„შემოქმედების დროა“ - ხელოვნება, პროტესტი და საჯარო სივრცე

გამოქვეყნებულია: 18.Sep.2017

მწვანეთა პარტიების ოპტიმიზმი საბოლოოდ არ გამართლდა. აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა ადამიანებს უნდა შეახსენონ მოახლოებული კატასტროფების შესახებ - ეს არის ერთადერთი გზა დღევანდელი პრობლემების გადასაჭრელად.

Green European Journal-ის ინტერვიუ ლივენ დე კოტერთან

რა პრობლემებია დღევანდელ მსოფლიოში?

დღეს მთელ მსოფლიოში ოპტიმიზმის ჰეგემონიაა და ვფიქრობ, ეს საკმაოდ პრობლემატურია. ნეოლიბერალიზმი, ინდუსტრია, მეწარმეები, პოლიტიკოსები ოპტიმისტურად არიან განწყობილები. დღეს ჩვენ ყველანი მოჩვენებითად გავხდით მწარმოებლები, მაგალითად, სიყალბეა ახალგაზრდებში სამეწარმეო სულისკვეთება. ვფიქრობ, ეს ავადმყოფობაა. ჩვენ გვჭირდება სოლიდარობა, სამოქალაქო შემართება. მეწარმეები არასდროს აქცევენ დედამიწას სამართლიან სივრცედ. ისინი არ ფიქრობენ ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება - მხოლოდ თავიანთი მოგება ადარდებთ.

ხოლო ოპტიმიზმი, რომელიც დომინირებს ჩვენს საზოგადოებებში, პრესაში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მწვანეთა პარტიებში საბოლოოდ კრახს განიცდის. ჩვენ ვხედავთ ეკოლოგიას დღევანდელი დღის წესრიგში, თუმცაღა არავის სურს მასთან გამკლავება, რადგან პესიმიზმს არ აქვს კარგი გამოხმაურება. მაგრამ რეალობაზე თვალის დახუჭვა დიდხანს ვერ გაგრძელდება. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ საფრთხეში ვართ, ჩვენი შვილები და შვილიშვილები საფრთხეში არიან. უფრო მეტადაც კი, ვიდრე ჩვენ.

ეს რომ შევძლოთ, უნდა გაჩნდეს პოლიტიკური ნება და დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაუწყოთ ადამიანებს მოახლოებული კატასტროფების შესახებ, მიუხედავად პოლიტიკური რისკებისა.

ფიქრობთ, რომ მწვანე პარტიებმა კრახი განიცადეს? და თუ კი, რა არის მიზეზი?

უნდა არსებობდეს კონსესუსი იმაზე, რომ კაპიტალიზმი, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, არ არის განვითარების მართებული გზა. მე მჯერა, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს არსებული წყობის ალტერნატივა. მეცნიერებისგან დადასტურებით ვიცით, რომ დედამიწის კურსი კატასტროფებისკენ მიდის ყველა მიმართულებით და ვგრძნობ, რომ მწვანეები მწარედ გაწბილდნენ მათ დასახულ ამოცანაში, რომ გამოეღვიძებინათ ევროპა და მთელი მსოფლიო.

ერთადერთი გამოსავალი, რათა ხალხს შევახსენოთ რამდენად დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ, არის საჯარო განხილვები მეინსტრიმ პოლიტიკოსებისა და მთავრობების მეტი ჩართულობით. საზოგადოებრივი აზრი ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია ევროპაში.

ჩვენ არ შეგვიძლია პოსტ-ისტორიული დამოკიდებულებებით დომინირება, არ უნდა დავიჯეროთ, რომ აქტივიზმი დაგვიანებულია და რაიმეს შეცვლა აღარ გამოვა. არ უნდა დავთმოთ ჩვენი მიზნები, და გადაუდებლობის შეგრძნება უბიძგებს ადამიანებს ქმედებებისკენ. თუ დარწმუნებული ხართ, რომ სახლის სახურავი თავზე დაგეცემათ, აუცილებლად შეეცდებით მის შეკეთებას. თითოეულ ადამიანს ამ პლანეტაზე სჭირდება გამოღვიძება და აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა.

