საყოველთაო საბაზისო შემოსავალი

გამოქვეყნებულია: 10.Oct.2018

70-იან წლებში კანადის პროვინცია მანიტობაში უჩვეულო ექსპერიმენტი წამოიწყეს —  ზოგ მოქალაქეს ფულს სახელმწიფო უპირობოდ ურიგებდა.  ქალაქ დოფინში, მაგალითად, ყოველ თვე მოქალაქეებს ეგზავნებოდათ ჩეკები, რათა გარანტირებული ჰქონოდათ საყოველთაო საბაზისო შემოსავალი. ამ ინიციატივის (Mincome) მიზანს წარმოადგენდა იმის ჩვენება, თუ რა მოხდებოდა ასეთი ინიციატივის დანერგვის შემთხვევაში. შეწყვეტდა ხალხი მუშაობას? გაფლანგავდნენ ფულს ღარიბები და მაინც სიღარიბეში გააგრძელებდნენ ცხოვრებას?

თუმცა, კონსერვატორმა მთავრობამ 1979 წელს Mincome დაასრულა. ათწლეულების შემდეგ ეველინ ფორგეთმა, ეკონომისტმა მანიტობის უნივერსიტეტიდან, ამ ექსპერიმენტის შედეგები გამოიკვლია. რეალობა კი შემდეგი აღმოჩნდა:  დოფინში ცხოვრება შესამჩნევად გაუმჯობესდა. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები შემცირდა, უფრო მეტი თინეიჯერი რჩებოდა და აგრძელებდა სწავლას სკოლაში. მკვლევრებმა, რომლებიც Mincome-ის ეფექტს შრომასთან მიმართებაში იკვლევდნენ, აღმოაჩინეს, რომ რაოდენობრივად ადამიანთა მუშაობის მაჩვენებელი, თითქმის, არ დაცემულა.

Mincome იყო პროტოტიპი იმ იდეისა, რომელიც 60-იან წლებში იყო აქტუალური და ახლაც პოპულარული გახდა ეკონომისტთა შორის: უპირობო ძირითადი შემოსავლის გარანტია. ამ იდეის ძალიან ბევრი ვერსია არსებობს, თუმცა, მთავარი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანების შემოსავლით უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფოს მიერ.

ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი საყოველთაო საბაზისო შემოსავლის შესახებ ისაა, რომ ამ იდეას მხარს უჭერენ მემარცხენეებიც და მემარჯვენეებიც, თუმცა, განსხვავებული მიზეზების გამო. ამ იდეას მხარს უჭერდა მარტინ ლუთერ კინგი, თუმცა, აგრეთვე, მემარჯვენე ეკონომისტი მილტონ ფრიდმენიც, როცა ნიქსონის ადმინისტრაცია შეეცადა კიდეც უპირობო ძირითადი შემოსავლის იდეა კონგრესში გაეტარებინა. დღევანდელ დღეს ახალგაზრდა მემარცხენეებში უპირობო ძირითადი შემოსავალი, ძირითადად, აღქმულია, როგორც სიღარიბის, მზარდი უთანასწორობის დამარცხებისა და არაჰუმანური სამუშაოსგან გათავისუფლების საშუალება. მემარჯვენეებისთვის კი ეს უფრო მარტივი, ლიბერტარიანული ალტერნატივაა სიღარიბის საწინააღმდეგო სოციალური კეთილდღეობის პროგრამებისა.

 

რატომ ახლა?

მსოფლიოში არსებული შიში ავტომატიზაციის მიმართ საკმაოდ დიდია. როგორც ბჰასკარ შუნქარამ, Jacobin Magazine-ის გამომცემელმა აღნიშნა: „ადამინებს აქვთ იმის შიში, რომ აღარ იქნებიან საჭირონი და ეკონომიკა ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს ყველასთვის“. ახლო მომავალში შიში იმის შესახებ, რომ ტექნოლოგიების განვითარება ადამიანებს სამუშაო ადგილებს წაგვართმევს, ცოტა გადამეტებულია, თუმცა, მარტივია გაგება იმ სოციალური დაცულობისა, რომელიც უპირობო ძირითად შემოსავალს მოაქვს ადამიანებისთვის. მისი ადმინისტრირება მარტივია, არ ახლავს პატერნალიზმი ასე დამახასიათებელი სოციალური შემწეობის პროგრამებისთვის, სადაც დირექტივები გაიცემა იმის შესახებ, თუ რისი ყიდვა შეუძლიათ ადამიანებს იმ ფულით, რომელსაც ისინი იღებენ. და ბოლოს, თუ ის მართლაც უნივერსალურია, ხელს შეუწყობს მთავრობის დახმარებისადმი არსებული სტიგმის დამარცხებას. როგორც შუნქარა მიუთითებს: „საყოველთაო პროგრამები ხელს უწყობს სოციალური სოლიდარობის შექმნას და, აგრეთვე, ამ იდეების პოლიტიკური დაცვაც მარტივდება“.

საყოველთაო საბაზისო შემოსავალი ხშირად მხოლოდ სიღარიბის დამარცხების მექანიზმად განიხილება, თუმცა, მას სხვა დადებითი ზემოქმედების მოხდენაც შეუძლია. მაგ., ზრდის დასაქმებულის საბაზრო ძალაუფლებას, რაც გავლენას ახდენს ხელფასის ზრდაზეც. ადამიანებისთვის რისკის გაწევა სამსახურის არჩევისას უფრო მარტივდება, აგრეთვე იზრდება ინვესტიცია განათლებაშიც. ა.შ.შ-ში 70-იანებში ჩატარებული მცირემასშტაბიანი ცდები ცხადყოფს, რომ ის ადამიანები, რომლებიც იღებდნენ უპირობო ძირითად შემოსავალს, უფრო მეტად რჩებოდნენ სკოლაში და აგრძელებდნენ სწავლას; ნიუ ჯერსიში უნივერსიტეტის დამთავრების შანსები ამ ადამიანებში იყო 25%-ით მეტი.

ასევე, საყოველთაო საბაზისო შემოსავალი პრეკარიატს — დასაქმებულთა მზარდ სეგმენტს, რომელთაც არ აქვთ დაცულობის შეგრძნება მათი სამუშაო ადგილების მიმართ, არიან თვითდასაქმებულები ან სეზონურ სამუშაო ინდუსტრიებში დასაქმებულები — აძლევს დაცულობის შეგრძნებას. ეს დაცულობის შეგრძნება კი ადამიანებს უბიძგებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებისკენ და იცავს მათ სიღარიბისგან.

ეს გადანაწილება შეიძლება, გამოყენებულ იქნას ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის, მაგ., ისეთ გამოწვევებთან ბრძოლისთვის, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება და ავტომატიზაცია.

და რადგანაც ამ გადასახადს იღებს ყველა, ის არ ქმნის განსხვავებებს შემოსავლის მხრივ რასის, გენდერის ან სექსუალობის კუთხით. თეთრკანიანი ჰეტეროსექსუალი კაცი იღებს იმავე თანხას, რამდენსაც მკვიდრი ტრანსგენდერი ქალი.

საყოველთაო საბაზისო შემოსავალის კრიტიკოსები, ძირითადად, ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ადამიანებისთვის ფულის და არა დახმარებების პირდაპირ მიცემა (მაგ., საკვების ტალონებით), გამოიწვევს ფულის დიდ ხარჯვას, ადამიანები დაკარგავენ მუშაობის სურვილს, შემცირდება GDP და, შედეგად, მივიღებთ ზარმაც, დემორალიზებულ ადამიანებს. თუმცა, პრაქტიკაში განხორციელებული შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ეკონომისტი კრის ბლეთმენი ამბობს: „ღარიბები არ ფლანგავენ ფულად დახმარებებს“. რაც შეეხება სამუშაოს საკითხს, უპირობო ძირითადი შემოსავლის ექსპერიმენტები უჩვენებს, რომ წარმოების ეფექტურობისთვის სტიმულების შემცირებაზე ეს დიდად არ მოქმედებს; მანიტობაში სამუშაო საათები კაცებისთვის მხოლოდ 1 პროცენტით შემცირდა. ის კი ნამდვილად მართალია, რომ უპირობო ძირითადი შემოსავალის არსებობის შემთხვევაში, ადამიანები აღარ დათანხმდებიან არაღირსეულ შრომის პირობებს. თუმცა, ეს ნამდვილად დადებითი ფაქტია.

უპირობო ძირითადი შემოსავალი ნამდვილად არაა პირდაპირი გაგებით იაფი ინიციატივა, თუმცა, ამ ინიციატივის უტოპიად აღქმა ლოგიკას მოკლებულია, რადგან, თუნდაც ა.შ.შ-ს მაგალითით, სოციალური კეთილდღეობის პროგრამებიც თავიდან უტოპიურად ითვლებოდა. მე-19—20 ს-მდე პენსიასაც არავინ იღებდა. მოხუცებისთვის გარანტირებული პენსიის დანიშვნა არარეალურად ან სოციალისტურ იდეად ირაცხებოდა.

თუ საყოველთაო საბაზისო შემოსავლის აღქმა მოხდება, როგორ დაზღვევად, რადიკალურად ცვალებადი სამუშაო ბაზრისგან და არა უბრალოდ ფულის დარიგებად, მის გარშემო არსებული პოლიტიკაც შეიცვლება. როცა ეს მოხდება, უპირობო ძირითადი შემოსავლის იდეაც მალევე გადაიქცევა საეჭვოდან აბსოლუტურად საჭირო რამედ.

დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საყოველტაო საბაზისო შემოსავლის იდეა კვლავაც აქტუალურია და, ასე ვთქვათ, მისი დრო დადგა. მაგ., შვეიცარიაში სულ რამდენიმე ხნის წინ ამ თემაზე ჩატარდა რეფერენდუმი, თუმცა, 76,9 %-მა მასზე უარი განაცხადა. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საყოველთაო საბაზისო შემოსავალი არ განიხილებოდა, როგორც მემარჯვენეებისა და მემარცხენეების კონფლიქტი. სოციალ-დემოკრატიული პარტია შვეიცარიაში ისევე, როგორც ახალგაზრდა სოციალისტები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამ პროგრესულ იდეას. განსაკუთრებით კი პარტიის სინდიკალისტური ნაწილი შიშობდა, რომ ეს იდეა წინააღმდეგობაში მოდიოდა მუშაობის უფლებასთან. მარქსისტების კრიტიკა მოდიოდა იმაზე, რომ საყოველთაო საბაზისო შემოსავლის იდეა იქნებოდა უბრალოდ მუშათა კლასის გაჩუმება, როცა მათი ექსპლუატაცია კვლავაც გაგრძელდებოდა.  ამ იდეას შვეიცარიაში აქტიურად მხარს უჭერდნენ შვეიცარიის მწვანეთა პარტია და ახალგაზრდა მწვანეები.

 

ფინეთის მაგალითი

აგრეთვე, ფინეთმა ცოტა ხნის წინ წამოიწყო ექსპერიმენტი 2017-18 წლებისთვის საყოველთაო საბაზისო შემოსავლის თაობაზე, რომლის მიზანია, შეფასდეს შეიძლება თუ არა ამ იდეის გამოყენება სოციალური უსაფრთხოების რეფორმირებისთვის. ფინური სოციალური უსაფრთხოების კანონმდებლობა არ შეიცავს რეგულაციებს უპირობო ძირითადი შემოსავლის შესახებ და არც ასეთი ექსპერიმენტი ყოფილა ოდესმე განხორციელებული.

ამ ცდის მთავარი მიზანი უკავშირდება დასაქმების ხელშეწყობას. ცდაც და შემდგომი კვლევა-შეფასებაც შეეცდება გაიგოს, გაიზრდება თუ არა დასაქმება უპირობო ძირითადი შემოსავლის პირობებში.

ფინეთის ცდა შემოიფარგლება მხოლოდ 25-58 ასაკის ადამიანებით, რომლებიც ამჟამად უმუშევრობის გამო დახმარებას იღებენ. 2000 ადამიანი, რომელიც ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, შერჩეულნი შემთხვევითი შერჩევით მიიღებენ 560 ევროს თვეში, რომელიც იქნება უპირობო და არ შეწყდება იმ შეთხვევაშიც კი, როცა ადამიანები დაიწყებენ მუშაობას. ფინეთის მთავრობა ფიქრობს, რომ უპირობო ძირითადი შემოსავალი ადამიანებს უბიძგებს ნახევარგანაკვეთიან და დაბალანაზღაურებად სამსახურებზე დათანხმებას, რომლებსაც იმდენი შემოსავლის მოტანა არ შეეძლებათ, რომ მთლიანად ჩაანაცვლონ უმუშევრობის შეღავათები. ამ თვალსაზრისით, ფინური საყოველთაო საბაზისო შემოსავალი ჰგავს ა.შ.შ-სა და ბრიტანეთის უნივერსალური კრედიტის სქემას. ეს არ იქნება საყოველთაო შემოსავალი, რომელიც გადაეცემა სტუდენტებს, დიასახლისებს, მოხუცებს, დაბალი შემოსავლის მქონე მოზარდებსა და უმუშევრებს.

