, მისი პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა. მალე, ყველა სხვა ეროვნული ლიდერი რომის, პარიზისა და ბერლინის აღმოსავლეთით, ზღუდეებს აშენებდა. სლოვენიამ და ავსტრიამ დაიწყეს ზღუდეების აგება; თვით პატარა მაკედონიამაც კი, რომელიც უნგრეთის მიერ მიწოდებული მასალების გამოყენებით, აშენებს მილიტარიზებულ ბარიერს საბერძნეთის საზღვართან.

ბულგარეთმა უკვე დაიწყო მილიტარიზებული საზღვრის აშენება სამხრეთით, თურქეთის საზღვართან. ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები რეგულარულად ახდენენ ანგარიშების დოკუმენტირებას, რომელთა მიხედვითაც, ბულგარელი საზღვრის დაცვა სცემს, ძარცვავს და ძაღლებს უქსევს მიგრანტებს. უიღბლო, დაუთვლელი ათასობით მიგრატი უკან იხევს, საბერძნეთსა და თურქეთში, სადაც ისინი რჩებიან გაჭედილნი და მშიერნი. კიდევ უფრო შორს, იორდანიის საზღვარზე, თორმეტი ათასი მიგრანტია დაბანაკებული.

ზღვაზე პატრულირებს ევროკავშირის საზღვრების სააგენტო, ფრონტექსი. მის აღჭურვილობაშია ზრდადი არსენალი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებისა და მაღალსიჩქარიანი ნავების ფლოტი. ასევე, წყალზე არიან რასისტი შურისმაძიებლები. Human Rights Watch-მა მოახდინა დოკუმენტირება 8 სხვადასხვა ინციდენტისა, რომელებშიც '' შავებში გამოწყობილი, შენიღბული და შეიარაღებული კაცები სწრაფმავალ ნავებში'' თავს ესხმიან და აზიანებენ მიგრანტებით სავსე ნავებს.

დეკემბერში, ევროკავშირმა გამოაცხადა რომ გაასამმაგებდა ხარჯებს საზღვრების დაცვაზე და შექმნიდა ახალ 1,500 კაციან ძალას, რომელიც იქნებოდა პასუხისმგებელი საზღვარზე საგანგებო მდგომარეობების მოგვარებისთვის.ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს: ვერტმფრენებს, თვითმფრინავებს, სანაპიროს მიღმა პატრულირების ხომალდებს, სანაპირო პატრულირების ხომალდებს, მაღალსიჩქარიან ნავებს, off-road ავტომობილებს, მოტოციკლეტებს, ღამის ხედვის სათვალეებს, შორეული მანძილის დღის სათვალეებს, თერმულ კამერებს, ნახშირორჟანგის დეტექტორ მოწყობილობებს, მოძრაობის სენსორებს, თითების ანაბეჭდების ამღებ ციფრულ მოწყობილობებს და უზომო რაოდენობას მავთულხლართებისა.

 

საზღვრები შიგნით იწევა

საზღვრების პატრულირება არაა შეზღუდული ეროვნული სივრცის კიდეზე, როგორც შეიძლება ბევრს ეგონოს. საზღვრების აგრესიულად პატრულირება ნიშნავს აგრესიულ პოლიციურ თვალთვალს იმიგრანტებზე და ეს ნიშნავს მთელი საზოგადოების პატრულირებასაც. საზღვრის მილიტარიზაციას შეუძლია შიდა პოლიტიკა შეადუღაბოს ქსენოფობიასა და რეპრესიასთან. ამ ინფექციის ვექტორებად გვევლინებიან პოლიციის რესურსები და პოლიტიკური რიტორიკა.

ასეთი მოწოდებები ამართლებს მუქკანიანი ხალხის შემოწმებებს რკინიგზის სადგურებზე და დაკავების ცენტრებში. აპატიმრებენ მრავალ ადამიანს, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიამდე აღწევენ. მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე, დაახლოებით 224 დაკავების ცენტრი არის მიმოფანტული, რომელსაც შეუძლია დაიტიოს 30,000-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი და უდოკუმენტო მიგრანტი. ამათგან ყველაზე მცირეები იტევენ რამდენიმე ათეულს, ყველაზე დიდები კი ათასს. ისინი ისევე გამოჩნდნენ, როგორც წარსულში ჩაძირული არქიპელაგი, რომელიც ევროპული ლიბერალიზმის მიქცევამ გამოაჩინა.

ძალიან ცოტა მარეგულირებელი სტანდარტი მოქმედებს ასეთ ადგილებში. თვით საუკეთესოებიც კი, როგორც წესი, გარშემორტყმულნი არის მავთულხლართებით, ხოლო ყველაზე უარესები, მაგალითად უნგრეთში,  ბინძური, გათბობის გარეშე და მწერებით სავსეა. არსებობს მცველების ვიდეო, რომელშიც ისინი საჭმელს ყრიან დევნილების ღია ბაკებში. საბოლოო ჯამში, დევნილების სრული რაოდენობა უცნობია, იმიტომ რომ, სახელმწიფოთა უმეტესობა არ აწარმოებს ასეთ სტატისტიკას.

