ნარჩენების ეკონომიკა

გამოქვეყნებულია: 14.Aug.2016

ბევრს მიაჩნია, რომ ზოგიერთი მასალა, პროდუქტი და შეფუთვის ფორმა არ ექვემდებარება გადამუშავებას თავისი დიზაინის და შემადგენლობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იზიარებს და ეთანხმება ამ აზრს, უნდა ვთქვათ, რომ ის მცდარია. ერთადერთი ბარიერი, რაც აფერხებს ნარჩენების გადამუშავებას - ეკონომიკაა.

 

ნარჩენები ადამიანის გამოგონილია

ნარჩენების პრობლემის სრულფასოვნად გამოსაკვლევად საჭიროა გავიაზროთ, რომ ნარჩენები ადამიანის მიერაა შექმნილი. ბუნებაში არ არსებობს არანაირი ნარჩენი და, შესაბამისად, დანაკარგი. ჩვენი ეკოსისტემა აღდგენითია და ნებისმიერი ბუნებრივი ნარჩენი, საჭირო რესურსია სისტემის სხვა წევრისთვის. მაგალითად, გამხმარი ხე არის ტერმიტების და სხვა ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელი, დამპალი მცენარეები კვებავენ ნიადაგს, ხოლო ნარჩენებს, რომლებსაც ტოვებს მტაცებელი ცხოველი ნადირობის შემდეგ, არის საკვები სვავებისთვის.

ადამიანის მიერ შექმნილ ნარჩენებს არ გააჩნია არანაირი სარგებელი ბუნებისათვის. ასევე, გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, ნებისმიერი სახის ნარჩენის გადამუშავება და მისი ახლიდან გამოყენება არის შესაძლებელი. კომპანია TerraCycle-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ მის კომპანიას შეუძლია ყველანაირი ნარჩენის განახლება და შემდგომ საჭირო მასალად გარდაქმნა.

უკვე არსებობს გადამუშავების ისეთი ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საწერი მასალის, საკვების კონტეინერების, ბავშვის საფენების და სიგარეტის ნამწვავების გადამუშავება. ჩვენ შეგვიძლია ახლიდან გამოვიყენოთ უკვე გადაგდებული შეფუთვა და ბაზარზე შევიტანოთ ის სრულიად განახლებული ფორმით. სათანადო ტექნოლოგიის ნაკლებობა ნამდვილად არ არის  ნარჩენების დიდი ნაწილის არგადამუშავების მიზეზი.

თუ ეს ყველაფერი ასეა, მაშინ რატომ არ ხდება დანაკარგების თავიდან აცილება და მასალის განმეორებითი გამოყენება?

 

გადამუშავების ეკონომიკა

კომპანიები, რომლებიც გადაამუშავებენ ნარჩენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ინტერესდებიან აღნიშნული საქმიანობით, თუ ეს მათთვის ფინანსურად მომგებიანია. ეს გულისხმობს იმას, რომ თავად გადამუშავებული პროდუქტის ფასი უნდა აღემატებოდეს ნარჩენის მოგროვების და გადამუშავების ხარჯს. მაგალითისათვის - ალუმინი, რკინა, ქაღალდი და პოლიეთილენი შესაძლებელია შეგროვდეს დიდი რაოდენობით და მის გადამუშავებას საკმაოდ მცირე თანხა სჭირდება. აქედან გამომდინარე, ამ მასალის გადამუშავება მომგებიანია. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ისეთ გადამუშავებულ მასალაზე, რომლის ფასიც მის ნედლ ალტერნატივასთან შედარებით მცირეა.

აღნიშნული მასალის გარდა, სხვა ყველა გამოყენებული ნივთის (მაგალითად: კონტეინერები, კბილის ჯაგრისები, პასტები, ნახმარი ბავშვის საფენები და სხვა.) შეგროვების, დახარისხების და გადამუშავების ხარჯი, აღემატება მის საბოლოო ღირებულებას. რადგან არ არსებობს კერძო კომპანიების მატერიალური დაინტერესება ზოგიერთი სახის ნარჩენის გადამუშავებისა, ჩვენ გვიწევს ნაგვის იაფად და მარტივად განკარგვა, რაც ხშირ შემთხვევაში გულისხმობს მის უბრალოდ ნაგავსაყრელზე გადაყრას ან დაწვას.

ნარჩენების გადამუშავების ხარჯზე უამრავი სხვა ფაქტორიც ახდენს გავლენას რის გამოც ხშირად ის არამომგებიანი და არამიმზიდველია. მაგალითად, როცა მომხმარებლები არ ახარისხებენ ნარჩენებს და, ზოგიერთ შემთხვევაში, არაგადამუშავებად ნივთებს ყრიან კონტეინერებში ეს მნიშვნელოვნად ზრდის გადახარისხების ხარჯებს და ამასთანავე საბოლოო პროდუქტის ხარისხი დაქვეითებულია.

 

ნარჩენების პრობლემის გადაჭრა

ნარჩენების პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ინდივიდებმა, კომპანიებმა და სახელმწიფომ ერთობლივად აიღონ პასუხისმგებლობა და გაატარონ საჭირო ზომები.

