4 თეზისი დეპრესიასა და რადიკალურ პრაქსისზე

გამოქვეყნებულია: 14.May.2019

დეპრესიას პოლიტიკური სახე აქვს. მაშინ, როცა მენტალური ჯანმრთელობის სერვისის დაფინანსება გამუდმებით მცირდება, თვითმკვლელობისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების სტატისიკა კი საგრძნობლად მატულობს, უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ დეპრესია არის იმ პოლიტიკური სიტუაციით განპირობებული მდგომარეობა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. ბრიტანეთის კონტექსტში არსებულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რომელიც სახელმწიფოს დანახარჯების შემცირებასა და გადასახადების ზრდით ხასიათდებოდა, განაპირობა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დამყარებული  ტექნიკის შემუშავება იმ კატასტროფული მდგომარეობის გასამართლებლად, რაც ჯანდაცვისა თუ უმუშევრობის სფეროებში ვლინდებოდა. თავის ესსეში Good for Nothing მარკ ფიშერი წერს, რომ მთელი ჩვენი თაობა, კოლექტიურად იტანჯება გამოუსადეგრობის სინდრომით — რწმენით, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ღირებულება, ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც ამის საპირისპიროს ამტკიცებს, აღიქმება შეცდომად, არასწორ ვარაუდად. მესიჯი, რომელიც მუდმივად მყარდება მმართველი კლასის მხრიდან არის ის, რომ კლასობრივი სისტემა, რომელშიც ჩვენი მშობლები დაიბადნენ და ცხოვრება გაატარეს —  აღარ არსებობს,  რომ სოციალური მობილობა დღევანდელობაში ბევრად უფრო მოქნილი და მარტივია, შესაბამისად ერთადერთი ბარიერი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე შეიძლება მხოლოდ საკუთარი თავი იყოს.  ჩვენ გამომწყვდეულები ვართ დაუკმაყოფილებელი სურვილების ტრაგიკულ ციკლში, რომელსაც კაპიტალი აწარმოებს; ჩვენ წარმოვადგენთ მოსახლეობას, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ჩაესმის მესიჯი, რომ ის არაფრისთვის ვარგა, თუმცა მაინც გამუდმებით არწმუნებენ, რომ შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი რამ, რაც მოესურვება.

აქედან გამომდინარე,  ვიმყოფებით მდგომარეობაში, სადაც იმ ადამიანების უმრავლესობა, ვისაც ვიცნობთ და გვიყვარს ჩართულია ქრონიკულ და მწვავე დეპრესიასთან გამკლავების მტანჯველ პროცესში. საზოგადოების იმ ნაწილს, რომელზეც ვსაუბრობთ, ამავდროულად გააჩნია წინააღმდეგობრივი ურთიერთდამოკიდებულება კაპიტალთან, სახელმწიფოსა და სოციალური ძალაუფლების სხვა ფორმებთან. ფიშერის ძირითადი შეხედულებების გათვალისწინებით, როგორც დეპრესიის ბუნებაზე, ასევე მის გამომწვევ მიზეზებზე, გვინდა ჩამოვაყალიბოთ გაგება იმ კავშირისა, რომელიც არსებობს დეპრესიასა და რადიკალურ პრაქსისს შორის, რასაც სასარგებლო გავლენის მოხდენის პოტენციალი გააჩნია ჩვენი საზოგადოების ორგანიზებაზე.

 

1. დეპრესია ზემოქმედებს ჩვენი თანადგომის და ბრძოლის უნარზე

მათთვის, ვინც დეპრესიით იტანჯება, ორგანიზება შესაძლოა, სირთულეს წარმოადგენდეს. გარდაუვალია ასევე ისიც, რომ როცა ბრძოლა კულმინაციურ  ეტაპს აღწევს მას თან ახლავს ძალადობრივი, აგრესიული კონტრ-რეაქცია, რაც გვაიძულებს, დავინახოთ არაერთი გზა, რომლითაც ხდება ჩვენზე ზედამხედველობა, დისციპლინირება და კონტროლი. ამ მდგომარეობაში კი საკუთარი მოვალეობის შესრულება, რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება, თუ სახელმწიფოსთან უფრო ღრმა, აქტიური წინააღმდეგობა ისეთივე გაუსაძლისი ხდება, როგორც სამსახურში სიარული.  ამ მოსაზრებაში არაფერია ახალი ან უცხო, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ დეპრესია იწვევს დაუძლურებას, ამიტომაც აუცილებელია, ვისწავლოთ საკუთარი შესაძლებლობებით ცხოვრება და  გავითვალისწინოთ ამ მდგომარეობის გაუარესების საფრთხე.

