პრეკარიატი - ახალი საშიში კლასი

გამოქვეყნებულია: 14.Feb.2018

მსოფლიოს გარშემო უფრო მეტი და მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ პრეკარიატის წარმომადგენელია ან მალე გახდება და რომ ის მარტო არაა. ამას განწყობის შეცვლა მოჰყვება - დამარცხებული და მორალურად გატეხილი მდგომარეობიდან ქედუხრელისა და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლის მდგომარებამდე. შესაძლოა, ძველი სოციოლოგები დაბნეულიყვნენ, მაგრამ პრეკარიატული ჯგუფები მასობრივი ოკუპაციებიდან პოლიტიკურ ჩართულობას უბრუნდებიან. მათ იციან, რომ არ არსებობს გაერთიანებული მუშათა კლასი და ისევ ამ ყალბი ერთობის ძიება არ სურთ. ჩვენ პრეკარიატისთვის მისივე შექმნილი, ალტერნატიული და პროგრესული მომავალი გვჭირდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მე-20 საუკუნეში შემოსავლის დანაწილების სისტემამ კოლაფსი განიცადა. შემოსავლის მოგებაში მიმავალი წილი დიდი სისწრაფით გაიზარდა და ზრდას მომავალშიც განაგრძობს. გარდა ამისა, რენტებში მიმავალი წილი კიდევ უფრო გაიზრდება და ეს პროცესი კიდევ უფრო სწრაფად განვითარდება, ნამდვილი შემოსავალი (ხელფასები) კი იგივე დარჩება.

ამასობაში, გლობალური კლასობრივი სტრუქტურა გამოიკვეთა, რაც ეროვნულ კლასობრივ სტრუქტურებს ზედ დაერთო. აქ სათავეშია მცირერიცხოვანი პლუტოკრატია, რომლის უმეტეს ნაწილს კრიმინალური ფონი აქვს. მათი ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება უზარმაზარია, რადგან მათ არც ერთი სახელმწიფოს წინაშე გააჩნიათ რამე პასუხისმგებლობა.

მათ დაქვემდებარებაშია ელიტა, რომლის ზოგი წარმომადგენელი ასევე კაპიტალის საშუალებით შოულობს ფულს, ზოგი კი იმის საშუალებით, რასაც თომას პიკეტი მემკვიდრეობით კაპიტალიზმს უწოდებს. ამ ელიტის ქვემოთ არის სალარიატი, ანუ ისინი, ვინც დასაქმების უსაფრთხოებით, პენსიებით, ანაზღაურებადი შვებულებებითა და სხვა არასახელფასო სიკეთეებით სარგებლობენ1. ისინი არიან სწორედ იმის განსახიერება, რასაც 1960-იან და 70-იან წლებში ამერიკელი სწავლულები მოელოდნენ, რომ ნორმად ქცეულიყო. სალარიატი კვლავ მდგრადად იარსებებს, მაგრამ, მისი რიცხვი მცირდება.

ამას მოყვება ის, რასაც მე პროფიციანებს2 ვუწოდებ, პროექტზე ორიენტირებული, „თვითმეწარმეები“ - ისინი არ ესწრაფვიან დასაქმების უსაფრთხოებას. ბევრი მათგანი გაშმაგებით მუშაობს, მაგრამ ადრე თუ გვიან, ზედმეტი გადაღლილობისგან („გადაწვისგან“) იტანჯება. მათ არ აინტერესებთ ხელფასების დაცვა, ისინი საკუთარ ფულს სხვანაირად მოიპოვებენ.

შემდეგ მოდის ძველი პროლეტარიატი, ანუ ისინი, ვისთვისაც კეთილდღეობის სახელმწიფო, ასევე შრომითი ურთიერთობები და რეგულაციები ჩამოყალიბდა. პროლეტარიატი ორიენტირებული იყო მუდმივ, სტაბილურ, სრულ განაკვეთიან სამუშაოებზე, სადაც განვითარებული იქნებოდა „შრომითი უფლებები“. მაგრამ ეს ყველაფერი სუსტდება, მის ეფექტურობასა და კეთილდღეობის ინსტიტუციების დაცვის სურვილთან ერთადაც კი. მისი მიღწევები არ უნდა გავაიდეალოთ. პროლეტარიატი სექსისტური, ხშირად, რასისტული იერარქიული მმართველობებისგან იღებდა სარგებელსა თუ ხელშეწყობას. მისი პროფკავშირები სწორედ ამის განსახიერებაა. ამერიკის ისტორიაშიც არსებულა მცირეოდენი რეაქციონერული ფიგურა, მაგალითად, AFL-CIO-ს (მუშათა ამერიკული ფედერაცია და სამრეწველო ორგანიზაციების გაერთიანების) ძველი ლიდერები.