რომის გარეთ, ციხისმაგვარ საიმიგრაციო დაკავების ცენტრში, მცველები ატარებენ აჯანყებისთვის გათვლილ აღჭურვილობას და კამერები უთვალთვალებს ყველას. ჩრდილო-რაინი-ვესტფალიის რეგიონში, კერძო მფლობელობაში არსებულ, მოგებაზე ორიენტირებულ დევნილთა ბანაკში, სულ მცირე ექვს მცველს აქვს წაყენებული ლტოლვილებზე ძალადობის ბრალდება.

დანიის ხალხის პარტიამ წამოაყენა ინიციატივა, რომ ასეთი დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხის ამოსაღებად  დანიურმა მთავრობამ უნდა მოახდინოს დევნილთაგან ფულისა და ძვირფასეულობის კონფისკაცია.

გერმანიის ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შოიბლე მიიჩნევს, რომ უდიდესი მიგრაციული კრიზისი ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, წარმოადგენს შანსს, რომ კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ მოაქციოს ალექსის ციფრასი და სირიზა, როდესაც საბერძნეთი ნელნელა გადაიქცევა გიგანტურ, გაპატრახებულ ბაკად მიგრანტებისთვის. ამავდროულად შოიბლე იყენებს კრიზისს იმისთვის, რომ მისი დღის წესრიგი, რომლის ცენტრშიც გერმანიაა, წასწიოს წინ ფედერალურ ევროპაში. ''ჩვენ მოგვიწევს კიდევ უფრო მეტი ფონდი დავხარჯოთ ერთობლივი ევროპული თავდაცვის ინიციატივებისთვის'' თქვა მინისტრმა. ''საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი უნდა იყოს საერთო ევროპული არმია''.

 

მომავლის არჩევა ახლა

ძირითადი რეაქციები ახლანდელ დევნილთა კრიზისზე დამანგრეველად მოქმედებს დემოკრატიულ პოლიტიკაზე.  ზედმეტი ინვესტირება პატრულირების რეპრესიულ აპარატში ქმნის მომენტს, რომლის გზაც მიმართულია ღია საზოგადოებიდან ავტორიტარიზმისაკენ და ეს აყალიბებს იმ დისკურსს, თუ როგორ მოახდენენ საზოგადოებები მომავალ კრიზისებზე რეაგირებას.

ევროპა გზაგასაყართან დგას. საგანგებო მდგომარეობის ლოგიკა უკუგდებულ უნდა იქნას. სამოქალაქო თავისუფლებები და შემწყნარებლობა არ უნდა იქნას უსაფრთხოების სამსხვერპლოზე შეწირული.

თუ ევროპა ციხესიმაგრობისკენ მიმავალ ამ გზას გაუყვება, მისი ერთადერთი რეაქცია, როდესაც კიდევ უფრო მასშტაბური კლიმატური არეულობები დაიწყება, რეპრესია იქნება. მუდმივად ზრდადი სათბური აირების ემისიებით და განგრძობითი სახელმწიფოთა განმტკიცება გარანტიას გვაძლევს რომ შმიდტის/აგამბენის თეზისი შეუჩერებელი იქნება, მაშინ კი, ლიბერალურ დემოკრატიული ევროპა, მისი ყველა საშინელი ნაკლით და ფარისევლობით, მოგვეჩვენება როგორც დაკარგული ოქროს ხანა.

თარგმანი: დემნა ჯანელიძე

წყარო

ჰედერის ფოტო © Alkis Konstantinidis / Reuters

ასევე წაიკითხეთ:

image

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტში (PDF)

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქართულ ფემინისტურ მოძრაობაში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი და მიმართულებაა. ამავდროულად, საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, ENPARD. ამ კონტექსტში მოცემული კვლევა (პოლიტიკის დოკუმენტი) მიზნად ისახავს, გამოავლინოს სოფლის მეურნეობაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერები და განვითარების პოლიტიკებში ამ საკითხის ინტეგრაციის შესაძლებლობები. კვლევის ფარგლებში ანალიზი განხორციელებულია ადამიანის უფლებების მიდგომისა და გენდერი და განვითარების მიდგომის გამოყენებით; კვლევა განხორციელდა თვისებრივი მეთოდების გამოყენებით. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გამოწვევები განხილულია ისტორიულ, გლობალურ და ლოკალურ ჭრილში, და კვლევის მიზნიდან გამომდინარე, დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტსა და გამოწვევებთან. ანალიზსა და კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით გავცემთ რეკომენდაციებს სახელისუფლებო ინსტიტუტებისთვის.

image

რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას ღვინის წარმოებაზე

იმედია, როგორც მომხმარებლები, შევძლებთ იმ ცვლილებების მართვას, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესით და გადაწყვეტილებებითაა გამოწვეული. დროა ჩვენი თანხები სწორად მივმართოთ და მხარი დავუჭიროთ ფერმერებსა თუ ადგილობრივ მწარმოებლებს და ასევე საკუთარ წარმოებებს. შეგვიძლია, ვიყოთ მეტად ინფორმირებული, დავსვათ შეკითხვები, მივიღოთ პასუხები და მივიღოთ გადაწყვეტილებები მეტად ჯანსაღი პლანეტისა და საზოგადოებისთვის.

შემოგვიერთდით