2. მედიკამენტს როგორც დამამშვიდებელი, ასევე შფოთვის გამომწვევი ეფექტიც აქვს

„ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საინფორმაციო ცენტრის“ (Health and Social Care Information Centre) ანგარიშზე დაყრდნობით ბრიტანეთში 2006-2016 წლებს შორის ადამიანებისთვის გამოწერილი ანტიდეპრესანტების რიცხვი გაორმაგდა. იმის ფონზე, რომ უამრავი ჩვენგანი გადის მედიკამენტოზურ მკურნალობას, გასაოცარია, რომ ძალიან იშვიათად ვსაუბრობთ, თუ რა გავლენას ახდენს ამგვარი ქიმიური ჩარევა ჩვენს სხეულებზე, ემოციებზე და ჩვენს ბრძოლაზეც კი.

მემარცხენეებში არსებობს დოგმა, რომ ანტიდეპრესანტები წარმოადგენს პოლიტიკურ-ფარმაკოლოგიური კონტროლის მექანიზმს — კონტროლის, რომელიც ემსახურება ბრძოლის ან რევოლუციისთვის აუცილებელი ნეგატიური და ანტაგონისტური აფექტის მასობრივ ჩახშობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიიჩნევა, რომ ფსიქიატრია ასრულებს მნიშვნელოვან როლს მასების დამშვიდებაში,  არსებულ მდგომარეობასთან მიმართებაში მათი მორჩილებისა და შემგუებლობის ქიმიურ წაქეზებაში.

ჩვენ ვთვლით, რომ ეს მიდგომა იგნორირებულს ტოვებს ანტიდეპრესანტული მედიკამენტებით მკურნალობის ბევრ, მნიშვნელოვან ასპექტს და არასწორად ახდენს ანტიკაპიტალისტური ბრძოლისთვის აუცილებელი აფექტების/გავლენების ინტერპრეტირებას. რა საკვირველია, ქრონიკულმა დაღლილობამ და საკუთარი ემოციების ინტენსივობის შეზღუდვამ შეიძლება, მიგვიყვანოს მდგომარეობამდე, რომელშიც ნაკლებად შეგვეძლება საკუთარი თავის ჩადება რევოლუციურ პოლიტიკებში. თუმცა რადიკალებისთვის იმის მოთხოვნა, რომ ყოველთვის, სრული ემოციური დატვირთვით იყვნენ ანტიკაპიტალისტურ ბრძოლაში ჩართულნი ნიშნავს იმ მნიშვნელოვანი ასპექტის იგნორირებას, რომ დეპრესიასთან გამკლავების პროცესი ზოგჯერ განაპირობებს ემოციურ დისტანციას, რასაც ჩართულობა საჭიროებს. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით რომ ვთქვათ წარსულში, როცა პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირება გახდა საშინლად ტრავმატული და აუტანელი, მგრძნობელობის აღსადგენად გარკვეული ანტიდეპრესანტების (SSRIs) მიღების ფაქტმა აჩვენა, რომ მათი გამოყენება მაშინ, როცა სიტუაციის ესკალირება ხდება, შეიძლება, სტრატეგიულად  ძალიან მომგებიანი იყოს. რაც იმაზე მეტყველებს, რომ არსებობს შესაძლებლობა ჩვენი, კოლექტიური დეპრესიის იარაღად ქცევისა: მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო მედიკამენტების მიღებით, რათა შევძლოთ ბრძოლა ამავე მდგომარეობის შესაცვლელად. ჩვენ გვჭირდება მედიკამენტოზური მკურნალობის უფრო ნიუანსირებული გააზრება, ნაცვლად მათი სრული უარყოფის და გაიგივებისა ბინძური  კორპორაციების ძალაუფლებასთან.

3. მენტალური დაავადება წარმოადგენს კავშირს ინდივიდუალურ პათოლოგიასა და სოციალურ მდგომარეობას შორის.

ეს სტატია პირველ რიგში არის შეთავაზებების ერთობა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მივუახლოვდეთ ანტიკაპიტალისტურ პრაქსისს მასობრივი დეპრესიის ხანაში. მსგავსი აღნიშვნები ამ საკითხზე მანამდეც გაკეთებულა, თუმცა ეს აღნიშვნები ჩნდება მენტალური დაავადებების გაგების ხანგრძლივი, მელანქოლიური ტრადიციიდან მისსავე საპასუხოდ. ადორნოსეული ეს მიდგომა, რომელსაც როზი ბრაიდოტი მიაწერს „მელანქოლიურ ბრიგადას“,  ბლოკავს სიამოვნების შესაძლებლობას ბრძოლაში. დეპრესიის დიდებულებისთვის დავის ნაცვლად, დეპრესია უნდა განვიხილოთ, როგორც  შემეცნებითი მდგომარეობა, რომელიც გვაახლოვებს ჩვენი ყოფის რადიკალურ გააზრებასა და შეფასებაში.

ჩვენი სურვილია, გავცდეთ ანტიფსიქიატრიულ პოზიციას და მივიღოთ მენტალური დაავადების ის პარადიგმა, რომელიც გულისხმობს ინდივიდუალურ პათოლოგიასა და სოციალურ მდგომარეობას შორის კავშირის გააზრებას.

