როგორ გავხდი ვეგანი

გამოქვეყნებულია: 11.Feb.2017

გაუმარჯოს, მე მობი ვარ და ვეგანი ვარ.

როდესაც 2 კვირის ვიყავი, დედაჩემმა ბანაობის დროს ფოტო გადამიღო, სადაც ჩემ გარდა არიან: ჩვენი ძაღლი ჯეიმი, კატა შარლოტა და ორი ზაზუნა. მე მივჩერებივარ ოთხივე ცხოველს და ისინი მე. ყველანი ძალიან კმაყოფილები ვართ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ ამ მომენტიდან ჩემი სხეულის ყველა უჯრედი ცხოველების მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს გრძნობს. როცა წამოვიზარდე მე და დედაჩემმა კარი გავუღეთ ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებს. 15 წლის განმავლობაში ჩვენ გვყავდა 4 ძაღლი, 12 კატა, უამრავი ზაზუნა, იგუანა და პატარა გველი.

ჩემი ცხოველები ძალიან მიყვარდა. როცა ერთ-ერთი მათგანი კვდებოდა ტირილით ვსკდებოდი. მათი გარდაცვალება დიდ უსამართლობად და იმედგაცრუებად მიმაჩნდა. არ მიყვარს მათ შორის  გამორჩევა, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარდა თაკერი, კატა რომელიც ნაგავსაყრელზე ვიპოვე. 10 წლის რომ ვიყავი ნაგავსაყრელთან ახლოს ვსეირნობდი და სწორედ იქ გავიგე ფისოს ხმა, რომელიც ყუთიდან ისმოდა. როცა ყუთი გავხსენი შიგ სამი გარდაცვლილი და ერთი ცოცხალი კნუტი იყო. იმდენად პატარა იყო, რომ თვალებს ჯერ ვერ ახელდა. ფრთხილად ავიყვანე და სახლისკენ გავიქეცი. დედაჩემთან ერთად სასწრაფოდ ჩავხტი მანქანაში და ვეტერინარულ კლინიკაში წავედით. კარგი კლინიკა ჩანდა, თუმცა საიმედო ვერაფერი გვითხრეს. იშვიათი სახეობის კატა იყო, რომელიც მშობლის გარეშე განწირული იყო, მით უმეტეს, ასეთი პატარა. თაკერი სახლში წამოვიყვანეთ და ეს სახელიც სწორედ გზაში შევურჩიე. ჩვენი ძაღლი ჯორჯი მისი დედინაცვალი გახდა, მზრუნველობას არ აკლებდა და თაკერმაც მას შემდეგ 18 წელი იცოცხლა.

ერთხელ, როცა 19-ის გახლდით და თაკერი უკვე 9-ის იყო, ქალაქგარეთ კონექტიკუტში დედაჩემის სახლში მე და თაკერი მზეს ვეფიცხებოდით. იდეალური სამეული ვიყავით: ბიჭი, კატა და მზე. ვიჯექი კიბეებზე და ვფიქრობდი: „მიყვარს ჩემი კატა. ვზრუნავ მის ჯანმრთელობაზე და ვცდილობ, ბენიერება მივანიჭო. მას აქვს 4 ფეხი, 2 თვალი, საოცარი გონება და წარმოუდგენლად ემოციური ცხოვრება. ტრილიონი წელი არ მომაფიქრდებოდა მისთვის ტკივილის მიყენება და, მით უმეტეს, შეჭმა. მაგრამ რატომ ვჭამ სხვა ცხოველებს, რომელთაც ასევე აქვთ 4 ფეხი, 2 თვალი, გონება და ემოციები?“ ასე ვიჯექით მე და თაკერი კიბეებზე და ამ ფიქრებში გადავწყვიტე ვეგეტარიანელი გავმხდარიყავი.

ეს იყო 1985 წელს. მიზეზი რატომაც ვეგეტარიანელი გავხდი ძალიან მარტივი იყო. ეს ცხოველების სიყვარულია და არ მინდა მონაწილეობას ვიღებდე მათ ექსპლუატაციაში. თავიდან ძროხის და ქათმის ხორცი ამოვიღე საკვები რაციონიდან, შემდეგ კი თევზიც. შემდეგ დავფიქრდი, რომ არ მინდა ცხოველების ტანჯვას რაიმე ფორმით ხელს ვუწყობდე,  ძროხები და ქათმები ხომ საშინელ პირობებში ჰყავთ ფერმებში, მაშინ რატომ ვჭამ წარმოებულ კვერცხს და რძეს? 1987 წელს ყოველგვარ ცხოველურ ნაწარმზე უარი ვთქვი და გავვეგანდი.

რაც დრო გადის ჩემი ვეგანობა მტკიცდება ცოდნისგან ჯანსაღ ცხოვრებაზე, გარემოსა და კლიმატის ცვლილებაზე. აღმოვაჩინე, რომ ხორცის, რძის პროდუქტების, კვერცხის მიღება ზრდის რისკს სხვადასხვა დაავადების გაჩენისთვის, როგორიცაა დიაბეტი, გულის პრობლემები, კიბო და ა.შ..  გავარკვიე, რომ კომერციული მიზნებისთვის განკუთვნილი ცხოველური ნაწარმის წილი 18%-ა საერთო კლიმატის ცვლილებაში (ეს ემისია უფრო მეტია ვიდრე ყველა მანქანა, ავტობუსი, ნავი თუ თვითმფრინავი). ასევე გავარკვიე, რომ 1 ფუნტ სოიოს წარმოებას 200 გალონი წყალი სჭირდება, ხოლო იმავე ოდენობის ხორცის საწარმოებლად 1800 გალონი წყალია საჭირო. კიდევ გავარკვიე ტროპიკული ტყეების გაჩეხა შემდეგ მათი საძოვრად ქცევის მიზეზი ხდება, რათა გამოკვებონ ხელოვნურად გამრავლებული ცხოველები. და, ასევე, ფრინველის ვირუსის, ღორის გრიპის და სხვა მსგავსი დაავადებების საწყისი სწორედ აგროკულტურაა. ასევე, როგორც ცნობილია, ცხოველური საკვების ხშირი მიღება იმპოტენციის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ძალიან, ბევრი მიზეზი მქონდა, რომ ვეგანი გავმხდარიყავი.

გარემოს, ჯანსაღი ცხოვრების წესის, ბუნების შესწავლით, უფრო და უფრო ერთგული გავხდი ვეგანური ცხოვრების წესის. ხშირად ხმამაღლა გამომიხატავს პროტესტი მეგობრებთან, როცა ჩემთან ერთად ხორცს ჭამდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს არაფერს ცვლიდა, ისინი არ ამბობდნენ უარს ხორცპროდუქტებზე და საერთოდაც აღარ მეპატიჟებოდნენ.  შეიძლება ეგოისტი ვარ, მაგრამ მინდა რომ მაინც დამპატიჟონ ხოლმე.

მივხვდი საბოლოოდ, რომ ყვირილი არაა საუკეთესო გზა შენი სათქმელის სხვასთან მისატანად. ისინი თავდაცვას ცდილობდნენ და სულაც არ აფიქრებდათ ის, რისი თქმაც მსურდა. მივხვდი, რომ პატივისცემით საუბრით და ინფორმაციის გაზიარებით შევძელი მეთქვა, რაც მინდოდა. ნამდვილი მიზეზები, თუ რატომ ვიყავი ვეგანი. მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვეგანი ვარ არ ვამბობ, რომ სხვაც უნდა იყოს ვეგანი.

თვითონ წყვეტ როგორ იცხოვრებ და რას შეჭამ, მაგრამ უკეთესი შანსი გაქვს დიდ ხანს და ჯანმრთელად ცხოვრების თუ უარს იტყვი ცხოველური საკვების მიღებაზე. აბა წარმოიდგინე ფერმები, იქ წარმოებული ხორცი, რომელშიც ცხოველთა კვებისთვის, რეპროდუქციისთვის ათასგვარი ქიმიური საშუალება გამოიყენება და ეს ყველაფერი ძალიან სახიფათოა ჩვენი სიცოცხლისთვის.

მოკლედ, უფრო მეტს ვიტყოდი, მაგრამ არ მინდა, დავფარო მთავარი მიზეზები რატომაც გავხდი ვეგანი. ბოლოს მინდა, რომ გარდა ჯანმრთელობის საკითხებისა, კლიმატის ცვლილებისა, ქიმიური ნივთიერებისა და ა.შ. გკითხოთ ერთი მარტივი კითხვა: შეგიძლიათ პატარა ხბოს ჩახედოთ თვალებში და უთხრათ: „ჩემი მადა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი ტანჯვა?“

 

თარგმანი: საბა გამყრელიძე

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით