ორი წელი კლიმატის გადასარჩენად

გამოქვეყნებულია: 25.Oct.2019

მაშინ, როცა კლიმატის ცვლილება საყოველთაოდ მიიჩნევა გადაუდებელ პრობლემად, მოქმედი მთავრობები ძალიან ხშირად ცდილობენ, ეს რთული საკითხი მემკვიდრეობით გადასცენ შემდეგ მთავრობებს. შესაძლოა უახლოეს მომავალში კლიმატის ცვლილების შეჩერება? მისია 2020 ხაზს უსვამს დაუყოვნებელი რეაგირების აუცილებლობას არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით.

2015-ში 193-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა პარიზის კლიმატის შეთანხმებას. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ 2016-ში გამოაცხადა, რომ ბოლო 800 000 წლის მანძილზე პირველად CO2-ის მაჩვენებელმა ატმოსფეროში  გადალახა საგანგაშო ნიშნული. 2018-ის დასაწყისში 184 ქვეყნის 15 ათასამდე მეცნიერმა განგაშის ზარი და პლანეტის კატასტროფული მდგომარეობა გამოაცხადა. ამავე დროს, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ცნობით სათბური გაზების ემისიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია.  2018 კი ისტორიას ბუნებრივი კატასტროფების უხვი რაოდენობით დარჩება — ამავდროულად გლობალური დათბობა ჩვენ თვალწინ ხდება.

მეცნიერთა გზავნილი ნათელია: უნდა შეწყდეს საყოველთაო ტანჯვა და ბიომრავალფეროვნების განადგურება. კაცობრიობამ ბიზნესზე ორიენტირებული სისტემა უნდა ჩაანაცვლოს ეკოლოგიურად ჯანსაღი და მდგრადი განვითარების ალტერნატივით. კიდევ უფრო მეტი ბუნებრივი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად სათბური გაზების ემისია უნდა დაბალანსდეს და 2020-დან მაქსიმალურად შემცირდეს. ფართომასშტაბიანი ცვლილებების გარეშე, რაღა თქმა უნდა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ვერ მოხერხდება და საზოგადოების ინერტულობა კიდევ უფრო გაიზრდება. რა უნდა ვიღონოთ?

 

მიუღწეველი მისია? მიზანი 2020

ძირეული პოლიტიკური ცვლილებების ხელშეწყობისთვის მეცნიერების ნაწილმა წამოიწყო მისია 2020 ­— ერთიანი ამბიციური კამპანია მრავალმხრივი სამოქმედო ასპარეზით, რათა 2020-დან დაიწყოს სათბური გაზების გამონაბოლქვის თანდათანობით შემცირება. ამავე მეცნიერების აზრით ემისიის შესამცირებლად ეფექტური გეგმა გვჭირდება. თუ ჩვენ არ ვიჩქარებთ და არ ვისარგებლებთ მოცემული მომენტითაც, ჩვენს მომავალს დიდი რისკის ქვეშ დავაყენებთ — საფრთხეს შევუქმნით ჩვენი საზოგადოებების სტაბილურობას. თუ ემისიის შემცირება მართლაც დაიწყება 2020-დან, პარიზის ხელშეკრულებას ჯერ კიდევ შეიძლება შედეგები მოჰყვეს. მეცნიერებმა გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწიეს განახლებადი ენერგიების შექმნითა და კლიმატის ცვლილების ეკონომიკასა და პოლიტიკაში შემოტანით.

მეცნიერების ეს ჯგუფი კლიმატოლოგიის საფუძველზე პრიორიტეტად ისახავს მოქმედების ექვს სფეროს: განახლებადი ენერგიების ზრდა და წიაღისეულის ხმარებიდან ამოღება; ქალაქების გათავისუფლება ნახშირორჟანგის გამონაბოლქვისგან და მშენებლობების ტექნიკური განახლება; ელექტრო მანქანების მეტად გავრცელება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაორმაგება და საავიაციო გამონაბოლქვის შემცირება; ტყის ჭრის შემცირება და ახალი ნარგავების გაშენება ჟანგბადის უზრუნველსაყოფად და მდგრადი აგროკულტურის ხელშეწყობა; 2050-ისთვის სამრეწველო გამონაბოლქვის განახევრება; და, ბოლოს, 2020-ისთვის საჯარო და კერძო ფინანსური რესურსების მობილიზება კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად.

 

სად არის პოლიტიკური ეკოლოგია?