დეპრესია ხშირ შემთხვევაში ხასიათდება გაუსაძლისი სიმძიმის, დაცემის, უჰაერობის საშინელი შეგრძნებებით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს მასთან გამკლავების, მისი ეფექტის კონტროლის განსხვავებული გზები და რომ მათი აღმოჩენის სურვილი უნდა დავკარგოთ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ რადიკალურმა თემებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ ზრუნვის ეკოლოგიის განვითარება, რომელიც გვერდს აუვლის მმართველ, ფორმალურ ფსიქიატრიას ისევე, როგორც ანტიფსიქიატრიულ, მელანქოლიურ ბრიგადას. პრაქტიკაში ეს შეიძლება იყოს მედიკამენტური კოოპერატივების, მოხალისეობრივი კრიზის-ჯგუფების შექმნა, სოციალურ აქტივობებში კოლექტიური ჩართვა და დროის ერთად გატარება, რასაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ბრძოლის წარმოებისთვის.

4. ჩვენ გვჭირდება ორგანიზების პრაქსისების რესტრუქტურირება, რომელიც  მენტალური დაავადებების არამხოლოდ მიმღებლობას, არამედ თერაპიულ დაძლევასაც გულისხმობს

პოლიტიკურ ორგანიზებაში მენტალური დაავადებების გამკლავების სტრატეგიები, საერთოდ თუ მოექცევა ყურადღების არეში, დამატების ლოგიკას მიყვება. დროდადრო ორგანიზებიდან გამოვერთვებით, ვისვენებთ გამოსაჯანმრთელებლად — რაც მისაღები და საჭიროა. მიუხედავად ამისა მიჩნეულია, რომ აქტივიზმმა ჩვენ გარეშე უნდა განაგრძოს მუშაობა და მისი მონაწილეების მენტალური დაავადებების მიუხედავად უნდა დარჩეს დაუბრკოლებელი. ეს შეხედულება ფუნდამენტურად უგულებელყოფს როლს, რომელსაც დეპრესია ასრულებს ჩვენს რადიკალურ პრაქსისში. თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ მენტალური დაავადება არა უბრალოდ მდგომარეობაა, რომელიც ეფექტურად ბრძოლაში გვიშლის ხელს, არამედ არის მდგომარეობა, რომლისგანაც კოლექტიურად ვიტანჯებით. ბრძოლა არ ხდება მხოლოდ ჯანსაღ მდგომარეობაში, რომლიდანაც დროდადრო უფსკრულში ვცვივდებით და შემდგომ (იმედია) უკან ვბრუნდებით — ბრძოლა (განცდა) ავდამყოფობის საზღვრებში უნდა მოექცეს. ჩვენი ორგანიზება უნდა გავხადოთ ისეთი, რომ ისახავდეს თერაპევტულ მიზნებს, რომელიც შერწყმული იქნება მის უფრო ტრადიციულ პოლიტიკურ მიზნებთან. ორგანიზება უნდა იყოს თვითგამაჯანსაღებელი — თერაპევტული პრაქტიკა, რომელიც დეპრესიას უგულებელყოფის მაგიერ ითვალისწინებს.

სოფი მონკი, ჯონი (პიტ) კოენი



თარგმანი: ლიკა გულბანი

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტში (PDF)

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქართულ ფემინისტურ მოძრაობაში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი და მიმართულებაა. ამავდროულად, საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, ENPARD. ამ კონტექსტში მოცემული კვლევა (პოლიტიკის დოკუმენტი) მიზნად ისახავს, გამოავლინოს სოფლის მეურნეობაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერები და განვითარების პოლიტიკებში ამ საკითხის ინტეგრაციის შესაძლებლობები. კვლევის ფარგლებში ანალიზი განხორციელებულია ადამიანის უფლებების მიდგომისა და გენდერი და განვითარების მიდგომის გამოყენებით; კვლევა განხორციელდა თვისებრივი მეთოდების გამოყენებით. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გამოწვევები განხილულია ისტორიულ, გლობალურ და ლოკალურ ჭრილში, და კვლევის მიზნიდან გამომდინარე, დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტსა და გამოწვევებთან. ანალიზსა და კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით გავცემთ რეკომენდაციებს სახელისუფლებო ინსტიტუტებისთვის.

image

რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას ღვინის წარმოებაზე

იმედია, როგორც მომხმარებლები, შევძლებთ იმ ცვლილებების მართვას, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესით და გადაწყვეტილებებითაა გამოწვეული. დროა ჩვენი თანხები სწორად მივმართოთ და მხარი დავუჭიროთ ფერმერებსა თუ ადგილობრივ მწარმოებლებს და ასევე საკუთარ წარმოებებს. შეგვიძლია, ვიყოთ მეტად ინფორმირებული, დავსვათ შეკითხვები, მივიღოთ პასუხები და მივიღოთ გადაწყვეტილებები მეტად ჯანსაღი პლანეტისა და საზოგადოებისთვის.

შემოგვიერთდით