ყველა მიზეზი, თუ რატომ უნდა აიკრძალოს ზოოპარკები

გამოქვეყნებულია: 22.Jul.2016

2015 წლის 13 ივნისს წვიმებმა მდინარე ვერეს კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. წყალმა ქალაქი და მისი ზოოპარკი დატბორა, 19 ადამიანი დაიღუპა და 6 ადამიანი დაკარგულად ითვლება, დაღუპულებს შორის იყო ზოოპარკის სამი თანამშრომელი და მაშველები. წყალდიდობას ცხოველების დიდი ნაწილიც შეეწირა, გადარჩენილებს კი გაქცევის საშუალება მიეცათ. საწყის ეტაპზე, ზოოპარკის ბინადარი შვიდი ვეფხვი და რვა ლომი დაღუპული ეგონათ, მაგრამ შემდეგ გაქცეულმა ვეფხვმა ერთი ადამიანი მოკლა. ამ შემთხვევას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კრიტიკა მოჰყვა ზოოპარკის ხელმძღვანელობის მიერ საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების გამო. 

პოლიცია დადანაშაულებულია ცხოველების უმიზეზოდ ხოცვაში. ასევე, ზოოპარკის თანამშრომლებმა დაინახეს თუ როგორ იღებდნენ სელფებს დახოცილ ლომებთან, ვეფხვებთან და სხვა დიდ ცხოველებთან. «თვალებს ვერ ვუჯერებდი, ეს იყო მათთვის ნანადირევი» - ამბობს ზოოპარკის ერთ-ერთი თანამშრომელი.

ზოოპარკი ან იგივე სამხეცე, როგორც მისი საწყისი ფორმა, მეტისმეტად დიდი ხანია გვაქვს. ყველაზე ძველი სამხეცე, რომელიც ეგვიპტეში 2009 წლის გათხრების დროს აღმოაჩინეს, ძვ.წ. 3500-ით თარიღდება. თუმცა, XIX ს-მდე ეს უკანასკნელი, ძირითადად სამეფო ძალაუფლების მაჩვენებელი იყო ისევე, როგორც ლუი XIV-ის სამხეცე ვერსალში. პირველმა თანამედროვე ზოოპარკმა ლონდონში, დუბლინსა და პარიზში დაიწყო გამოჩენა და აქცენტი საზოგადოების განათლებასა და გართობაზე გააკეთა.

მოგვიანებით, ცხოველთა უფლებების გაუმჯობესების კვალდაკვალ, ზოოპარკებიც დაიხვეწა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ვოლიერები ჩაანაცვლა თხრილებმა და მინამ. უმრავლეს შემთხვევაში, ვეტერინარები სრულ განაკვეთზე მუშაობენ ზოოპარკის ბინადართა სწორი მკურნალობისა და დიეტის დასაცავად. გამოსწორდა ცხოველთა მოპყრობის მეთოდებიც, მათ დასამორჩილებლად წყლის ჭავლის პრაქტიკა უკვე არაეთიკურად ითვლება, ასევე ტრანკვილიზატორის გამოყენებამაც იკლო.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, განსხვავება ზოოპარკებსა და ცხოველის ბუნებრივ საცხოვრებელ ადგილს შორის მაინც არათავსებადია. სივრცის თვალსაზრისით, ველური ბუნებისგან განსხვავებით, ლომს და ვეფხვს ტყვეობაში საშუალოდ 18 000-ჯერ ნაკლები ტერიტორია აქვს, პოლარულ დათვს კი მილიონჯერ ნაკლები. ეს პირდაპირ აისახება მათ შემცირებაზე. 2008-ში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო დაფინანსებით მოხდა ქვეყნის მასშტაბით ყველა სპილოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. შედეგად მათი 75% ჭარბწონიანი აღმოჩნდა და მხოლოდ 16 პროცენტს შეეძლო ნორმალურად სიარული. ასევე დადგინდა, რომ აფრიკული სპილოები, ველურ პირობებში ტყვეობისგან განსხვავებით, სამჯერ დიდხანს ცხოვრობენ. ლომის ბოკვერის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზოოპარკში 40 პროცენტია, ბუნებაში კი 30. ეს მაჩვენებლები შეიძლება ერთმანეთთან მიახლოვებული გეჩვენოთ, თუმცა სიკვდილიანობის მიზეზები სრულიად განსხვავებულია.

შეცდომა იქნება იმაზე ფიქრი, რომ ყველა ზოოპარკი გამოსწორდა. დიდ ბრიტანეთში ცხოველთა სასტიკი მოპყრობის უამრავი შემთხვევაა დაფიქსირებული. მაგალითად ვობურნის საფარის პარკში 2010-ში აღმოაჩინეს, რომ ლომები ყოველდღე 18 საათის განმავლობაში ჩაკეტილები იყვნენ მათ ზომასთან შეუფერებელ სადგომებში, ხოლო სპილოების გასაწვრთნელად პარკის თანამშრომლები 4 500 ვოლტიან ელექტრო ჯოხებს იყენებდნენ. 2011-ის ნოუსლის საფარის პარკის ფოტოებმა აჩვენა ნაგავსაყრელზე გადაყრილი, თანამშრომლების მიერ იარაღით დახოცილი ცხოველები.

მსოფლიო მასშტაბით ცხოველების შეუსაბამო ფორმით, შეუსაბამო ადგილებში გაწვრთნისა და ცემის უამრავი შემთხვევაა დაფიქსირებული, მაგრამ მსოფლიოს წამყვანი ზოოპარკების ასოციაცია WAZA-ს დღემდე არ გამოურიცხავს სიიდან ან თუნდაც დაუგმია ამ ფაქტებზე მხილებული ზოოპარკები.

ცხოველთა ტყვეობა როგორც ფიზიკურ, ასევე მათს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც აისახება. დიდ ბრიტანეთში ლომები დროის 48 პროცენტს უმიზნო სიარულში ატარებენ. მათი რიტუალად ქცეული განმეორებადი ქცევის აქტი ტყვეობით გამოწვეული მოწყენილობითაა განპირობებული. ამის სხვა მაგალითებია - გადაჭარბებული ლოკვა, თავის დასახიჩრება, სპილოებთან - ხორთუმის გაუჩერებელი მოძრაობა. ზოოპარკის ცხოველებში ხშირია დეპრესიაც მაშინ, როდესაც მათ ვიზიტორები ავიწროვებენ, არ აქვთ მრავალფეროვანი საკვები, როცა შეწყვილებისას ვერ პოულობენ პარტნიორს ან აქტი დაგვიანებულია.

ზოოპარკების გასამართლებელ არგუმენტად მათ საკონსერვაციო სამუშაოებს იყენებენ. თუმცა ამ საკითხში ღრმად ჩახედვისას ვიგებთ, რომ ეს დიდწილად მითია. სინამდვილეში ზოოპარკის ბინადრების ერთ პროცენტზე ნაკლები ხვდება სერიოზული საკონსერვაციო პროგრამის ფარგლებში. ფონდი ასპინალის კონსერვაციის გენეტიკოსის დოქტორ პაულ ო’დონოგეს მიერ 2013-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით მუდმივი შეჯვარების გამო ბევრ სახეობას ძალიან მცირე „გენეტიკური ინტეგრაციის უნარი“ აქვს და „საკონსერვაციო ღირებულება“ არ გააჩნია.

ასევე ნაჩვენები იქნა, რომ ცხოველების ტყვეობა ჯიშების კონსერვაციისას სირთულეებს ქმნის. ერთ-ერთი კვლევა კონსერვაციის არსებული პრაქტიკის ცდომილებას ადასტურებს და ამბობს, რომ არაბუნებრივი პირობები ხელს უშლის პოპულაციის გამრავლებას და ხაზის გაგრძელებას. დღეს კი ცხოველების ველურ ბუნებაში დაბრუნების ნაცვლად, ამის საპირისპირო კეთდება. ევროპის სპილოების 70 პროცენტი, ისევე როგორც აკვარიუმის ბინადრები, მოწყვეტილები არიან თავიანთ სამყოფელს.

განსხვავება დიდია ცხოველების ბუნებრივ პირობებში დასაცავად და მათი ტყვეობაში ყოფნისას დახარჯულ თანხას შორისაც. ცხოველების ბუნებაში დაცვისას დანახარჯი 50-ჯერ ნაკლებია ვიდრე მათი ზოოპარკში შენახვა. მაგალითად, გასულ წელს ლონდონის ზოოპარკმა 8.3 მილიონი დოლარი დახარჯა სამი გორილას ზოოპარკის ტერიტორიაზე დასაბინავებლად.

ზემოთხსენებულ მითს კიდევ უფრო ირონიულს ხდის ზოოპარკების მიერ ცხოველთა მკვლელობის ფაქტები. გასულ წელს კოპენჰაგენის ზოოპარკში, ჟირაფ მარიუსის ევთანაზიის შემდეგ ევროპის ზოოპარკების და აკვარიუმების ასოციაციამ (EAZA) გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვით ევროპაში ყოველწლიურად 3000-დან 5000-მდე ჯანმრთელ ცხოველს კლავენ.

ზოოპარკების დასაცავად არსებობს კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც მათ საგანმანათლებლო საქმიანობას ეხება. თუმცა, დიდი ბრიტანეთის აკვარიუმების აბრების 41 პროცენტი მათს ბინადარზე, საბაზისო ინფორმაციასაც კი არ შეიცავს. რა შეიძლება ადამიანმა დოკუმენტურ ფილმებზე და იუთუბის გადაცემებზე მეტი ისწავლოს ზოოპარკში?

მეტიც, ზოოპარკი ისეთი ძირეული პრობლემის ნაწილია, როგორიცაა ჩვენი დამოკიდებულება ბუნებრივ გარემოსთან მიმართებაში. ბავშვს ზოოპარკში სტუმრობისას ვასწავლით, რომ ცხოველები მხოლოდ მის გასართობად არსებობენ. სახლში დაბრუნებულს კი ჯერ გადამუშავებული, ფორმადაკარგული საკვებით - ქათმის ან თევზის ჩხირებით ვუმასპინძლდებით, ხოლო შემდეგ გვიკვირს თუ რატომაა პლანეტა ასეთ საზიზღარ მდგომარეობაში.

 

თარგმანი: თათული სულხანიშვილი

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტში (PDF)

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქართულ ფემინისტურ მოძრაობაში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი და მიმართულებაა. ამავდროულად, საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, ENPARD. ამ კონტექსტში მოცემული კვლევა (პოლიტიკის დოკუმენტი) მიზნად ისახავს, გამოავლინოს სოფლის მეურნეობაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერები და განვითარების პოლიტიკებში ამ საკითხის ინტეგრაციის შესაძლებლობები. კვლევის ფარგლებში ანალიზი განხორციელებულია ადამიანის უფლებების მიდგომისა და გენდერი და განვითარების მიდგომის გამოყენებით; კვლევა განხორციელდა თვისებრივი მეთოდების გამოყენებით. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გამოწვევები განხილულია ისტორიულ, გლობალურ და ლოკალურ ჭრილში, და კვლევის მიზნიდან გამომდინარე, დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტსა და გამოწვევებთან. ანალიზსა და კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით გავცემთ რეკომენდაციებს სახელისუფლებო ინსტიტუტებისთვის.

image

რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას ღვინის წარმოებაზე

იმედია, როგორც მომხმარებლები, შევძლებთ იმ ცვლილებების მართვას, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესით და გადაწყვეტილებებითაა გამოწვეული. დროა ჩვენი თანხები სწორად მივმართოთ და მხარი დავუჭიროთ ფერმერებსა თუ ადგილობრივ მწარმოებლებს და ასევე საკუთარ წარმოებებს. შეგვიძლია, ვიყოთ მეტად ინფორმირებული, დავსვათ შეკითხვები, მივიღოთ პასუხები და მივიღოთ გადაწყვეტილებები მეტად ჯანსაღი პლანეტისა და საზოგადოებისთვის.

შემოგვიერთდით