ჩვენი კატასტროფული რეალობის პირისპირ შეუძლებელია, არსებული კლიმატის პოლიტიკა გაგრძელდეს. კლიმატის შესახებ ხანგრძლივი და წარუმატებელი  მოლაპარაკებების შემდეგ როგორ შეიძლება განახლდეს ეკოლოგიური სტრატეგია? COP24-ის შემდეგ როგორ შეიძლება დავარწმუნოთ მთავრობები მთელ მსოფლიოში, რომ გამოაცხადონ „გარემოს დაცვითი საგანგებო მდგომარეობა“ და განახორციელონ „საყოველთაო მობილიზაცია“?  მისია 2020 იძლევა გარკვეულ ანალიზს და რჩევებს პოლიტიკურ ეკოლოგიასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, ემისიის შემცირების საშუალებები ხშირად აღიქმება დემოკრატიისთვის გარკვეულ საფრთხედ, რადგანაც გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად საჭირო ხდება მოკლევადიანი ინტერესების დათმობა. თუმცა ჰიპოთეზა, რომ „მწვანე დიქტატურა“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკოლოგიური სამართლიანობისთვის არა მხოლოდ ეთიკური, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც გამართლებულია. მონოლითური და ცენტრალიზებული რეჟიმი, ძალაუფლების სტრუქტურა, რომელიც არაა მხარდაჭერილი საზოგადოების უმრავლესობის მიერ, ვერ მართავს ეკოლოგიურ სტაბილურობას, რადგანაც ეს განსაზღვრავს ყველა მოქალაქის ენერგეტიკულ, შემოქმედებით, თუ არჩევანის თავისუფლებას. თუმცაღა, თუ დემოკრატიული სამყარო ვერ მოახერხებს კონკრეტულ ქმედებებს, ეროვნული კონსესუსის მიღწევას და ბალანსის პოვნას ძალაუფლების ღერძებს შორის, კვლავაც უძლური ვიქნებით. თუ დემოკრატიული სამყარო ვერაფერს გააწყობს კლიმატისა და სხვა საკითხების გარშემო, კვლავ გაიზრდება ავტორიტარიზმის რისკი. მაგრამ ავტორიტარიზმი არაა გამოსავალი და იქნება კიდევ უფრო არაეფექტური კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. მწვანეთა პარტიების ნამდვილი რეალობა დღეს არის პოლიტიკური ეკოლოგიის მხრიდან დემოკრატიის რადიკალური გამოყენება.

გლობალური ეკონომიკური ზრდის ფონზე 2014-16-ში სათბური გაზების ემისია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს 2018 წლის მონაცემების თანახმად 1,4%-ით გაიზარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 32,5 გიგატონი შეადგინა. ბევრი ეკონომისტი, ფიზიკოსი და ბიოლოგი მიიჩნევს, რომ მატერიალური ეკონომიკური ზრდა შეუთავსებელია ჩვენ მიერ გარემოსთვის მიყენებულ ზიანთან. მდიდარ ქვეყნებში ეს ვეღარ გაგრძელდება და ეს მხოლოდ სოციალურ უთანასწორობას ამძაფრებს, რაც, თავის მხრივ, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას ვნებს.

 

მიზეზები და შეგრძნებები კლიმატის ცვლილებაზე

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება მნიშვნელოვანია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, რეალურ სამყაროში ადამიანების სურვილები შეზღუდულია. ადამიანები უფრო მეტად ემოციურად მოქმედებენ, ვიდრე მეცნიერება და ფაქტები. ადამიანის ბუნება ხშირად უგულებელყოფს გრძელვადიან ხედვებს, რაც განაპირობებს განაჩენის მცდარობას, იმპულსურობას, აგრესიასა თუ ნეგატივს. ზოგიერთი პოლიტიკოსი, მაგ., ჩერჩილი, განდი, მარტინ ლუთერ კინგი, მანდელა და ობამა პოლიტიკას ემოციებზე დაყრდნობით აკეთებდნენ. ეკოლოგებს ახლა სჭირდებათ პოზიტიური ნარატივის შექმნა, გამოსახულებები, ხმები და დისკურსი, რათა ჰქონდეთ მეტი ემოციური გავლენა, ვიდრე ფიგურებს, ციფრებსა, თუ სამეცნიერო სტატიებს. პოლიტიკური ეკოლოგია უნდა საუბრობდეს მწვანე ცხოვრების წესზე, ბუნებაზე, ჯანსაღ საკვებზე, ეკომეგობრულ ტრანსპორტზე, მორალსა და ხალხის ძალაზე.

პოლიტიკური ეკოლოგიისთვის ბრძოლა უდავოდაა ეთიკური და მორალური. ნაომი კლეინის აზრით, ადამიანი შთაგონებული უნდა იყოს ისტორიული ბრძოლებით, სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა კი ეკოლოგებისთვის მთავარი საყრდენი უნდა იყოს. შთაგონების წყარო უნდა იყოს მათი ლიდერების სტრატეგიები და სამართლებრივი გზა.

 

ოპტიმიზმის წახალისება და დამოკიდებულება, რომ  „ყველაფერი შესაძლებელია“ — კარგია, მაგრამ...