ინდივიდუალურმა მომხმარებლებმა უდნა შეცვალონ პროდუქტის ყიდვის და შემდგომ ნარჩენების გადაყრის ჩვევა. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძინონ პროდუქტი შეფუთვის გარეშე, თავი აარიდონ რთულად გადამუშავებადი შეფუთვის მოხმარებას და მოიხმარონ გამძლე ნივთები. მომხმარებლები უდნა იყონ ინფორმირებულები იმის შესახებ, თუ რომელი ნივთიერება გადამუშავდება და რა ფორმით. იმ შემთხვევაში თუ მასალა არ ექვემდებარება გადამუშავებას, სანამ მას სანაგვეში მოვისროდეთ უნდა ვეცადოთ, მოვუძებნოთ რამე სხვა სასარგებლო დანიშნულება.

ნარჩენების პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად ინდივიდუალური მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არაა საკმარისი. აუცილებელია კომპანიების და ბრენდების დაინტერესება იმით, რომ გამოიყენონ გადამუშავებადი შეფუთვა, ასევე მომხმარებელს მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია თუ როგორ ხდება აღნიშნული შეფუთვის თითოეული კომპონენტის სწორად გადამუშავება.

მწარმოებლებმა უნდა დანერგონ ისეთი მიწოდების ჯაჭვი, რომელიც ორიენტირებული იქნება ნარჩენების შეგროვებასა და ახლიდან გამოყენებაზე. შესაძლებელია მომხმარებლებისთვის  თანხის შეთავაზება კომპანიისათვის ნარჩენების მიწოდებისათვის. მწარმოებლის მხრიდან მსგავსი ქმედება მეტყველებს მის პასუხისმგებლიანობაზე გარემოს მიმართ და, ამასთანავე, ეხმარება დაამყაროს მომხმარებელთან დადებითი კავშირი.

მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ნარჩენების გადამუშავების პრობლემის აღმოფხვრის წინაშე. სახელმწიფოს ვალდებულებაა შექმნას და გააუმჯობესოს ნარჩენების გადამუშავების ინფრასტრუქტურა და, ამასთანავე, წაახალისოს კერძო კომპანიები, რათა ისინი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ეკოლოგიის პრობლემებს. მთავრობას შეუძლია დააწესოს გადასახადი ნარჩენების არაეფექტურად გაფლანგვასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში კომპანიებს გაუჩნდებათ მოტივაცია გადაამუშაონ საკუთარი ნარჩენები და, ამასთანავე, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებლებს. ნაგავსაყრელით სარგებლობის მაღალი გადასახადი ასევე გაზრდის ნარჩენების გადამუშავებაზე მოთხოვნას.

მსგავსი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკონომიკურ ბარიერს, რაც ხელს უშლის ჩვენ მიერ მოხმარებული ნარჩენების გადამუშავებას. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლების ცნობიერება გაიზრდება და მთავრობა აღიარებს აღნიშნული პრობლემის მნიშვნელობას, კომპანიები იძულებულნი იქნებიან მოერგონ საბაზრო მოთხოვნას და, საბოლოო ჯამში, ნაგავსაყრელები წარსულს ჩაბარდება.

 

თარგმანი: ანა თოიძე

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტში (PDF)

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქართულ ფემინისტურ მოძრაობაში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი და მიმართულებაა. ამავდროულად, საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, ENPARD. ამ კონტექსტში მოცემული კვლევა (პოლიტიკის დოკუმენტი) მიზნად ისახავს, გამოავლინოს სოფლის მეურნეობაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერები და განვითარების პოლიტიკებში ამ საკითხის ინტეგრაციის შესაძლებლობები. კვლევის ფარგლებში ანალიზი განხორციელებულია ადამიანის უფლებების მიდგომისა და გენდერი და განვითარების მიდგომის გამოყენებით; კვლევა განხორციელდა თვისებრივი მეთოდების გამოყენებით. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გამოწვევები განხილულია ისტორიულ, გლობალურ და ლოკალურ ჭრილში, და კვლევის მიზნიდან გამომდინარე, დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტსა და გამოწვევებთან. ანალიზსა და კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით გავცემთ რეკომენდაციებს სახელისუფლებო ინსტიტუტებისთვის.

image

რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას ღვინის წარმოებაზე

იმედია, როგორც მომხმარებლები, შევძლებთ იმ ცვლილებების მართვას, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესით და გადაწყვეტილებებითაა გამოწვეული. დროა ჩვენი თანხები სწორად მივმართოთ და მხარი დავუჭიროთ ფერმერებსა თუ ადგილობრივ მწარმოებლებს და ასევე საკუთარ წარმოებებს. შეგვიძლია, ვიყოთ მეტად ინფორმირებული, დავსვათ შეკითხვები, მივიღოთ პასუხები და მივიღოთ გადაწყვეტილებები მეტად ჯანსაღი პლანეტისა და საზოგადოებისთვის.

შემოგვიერთდით