პროლეტარიატის ქვემოთ დგას პრეკარიატი და იგი იზრდება. ეს არაა ყველაზე დაბალი სოციალური ფენა, ანუ ლუმპენპრეკარიატი - მსხვერპლები, რომლებსაც ქუჩაში თავი ძლივს გააქვთ, მწუხარე სულები, რომლებიც ადრე იღუპებიან. ამის საწინააღმდეგოდ, პრეკარიატი გლობალური კაპიტალის მიერ მიჩნეულია, როგორც ძირითადი და ნეოლიბერალური სახელმწიფო მას ფორმას აძლევს. ბოლო დათვლების მიხედვით, პრეკარიატი ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს შეადგენს იაპონიაში, კორეაში, საბერძნეთში, ესპანეთში, იტალიაში, ავსტრალიასა და შვედეთში; ანუ ქვეყნებში, რომელიც ჯერ კიდევ სოციალ-დემოკრატიის ნირვანადაა დანახული. ყველაზე დიდი პრეკარიატი კი ჩინეთშია.

 

პრეკარიატის განსაზღვრება

პრეკარიატი სამი პარამეტრით უნდა განისაზღვროს. პირველი - მას განსხვავებული წარმოების ურთიერთობები აქვს. ეს მოიცავს არასტაბილურ შრომას, „მოქნილი“ კონტრაქტებით, რეზერვში მყოფად, შტატგარეშე, ფრილანსერობას, არასრულ განაკვეთზე ან პერიოდულ მუშაობას დამსაქმებლებისთვის. არასტაბილური შრომის ყველაზე სწრაფად მზარდი ფორმაა ჯგუფური მუშაობა3. ბევრი კომენტატორი შეცდომით ვარაუდობს, რომ დაუცველი შრომა პრეკარიატის ერთადერთი მახასიათებელია და, ამასთანავე, აცხადებს, რომ ამაში არაფერია ახალი.

არასტაბილური სამუშაო ყოველთვის არსებობდა, მაგრამ დღესდღეისობით, იგი ნორმად იქცა. როგორც ისტორიკოსები აანალიზებდნენ პროლეტარიზაციას მუშათა დისციპლინირებად სტაბილური შრომის ნორმების მიხედვით, შრომის მოვალეობად გათავისებასა და  კაპიტალთან შეთანხმებას, პრეკარიატს ანალოგიურად არასტაბილურ შრომას აჩვევენ.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პრეკარიატს არანაირი დასაქმების იდენტობა, ცხოვრებისთვის მისანიჭებელი არანაირი შინაარსი გააჩნია. მის წარმომადგენლებს უამრავი ისეთი სამუშაოს შესრულება უწევთ, რომელიც არც კი ითვლება სამუშაოდ და, შესაბამისად, არც ანაზღაურდება. ისინი ექსპლუატირებულნი არიან სამუშაო ადგილზე და მის მიღმაც, რადგან სამუშაო საათებზე მეტი მუშაობაც მათ მოვალეობაში შედის.  ამავე დროს,  ეს პირველი  მუშათა (მშრომელთა) კლასია ისტორიაში, რომლისგანაც უფრო მეტ განათლებას მოითხოვენ, ვიდრე ამას სამუშაო მოითხოვს.

მეორე ისაა, რომ პრეკარიატს განსხვავებული განაწილების ურთიერთობები აქვს. იგი მხოლოდ ხელფასს ეყრდნობა, ყოველგვარი პენსიების, ანაზღაურებადი შვებულებების, შეღავათებისა და სამედიცინო მომსახურების გარეშე. ის თანდათან კარგავდა ამ სარგებლებს. სწორედ ამიტომაა, რომ ზოგად სტატისტიკებში მზარდი უთანასწორობა არ აისახება.

პრეკარიატი, ასევე, უფლებებზე დაფუძნებული დახმარებების ნაკლებობასაც განიცდის. ბილ კლინტონმა 1996 წელს განაცხადა, რომ  იგი ასრულებდა „ჩვენთვის ნაცნობ კეთილდღეობას“. ამის შემდგომ, ვისკონსინის სადამსჯელო სქემა გლობალური გახდა. ამასობაში, პრეკარიატი, არამდგრადი და შემცირებისკენ მიდრეკილი ხელფასებით, არასაიმედო ვალების ზღვარზე ცხოვრობს. როცა ადამიანები ყოველდღიურად იბრძვიან ცხოვრების სტანდარტის შესანარჩუნებლად, ვალი ექსპლუატაციის სისტემურ მექანიზმად იქცევა.