ბოლო ათწლეულის მანძილზე მოსაზრებები პოლიტიკურ ეკოლოგიასა და მისია 2020-ზე გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და 21-ე ს-ის რეალობაში პროგრესის იმედის საფუძველს. ადამიანის სურვილები და შესაძლებლობები შეზღუდულია ადამიანის მდგომარეობით, ბიოსფეროთი და ტექნოლოგიური შესაძლებლობებით ისევე, როგორც ფიზიკის, ქიმიისა თუ ბიოლოგიის კანონებით. 21-ე საუკუნე უდავოდაა დრო, როცა კაცობრიობას მოუწევს, უარი თქვას ყოვლისშემძლეობის მითზე, უსაზღვრო ეკონომიკურ ზრდაზე, უსასრულო ტექნოლოგიურ და სამეცნიერო პროგრესზე. თუმცა არ უნდა იყოს პესიმისტური განწყობა. კაცობრიობის ისტორია წინასწარ არაა დაწერილი და მას ჰყავს კონკრეტული აქტორები. პოლიტიკურ ეკოლოგიას სწამს შემდეგი პრინციპის: „ალტერნატივა ყოველთვის არსებობს“.

 

რა ხდება ახლა?

თუ უკვე დაგვიანებულია კლიმატის ცვლილებაზე მოსალოდნელი ნეგატიური ეფექტები, ჯერ კიდევ შესაძლებელია მომავლის ყველაზე ნაკლებად უარესი სცენარის არჩევა. ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ  „სადაც საფრთხეა, იქ ხსნაცაა“, გერმანელი პოეტის ფრიდრიხ ჰოლდერის სიტყვების თანახმად.

მისასალმებელია სხვადასხვა ინიციატივები ეკოლოგიასთან დაკავშირებით, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილება ჩვენ თვალწინ ხდება და დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ. მემარჯვენე თუ მემარცხენე ცენტრისტული პოლიტიკა, ასევე თავისუფალი ბაზრის პრინციპები ქმნის არამდგრად გარემოს — ის, რაც სახეზე გვაქვს. ნიკოლას ჰულტის თქმით „მცირე ნაბიჯებზე დაფუძნებული პოლიტიკა არ მუშაობს“. ამდენად, შესაძლებელი და სასურველია სასწრაფო მობილიზაცია დემოკრატიის პირობებში ისევე, როგორც ეს მოხდა 1940-ში ომის პერიოდში შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში, მაგრამ ეს ამჯერად გასროლის გარეშე უნდა მოხდეს. აუცილებელია ამ ბრძოლის პოლიტიკური განზომილების აღიარება, რათა შემოვიტანოთ ემოციები პოლიტიკაში, დავაბალანსოთ ძალაუფლება და მივიღოთ შთაგონება სამოქალაქო უფლებებისთვის ისტორიული ბრძოლებით.

სასწრაფო რეაგირებისკენ მოწოდებაში პარტნიორი ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა ევროკავშირი, ადგილობრივი ხელისუფლებები, მისია 2020 ისახავს  მიზანს, რომ დაისახოს საერთო სტრატეგია მომავალი გარდაუვალი კრიზის წინააღმდეგ, რომ მწვანე მოძრაობებმა და მთავრობებმა ახლო თანამშრომლობა შეძლონ გამარჯვება. მიუხედავად მცირე ვადებისა და რთული ამოცანისა, ჩვენ მხოლოდ პრაგმატული რადიკალიზმი გადაგვარჩენს.

 

თარგმანი: საბა გამყრელიძე

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

გარემოს დაბინძურების ნახევარი გამოწვეულია მსოფლიოს უმდიდრესი 10%-ის მიერ

კვლევაში ვკითხულობთ, რომ მსოფლიოს უმდიდრეს 1%-ში შემავალი ერთი ადამიანი 175-ჯერ მეტად აბინძურებს გარემოს, ვიდრე რიგითი ადამიანი მსოფლიოს უღარიბესი 10%-დან.

image

ევო მორალესის გამოსვლა გაეროში 2019, ნაწყვეტები

ჩემ მიერ ნახსენები სტატისტიკები არის მხოლოდ ნაწილი ჩვენი დემოკრატიული და კულტურული რევოლუციის მიღწევებისა, რომელმაც ბოლივიას პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობა მოუტანა.

image

ვისი ბრალია ამაზონის ხანძარი?

დღეს ხანძრები ამაზონში ყოველწლიურად ჩნდება და მათთან გამკლავება რთულია. მიწათმესაკუთრეების მიერ ხანძრის განზრახ გაჩენა გავრცელებული პრაქტიკაა, რათა შემდეგ ტერიტორია ინდუსტრიულ საძოვრებად ან ყანებად გამოიყენონ. თუმცა ახალი ისაა, რომ ბოლსონაროს გაპრეზიდენტების შემდეგ ხანძრების რიცხვი 84%-ით გაიზარდა. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ის წინასაარჩევნოდ აგრობიზნესსა და ხის მჭრელ კომპანიებს დაჰპირდა, რომ ამაზონის ჯუნგლების მეტად ათვისების უფლებას მისცემდა. საქმე ეხება მილიონობით კვადრატულ მეტრ სივრცეს, მათ შორის აბორიგენი მოსახლეობის დაცულ ტერიტორიებს.

შემოგვიერთდით