 

რა არ არის საყოველთაო საბაზისო შემოსავალი

  1. საყოველთაო საბაზისო შემოსავალი ვერ ჩაანაცვლებს სოციალური კეთილდღეობის ყველა პროგრამას. ცხოვრების ხარჯები ყველასათვის ერთნაირი არაა, ასევე, სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების დახმარებები არ უნდა შეწყდეს;
  2. აგრეთვე, ვერ ჩაანაცვლებს ჯანდაცვის სისტემას;
  3. არაა ყველა უსამართლობის გადაჭრის გზა, მაგ., იქნება ეს პოლიციის სისასტიკე, თუ დისკრიმინაცია;
  4. ეს არაა სოციალიზმი. მისი განხორციელება არ ნიშნავს კაპიტალისტური წარმოების სისტემის დასრულებას. საყოველთაო საბაზისო შემოსავალი არაა შეუთავსებელი სამუშაო ადგილზე ექსპლუატაციური ურთიერთობებისა და კაპიტალის კერძო საკუთრების იდეასთან.

თუმცა, ეს ყოველივე არ ხდის ამ იდეას ნაკლებად რადიკალურს, არამედ უზრუნველყოფს იმას, რომ დაკმაყოფილებული იყოს ბაზისური მოთხოვნილებები და გადაანაწილოს საზოგადოების კოლექტიური პროდუქტიულობა. აგრეთვე, რაც უმნიშვნელოვანესია — დასაქმებული აღარაა ვალდებული, დამსაქმებლის ექსპლუატაციურ პირობებს დათანხმდეს და აქვს არჩევანის უფრო მეტი თავისუფლება.

საყოველთაო საბაზისო შემოსავალი ათავისუფლებს ფუჭად დახარჯულ უამრავ  სამუშაო საათს, რომელიც დასვენებისთვის, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმისთვის ან რევოლუციისთვის შეიძლება, გამოყენდეს. ეს მხოლოდ იმ ახალი მსოფლიოს ნაწილია, რომლის აშენებაც გვსურს, თუმცა, შეიძლება, იყოს კიდეც საკვანძო კომპონენტი ისეთი სოციალიზმისა, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს.

 

შეგიძლიათ, ასევე, იხილოთ ინფოგრაფიკა.

სტატია თარგმნა და ააწყო ეკა მღებრიშვილმა

წყარო 1

წყარო 2

წყარო 3

წყარო 4

წყარო 5

ასევე წაიკითხეთ:

image

რატომ ვნებს ტყვია ადამიანებს

ადამიანები ტყვიას სხვადასხვა პროდუქტში უკვე 8000 წელია იყენებენ (ჩვენთვის, როგორც ცნობილია, პირველად მისი მოპოვება 6500 წ-ს ქ.შ-მდე დაიწყეს ანატოლიაში), ამიტომაც გაგიკვირდებათ თუ გაიგებთ, რომ მხოლოდ დაახლ. 150 წ-დან ქ.შ-მდე გახდა ცნობილი, რომ ტყვია საშიშია და მასთან თამაში არ ღირს, როცა ადამიანის სხეულზე მისი გავლენა ცნობილმა ბერძენმა ფიზიკოსმა ნიკანდროს კოლოფონელმა შეისწავლა. ნიკანდროსმა ეს მეტალი „მომაკვდინებლადაც“ კი აღწერა. მან თავის ნაშრომში „ალექსიფარმაკა“ განვრცობით დაწერა ადამიანის სხეულზე მისი საზიანო ეფექტების შესახებ.

image

მუნიციპალიზმი და პოლიტიკის ფემინიზაცია

მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად იზრდება ინტერესი მუნიციპალიზმის მიმართ და განიხილება ნეოლიბერალური პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიად და დემოკრატიულ სისტემად. სამოქალაქო პლატფორმები, რომლებიც ესპანეთის დიდ ქალაქებს მართავენ, ასევე Ciudad Futura არგენტინაში, Indy Towns ბრიტანეთში და ქურთების დემოკრატიული კონფედერალიზმი მათი შეზღუდვების მიუხედავად ნათლად მიუთითებს ადგილობრივი მოქმედების ტრანსფორმაციულ პოტენციალზე. მუნიციპალიზმის ბოლო სამიტი „უშიშარი ქალაქები“ [Fearless Cities], რომელიც ბარსელონაში ჩატარდა და სადაც ყველა კონტინენტიდან, დაახლოებით, 100 მუნიციპალური პლატფორმა იყო წარმოდგენილი, მუნიციპალიმის გლობალური მოძრაობის ზრდის მკაფიო მაგალითია.

image

კლიმატის ცვლილება გენდერული პერსპექტივიდან

ქალები კლიმატის ცვლილების შედეგად ყველაზე დაზარალებულ ჯგუფად ითვლებიან, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უმცირესობაში არიან.

შემოგვიერთდით