მესამე - პრეკარიატს აქვს განსხვავებული ურთიერთობები სახელმწიფოსთან. ისინი, ვინც მოქალაქისთვის მინიჭებულ უფლებებს კარგავენ, მოქალაქეობის უფლებამიღებული უცხოელების (დენიზენების) დონეზე დგებიან, ანუ სამოქალაქო, კულტურული, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებების გარეშე რჩებიან. სულ უფრო და უფრო მეტად ისინი მთხოვნელებად იქცნენ, იხვეწებიან შემწეობებსა თუ სერვისებს, დამოკიდებულნი არიან ბიუროკრატიის დისკრეციულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მორალისტურად განსჯიან იმსახურებს თუ არა მათი ქცევა და დამოკიდებულება რაიმეს.

ეს სამი პარამეტრი ცნობიერებაში დეპრივაციის4, გარკვეული კომბინაციის - შფოთვითი აშლილობების, ანომიის5  (გაქცევის სურვილის), გაუცხოების (იყო იძულებული გააკეთო ის, რაც არ გსურს და ამავე დროს არ გქონდეს შესაძლებლობა აკეთო ის, რისი გაკეთებაც შეგიძლია) და ბრაზის - გამომწვევი მიზეზია.

 

პრეკარიატის ნაირსახეობები

ამჟამად, პრეკარიატი სამი სხვადასხვაგვარი ჯგუფისაგან შედგება, ამიტომაც, იგი არის „კლასი თავისთავად“ და ჯერ არაა „კლასი თავისთვის“. პირველი ჯგუფი მუშათა კლასის საზოგადოებიდან პრეკარიატში აღმოჩენილებს მოიცავს. მათ აკლიათ განათლება და თავს უქონლებად გრძნობენ წარსულთან შედარებით. მათ წინამორბედებს დასაქმების უსაფრთხოება, პენსიები და სხვა სიკეთეები გააჩნდათ. მათ ის წარსული ურჩევნიათ. ბევრი მათგანი უსმენს ნეოფაშისტებს, რომლებიც ამ მყიფე მდგომარეობას მიგრანტებსა და უმცირესობებს აბრალებენ. ევროპაშიც და სხვაგანაც, ბევრი ადამიანი ნაციონალისტურ, ქსენოფობიურ და რასისტულ დღის წესრიგს აძლევს ხმას.

შემდეგი ჯგუფი მიგრანტებსა და უმცირესობებს მოიცავს, რომლებიც გრძნობენ, რომ მათ უარს ეუბნებიან სახლზე, ღირსეულ აწმყოზე. ისინი, ძირითადად, თავდახრილები არიან და თვითგადარჩენისთვის იბრძვიან. მაგრამ როცა პოლიტიკა ამასაც ემუქრება, ისინი ჯანყდებიან გააფთრების ჟამს,  მაგალითად, როგორც სტოკჰოლმში 2013 წელს, ან რომელიმე ფუნდამენტალისტურ ორგანიზაციაში ერთიანდებიან. მათ სრული მოქალაქეობა არსად აქვთ და უფლებებზე ყველგან უარს ეუბნებიან.

მესამე ჯგუფი, ძირითადად, ახალგაზრდა, განათლებული ადამიანებისგან შედგება. ისინი წართმეული მომავლის, მიუღწეველი წინსვლისა და ღირსეული ცხოვრების დეპრივაციისგან იტანჯებიან. მაგრამ ისინი ნეოფაშისტებს არ უსმენენ; ისინი მომავლის დაბრუნებას ცდილობენ, თანასწორობაზე, თავისუფლებასა და ეკოლოგიურ მდგრადობაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნისკენ ისწრაფვიან.

 

გამოვლენილი ბრძოლები

საბედნიეროდ, მასობრივი პროტესტების წყალობით, 2011 წელს და შემდგომ პერიოდში უფრო მეტი ადამიანი ამჩნევს, რომ პრეკარიატს მიეკუთვნება, ეს კი წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყების მნიშვნელოვანი ნიშნულია. მესამე ჯგუფის წარმომადგენლებს შორის ღვივდება იმის შეგრძნება, რომ ისინი არ არიან უბრალოდ მსხვერპლები, არამედ მათ  წინააღმდეგობის გაწევაც შეუძლიათ. პრეკარიატის ამ ნაწილს სურს, ტრანსფორმაციულ ცვლილებებზე ორიენტირებული დღის წესრიგისათვის იბრძოლოს, რათა საკუთარი თავი გაანადგუროს, ანუ საკუთარი შემადგენელი პირობები დაძლიოს.