ეს ნიშნავს ხალხის გამოღვიძებას და გლობალური დათბობის საკითხის  მთავარ თემად ქცევას საჯარო სივრცეში. ამის შესახებ შენ წერ: „საჯარო სივრცე დღეს უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე. მედიის ვირტუალური სივრცე.  ქუჩის საპროტესტო აქციებს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც მას მედია აშუქებს“.

თუ დაფიქრდები კანტის ესეზე „პასუხი კითხვაზე, რა არის განმანათლებლობა“, ის ამტკიცებს, რომ სახალხო აზრის კეთილგანწყობის მოპოვება მნიშვნელოვანია. მე მჯერა, რომ საჯარო სივრცის იდეა ყოველთვის დაკავშირებული იყო მედიასთან და ყველა სახის მედია მნიშვნელოვანია მომიტინგეებისთვის, მათ შორისაა ტელევიზია, გაზეთები, ინტერნეტი და სოციალური ქსელები.

ეს არ არის ჭეშმარიტება მხოლოდ ევროპისთვის, არამედ ისეთი ქვეყნებისთვისაც, როგორიცაა ირანი, თურქეთი, ან ეგვიპტე. თქვენ ხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია მედია და ბევრი მთავრობა ცდილობს გააკონტროლოს ან გააჩუმოს მედიასაშუალებები.

თქვენ ავტორიტარულ ქვეყნებს გულისხმობთ, მაგრამ ფიქრობთ, რომ დასავლეთის ქვეყნებსაც ხშირად აქვთ მსგავსი მექანიზმები მედიის მიმართ? მათ უნდათ მედიის გაჩუმება განსხვავებული და დახვეწილი მეთოდებით მიზნის მისაღწევად?

დროთა განმავლობაში მედიის გაჩუმების მცდელობა იკლებს დასავლეთში, როგორც მაგალითად სამთავრობო ელიტები იქცევიან თურქეთსა და ირანში. მაგრამ აქტივიზმის აღკვეთა და კრიმინალიზება ჯერ კიდევ გავრცელებული ფენომენია ევროპაში. მაგალითად, ბელგიაში ბარტ დე ვეფერმა, რომელიც ანტვერპენის ქალაქის მერია, რომელსაც დღესდღეობით ყველაზე გავლენიან კაცად ვთვლი ბელგიაში, აკრძალა რამდენიმე დემონსტრაცია და იყო რეპრესიული გამოხატვის თავისუფლების კუთხით.

მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, ასეთები მრავლად ხდება ბელგიაში. ბელგიური ელექტრო კორპორაცია Electrabel-ი იქნა მიჩნეული კრიმინალურ ორგანიზაციად Greenpeace Belgium-ის მიერ. და აქტივისტების ჯგუფი განდევნილ იქნა, რადგან ისინი აპროტესტებდნენ გ.მ.ო კარტოფილის წარმოებას მისი სიმბოლურად განადგურებით.

სიმბოლური ქმედებები მნიშვნელოვანია?

სიმბოლურ აქტებს ძალიან ხშირად უფრო დიდი გავლენა აქვთ, ვიდრე დემონსტრაციებს და სტატიებს გაზეთებში. სამოქალაქო დაუმორჩილებლობას შეუძლია დიდი დებატები გამოიწვიოს და ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბევრ აქტივისტს ბრალად ედება კრიმინალური ჯგუფების წევრობა. კანონის ბოროტად გამოყენება აქტივისტების კრიმინალიზებისთვის ხშირად ხდება ამ პატარა და მშვიდ ქვეყანაშიც კი, როგორიც ბელგიაა.  ესაა მცდელობა მთავრობის მხრიდან, რომ ჩაახშოს გამოხატვის თავისუფლება.

აგრეთვე, ბოლო რამდენიმე წელიწადში მდგომარეობა ამ მხრივ კიდევ უფრო გაუარესდა, ვიდრე წარსულში. ცოტა ხნის წინ ჩვენ მოწმე გავხდით სამხედრო ჯარის ნაწილებისა ბრიუსელის ქუჩებში. ჩარლი ჰებდოზე თავდასხმის გამო. ეს ფაქტი დიდი პოპულარობით სარგებლობს ნეოკონსერვატორ ძალებში და ეს ასევე გლობალური ტენდენციის ნაწილია და აქტივიზმის კრიმინალიზება ბოლო ეპოქის ყველაზე შემაშფოთებელი მოვლენაა.

მაგრამ აქტივისტები მზად არ უნდა იყვნენ კანონის დასარღვევად როცა მიზნის მიღწევა უნდათ?

ყველა არა. მე დიდი ხნის განმავლობაში კანონი არ დამირღვევია. მაგრამ ვფიქრობ, ყველას თავისი ამოცანა აქვს და მე მჯერა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია კანონის დარღვევა. ბრძოლაში საჭიროა არამარტო აქტივისტები, არამედ საჯაროდ ცნობილი ინტელექტუალები და მეცნიერები, მწერლები, ხელოვანები, არქიტექტორებიც კი, რათა წამოწიონ საკითხები და მხარი დაუჭირონ აქტივისტებს, რომლებიც „წინა ხაზზე“ იბრძვიან.

კანონის დარღვევასაც შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული შედეგები. მაგალითად, აქტივისტთა ჯგუფი ბელგიაში, რომელიც აპროტესტებს ბრიუსელის მახლობლად, ჰარენში ახალი საპატიმროს აშენებას,  თითქმის ერთი წელია იკავებენ ამ ადგილს და ძალიან ეფექტურადაც.

ისინი იკავებენ ადგილს, რომელიც მათ არ ეკუთვნით. ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობაა. ეს არის პროტესტის აუცილებელი და ამავე დროს ეფექტური ფორმა. ეს შედეგიანია მედიის მხარდაჭერის გამო. მის გარეშე პოლიცია მომიტინგეებს ადვილად გაუსწორდებოდა და არავის ეცოდინებოდა ამის შესახებ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვურჩევ აქტივისტებს გამოიყენონ მედია საშუალებები, მიუხედავად მათდამი სიმპატიებისა.

მისაღებია თუ არა პროვოკაციული სახის პროტესტები, როგორიც, მაგალითად, გასულ დეკემბერს ბრიუსელის ცენტრში მოეწყო ავტორიტარი ლიდერების წინააღმდეგ?

არ მგონია, რომ მე ისინი უნდა განვსაჯო. შემიძლია ვთქვა, რომ სიმპატიით ვარ განწყობილი მსგავსი ქმედებების მიმართ, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ პროვოკაციები ხშირად ველური ჟესტებით გამოიხატება. ზოგიერთი აქტივისტი ახდენს პროვოცირებას და შემდგომში არ აქვს სამოქმედო გეგმა.

ჩემთვის აქტივიზმის მომავალი სამოქალაქო საზოგადოების ტრანსდისციპლინარულ ორგანიზაციად ქცევაა, ეს საშუალებას მისცემს აქტივისტებს, შექმნან კოალიცია, სადაც ისინი საჯარო სივრცეში გაუზიარებენ და გაცვლიან ერთმანეთში მოსაზრებებს და ეყოლებათ მთელი რიგი დამხმარე სპეციალისტები. ეს დაეხმარება მათ დაუპირისპირდნენ და დაამარცხონ ოპონენტები. კარგ მაგალითს წარმოადგენს stRaten Generaal, ორგანიზაცია ანტვერპენიდან, რომელმაც მოახერხა უზარმაზარი ხიდის მშენებლობის შეჩერება, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთის ნაწილის გაფართოებას ითვალისწინებდა. ეს ყველაფერი იყო ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილება: იყო პოლიტიკური კონსესუსი, მომზადდა არქიტექტურული გეგმა, იყო ნებართვა და მზაობაც ქალაქის მხრიდან. პროექტი შეუჩერებელს ჰგავდა, სამოქალაქო ატვივობის მეშვეობით, მიზანმიმართულობითა და რეფერენდუმის ჩატარებით მათ მოახერხეს პროექტის შეჩერება. აქტივისტებს ჰქონდათ დიდი სამოქალაქო ცოდნა, თავდადება, შემუშავებული გეგმა, რომლითაც შეეძლოთ ეთქვათ მთავრობისთვის - „ჩვენ უკეთესი გეგმები გვაქვს, ვიდრე თქვენ“.

ამას ვეძახი პარადიგმატურ აქტივიზმს. ეს არის წარმატება, რომელიც მიკროსკოპულ დონეზე უნდა იქნას შესწავლილი. უნდა შევისწავლოთ როგორ მიაღწიეს ამას.

ასე რომ თქვენ ამბობთ, რომ აქტივისტებმა უნდა მოახდინონ პრობლემების იდენტიფიცირება და ექსპერტებმა უნდა შეიმუშაონ გადაწყვეტის გზა?

დიახ, თქვენ გჭირდებათ ყველა სახის ექსპერტი. გჭირდებათ ხალხი პოლიტიკური ცნობიერებით. იურისტები, რათა იცოდეთ კანონები უკეთ, ვიდრე ოპონენტმა. უკეთ ცოდნა მეინსტრიმ მედიის. ასე, რომ ბევრი მიმართულებით მომუშავე ექსპერტია საჭირო.

როგორია ხელოვანის როლი შექმნილ მდგომარეობაში?

ვფიქრობ, ამის განზოგადება ძალიან რთულია. ჩვენ არ შეგვიძლია საუბარი „ხელოვანზე“ და „ბრძოლაზე“, აი ამ შემთხვევაში კონკრეტული მაგალითები უნდა მოვიშველიოთ. მაგალითად, წელს ჩვენ მოვაწყვეთ პერფორმანსი ბრიუსელში მდებარე საფონდო ბირჟის შენობასთან ხელოვან ანა რისფოლისთან ერთად. ეს იყო დიდი ღონისძიება. გახსნა მსოფლიოში ცნობილ Kunstenfestivaldesarts-ში. ეს მართლაც იყო ხელოვნება, მაგრამ უფრო მეტად ეს იყო სოც-პოლიტიკური რიტუალი.

ახლახანს ჩვენ ასევე მოვაწყვეთ „პიკნიკები ქუჩაში“. გავაკეთეთ 2 ფართომასშტაბიანი პიკნიკი საფონდო ბირჟის წინ, რათა საბოლოოდ გაგვეწმინდა მოედანი მანქანებისგან. ეს იყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და ქალაქის მერი დათმობაზე წავიდა, რათა სიტუაციის ესკალაცია აერიდებინა თავიდან. მაგრამ, მთავრობას ახლა სურს გამოიყენოს ეს თავისუფალი სივრცე 5 ახალი ავტოსადგომის ასაშენებლად და, რა თქმა უნდა, ამ ახლადშექმნილ ტერიტორიაზე უსახლკაროები და პოლიტიკური მიტინგები სრულიად არასასურველი გახდება მთავრობისთვის, როგორც სავაჭრო ცენტრებში და პარკებში.

ზემოთაღნიშნული პერფორმანსით ჩვენ გავასაჩივრეთ ქალაქში მიმდინარე ნეოლიბერალური ტრანსფორმაციები.

ამგვარად, ხელოვანი გახდა მედიატორი სოციალური საკითხების კომპლექსში. მოულოდნელად შენ გაქვს ახალი როლი ხელოვანისთვის და ხელოვნების ახალი პარადიგმა. მას აღარაფერი აქვს საერთო ძველ ნარატივებთან, ანდაც ხელოვნების ისტორიასთან. ხელოვნების ყველა დამკვიდრებული საზომი გაქრა. ეს აქტივისტებისთვის თვითგამოხატვის ახალი შესაძლებლობაა. და ხელოვანს შესაძლოა მართლაც ჰქონდეს ახალი როლი, რომელიც ძველი საზომით აღარ გაიზომება. საფონდო ბირჟის პერფორმანსზე მე ვთქვი: „არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს დიდი ხელოვნებაა, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს“. ხოლო ავტორი ანა რისფოლი სრულებით დამეთანხმა. რა თქმა უნდა ღონისძიება შესანიშნავი იყო და ვიდეო დარჩება მომავლის დოკუმენტაციაში, შესაძლოა ბიენალეზეც მოხვდეს, იმედს დავიტოვებ...

თქვენ ხაზი გაუსვით არქიტექტურას. არქიტექტორის როლი განსხვავდება ხელოვანისგან?

არქიტექტურა დიდი ხანია პოლიტიკური და სოციალური ხელოვნების ფორმაა. ის არასდროს ყოფილა ავტონომიური, რადგან არქიტექტურას სჭირდება სპონსორები, ხალხი, რომელიც თანხას ჩადებს შენობებისა და ნაგებობებისთვის. ამიტომაც, არქიტექტურა ყოველთვის ასახავს სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას დროში. არქიტექტორები, რომლებიც ხელოვანების ჯგუფთან ერთად მუშაობენ უფრო მეტად არიან ჩართულები სამყაროში მიმდინარე მოვლენებში და ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ისინი მუდმივად სოციალური საქმიანობითა და ექსპერიმენტებით არიან დაკავებული, განსაკუთრებით ურბანული აქტივიზმით. კარგი მაგალითია ჯგუფი კოლექტიური კატასტროფა, რომელთაც გააკეთეს საჯარო ტუალეტი, რათა წაეხალისებინათ მდგრადობის იდეა და დაარქვეს მას  The Temple of Holy Shit, რომელიც შემდგომში გახდა „შავი ოქროს საწარმო“. ეს რა თქმა უნდა იუმორისტული იყო, დადაისტური ინტერვენცია ეკოლოგიის სამსახურში.

რა აქცევს სივრცეს საპროტესტო ადგილად, როგორც, მაგალითად, ცუკოტისა და გეზი პარკებს?

გეზი პარკს და სხვა სიმბოლურ სივრცეებს ვუწოდებდი პროტესტის დისტოპიებს, მიშელ ფუკოს სიტყვების გამოყენებით: „ჭეშმარიტად განხორციელებული უტოპიები“. ისინი უტოპიურნი არიან იმ აზრით, რომ ისინი ცდილობენ პირდაპირი დემოკრატიის დამკვიდრებას „აქ და ახლა“. თაჰრირის მოედანზე მომხდარი მოვლენების თვითმხილველებისგან ვიცი, რომ მიუხედავად იმისა, რომ გოგონებმა მოიხსნეს მათი თავსაბურავები თუ არა, მათ კაცებთან ერთად ბევრი რამ შეცვალეს იმ ღამით. ამ ადგილებმა სხვა დატვირთვა შეიძინეს და ეს ძალიან პოლიტიკურია. მაგრამ, მეორეს მხრივ, ზოგიერთი ასეთი პარკი ქმნის მიკროსამყაროს, სადაც შესაძლებელია ადგილობრივი საკვების გამოტანა. ხალხს შეუძლია გამოამზეუროს რაც აქვთ, ისაუბრონ დღევანდელი ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის მათეულ გზებზე. ხალხის ამგვარი აქტიურობა შეიძლება იქცეს პოტენციურ ლაბორატორიებად მომავლისთვის. ჩვენ დაგვჭირდება ეს სივრცეები რათა შეიკრიბონ სხვადასხვა განსხვავებული თემები საერთო სივრცეში.

 

თარგმანი: საბა გამყრელიძე

ფოტო © AP

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით