ჰეტეროსექსუალობის გამოგონება

გამოქვეყნებულია: 20.May.2017

ასი წლის წინ ადამიანებს ჰეტეროსექსუალობის შესახებ სხვა შეხედულება ჰქონდათ. აზროვნებაში ამ ცვლილებების გადააზრებას ბევრი რამის თქმა შეუძლია დღეს სექსუალობის ფლუიდურობის შესახებ.

ბრენდონ ამბროზინო

1901 წლის დორლანდსის სამედიცინო ლექსიკონი ჰეტეროსექსუალობას განმარტავდა „არანორმალურ ან გაუკუღმართებულ ლტოლვად საპირისპირო სქესისადმი“. ორზე მეტი ათწლეულის შემდეგ 1923 წელს მერიემ ვებსტერის ლექსიკონიც ასევე განმარტავდა მას, როგორც „ავადმყოფურ ლტოლვას საპირისპირო სქესისადმი“. მხოლოდ 1934 წლის შემდეგ მოხდა ჰეტეროსექსუალობის იმ გაგებით ხმარება, როგორადაც დღეს იხმარება: „სექსუალური ლტოლვის მანიფესტაცია საპირისპირო სქესის მიმართ; ნორმალური სექსუალობა.“

როცა ამას ხალხს ვეუბნები, არავინ მიჯერებს.  ეს სიმართლე არ იქნება! რას ვიზამთ, თითქოს ეს სიმართლე არაა. თითქოს ჰეტეროსექსუალობა ყოველთვის „ასეთად არსებობდა“.

რამდენიმე წლის წინ ვიდეომ „კაცი ქუჩაში“ დაიწყო ტრიალი, სადაც გადამღები ხალხს ეკითხება ფიქრობენ თუ არა, რომ ჰომოსექსუალები თავიანთი სექსუალური ორიენტაციით დაიბადნენ. პასუხები განსხვავებული იყო, უმრავლესობა რაღაც ასეთს პასუხობდა: „ეს ბუნებისა და აღზრდის კომბინაციაა“. ინტერვიუერი შემდეგ უსვამდა კითხვას, რომელიც ექსპერიმენტისთვის გადამწყვეტი იყო: „როდის გადაწყვიტეთ, გამხდარიყავით ჰეტეროსექსუალი?“ ბევრმა უკან დაიხია, აღიარება დაიწყეს, ცოტა დაიბნენ - არასდროს უფიქრიათ ამაზე. თავიანთი ცრურწმენის გამოაშკარავების გამო ისინი საბოლოოდ ვიდეოგრაფერის აშკარა ლოგიკას ეთანხმებოდნენ: როგორც ჰომოები ჰომოებად, ჰეტეროებიც იბადებოდნენ ჰეტეროებად.

ამ ვიდეოს არსი თითქოს იყო აზრი, რომ ყველა სექსუალობა „ფიქსირებულია“; რომ არ გვჭირდება ახსნა ჰომოსექსუალობისთვის, ისევე როგორც ჰეტეროსექსუალობისთვის. მაგრამ ვიდეოს შემქნელის ან მილიონობით გამზიარებლის აზრის მიუხედავად, ნამდვილად ორივესთვის გვჭირდება ახსნა.

არსებობს ბევრი კარგი ნამუშევარი, როგორც აკადემიური - ასევე პოპულარული, ჰომოსექსუალური სურვილებისა და იდენტობის კონსტრუქციის შესახებ. შედეგად, ცოტას თუ გაუკვირდება, როცა მოისმენს საუბარს „ჰომოსექსუალობის წარმოშობაზე“ - ნამდვილად, ჩვენს უმეტესობას უსწავლია, რომ ჰომოსექსუალური იდენტობა კაცობრიობის ისტორიის კონკრეტულ პერიოდში შეიქმნა. თუმცა, რაც არ გვისწავლია არის ის, რომ მსგავსმა ფენომენმა წარმოშვა ჰეტეროსექსუალობაც.

ამ საგანმანათლებლო უგულებელყოფის ბევრი მიზეზი არსებობს რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და ჰომოფობიის სხვა ფორმების ჩათვლით. მაგრამ უდიდესი მიზეზი, რატომაც ჰეტეროსექსუალობაზე კითხვები არ დავსვით, ალბათ, ისაა, რომ.. რავი.. ბუნებრივია. ნორმალურია. არ სჭირდება რამე „ბუნებრივს“ კითხვები.

მაგრამ ჰეტეროსექსუალობა არ ყოფილა  ყოველთვის ასეთი „ბუნებრივი“ და „ფიქსირებული“.