მაგრამ პრეკარიატი ახალი საშიში კლასი იმიტომაა, რომ  ის მეინსტრიმულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტებს უარყოფს. ბევრი მათგანი ხმის მიცემისგან თავს იკავებდა არა პოლიტიკური აპათიის გამო, არამედ იმიტომ, რომ მეინსტრიმულ პარტიებსა და პოლიტიკოსებს მათი საჭიროებების თუ მისწრაფებების არ ესმით.

2011 წლიდან მოყოლებული, პროტესტები, ძირითადად, ისეთ ბრძოლებს წარმოადგენს, რასაც ისტორიკოსები პრიმიტიულ ამბოხს უწოდებენ. ეს გამოხატავს დროს, როცა გაჩენილი კლასი უფრო გაერთიანებულია იმის გარშემო, რის წინააღმდეგაც იბრძვის, ნაცვლად იმაზე ზრუნვისა, რასაც რეალურად ესწრაფვის. მაგრამ, პროტესტი პრეკარიატს ცალკე კლასად ჩამოყალიბებაში ეხმარება. ის უკვე მზადაა, საკუთარი რეპრეზენტაციისა და შემოსავლის სამართლიანი დანაწილებისთვის იბრძოლოს.

ძველი სოციალისტური პროექტისგან განსხვავებით, ეს  იქნება ბრძოლა იმ რესურსების განაწილებისთვის, რომელიც პირადი განვითარებისა და ეკოლოგიური მდგრადობისთვისაა საჭირო: უსაფრთხოება, დროზე კონტროლი, სივრცე (საზოგადოებრივი საკუთრების ჩათვლით), განათლების ხელმისაწვდომობა, ფინანსური ცოდნა და კაპიტალი. ეს ყველაფერი ახლა უფრო მეტად უთანასწოროდაა განაწილებული, ვიდრე შემოსავალი. პრეკარიატს არ გააჩნია უსაფრთხოება, კონტროლი დროზე, უკავია გაღარიბებული სივრცე და კარგავს საზოგადოებრივ საკუთრებას, ექვემდებარება განათლების კომოდიფიკაციას, ფინანსური ცოდნის ნაკლებობას განიცდის და კაპიტალზე ხელმისაწვდომობა არ გააჩნია.

წინააღმდეგობის მოძრაობა ახლა ყალიბდება. პრეკარიატი კვლავ ერთვება დემოკრატიულ პოლიტიკაში. ნეოლიბერალური დისტოპიის შემდგომ, მომავალი კვლავ უბრუნდება დღის წესრიგს. პრეკარიატი ახალი პროგრესული ხანის ავანგარდი უნდა გახდეს.

გაი სტენდინგი

 

                                                                                                                         

  1. გაი სტენდინგი თავის წიგნში Work After Globalization, სხვადასხვა სოციო-ეკონომიკურ კლასიფიკაციებს განიხილავს: გლობალური ელიტა (აბსურდულად მდიდარი და მაღალშემოსავლაინი მცირერიცხოვანი ადამიანები), სალარიატი (მაღალანაზღაურებად, სტაბილურად სრულ განაკვეთზე მომუშავე ადამიანები), მუშათა კლასი (პროლეტარიატი), პრეკარიატი (დაუცველი, დროებითი მუშაკები) და საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენა, ანუ, მარქსისტული თეორიის მიხედვით, ლუმპენპროლეტარიატი.
  2. პროფიციანები - რომელიმე დარგის ექსპერტები, ტექნიკის სპეციალისტები და სხვა პროფესიონალები. ისინი შეიძლება იყვნენ ადვოკატები, სპორტის ვარსკვლავები, არქიტექტორები ან IT სპეციალისტები. პროფიციანების მთავარი მახასათებელი ისაა, რომ ისინი არიან პროექტზე ორიენტირებული შტატგარეშე მუშაკები, მათ ხშირად უწევთ გამკლავება სტრესთან და გადაღლილობასთან.
  3. „ჯგუფური სამუშაო“ - (ინგ. crowd work) დასაქმების ახალი ფორმა. ონლაინ პლატფორმების საშუალებით, ორგანიზაციები ან კერძო პირები უკავშირდებიან სხვა ორგანიზაციების ან სხვა კერძო პირების დაუდგენელ ჯგუფებს, რათა გარკვეული თანხის სანაცვლოდ სპეციფიკურ პრობლემებზე ამუშაონ ან შესთავაზონ სპეციალური სერვისები ან პროდუქტი.
  4. დეპრივაცია - დეპრივაცია არის სასიცოცხლო სიტუაციების შედეგად
    წარმოქმნილი განსაზღვრული მდგომარეობა, როცა სუბიექტი გარკვეული ხნით და ოდენობით მოკლებულია, თავისი საარსებო ფსიქიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას (წყარო: ge).
  5. ანომია - საზოგადოების ისეთი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სოციალური ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმების შესუსტებით ან მათ მიმართ გულგრილი დამოკიდებულებით. ამ პირობებში აქცენტი კეთდება კერძო, ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილებაზე სავალდებულო (საყოველთაო) ნორმების გათვალისწინების გარეშე. როდესაც შეუზღუდავი სურვილების დაკმაყოფილებისათვის რესურსები მწირია, ეს ინდივიდს უბედურს ხდის და თვითმკვლელობისკენ უბიძგებს.

თარგმანი: მარიამ ვაწაძე, აია ბერაია

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

საყოველთაო საბაზისო შემოსავალი

70-იან წლებში კანადის პროვინცია მანიტობაში უჩვეულო ექსპერიმენტი წამოიწყეს —  ზოგ მოქალაქეს ფულს სახელმწიფო უპირობოდ ურიგებდა.  ქალაქ დოფინში, მაგალითად, ყოველ თვე მოქალაქეებს ეგზავნებოდათ ჩეკები, რათა გარანტირებული ჰქონოდათ საყოველთაო საბაზისო შემოსავალი. ამ ინიციატივის (Mincome) მიზანს წარმოადგენდა იმის ჩვენება, თუ რა მოხდებოდა ასეთი ინიციატივის დანერგვის შემთხვევაში. შეწყვეტდა ხალხი მუშაობას? გაფლანგავდნენ ფულს ღარიბები და მაინც სიღარიბეში გააგრძელებდნენ ცხოვრებას?

image

რატომ ვნებს ტყვია ადამიანებს

ადამიანები ტყვიას სხვადასხვა პროდუქტში უკვე 8000 წელია იყენებენ (ჩვენთვის, როგორც ცნობილია, პირველად მისი მოპოვება 6500 წ-ს ქ.შ-მდე დაიწყეს ანატოლიაში), ამიტომაც გაგიკვირდებათ თუ გაიგებთ, რომ მხოლოდ დაახლ. 150 წ-დან ქ.შ-მდე გახდა ცნობილი, რომ ტყვია საშიშია და მასთან თამაში არ ღირს, როცა ადამიანის სხეულზე მისი გავლენა ცნობილმა ბერძენმა ფიზიკოსმა ნიკანდროს კოლოფონელმა შეისწავლა. ნიკანდროსმა ეს მეტალი „მომაკვდინებლადაც“ კი აღწერა. მან თავის ნაშრომში „ალექსიფარმაკა“ განვრცობით დაწერა ადამიანის სხეულზე მისი საზიანო ეფექტების შესახებ.

image

მუნიციპალიზმი და პოლიტიკის ფემინიზაცია

მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად იზრდება ინტერესი მუნიციპალიზმის მიმართ და განიხილება ნეოლიბერალური პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიად და დემოკრატიულ სისტემად. სამოქალაქო პლატფორმები, რომლებიც ესპანეთის დიდ ქალაქებს მართავენ, ასევე Ciudad Futura არგენტინაში, Indy Towns ბრიტანეთში და ქურთების დემოკრატიული კონფედერალიზმი მათი შეზღუდვების მიუხედავად ნათლად მიუთითებს ადგილობრივი მოქმედების ტრანსფორმაციულ პოტენციალზე. მუნიციპალიზმის ბოლო სამიტი „უშიშარი ქალაქები“ [Fearless Cities], რომელიც ბარსელონაში ჩატარდა და სადაც ყველა კონტინენტიდან, დაახლოებით, 100 მუნიციპალური პლატფორმა იყო წარმოდგენილი, მუნიციპალიმის გლობალური მოძრაობის ზრდის მკაფიო მაგალითია.

შემოგვიერთდით