 

როცა ჰეტეროსექსუალობა იყო პათოლოგიური

უდიდესი უარყოფა დაშვებისა, რომ ჰეტეროსექსუალობა გამოგონილია ხშირად განმტკიცებულია რეპროდუქციით: აშკარაა, რომ ადამიანთა მოდგმის არსებობის განმავლობაში არსებობდა განსხვავებული გენიტალური კავშირები - უამისოდ დღევანდელ დღემდე ვერ მოვაღწევდით. მაგრამ ეს „უარყოფა“ მოიაზრებს, რომ ჰეტეროსექსუალობა იგივე რეპროდუქციული კავშირია. ეს ასე არაა.

„სექსს არ აქვს ისტორია“, წერს მიჩიგანის უნის ქვიარ თეორეტიკოსი დევიდ ჰალპერინი -  რადგან ის „სხეულის ფუნქციონირების ნაწილია“. სექსუალობას, მეორე მხრივ, ზუსტად იმიტომ, რომ ის „კულტურული პროდუქტია“, აქვს ისტორია. სხვა სიტყვებით - თუ სექსი არის რაღაც, რაც თითქოს სახეობათა უმრავლესობის განუყოფელი ნაწილია, აქტების, და ამ აქტების განმხორციელებლების, დასახელებები ისტორიული ფენომენია და შეიძლება და უნდა შევისწავლოთ ამგვარად.

ან სხვაგვარად ჩამოვაყალიბოთ: ცხოველთა სამყაროში ყოველთვის არსებობდა სექსუალური ინსტინქტები (სექსი). მაგრამ დროის კონკრეტულ მონაკვეთში ადამიანებმა მნიშვნელობები მიანიჭეს ამ ინსტიქტებს (სექსუალობა). როცა ადამიანები საუბრობენ ჰეტეროსექსუალობაზე, ვსაუბრობთ მეორე რამეზე.

ჰანე ბლენქი თავის წიგნში Straight: The Surprisingly Short History of Heterosexuality  გვთავაზობს გამოსადეგ მოსაზრებას ამ დისკუსიისთვის ბუნების ისტორიის მაგალითებიდან. 2007-ში „სახეობათა კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა“ თევზი  Electrolux addisoni „ტოპ 10 ახალ სახეობებში“ აღნუსხა. მაგრამ ამ სახეობას არსებობა არ დაუწყია უეცრად 10 წლის წინ - ესაა დრო, როცა ის აღმოაჩინეს და მეცნიერული სახელი მიანიჭეს. როგორც ბლენქი ასკვნის: „ამ სახეობის დოკუმენტირების შედეგად მოხდა იმის, რაც არსებობდა, იმად გადაქცევა, რაც გახდა ცნობილი“.

რაღაც საოცრად მსგავსი მოხდა ჰეტეროსექსუალების შემთხვევაშიც, რომელთა უბრალოდ ფაქტიური არსებობა მე-19 ს-ში შეიცვალა მათი ცნობილად გახდომით. „1868-მდე არ არსებობდნენ ჰეტეროსექსუალები“, წერს ბლენქი. არც ჰომოსექსუალები. ამ ეტაპზე არ უფიქრიათ ადამიანებს, რომ „განსხვავებულები შეიძლება ყოფილიყვნენ ერთმანეთისგან მათი სიყვარულისა და სექსუალური სურვილის მიხედვით“. სექსუალური ქცევები, რა თქმა უნდა, იყო იდენტიფიცირებული და აღნუსხული, და, ხშირად, აკრძალული. მაგრამ აქცენტი ყოველთვის აქტზე იყო და არა აქტორზე.

ანუ რა შეიცვალა? ენა.

გვიან 1860-იანებში უნგრელმა ჟურნალისტმა კარლ მარია კერტბენმა შექმნა ოთხი ტერმინი სექსუალური გამოცდილების აღსანიშნავად: ჰეტეროსექსუალი, ჰომოსექსუალი და ორი ტერმინი, რომლებიც დღეს მივიწყებულია და აღნიშნავდა მასტურბაციასა და ზოოფილიას, კონკრეტულად - მონოსექსუალი და ჰეტეროგენიტი. კერტბენმა გამოიყენა ტერმინი „ჰეტეროსექსუალი“ ათწლეულის შემდეგ, როცა დაავალეს, დაეწერა წიგნი, სადაც იმსჯელებდა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციაზე. რედაქტორმა გუსტავ ჲაგერმა გადაწყვიტა, არ დაებეჭდა ეს, თუმცა საბოლოოდ კერტბენის გამოგონილი ტერმინი გამოიყენა თავის წიგნში, რომელიც მოგვიანებით 1880-ში გამოაქვეყნა.

შემდეგ სიტყვის ხმარება მოხდა 1889 წელს, როცა ავსტრიელ-გერმანელმა ფსიქიატრმა რიხარდ ფონ კრაფტ-ებინგმა სიტყვა შეიყვანა Psychopathia Sexualis-ში, სექსუალური აშლილობების ნუსხაში. მაგრამ თითქმის 500 გვერდზე სიტყვა „ჰეტეროსექსუალი“ მხოლოდ 24-ჯერაა გამოყენებული და ინდექსიც კი არ აქვს. ეს ასეა, რადგან კრაფტ-ებინგი უფრო დაინტერესებული იყო „გადახრილი სექსუალური ინსტინქტებით“ („პერვერსიებით“), ვიდრე „სექსუალური ინსტინქტებით“. ეს ბოლო მისთვის ნიშნავდა „ნორმალურ“ სექსუალურ სურვილს ადამიანებში.

„ნორმალური“, რა თქმა უნდა, საკამათო სიტყვაა და ისტორიის მანძილზე არასწორად იხმარებოდა. იერარქიული წყობა, რომელიც მონობასაც მოიცავდა, ერთ დროს ასევე იყო მიღებული ნორმალურად ისევე, როგორც გეოცენტრული კოსმოლოგია. სწორედ მათზე კითხვების დასმამ დაგვაფიქრა რამდენად „ნორმალური“ ფენომენები იყო ესენი.

კრაფტ-ებინგისთვის ნორმალური სექსუალური სურვილი მოთავსებული იყო გამრავლების კონტექსტში, იდეისა, რომელიც ფართოდ გავრცელებული სექსუალური თეორია იყო დასავლეთში. დასავლურ სამყაროში, დიდი ხნით ადრე, სანამ სქესობრივი აქტი დაყოფილი იქნებოდა ორ ჰეტერო/ჰომო კატეგორიებად, არსებობდა განსხვავებული წამყვანი ბინარულობა: პროკრეაციული და არაპროკრეაციული. მაგალითად, ბიბლია იმავე მიზეზით გმობს ჰომოსექსუალობას, რა მიზეზითაც მასტურბაციას: რადგან სიცოცხლის მატარებელი თესლი იღვრება აქტის დროს. რადგან ეს ეთიკა ფართოდ გავრცელებული, შენარჩუნებული და წახალისებული იყო კათოლიკე ეკლესიისა და მოგვიანო ქრისტიანული სკოლების მიერ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს ეთიკა მოდის არა პირდაპირ იუდეური ან ქრისტიანული წიგნებიდან, არამედ სტოიციზმიდან.

როგორც კათოლიკე ეთიკოსი  მარგარეტ ფარლი აღნიშნავს, სტოიკოსებს „ჰქონდათ მკაცრი შეხედულებები ადამიანების სურვილების ძალაუფლებაზე ემოციების დასარეგულირებლად და ამ რეგულაციებს სასურველად მიიჩნევდნენ შინაგანი სიმშვიდისთვის“. მაგალითად, მუსონიუს რიფისი On Sexual Indulgence-ში ამტკიცებდა, რომ ინდივიდებმა თავი უნდა შეიკავონ თვითკმაყოფილებისგან, მათ შორის ზედმეტი სექსუალურობისგან. თეოლოგი თოდ სალზმანი აღნიშნავს, რომ ამ სექსუალური წაქეზების შესაკავებლად რუფუსი და სხვა სტოიკოსები ცდილობდნენ, მოეთავსებინეთ ეს „ჰუმანისტური მნიშვნელობის უფრო ფართო კონტექსტში“ იმის მტკიცებით, რომ სექსი არის მხოლოდ მორალური თუ ის ემსახურება რეპროდუქციას. ადრინდელმა ქრისტიანებმა აიღეს ეს საცოლქმრო-რეპროდუქციული ეთიკა და ავგუსტინეს დროს რეპროდუქციული სექსი ერთადერთ ნორმალურ სექსად იქცა.

ერგო რა კრაფტ-ებინგს ეს თეორია გამზადებული, ის ამბობდა, რომ სექსუალური ინსტინქტი შეიცავს თავის თავში რეპროდუქციულ მიზანს - მიზანს, რომელიც მაშინაც კი მუშაობს, როცა „ნორმალური“ სექსით დაკავებულები ამის აზრზე არ არიან. იონათან ნედ ქაცი „ჰეტეროსექსუალობის გამოგონებაში“ ხაზს უსვამს კრაფტ-ებინგის სვლის გავლენას. „რეპროდუქციულობის ცალკე არაცნობიერში მოთავსებით კრაფტ-ებინგმა შექმნა მცირე, ბუნდოვანი სივრცე, რომელშიც სიამოვნების ახალმა ნორმამ იწყო ზრდა“.

ყურადღება გასამახვილებელია ეს გადასვლა - რეპროდუქციული ინსტინქტიდან ეროტიულ სურვილზე - რადგან სექსუალობის თანამედროვე გაგებებზე ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა თანამედროვე ადამიანები ჰეტეროსექსუალობაზე ფიქრობენ, შეიძლება, მათ თავში მსგავსი რამ მოუვიდეთ: ბილი თავისი ცხოვრების ადრეული ასაკიდანვე იაზრებს, რომ ეროტიულად იზიდავენ გოგოები. ერთხელაც ის თავისი ეროტიული ენერგიის ფოკუსირებას ახდენს სუზიზე და მას ეარშიყება. წყვილს ერთმანეთი უყვარდება და თავიანთ ეროტიულ სურვილს ფიზიკურად სქესობრივი აქტით გამოხატავენ. და ისინი ცხოვრობენ მარად ბედნიერად.

კრაფტ-ებინგის ნაშრომის გარეშე შესაძლოა, ეს ნარატივი არასდროს გამხდარიყო „ნორმალური“. არ არის ნახსენები, თუმცა ნაგულისხმევია, გამრავლება. ეროტიული სურვილის მიხედვით ნორმალური სექსუალური ინსტინქტის განმარტება სექსუალობის შესახებ შეხედულებაზე ფუნდამენტური რევოლუცია იყო. კრაფტ-ებინგის ნაშრომმა საფუძველი მოუმზადა კულტურულ ცვლილებას, რომელიც მოხდა 1923 წელს ჰეტეროსექსუალობის ავადმყოფობად გამოცხადებით და 1934 წელს „ნორმალურად“ განსაზღვრით.

 

სექსი და ქალაქი

იდეები და სიტყვები, ხშირად, თავისი დროის პროდუქტებია. ეს ნამდვილად ასეა ჰეტეროსექსუალობის შემთხვევაში, რაც დაემთხვა იმ პერიოდს, როცა ამერიკული ცხოვრება უფრო რეგულირებული ხდებოდა. როგორც ბლენქი ამტკიცებს, ჰეტეროსექსუალობის შექმნა ემთხვევა საშუალო კლასის აღმავლობას.

მე-19 ს-ში ევროპულ და ჩრდილო-ამერიკულ ქალაქებში მოსახლეობამ აფეთქება დაიწყო. 1900-ისთვის, მაგალითად, ნიუ-იორკში მოსახლეობა 3.4 მილიონს უდრიდა - წინა საუკუნესთან შედარებით 56-ჯერ დიდს. მიიწევდა რა ხალხი ურბანული ცენტრებისკენ, თან ჩაჰქონდათ სექსუალური პერვერსიები - პროსტიტუცია, მსგავსი სქესის ეროტიციზმი. ან ეს ასე ჩანდა. „დაბებსა და სოფლებთან შედარებით“, წერს ბლენქი - „ქალაქები სექსუალური გადახრებისა და გაუმაძღრობის კერებად ჩანდნენ.“ რაც პატარა იყო ქალაქი, ამბობს ბლენქი, მით მარტივი იყო მსგავსი ქცევების კონტროლი.

ამ სექსუალურ პრაქტიკებზე საზოგადოების გაზრდილი ცნობიერების გამო მოხდა ამის პარალელურად დაბალი კლასების შედინება ქალაქებში, „ურბანულ სექსუალურ ამორალურობას, როგორც წესი, მუშათა კლასს და ღარიბებს აბრალებდნენ“, ამბობს ბლენქი. ბურჟუაზიულ ოჯახს რამე გზის გამონახვა სჭირდებოდა თავისი წევრების „ერთი მხრივ, არისტოკრატიული დეკადანსისა და, მეორე მხრივ, აღრეული ქალაქის საშინელებებისგან“ დასაცავად. ეს საჭიროებდა „სისტემატურ, რეპროდუცირებულ, საყოველთაოდ მისადაგებელ სისტემას სოციალური მენეჯმენტისთვის, რომლის შემოღებაც შეიძლებოდა ფართო მასშტაბებით“.

წარსულში სისტემები ეფუძნებოდნენ რელიგიებს, მაგრამ „ახალი სეკულარული სახელმწიფო საჭიროებდა სეკულარულ კანონზომიერებას თავისი კანონებისთვის“, ამბობს ბლენქი. ჩნდებიან კრაფტ-ებინგისნაირი სექს-ექსპერტები, რომელმაც დაწერა Psychopathia-ს პირველი გამოცემის დასაწყისში, რომ მისი ნაშრომის მიზანი იყო, „დაექვემდებარებინა [ადამიანები] თავიანთი კანონიერი მდგომარეობებისთვის“. მართლაც, აღნიშნული ნაშრომი „დიდ გავლენას ახდენს კანონმდებლობასა და სამართალმცოდნეობაზე“.

კრაფტ-ებინგის ნაშრომში სექსუალური გადახრის აღნუსხვით მივედით ფაქტამდე, რომ ზრდადი საშუალო კლასი ნორმალური (ჰეტერო) სექსუალობიდან გადახრას უკვე არა უბრალოდ ცოდვად, არამედ მორალურ გადაგვარებად - ყველაზე უარეს იარლიყად, რაც ადამიანს შეიძლება მიენიჭოს - აღიქვამს. „თუ ვინმეს ‘ხეპრეს’ უწოდებ, ამით მის სოციალურ სტატუსს გამოხატავ“, წერდა უილიამ ჯეიმსი 1895 წელს. „თუ ვინმეს ‘გადაგვარებულს’ (degenerate) უწოდებ, ამით მას ადამიანთა მოდგმის უსაზიზღრეს ტიპს მიაკუთვნებ“. როგორც ბლენქი აღნიშნავს, სექსუალური გადაგვარება გახდა საზომი პიროვნების გასაზომად.

გადაგვარება სოციალური დარვინიზმის უკუპროცესი იყო. თუ გამრავლება გადამწყვეტი იყო სახეობათა განგრძობითი ევოლუციისთვის, ამ ნორმისგან გადახვევა მთელი სოციალური ქსოვილისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ საბედნიეროდ ამ გადახრის შეჩერება შესაძლებელი იქნებოდა თუ დროულად ირეაგირებდნენ მასზე.

კრაფტ-ებინგისთვის „სექსუალური გადახრის“ ჩამოყალიბება ხდებოდა რამდენიმე სტადიის გავლით და თავიდან იყო განკურნებადი. თუმცა, Vita Sexualis-ის ავტორი რალფ ლექი თავის ნაშრომში წერს, რომ „კრაფტ-ებინგმა დეგენერაციისა და გარყვნილების წინააღმდეგ საყვირს ჩაყვირა. ყველა სამოქალაქო პირი ვალდებული იყო ემორიგევა სოციალურ საგუშაგოზე“. ეს კი უდავოდ საკამათო საკითხი იყო მოქალაქეებისთვის: კოლონიალური პერსონალის უდიდესი ნაწილი მოდიოდა საშუალო კლასიდან, რომელიც იყო დიდი და ზრდადი.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგი არაპროფესიონალი იცნობდა კრაფტ-ებინგის ნამუშევარს, ფროიდი იყო ის, ვინც მიაწოდა საზოგადოებას სექსუალობაზე ხედვის მეცნიერული გზები. თუმცა, რთულია ექიმის თეორიების დაყვანა მცირე წინადადებებამდე, მისი ყველაზე მტკიცე დანატოვარი არის განვითარების მისი ფსიქოსექსუალური თეორია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბავშვები თავიანთ სექსუალობებს ავითარებენ მშობლების რთულ ფსიქოლოგიურ თამაშში მონაწილეობით.

ფროიდისთვის ჰეტეროსექსუალები არ იყვნენ გაჩენილები ამგვარად, არამედ შექმნილნი იყვნენ ამგვარად. როგორც ქაცი აღნიშნავს, ფროიდისთვის ჰეტეროსექსუალობა მიღწევა იყო; ვინც ამას წარმატებით მიაღწევდა, თავიანთი ბავშვობის განვითარების წარმართვას ჭეშმარიტი გზიდან გადახვევის გარეშე შეძლებდა.

თუმცა, როგორც ქაცი აღნიშნავს, უსაზღვრო წარმოსახვას მოითხოვს ამ წარმართვის ნორმალურობის გაგების ჩარჩოში მოთავსება:

ფროიდის მიხედვით, ჰეტეროსექსუალურ ნორმალურობამდე მისაღწევ გზაზე ბიჭები და გოგოები საპირისპირო სქესის მშობლებისადმი ინცესტური ვნებით უხვევენ - გოგოებს და ბიჭებს სწადიათ, მოკლან თავიანთნაირი სქესის მშობელი-მეტოქე და სურთ, გაანადგურონ ნებისმიერი მცირე დედმამიშვილი-მეტოქე. ჰეტეროსექსუალობის გზაზე გადახვევა ხდება სისხლის წყურვილით... ჰეტეროსექსუალობის ჩამოყალიბება, ფროიდის წარმოსახვით, ღრმად შემაწუხებელი პროცესია.

ის, რომ ოიდიპურმა იდეამ ნორმალური  სექსუალობის განსამარტავად ამდენ ხანს გაძლო „ჰეტეროსექსუალური ისტორიის კიდევ ერთი ირონიაა“, ამბობს ის.

და, მაინც, როგორც ჩანს, ფროიდის განმარტება საზოგადოების უმრავლესობას აკმაყოფილებდა, რომლებმაც, ამავდროულად, ცხოვრების ყოველი ასპექტის ისტერიულად სტანდარტიზირების ფონზე, ბედნიერებმა მიიღეს ნორმალურობის ახალი მეცნიერება. მსგავსი დამოკიდებულებები მეტ მეცნიერულ გამართლებებს პოულობენ ალფრედ კინსის ნაშრომში, რომლის 1948 წლის საველე კვლევაში Sexual Behaviour in the Human Male ის ცდილობს კაცის სექსუალობა ნულიდან (ექსკლუზიურად ჰეტეროსექსუალი) ექვსამდე (ექსკლუზიურად ჰომოსექსუალი) სკალაზე მოაქციოს. მის აღმოჩენებზე დაყრდნობით მან დაასკვნა, რომ „კაცი მოსახლეობის დიდ ნაწილს“, თუ უმრავლესობას არა, „ზრდასრულობიდან მოხუცებულობამდე რამდენიმე ჰომოსექსუალური გამოცდილება აქვს“. იმასთან ერთად, რომ კინსის კვლევამ ჩამოაყალიბა ჰეტერო-ჰომო სექსუალობის კონტინუუმის ცნება, „ეს ტერმინები ასევე ხაზს უსვამდნენ იდეას სექსუალობის ორ პოლუსად გაყოფის შესახებ“, ამბობს ქაცი.

 

ჰეტეროსექსუალობის მომავალი

 და ამ კატეგორიებმა დღემდე მოაღწიეს. „არავინ იცის ზუსტად რატომ უნდა იყვნენ განსხვავებულები ჰეტეროსექსუალები და ჰომოსექსუალები“, წერდა ვენდელ რიკეთსი 1984 წლის კვლევის Biological Research on Homosexuality-ს ავტორი. საუკეთესო პასუხი, რაც გვაქვს, რაღაც ტავტოლოგიის მსგავსია: „ჰეტეროსექსუალები და ჰომოსექსუალები განსხვავებულებად ითვლებიან, რადგან ისინი შეიძლება დაიყონ ორ ჯგუფად იმ რწმენაზე დაყრდნობით, რომ ისინი შეიძლება დაიყონ ორ ჯგუფად“.

თუმცა ჰეტერო/ჰომო დაყოფა მარადიულად, ბუნების განუყოფელ ნაწილად გამოიყურება, ეს უბრალოდ არაა ასე. ეს უბრალო თანამედროვე გრამატიკაა, რომელიც ადამიანებმა გამოიგონეს იმაზე სასაუბროდ თუ რას ნიშნავს სექსი ჩვენთვის.

ქაცის აზრით ჰეტეროსექსუალობა „არის გამოგონილი დისკურსის შიგნით იმის მსგავსად, რაც დისკურსის გარეთაა. ის შექმნილია კონკრეტულ დისკურსში იმის მსგავსად, რაც არის უნივერსალური.. იმის მსგავსად, რაც არის დროის მიღმა“. ანუ ეს კონსტრუქტია, მაგრამ თავს გვაჩვენებს, თითქოს არაა. როგორც ნებისმიერი ფრანგი ფილოსოფოსი ან ბავშვი ლეგოს სათამაშოებით გეტყვით - რაც აგებულა იმის დაშლაც შეიძლება. თუ ჰეტეროსექსუალობა არ არსებობდა წარსულში, მაშინ არც მომავალში სჭირდება არსებობა.

ერთხელ, როცა ჯეინ ვარდმა, Not Gay-ის ავტორმა, ინტერვიუს დროს გამომიჭირა, მთხოვა, დავფიქრებულიყავი სექსუალობის მომავალზე. „ნეტავ როგორი იქნებოდა ადამიანებს რომ ჰქონოდათ უნარი თავიანთი სექსუალური სურვილებისთვის ისე შეეხედათ, როგორც საჭმლის გემოვნებისთვის?“ ზოგი კი უფრთხის იმის დაშვებას, რომ სექსუალობა ფლუიდურია, მაგრამ მაინც მოგვიწევს თვალებში ჩავხედოთ იმ ფაქტს, რომ „ამგვარად დაბადებულის“ არგუმენტი ბევრი თანამედროვე მეცნიერის თეორიებში მიღებული არაა. მკვლევრები არ არიან დარწმუნებულები რა „იწვევს“ ჰომოსექსუალობას და ისინი ყველანაირ თეორიას ეწინააღმდეგებიან, რაც შეიძლება ამის მარტივ წარმოშობას ემხრობოდეს, მაგალითად „გეი გენს“. ჩემი აზრი ასეთია, რომ სექსუალური სურვილები, როგორც ყველა ჩვენი სურვილი, იცვლება ჩვენი ცხოვრების განმავლობაში და როცა ეს ასე ხდება ახალი იდენტობები გვიჩნდება. ეს თუ ჭეშმარიტებაა, მაშინ ვარდის დაშვება, რომ ჩვენი სექსუალური პრეფერენციების კულტივირება შეგვიძლია, ლოგიკურად ჩანს.

ვარდის კითხვის მიღმა პატარა გამოწვევაა: თუ იმაზე ფიქრით თავს კომფორტულად არ ვგრძნობთ რამდენად და თუ გვაქვს გავლენა ჩვენს სექსუალობებზე - რატომ უნდა ხდებოდეს მაინც ეს ასე? ამგვარადვე, რატომ უნდა ვგრძნობდეთ თავს არაკომფორტულად ეჭვქვეშ დავაყენოთ ის რწმენა, რომ ჰომოსექსუალობა, და, შესაბამისად, ჰეტეროსექსუალობა, ბუნების მარადიული ჭეშმარიტებაა?

ჟურნალისტ რიჩარდ გოლდსტაინთან ინტერვიუში რომანისტმა და დრამატურგმა ჯეიმს ბოლდვინმა აღიარა, რომ მომავალზე კარგი და ცუდი სახის ფიქრები აქვს. კარგებიდან ერთ-ერთია, რომ „აღარავის დასჭირდება თავს უწოდოს გეი“ - ტერმინი, რომლის ატანაც ბოლდვინს, მისი თქმით, არ აქვს. „ის პასუხობს ცრუ არგუმენტს, ცრუ ბრალდებას“.

რომელიც არის რა?

„ის, რომ არ გაქვს უფლება, იყო აქ, რომ გჭირდება შენი უფლების დამტკიცება, რომ იყო აქ. ვამბობ, რომ არაფრის მტკიცება მჭირდება. სამყარო მეც მეკუთვნის.“

ერთხელ ჰეტეროსექსუალობა იყო აუცილებელი, რადგან იმდროინდელ ადამიანებს სჭირდებოდათ, დაემტკიცებინათ ვინ იყვნენ და რატომ იყვნენ და მათ სჭირდებოდათ იქ ყოფნის, სადაც იყვნენ, უფლება დაეცვათ. თუმცა, რაც დრო გადის ეს იარლიყი ვეღარ უმკლავდება იმ მრავალფეროვანი სურვილების, სიყვარულებისა და შიშების გამოხატვას, რასაც ადამიანები განვიცდით. ალბათ, ესაა ერთ-ერთი მიზეზი რატომაც გაერთიანებულ სამეფოში ახალი ჩატარებული გამოკითხვის შედეგად 18-24 წლის ადამიანთა ნახევარზე ცოტამ მოახდინა თავის იდენტიფიცირება „100 %-იან ჰეტეროსექსუალად“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოკითხულ ახალგაზრდათა უმრავლესობა რეგულარულად განახორციელებს ბისექსუალურ ან ჰომოსექსუალურ პრაქტიკებს; ეს უფრო იმას აჩვენებს, რომ ისინი საჭიროდ აღარ მიიჩნევენ იმავე აუცილებლობას, რომ იხმარონ სიტყვა „ჰეტეროსექსუალი“, როგორც მე-20 ს-ის მათი წინაპრები.

სექსუალურ ორიენტაციაზე საუბრისას „ბუნების“ ცუდ განმარტებაზე ვფოკუსირდებით. რადგან განსხვავებული სქესობრივი კავშირებით ხდება სახეობათა გამრავლება ჩვენ ამას განსაკუთრებულ მორალურ სტატუსს ვანიჭებთ. მაგრამ „ბუნება“ არ გვიწესებს რამე მორალურ ვალდებულებებს - ჩვენ ვართ მათ შექმნაზე პასუხისმგებელნი მაშინაც კი, როცა ვერც კი ვიაზრებთ, რომ ამას ვაკეთებთ. როგორც ფილოსოფოსი დევიდ ჰიუმი ამბობს თუ ბუნებას არ მივიღებთ ისეთად, როგორიც არის, არამედ მივიღებთ ისეთად, როგორიც უნდა იყოს - ეს არის ლოგიკური შეცდომის დაშვება.

რაში გვჭირდება განვსაჯოთ რა არის ბუნებრივი და ეთიკური ადამიანისთვის მისი ცხოველური ბუნების მიხედვით? ბევრი რამ, რასაც ადამიანები აფასებენ, მაგ. მედიცინა და ხელოვნება, საოცრად არაბუნებრივია. ამავე დროს, ადამიანებს ბევრი რამ ეზიზღებათ, რაც  ჭეშმარიტად ბუნებრივია, მაგ. დაავადება და სიკვდილი. თუ ზოგ ბუნებრივ მოვლენას ეთიკურად მივიჩნევთ და დანარჩენს არაეთიკურად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გონება წყვეტს რა მივიჩნიოთ ბუნებრივად. ბუნება სადღაც „იქ“, ჩვენგან დამოუკიდებლად არ არსებობს - ჩვენ ყოველთვის უკვე მისი შიგნიდან ვინტერპრეტირებთ.

ამ დრომდე დედამიწის ისტორიაში ადამიანთა მოდგმამ განსხვავებული სქესის რეპროდუქციული კავშირით მოაღწია. დაახლოებით საუკუნის წინ ამ სახის კავშირს მნიშვნელობები მივანიჭეთ ნაწილობრივ იმიტომ, რომ მისი წახალისება გვსურდა. მაგრამ ახლა სამყარო იმაზე მეტად განსხვავებულია, ვიდრე იყო. პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოზისა (PGD) და ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) მსგავსი ტექნოლოგიები სულ უფრო ვითარდება. 2013-ში ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად 63 000-ზე მეტი ბავშვი გაჩნდა. ფაქტობრივად 5 მილიონზე მეტი ბავშვი დაიბადა რეპროდუქციული ტექნოლოგიების დახმარებით. მსგავსი სახის რეპროდუქციები ჯერ მცირე რიცხვებით გვხვდება, მაგრამ ტექნოლოგიური წინსვლები ამ რიცხვს ზრდიან.

ხალხშიც ჰეტეროსექსუალობა კარგავს თავის უპირატესობას, როგორც ეს ჰქონდა. თუ იყო დრო, როცა ჰომოსექსუალური წინდაუხედავობები დღის სკანდალს წარმოადგენდა, გავიდა ხანი და სხვა სამყაროში გადავედით, რომელიც გაცხრილულია პოლიტიკოსებისა და სელებრითების ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების სურათებით, ტექტებით და ვიდეო ჩანაწერებით. პოპულარული კულტურა გავსებულია ჰეტერო ურთიერთობებისა და ქორწილების ფეტიშური გამოსახულებებით. გარდა ამისა, ამბობს ქაცი, 1960-დან 1980-ს შორის განქორწინებათა რიცხვმა 90%-ით იმატა. და მას მერე, რაც ეს ასე დრამატულად მოხდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ის იმდენად აღარ გამოსწორებულა, რომ ვინმეს შეეძლოს იმის თქმა, რომ „არასტაბილური ურთიერთობა“ მხოლოდ ჰომოსექსუალებს ახასიათებთ, აღნიშნავს ის.

ჰეტეროსექსუალობასა და ჰომოსექსუალობას შორის ხაზი არა უბრალოდ ბუნდოვანია, როგორც ამის მსგავსი დასკვნა გამოაქვს ზოგს კინსის კვლევაზე დაყრდნობით - ეს გამოგონებაა, მითი და დრომოჭმული რამ. კაცები და ქალები გააგრძელებენ, ჰქონდეთ ერთმანეთთან  განსხვავებულგენიტალური სექსი მანამ, სანამ ადამიანთა მოდგა არ გაწყდება. მაგრამ ჰეტეროსექსუალობა, როგორც სოციალური აღმნიშვნელი, როგორც ცხოვრების წესი, როგორც იდენტობა - მანამდე ბევრად ადრე გაქრება.

თარგმანი: ბექა ბუჩაშვილი

წყარო 

ასევე წაიკითხეთ:

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით